არქივი

საპნის სიყვარული

6rtjv13126qm42w7iuqi

ექიმები უკვე დიდი ხანია აფრთხილებენ მას, რომ ასე თუ გააგრძელა, მალე ცოცხლების სიაში აღარ იქნება, მაგრამ 19 წლის გოგონა ამტკიცებს, რომ უბრალოდ არ შეუძლია საპნის გარეშე. საუბარია საპონზე, არა როგორც ჰიგიენურ საშუალებაზე, არამედ როგორც საკვებზე.

ფლორიდის შტატში მცხოვრები ტემპესტ ჰენდერსონი კვირაში 5 შეკვრა საპონს მიირთმევს, რასაც სარეცხ ფხვნილს აყოლებს ზედ (ეს ალბათ “ზაკუსკაა”).

“მახსოვს, როცა პირველად ამოვავლე თითები სარეცხ ფხვნილში. ფხვნილის ნამცეცები ენაზე დავიყარე და ვიგრძენი, რომ საოცრად ტკბილი გემო ჰქონდა, ცოტათი მარილიანი. თან არაფერი მომსვლია. იმის მერე საპონსა და ფხვნილს შევეჩვიე.”

სტუდენტი გოგონა ამბობს, რომ მან თავიდანვე იცოდა ამ ჩვევის მავნებლობის შესახებ, თუმცა ყურადღებას არ აქცევდა. ერთხელ კი, შხაპის მიღებისას საპნის ქაფსა და ბუშტებსაც გაუსინჯა გემო და მისი რაციონი უფრო გაიზარდა.

“აბაზანაში მწვანე საპონს ვაქაფებ, შემდეგ ბუშტებს ვლოკავ. ბოლოს კი საპონს ვაქუცმაცებ და პატარა ნატეხებს მივირთმევ. ეს არაამქვეყნიური სიამოვნებაა. ამასთან, საპონს რომ ვჭამ, საოცარი სისუფთავის შეგრძნება მეუფლება. ჭამის შემდეგ უფრო სუფთად ვგრძნობ თავს, ვიდრე დაბანის შემდეგ.”

სარეცხი საშუალებით კვებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ტემპესტმა “ყოველი შემთხვევისთვის” ექიმთან მისვლა გადაწყვიტა. მას დაუდგინდა იშვიათი დარღვევა PICA, რომლის ქონის შემთხვევაშიც ადამიანი საკვებად ეძალება ისეთ ნივთებს, რაც, როგორც წესი, კვების რაციონში არ შედის. მაგალითად მონეტები, წებო, ნახშირი, ცარცი, ფანქარი, მიწა, ბატარეა, კალამი, კბილის ჯაგრისი და ა.შ. მას უმეტესწილად იწვევს მინერალების ნაკლებობა, რაც ხშირად ორსულ ქალებსაც ახასიათებთ ხოლმე.

მაგრამ ტემპესტის შემთხვევაში, ექიმები ფიქრობენ, რომ მიზეზი სტრესია. გოგონას განცხადებით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მისი ბოიფრენდი, ჯეისონი დაშორდა. მიზეზი სასწავლებლის შეცვლა იყო – ის კანზასის შტატში გადავიდა ბიზნესის შესასწავლად. წასვლის წინ კი გოგონას უთხრა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა, რამაც ამ უკანაკსნელს დიდი დარტყმა მიაყენა. ამას დაემატა ისიც, რომ ოჯახისგან მოშორებით ცხოვრობდა და დეპრესიისკენ გახდა მიდრეკილი.

პროფესორი ბარტონ ბლაინდერი, სპეციალისტი PICA-ს ტიპის დარღვევებში, ამბობს, რომ ამ გატაცებამ შეიძლება გოგონას ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენოს. საპონი შეიცავს მომწამლავ ქიმიურ ნივთიერებებს, ტუტეებს, რაც დარტყმას მიაყენებს მეტაბოლიზმს (უჯრედის მიერ საკვების გადამუშავების პროცესი) და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს გამოიწვევს. ასევე დაარღვევს სისხლში მჟავის ბალანსს.

“მე ყოველთვის მიყვარდა საპნის სუნი. ახლაც მახსოვს ის საპონი, დედა რომ ჩემს ბავშვობაში იყენებდა. ამ სუნს ვგრძნობდი მის ჯემპრზე, როცა ვეხუტებოდი. იგივე სუნი ჰქონდა ჩემი საწოლის ზეწარს. სარეცხ ფხვნილსა და საპონს ხშირად ვყნოსავდი, მოგვიანებით ჭამაც დავიწყე. ახლა კი ვეღარ ვეშვები. ექიმმა მითხრა, რომ მთელი სახლი უნდა დავაცარიელო საპნებისა და ფხვნილებისგან, რომ სულმა არ წამძლიოს.”

ოჯახმა მყარი საპნის მაგივრად თხევადის გამოყენება დაიწყო. ტემპესტს რატომღაც არ გასჩენია სურვილი მისი გასინჯვისა. ამჟამად ის ხანგრძლივ თერაპიას გადის. სწავლობს, როგორ გადაიტანოს ყურადღება სხვა რამეზე, როცა აკრძალული სასუსნავის გასინჯვის სურვილი ექნება. ხშირად დასეირნობს, ერიდება ისეთ ადგილებს, როგორიცაა აბაზანა და სამრეცხაოები. იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან, გადაეჩვევა საპნის ჭამას და ნორმალურ ცხოვრებას გააგრძელებს.

მსგავსი ამბები

Back to top button