არქივი

კალიის, არწივისა და გველის ცხოველობის შესახებ

167c4f8acea4
მართალია, ეს შეცდომა ხშირად მხვდებოდა (მათ შორის უცნაურზეც), მაგრამ აქამდე ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას და ძირითადად შეცდომის დამშვებს ვუხსნიდი საკითხს. თუმცა ფეისბუქის ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგები რომ ვნახე, გადავწყვიტე, რომ ცალკე პოსტის გაკეთება იყო საჭირო. ასე რომ აწი თუ კიდევ წავაწყდები მსგავს ხარვეზს, პირდაპირ ამ პოსტს დავლინკავ.

ფეისბუქის კითხვა და მისი შედეგები:
1c5d02b60f30

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა არის გახაზულ პასუხებში უცნაურიო. საქმე იმაშია, რომ კალიაც, გველიც, მატლიც, კოღოც და ობობაც ცხოველებია. თუმცა საკითხის უკეთ გასაგებად მოდი დავიწყოთ თავიდან.

ცხოველის განმარტება:
ცხოველი – მრავალუჯრედიანი ეუკარიოტული (ბირთვიანი) ორგანიზმების ნებისმიერი ჯგუფი (ენციკლოპედია ბრიტანიკა, ვიკიპედია).

გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით ცოცხალ ორგანიზმთა რიცხვი უკიდურესად მაღალია (მაგალითად, აღმოჩენილი და აღწერილია 1 მილიონი სახეობის მწერი და სავარაუდოდ, მათ რიცხვს მომავალში კიდევ 8 მილიონი შეემატება), მხოლოდ სახელის დარქმევა ცხადია, არ იქნებოდა საკმარისი. ამიტომ მეცნიერებმა საკითხის გამარტივებისთვის მათი დაყოფა გადაწყვიტეს გარკვეულ კატეგორიებად. ეს შრომატევადი საქმე ჯერ კიდევ არისტოტელემ დაიწყო, მან ორგანიზმები ცხოველებად და მცენარეებად განაცალკევა. მისი საქმე კარლ ლინეიმ განაგრძო, მან პირველი იერარქიული დაყოფის სქემა შექმნა. ლინეის მიხედვით, ცხოველები სამი სამეფოდან ერთ-ერთს წარმოადგენდნენ, თავის მხრივ კი იყოფოდნენ შემდეგ კლასებად – ჭიები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ფრინველები და ძუძუმწოვრები.

მას შემდეგ რამდენიმე საუკუნე გავიდა და სისტემა შეიცვალა, განსაკუთრებით ჩარლზ დარვინის აღმოჩენების შემდგომ. დღესდღეობით ბიოლოგიურ კლასიფიკაციას ასეთი სახე აქვს: სამეფო, ტიპი, კლასი, რიგი, ოჯახი, გვარი და სახეობა. შესაბამისად, ეს კატეგორიები გააჩნია ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს. მივყვეთ და განვიხილოთ თითოეული მათგანი.

სამეფო – ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც იყოფა ტიპებად. დღესდღეობით აშშ იყენებს 6 სამეფოს სისტემას (ცხოველები, მცენარეები, სოკოები, პროტისტები, არქეები და ბაქტერიები), ხოლო ბრიტანული, ავსტრალიური და ლათინურ ამერიკული სახელმძღვანელოები – 5 სამეფოიანს (ცხოველები, მცენარეები, სოკოები, პროტისტები და პროკარიოტები).

ტიპი – ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც იყოფა კლასებად. სულ 35 ტიპი არსებობს. ცხოველთა ცნობილი ტიპები: მოლუსკები, ანთროპოდები, ქორდიანები, ნაწლავღრუიანები, ბრტყელი ჭიები, ფეხსახსრიანები და ა.შ.

კლასი – ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც იყოფა რიგებად. ცხოველთა ცნობილი კლასები: ობობასნაირნი, ძუძუმწოვრები, ამფიბიები, ფრინველები, ქვეწარმავლები, მწერები და ა.შ.

რიგი – ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც იყოფა ოჯახებად. ცხოველთა ცნობილი რიგები: ობობები, მღრღნელები, მორიელები, მტაცებლები, ნემსიყლაპიები, ხოჭოები და ა.შ.

ოჯახი – ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც იყოფა გვარებად. ცხოველთა ცნობილი ოჯახები: ძაღლისებრნი, დათვისებრნი, ენოტისებრნი, კვერნისებრნი, აფთრისებრნი, კატისებრნი, ღამურასებრნი, კოღოები, ქორისებრნი, მახრჩობელასებრნი, გველგესლასებრნი, მტაცებელი ჩანთოსნები და ა.შ.

გვარი – ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც იყოფა სახეობებად. ცხოველთა ცნობილი გვარები: ანთარი, შევარდენი, ანკარა, მელა, ირემი, ცხვარი, ავაზა, ღამურა, ჩანთოსანი კვერნა და ა.შ.

სახეობა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაქსონომიური კატეგორია. სახეობა ხშირად განისაზღვრება, როგორც ორგანიზმების ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთში შეჯვარება და ნაყოფიერი შთამომავლობის დატოვება. თუმცა რიგ შემთხვევებში ამ განსაზღვრებას დნმ-ის სხვაობის გამო გამონაკლისები გააჩნია და სახეობებს თავის მხრივ ქვესახეობებად ყოფენ.

ბაქტერიების გარდა, დედამიწაზე არსებული ცნობილი სახეობების მიახლოებითი რიცხვია 8.7 მილიონი. აქედან ცხოველების წილია 1 367 555. მათგან 1 305 250 უხერხემლო ცხოველია – 2175 მარჯანი, 85 000 მოლუსკი, 102 248 არაქნიდი, 47 000 კიბოსნაირი, 1 მილიონი მწერი და 68 827 სხვა უხერხემლო ცხოველი. ხერხემლიანი ცხოველების სახეობების რაოდენობა კი 62 305-ია – 31 300 თევზი, 6 433 ამფიბია, 9 084 რეპტილია, 9 998 ფრინველი და 5 490 ძუძუმწოვარი.

და ბოლოს, გადავიდეთ პოსტის ძირითად მიზანზე და მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითები შესაბამისი კატეგორიებით:

09cbbe8da8e9
ავაზა
სამეფო – ცხოველები
ტიპი – ქორდიანები
კლასი – ძუძუმწოვრები
რიგი – მტაცებლები
ოჯახი – კატისებრნი
გვარი – ავაზა
სახეობა – ავაზა

e42dac8d164d
ველის არწივი
სამეფო – ცხოველები
ტიპი – ქორდიანები
კლასი – ფრინველები
რიგი – შევარდენისნაირნი
ოჯახი – ქორისებრნი
გვარი – არწივი
სახეობა – ველის არწივი

37d7aa8c6a05
მწვანე ანაკონდა
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: მახრჩობელასებრნი
გვარი: ანაკონდები
სახეობა: მწვანე ანაკონდა

0d198ee4e69c
ჩვეულებრივი მალარიის კოღო
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ორფრთიანები
ოჯახი: კოღოები
გვარი: მალარიის კოღო
სახეობა: ჩვეულებრივი მალარიის კოღო

5399501e38d7
გოლიათი ბაყაყი
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ამფიბიები
რიგი: უკუდო ამფიბიები
ოჯახი: ბაყაყისებრნი
სახეობა: გოლიათი ბაყაყი

678c12823b1d
გიგანტური ჩიტიჭამია ობობა
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: ობობასნაირნი
რიგი: ობობები
ოჯახი: ჩიტიჭამიები
გვარი: ტერაფოზები
სახეობა: გიგანტური ჩიტიჭამია ობობა

326ac9361a0c
ადამიანი
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: პრიმატები
ოჯახი: ჰომინიდები
გვარი: ჰომო
სახეობა: გონიერი ადამიანი

როგორც ხედავთ, შვიდივე სახეობას ერთი რამ აერთიანებს – მათი სამეფო ცხოველებია. ამ ხარვეზის ხშირად დაშვების მიზეზი ისაა, რომ ბევრ ადამიანს ცხოველები მხოლოდ ძუძუმწოვრები ჰგონია, მაგრამ რეალურად ძუძუმწოვრები ცხოველთა ერთ-ერთი კლასია და არა ცოცხალი ორგანიზმების სამეფო.

მართალია, თემას არ ეხება, მაგრამ აქვე დავამატებ: ობობა, როგორც ბევრს ჰგონია, მწერი არაა. ობობა, როგორც ნახეთ, ობობასნაირთა კლასს მიეკუთვნება და არა მწერებისას.

ასე რომ მათ საყურადღებოდ, ვინც პასუხებში კალიის დანახვისას სიცილით მოკვდა: დიახ, კალია ცხოველია და ეს სასკოლო ბიოლოგიაში ისწავლება.
 
 
 
******

 

მსგავსი ამბები

Back to top button