არქივი

თბილისის ათეშგა (ცეცხლის ტაძარი)

e9b4t

ცოტა გადავუხვიოთ ჩვენი თემიდან, რადგან მოუცლელობის გამო გარკვეული ხნით ვეღარ გავაგრძელებ იმ საკითხების განხილვას, თუმცა ახალი სტატიების დაწერა დაწყებული მაქვს და როცა შევძლებ მაშინვე დავამთავრებ და დავდებ.

აქ მინდა შევეხო თბილისის ერთ ძალიან საინტერესო ისტორიულ ძეგლს, რომლის შესახებაც დარწმუნებული ვარ ბევრმა არაფერი იცის. ეს არის ზოროასტრიული ტაძარი ანუ ათეშგა

არადა ასეთი უნიკალური ძეგლი დიდ იშვიათობას წარმოადგენს, საქართველოში მხოლოდ ერთი ათეშგაა დარჩენილი.

ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში გავრცელებული ზოროასტრიზმი, ირანთან მჭიდრო კავშირების გამო, აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ.წ VI – ახ.წ. III სს), მშვიდობიანი ურთიერთობის გზით საქართველოშიც ვრცელდებოდა. ამის საბუთია დედოფლის მინდორზე (ქარელის რ-ნი) აღმოჩენილი ძვ.წ. II-I-სს სატაძრო კომპლექსის არსებობა.

აღმოსავლეთ საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელების მეორე ტალღა ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის (III-VII სს) ხანაში ძალდატანებითი იყო. ქრისტიანობის ბრძოლა ამ მოვლენასთან ჰაგიოგრაფიულ ძეგლებშიც აისახა (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები). ათეშგები საქართველოში აუგიათ ნიქოზში, ნეკრესში, მცხეთაში, თბილისში და სხვა, რომელთაგან ის დღემდე მხოლოდ თბილისში შემორჩა.

მატიანეს ცნობით ეს სარწმუნოება საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო ქალაქებში ვახტანგ გორგასლის ხანაში (V ს-ის II ნახ) და იგი როგორც სახელმწიფო მოღვაწე, იძულებული იყო ანგარიში გაეწია ცეცხლთაყვანისმცემლობის არსებობისთვის ქართულ ქვეყნებში. ქართლში ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მეფის კარზე მოგვთა მეთაურიც იმყოფებოდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყარო სპარსთა ეპისკოპოსს უწოდებს. სპარსელ მოგვებს ოფიციალურად ჰქონდათ ქართლში თავისი რწმენის პროპაგანდის უფლება.

ამ ცნობათა და მოსაზრებათა გათვალისწინებით ათეშგის აშენება დასაშვებია ვახტანგ გორგასლის დროს მომხდარიყო. ირაკლი კეისრის მიერ VII ს-ში, ცეცხლთაყვანისმცემელთა ლიკვიდაციის შემდეგ ეს შეუძლებლად უნდა ჩაითვალოს.

ამ ნაგებობამ საუკუნეების შემდეგ დღემდე შეინარჩუნა სახელწოდების სისწორე. ათეშ (სპარსულად ცეცხლი), გაჰ-ადგილი, იგივე “ცეცხლის საგზებელი”, რაც შეეხება მის ფიზიკურ ავთენტურობას, ნაგებობამ რა თქმა უნდა სახე იცვალა საუკუნეთა მანძილზე. არსებული მოსაზრების თანახმად ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ გადაკეთდა მეჩეთად, ან მის ფუძეზე იქნა აშენებული მეჩეთი და რომ 1735 წელს თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთერთად ეს ნაგებობა უნდა ვიგულისხმოთ.

მოგვიანებით შენობა გამოყენებული ყოფილა საწყობად, ხოლო XIX ს-ში – საცხოვრებლად.

შარდენის 1673 წლის თბილისის გეგმაზე ათეშგა დაბალყელიანი სფერული გუმბათით დასრულებულ კუბს წააგავს, რომელსაც ირგვლივ შემოზღუდული თავისუფალი ფართობი აქვს. ტურნეფორის 1700 წლის გეგმაზეც იგი დაახლოებით ასევე გამოიყურება; დღევანდელი ნაგებობის საერთო სახეც ასეთია, ანუ შენობის სავარაუდო გადაკეთებამდელი და შემდგომი სახის შედარება არსებით სხვაობას არ გვაძლევს. ან უნდა ვიფიქროთ, რომ შენობის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა მნიშვნელოვანი გადაკეთების გარეშე მომხდარა და იმდენად მცირე ხანს გაგრძელებულა,რომ თავდაპირველი სახელწოდების დაკარგვა ან შეცვლაც არ გამოუწვევია.

ათეშგა თბილისის ისტორიისა და კულტურის უნიკალური ძეგლია და დაუშვებელია მისი მიჩქმალვა და იზოლაცია ქალაქის სტრუქტურიდან. გასააზრებელია მისი სათანადოდ წარმოჩენა როგორც უბანში ისე თბილისის ისტორიული ნაწილისთვის.

აღებულ უნდა იქნს ძეგლის ეზოში მოწყობილი ბაღჩა, მოიხსნას მიწის ფენა და აღდგეს ავთენტური იატაკის დონე.
მდიდარი ისტორიული ფოტომასალა ადასტურებს, რომ ათეშგას გუმბათი თითქმის XX ს.-ის დასაწყისამდე ჰქონია. ადგილზე შემორჩენილია გარკვეული ფიზიკური მასალა. სასურველია ჩატარდეს კომპლექსური კვლევა, ადგილობრივი და რეგიონალური მაგალითების შესწავლის ჩათვლით, რათა გაირკვეს გუმბათის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა.

ათეშგა კლდისუბანში (გომის ქ. N3) მდებარეობს. ნაგებობაში მოხვედრა გომის I ჩიხიდან, საცხოვრებელი სახლის ეზოდან არის შესაძლებელი.

სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“, რაც ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე ამ ადგილას უძველესი დროიდან მდგარა.

2007-2009 წწ. ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა მისასვლელ კიბეს, შიგნიდან გაიწმინდა, გაითხარა და მცირე რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელ ნაწილს. მთელი შენობა, ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით გადაიხურა დროებითი სახურავით.

ასე გამოიყურებოდა ათეშგა ძველად ”
3d8la

3cjp8

gmniu

fbqrt

ასე გამოიყურება იგი დღეს

l2myp

istm0

4c8o7

წყარო: tbilisiguide.ge
ვიკიპედია
http://diaokh.wordpress.com/ (ჩემი ბლოგი)

ახალი სურათები ჩემი გადაღებულია.

მსგავსი ამბები

Back to top button