არქივი

ქართული სისხლი სხვათა სამსახურში (3) გიორგი XI

ამ თავში უნდა შევეხოთ ისეთ დიდებულ პიროვნებას, როგორიც არის გიორგი მეთერთმეტე. მისი ბიოგრაფია განსხვავებულია ალავერდი ხანისა და მისი შვილების ამბისგან, რადგან აქ საუბარია არა საქართველოდან ბავშვობაში მოტაცებულ და შემდგომ გამაჰმადიანებულ ქართველებზე (რისი სხვა უამრავი შემთხვევაც არის საქართველოს ისტორიაში), არამედ თვით ქართლის მეფეზე, რომელიც დამპყრობთა უღლის გადაგდებას ცდილობდა, თუმცა ფეოდალების ღალატის გამო (ისევ და ისევ!) დამარცხდა და იძულებული გახდა ირანის სამსახურში ჩამდგარიყო აჯანყებული ტომების დასაშოშმინებლად.

გიორგი მეთერთმეტის შესახებ მნიშვნელოვან ცნონებს გვაწვდის ქართველი ისტორიკოსი სეხნია ჩხეიძე, ასევე ევროპელი ისტორიკოსები თუ მოგზაურები.
სეხნია ჩხეიძე იმითაა მნიშვნელოვანი, რომ იგი იმის უშუალო თვითმხილველია იმისა, რასაც წერს.

სეხნია ჩხეიძის ცნობები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ირანის ისტორიის ამ პერიოდის ვერცერთი მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის ჩხეიძეს. ცნობილმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ ფრანგულ ენაზე თარგმნა სეხნია ჩხეიძის “მეფეთა ცხოვრება”.

ბედის უკუღმართობით ქართლის მეფეები ხშირად იძულებულნი იყვნენ თავიანთი მეფობის უმეტესი ნაწილი საქართველოს გარეთ გაეტარებინათ ირანის სახელმწიფოს სხვადასხვა თანამდებობებზე და ირანის ურჩი ქვეშევრდომებისათვის შეელიათ წლები და ძალ–ღონე.

გიორგი მეთერთმეტისა და მისი მხედრობის ისტორია უკავშირდება ქირმან–ბელუჯისტანსა და ყანდაარს (ავღანეთი). ამ დროს (ისევე როგორც შაჰ–აბასის დროს) სწორედ ქართველი ბატონიშვილები განაგებენ ირანის პროვინციებს და სარდლობენ ირანის ლაშქარს (მაგალითად ტარუღობა ქაიხოსრო ბატონიშვილს უბოძეს), რითიც ისინი უდიდეს სამსახურს უწევენ სეფიანთა ირანს.

ისიც უნდა ითქვას, რომ გიორგი მეთერთმეტის ეპოქა ქართლში მშიდობიანობის ეპოქაა და ამიტომაც ქვეყანა წელში გაიმართა და მოღონიერდა. ამ დროს გაიყვანეს არხები, შენდება და ივსება მოოხრებულ–დაცარიელებული სოფლები. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დროს თბილისში დაარსდა პირველი ქართული სტამბა.

1694 წლის 6 აგვისტოს ირანის ტახტზე ავიდა 26 წლის შაჰ–ჰუსეინი. გიორგი მეთერთმეტემ უპრობლემოდ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა სეფიანთა სამეფო კართან. 1697 წლის 5 მარტს იგი ისპაანში ჩავიდა, სადაც ზარ–ზეიმითა და ძვირფასი საჩუქრებით შეეგებნენ. ამ დროს ვერავინ იფიქრებდა, რომ დაიწყო გიორგი მეფის ხანგრძლივი ყარიბობა და მას აღარასდროს ეღირსებოდა სამშობლოში დაბრუნება.

იეზუიტი მისიონერი, რომელიც მკურნალობდა გიორგის, ერთ–ერთ თავის წერილში აღნიშნავს, რომ შაჰმა აღუდგინა ქართლის მეფეს წყალობა და პატივი, თუმცა სამეფო ტახტზე აღარ აღუდგენიაო.

ამ დროს კი სწორედ ჰაერივით დასჭირდა სეფიანთა ირანს ქართველი მხედრების სამსახური. ირანის აღმოსავლეთ პროვინციებს ბელუჯთა ტომი არბევდა, და რამდენჯერეაც შეერკინნენ ბელუჯებს ყიზილბაშები, იმდენჯერვე დამარცხდნენ. მაშინ შაჰ ჰუსეინმა გიორგი მეფეს მიაპყრო თვალი, მან იგი ქირმანის ბეგლარბეგად დანიშნა და იმასაც შეჰპირდა, რომ თუ ამ პროვინციაში წესრიგს დაამყარებდა, ქართლის ტახტს დაუბრუნებდა.

ქართველმა მეფემ ქირმანი იუკადრისა, მაგრამ შაჰი არ მოეშვა.. ბოლოს დიდებულებმა დაიყოლიეს მეფე, რომ ქართლის ტახტის დასაბრუნელად მიეღო შაჰის წინადადება. და დაიძრნენ თვალუწვდენელი უდაბნოსაკენ, სადაც ბელუჯები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც თევზი წყალში. სულ 600 ყიზილბაში იყო და ორმოცი ქართველი.

შებინდებისას ლევანის (გიორგი მეთერთმეტის ძმა, ვახტანგ მეექვსის მამა) რაზმი შეჩერდა ბელუჯთა ბანაკის მახლობლად. ბელუჯებმა ყურიც არ შეიბერტყეს, იმიტომ რომ ყიზილბაშები იმდენჯერ დაემარცხებინათ, ყურადღებასაც კი აღარ აქცევდნენ. ბელუჯთა ბანაკიდან მხოლოდ დამცინავი მუქარა ისმოდა, ვის შეუცდენიხართ თქვე საცოდავებო, რამდენჯერ ჯარი ამოგიწყვიტეთ, რამდენჯერ კუდით ქვა გასროლინეთ, ახლა უარეს დღეს გაგითენებთო. თუმცა ამჯერად ასეთი პასუხი მიიღეს: “მოვიდა რისხვა ღვთისა თქვენზედა, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარნი კაცის მჭამელნიო”. ქართველთა ხსენებამ კი შეაფიქრიანა ბელუჯები და არცთუ უსაფუძვლოდ, ქართულმა ხმალმა როგორც ჩანს ყიზილბაშებსაც გაუმაგრა გული და ორი ათასი ბელუჯიდან მხოლოდ ხუთასი გაექცა სიკვდილს.

მალე ყანდაარის პროვინციაში თავი იჩინა არეულობამ და მშველელად ისევ ქართველები ეგულებოდა შაჰს. 1703 წელს გიორგი მეთერთმეტეს უბოძეს მეფობა ქართლისა, სპასალარობა ირანისა და ბეგლარბეგობა ყანდაარისა. ქართლში მეფის ჯანიშინად (მოადგილედ) დაინიშნა ვახტანგი (ანუ ვახტანგ მეექვსე), ძე ლევანისა.

დაიძრა ქართული მხედრობა ყანდაარისკენ, ორი თვე წაიღო ჯოჯოხეთურმა უდაბნომ და ჩავიდნენ ქალაქში, სადაც “სპილენძის თეფშზე გათქვეფილი კვერცხი მზისაგან იწვებოდა და კლდეზე გაკრული პური ცხვებოდა”.

86k4i

6dsrv
ყანდაარის პროვინცია დღეს

ყანდაარის პროვინციაც დაამშვიდა მეფემ და ავღანთა ტომის ურჩი წინამძღვარი მირ–ვეისი შეიპყრო და შაჰს გაუგზავნა.

k4rqb
მირ-ვეისი

შაჰ–ჰუსეინი კი ამ დროს ქალებზე და სმა–ჭამაზე იყო გადართული და სახელმწიფო საქმეებზე ნაკლებად ფიქრობდა სუსტი და უგუნური მმართველი. ამიტომაც მირ–ვეისმა ადვილად მოისყიდა სამეფო კარის დიდებულები, რომლებსაც შურდათ სახელგანთქმული ქართველი მეფისა და მალე უნებისყოფო შაჰიც დაითანხმეს (რომელმაც გიორგის რჩევას, ყურადღება მიექცია ამ საშიში პიროვნებისთვის და პატიმრობაში ჰყოლოდა, ყური არ მიუგდო) და მირ–ვეისი უკან დაბრუნდა ყანდაარში. ცბიერმა მირ–ვეისმა პირფერობით და მოჩვენებითი ერთგულებით მოადუნა გიორგი მეფის ყურადღება და ერთხელაც, როდესაც ქართველთა ჯარის დიდი ნაწილი რომელიღაც ამბოხებული ტომის დასამორჩილებლად იყო წასული, ქართლის მეფე და მისი მცირე ამალა მუხანათურად ამოჟლიტეს ავღანელებმა.

wm23e
ყანდაარის პროვინცია. ავღანეთი

1709 წელს მოხდა ეს ამბავი, გიორგი მეფემ ხმალი აიღო, რათა ვაჟკაცურად დაეცვა თავისი სიცოცხლე და კარავში შემოჭრილი 50 მეომრიდან 8 უსულოდ დასცა ძირს, მაგრამ ყველას როგორ გაუმკლავდებოდა და იგი შუბებით განგმირეს.

პოლონელი ისტორიკოსის, თადეუშ კრუშინსკის სიტყვით, ავღანებმა, მიუხედავად დიდი გამარჯვებისა, სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დამარცხებული მტრის სიმამაცე ასე უცნაურად შეამკეს: ყიზილბაშები დიანცი არიან ავღანებთან შედარებით, ხოლო ავღანები დიაცნი არიან ქართველებთან შედარებითო”.

შაჰ–აბასი მიერ შეკოწიწებული იმპერია კი თანდათან იშლებოდა და ნადგურდებოდა.

მსგავსი ამბები

Back to top button