არქივი

ქართული სისხლი სხვათა სამსახურში (2) იმამყული–ხან უნდილაძე

izsk0

იმამყული–ხან უნდილაძე იყო გამაჰმადიანებული ქართველი, ალავერდი ხან უნდილაძის შვილი, შირაზის ხანი და ბეგლარბეგი ფარსისა . იგი იყო ერთ–ერთი თვალსაჩინო ფიგურა ირანის სამხედრო–პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი გავლენა და ავტორიტეტი განუზომელი იყო, ისევე როგორც თავის დროზე მისი მამის, ალავერდი ხანის გავლენა.

თომას ჰერბერტი იმამყული ხანის შესახებ წერს: “ეს არის კაცი წარმოშობით ქართველი, სარწმუნოებით მაჰმადიანი, ერთ–ერთი ტეტრარქი, რომელიც განაგებს შაჰ აბასის იმპერიას. მისი სამფლობელოები აღწევს თითქმის ოთხას მილს ყოველი მიმართულებით”.

იგივე თომას ჰერბერტი ჩამოთვლის იმამყული ხანის ტიტულებს: დიდი ბეგლარბეგი, მეთაური თორმეტი სულტნისა, ორმოცდაათი ათასი მხედრისა, მსახური შაჰ_აბასისა და ვარდი აღტაცებისა”

პიეტრო დელა ვალე აღნიშნავს, რომ “იმამყული ხანი არის ბეგლარბეგი ფარსისა, რომელიც წარმოადგენს ირანის ყველაზე მნიშვნელოვაბ პროვინციას და ტერიტორიით გაცილებით უფრო ვრცელია პორტუგალიაზე, ხოლო თავისი ძლიერებითა და მდგომარეობით არ ჩამოუვარდება ევროპის მრავალ სამეფოს. შირაზის ხანი კი უეჭველად ყველაზე დიდი პიროვნებაა ირანში შაჰ–აბასის შემდეგ, მას ძლიერ უყვარს ქრისტიანები და მეგობრობს ევროპელებთან”.

შირაზის ხანი იყო უაღრესად კეთილშობილი ადამიანი, მის ქვეშევრდომთა შორის არ მოიძებნებოდა არავინ, რომელსაც არ გამოეცადა ხანის გულუხვობა. ამიტომ ის ხალხს ძალიან უყვარდა, ყველა პატივს სცემდა.

რასაკვირველია იმამყული ხანი იყო ძალიან შეძლებული ადამიანი და გარს ერტყა ირანის საუკეთესო მხედართა ელიტა. შირაზის ხანს დიდი წვლილი მიუძღვის ირანში ხელოვნებისა და მეცნიერების აყვავებაში. მისი ინიციატივით აშენდა შესანიშნავი სასწავლებელი შირაზში, აშენდა უამრავი ქარვასლა, გაიყვანეს გზები, მანძილის შესამოკლებლად კი გაიჭრა მთები, ზოგი მათგანი ერთმანეთს შეუერთეს საოცრად გაბედული კონსტრუქციის ხიდებით, რომლებიც თაღებივით აღიმართნენ მდინარეებსა და უფსკრულებზე.

იმამყული ხანმა უამრავჯერ ისახელა თავი ლაშქრობებში, იგი იყო უბადლო მხედართმთავარი, განსაკუთრებით აღსანიშნავია 1622 წელს პორტუგალიელთა ციხის აღება ჰორმუზის კუნძულზე, სპარსეთის ყურეში.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმამყული ხანს ხოტბას ასხამს ქართველი მეფე–პოეტი, თეიმურაზ პირველი:

“შირაზის ხანის ქებასა ვერ იტყვის ბრძენთა ენანი,
მდაბალი, ტკბილი, მოწყალე, აქებენ სულად ქვენანი,
ღირსეულია ღვთისაგან, მითა სცავს ძალთა ზენანი”

ეს ფაქტი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, იმიტომ რომ შირაზის ხანი საქართველოს ამაოხრებელ შაჰ–აბასთან ძალიან დაახლოებული პირი იყო და სწორედ მან შეასრულა (მიუხედავად იმისა, რომ ეს არ სურდა) სასტიკი შაჰ–აბასის საზარელი ბრძანება თეიმურაზის დედის, ქეთევან დედოფლის წამების შესახებ.
ეს ბრძანება იმამყული ხანმა შაჰისგან 1624 წელს მიიღო. შაჰი უთვლის შირაზის ხანს: “ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენთო, და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალიო”.

თეიმურაზი თავის პოემაში წერს:

”იმამყული ხანს რა ესმა საქმენი საზარონია
მეტად გაკვირდა, ესე თქვა: მისი რა საკადრონია?
ვიცი, რომ არ გათათრდების, თუცა არა აქვს დრონია,
თეიმურაზის დედასა ვით ვკადრო უკადრონია?”

იმამყული ხანმა სცადა გადაერწმუნებინა შაჰი, თუმცა ვერაფერს გახდა (სხვათა შორის თეიმურაზის შვილების დასჯა ორჯერ გადაათქმევინა შაჰს, თუმცა მესამედ ვერაფერს გახდა) .

სამი თვე ყოყმანობდა შირაზის ხანი, ვერ ეუბნებოდა ქეთევანს ამას, თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა და საბოლოოდ უთხრა კიდეც. დიდხანს და დაბეჯითებით არწმუნებდა იმამყული ხანი ქეთევანს მიეღო მაჰმადიანობა, თუმცა თავადაც იცოდა, რომ ვერაფერს გახდებოდა. ეუბნებოდა “ჩვენ თუ მაჰმადის რჯული გვიჭირავს, განა ქართველები არა ვართო?” სთხოვდა თავი გადაერჩინა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.
1624 წლის 13 სექტემბერს ქეთევან დედოფალი მოწამეობრივად აღესრულა. შაჰ აბასს კი ვერ წაუვიდა საქმე კარგად, მისი მცდელობა საქართველოს მოსპობის შესახებ კრახით დასრულდა, ჰორმუზის, ყანდაარისა და ბაღდადის დაპყრობის ტრიუმფს ბინდად გადაეკრა ქსნის, მარტყოფისა და მარაბდის ჩრდილი, სადაც რამდენიმე სახელგანთქმული ხანი დაიღუპა. შაჰი იძულებული გახდა თეიმურაზ პირველი ქართლ–კახეთის ქრისტიან მეფედ ეცნო.

9earp

ქეთევან დედოფალი_საბინინის ნახატი

მსგავსი ამბები

Back to top button