საკითხავისასარგებლოუცნაური

ბაჩა ბაზი

ბაჩა ბაზი, რაც სპარსულ ენაზე ბიჭებთან თამაშს ნიშნავს, სექსუალური მონობისა და ბავშვების პროსტიტუციის ერთ-ერთი სახეა. ავღანეთში მას უკვე საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და ერთგვარად ტრადიციის ფორმაც მიიღო, ამიტომ ბაჩა ბაზის ბიზნესი, როგორც იტყვიან, ყვავის. თუმცა ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია, რომ პროგრესისა და განათლების საუკუნეში ამგვარი რამეები ისევ ხდება.

მწერალი, ჟურნალისტი და რეჟისორი რობერტ იანგ ფელტონი წიგნში “მსოფლიოს ყველაზე საშიში ადგილები” წერს, რომ გასული საუკუნის 90-იანებში ავღანეთის გზებით სიარულს ვინც დააპირებდა, მოჯაჰედებისგან (მუსლიმი მებრძოლები) დიდი საფრთხე ელოდა. ისინი ხშირად იტაცებდნენ ადამიანებს, ხოლო თუკი მათ ხელში პატარა ბიჭი ჩავარდებოდა, პატარძლის კაბაში გამოაწყობდნენ და დაცინვით ქორწინების რიტუალს ჩაატარებდნენ. მანამდე კი ალკოჰოლითა და ოპიუმით გაჭყიპავდნენ. ამას საბოლოოდ მოჰყვებოდა გაუკუღმართებული (სოდომური) სექსუალური კავშირი, თანაც როგორც წესი, ჯგუფურად. ეს ყველაფერი ხშირად ხდებოდა ბიჭის მშობლებისა და ნათესავების თანდასწრებით.

მამაკაცისა და ბიჭის ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა პატივსაცემ საქმედ. ბაჩა ბაზი წარმოადგენს პედერასტიის ერთ-ერთ ფორმას (ცნობისთვის, პედერასტია ითარგმნება როგორც “ბიჭების სიყვარული” და ნიშნავს [ეროტიულ] ურთიერთობას მამაკაცსა და ბიჭს შორის). ბიჭებს ყიდულობენ მშობლებისგან ან მფარველებისგან, ზოგჯერ იტაცებენ კიდეც. ხშირად მშობლებისგან გამოგდებულ ბავშვებს ან ობლებსაც იყვანენ. შემდეგ კი ზრდიან ტრანსვესტიტ მოცეკვავეებად და აქცევენ “ბაჩად”. ისინი სწავლობენ, როგორ იცეკვონ ქალივით ავხორცად და ნაზად, რათა ბატონსა და მის სტუმრებს ასიამოვნონ. ბაჩების ასაკი მერყეობს 8-დან 19 წლამდე. 19 წლის შემდეგ უკვე ამ საქმიანობისთვის “ბერდებიან”.

ბაჩებს მდიდარი ადამიანები ინახავენ თავისთან და როგორც წესი, სანახაობისთვის იყენებენ – ისინი სარიტუალო ცეკვებს ასრულებენ, ხშირად კი სექსსაც აიძულებენ. ამ საქციელს გმობენ როგორც ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ისევე მუსლიმი სასულიერო პირები, თუმცა უშედეგოდ. სხვადასხვა ხერხებით ბევრჯერ სცადეს მისი ამოძირკვა, მაგრამ ამ ბიზნესს გავლენიანი პირები მფარველობენ, ამიტომ არც ისე ადვილი საქმეა.

ავღანელმა ჟურნალისტმა ნაჯიბულა ქურაიშიმ 2010 წელს რამდენიმე ტელევიზიას მიაწოდა მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ბაჩა ბაზების შესახებ, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.


ადამიანი, რომელსაც სურათზე ხედავთ, ფილმში ყვება:

– ბიჭი მეც მყავდა, თუმცა დიდი ხნით არ დამიტოვებია. ეს იმ პერიოდში იყო, როცა დაქორწინებული არ ვიყავი. ეს ტრადიციაა და ერთგვარად შეჯიბრის სახე აქვს, გავლენიან პირებში ვის მეტი ბაჩა ეყოლება.

– მათთან სექსი გქონდათ?

– მათ რომ სდომოდათ, გვექნებოდა სექსი. რომ არ სდომოდათ – არა. ისე ჩემი ცოლი თანახმა რომ ყოფილიყო, დავიტოვებდი ერთ ბიჭს.

– ცოლისგან ნებართვის აღება ჩვეულებრივი მოვლენაა?

– ავღანეთში, როგორც წესი, ცოლებს არ უსმენენ. თუმცა მე კულტურული კაცი ვარ და ეს საკითხი ცოლთან გავარჩიე.

შემდეგ კი მასსა და ერთ “მისნაირს” შორის ასეთი საუბარი გაიმართა:

– ის ბიჭი მიმზიდველი იყო, არა?

– გასაგიჟებელი.

– რამდენი წლისაა?

– სადღაც 13-14-ის.

– ყველაზე ლამაზი ბიჭები ბადახშანში არიან. ორ გამყიდველს ჰყავთ ძალიან ლამაზი ბიჭები, მაგრამ ძვირს აფასებენ. ასეთი ბიჭები მარტო გენერლებს ჰყავთ ხოლმე.

ცეკვის საღამოების დასრულების შემდეგ ბაჩებს ხშირად სექსი აქვთ ან ერთმანეთთან, ან ბატონთან. არც ისე იშვიათი მოვლენაა ცეკვის შემდეგ ბატონის გამოცვლაც – თუკი ვინმეს მოეწონა და მისი ყიდვა გადაწყვიტა. ზოგჯერ ამისთვის ერთგვარი აუქციონიც კი იმართება. ორი ძირითადი მიზეზია, რაც ბაჩა ბაზის ტრადიციას აცოცხლებს – სიღარიბე მოსახლეობაში, რის გამოც ბიჭები თანხმდებიან ამ საქმიანობას ნებით თუ ძალით და პრესტიჟი მდიდარ ადამიანებში, რის გამოც ბაჩებს იყვანენ.

მოჯაჰედების ყოფილი ხელმძღვანელი “როიტერსთან” (Reuters) საუბრისას აღნიშნავს: “ბაჩა ბაზის ბიზნესი მზარდი და შემოსავლიანი საქმეა. ბაჩები ელიტის წევრთა სტატუსს ასახავს, ამიტომ მათი ყოლა აუცილებელია. ყველა ცდილობს, რომ საუკეთესო ბაჩა ჰყავდეს, ყველაზე მიმზიდველი და კარგი გარეგნობის.”

42 წლის მიწათმფლობელი ენაიათულა: “20 წლის წინ ერთ ქალზე დავქორწინდი, მაგრამ ბიჭის გამო მიმატოვა.. ბიჭთან ყოველ ღამე ვთამაშობდი და საბოლოოდ, ცოლმა დაშორება არჩია. ამ გადაწყვეტილებით გახარებული დავრჩი, რადგან მას შემდეგ ჩემს პატარა ბიჭთან მძინავს და მასთან ვერთობი.”

მოჯაჰედების ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი ალაჰ დაადი: “ჯერ სოფელში ვარჩევთ ლამაზ ბიჭებს და შემდეგ ვცდილობთ, ჩვენთან შემოვიტყუოთ. უმეტესობა ფულის გამო რჩება ჩვენთან. ისინი ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებენ, სანაცვლოდ კი რასაც გვინდა, იმას იზამენ. ზოგიერთი არ რჩება და მაშინ მოდის ხოლმე, როცა ამის საჭიროებაა – დღესასწაულებზე, ქორწილებზე, სტუმრების თავყრილობისას. ცეკვის სხვადასხვა სახეობა არსებობს, რასაც ბაჩები ასრულებენ. თუკი ცეკვაზე უარს იტყვიან, ბატონი მათ გრძელი ჯოხით სცემს. ჩვენ მათ ფულს ვაძლევთ, ამიტომ იძულებულნი არიან, იცეკვონ.”

ბიჭები, რომლებსაც ფაქტიურად ნივთზე მეტი უფლება არ გააჩნიათ, მფლობელებს “ბატონს” ეძახიან. გაქცევის მცდელობას დასჯის მძიმე ფორმები მოჰყვება, ზოგჯერ სიკვდილიც. ოჯახმა, რომელსაც 15 წლის ბიჭი (ბაჩა) მოუკლეს, “Frontline”-თან საუბრისას განაცხადა, რომ მკვლელობაში პოლიციელი დაადანაშაულეს და ციხეში ჩასვეს. თუმცა ბიჭის ყოფილმა პატრონმა, ნარკოტიკებით მოვაჭრე მდიდარმა ავღანელმა საჭირო პირები მოისყიდა და რამდენიმე თვეში გამოაშვებინა.

14 წლის უცნობი ბიჭი: “გუშინ (2007 წლის ნოემბერი) მთელი ღამე ვცეკვავდი. ამას ბოლო ერთი წელია ვაკეთებ. სხვა გზა მაინც არ მაქვს – ძალიან ღარიბი ვარ. მამაჩემი გარდაიცვალა და მხოლოდ ამ გზით შემიძლია საკუთარი თავი და ოჯახი ვარჩინო. ვცდილობ, კარგად ვიცეკვო, განსაკუთრებით დიდ წვეულებებზე. კაცები ჩემი მიმართულებით ფულს ისვრიან ხოლმე, მე ვკრეფ. ზოგჯერ ბაზარში მივყავარ და კარგ ტანსაცმელს ყიდულობენ ჩემთვის.”

ნასრო ბეი: “ძალიან მდიდარი არ ვარ, თუმცა შეძლებული მეთქმის. მინდა, იმდენი ბაჩა მყავდეს, რამდენიც შესაძლებელია, რადგან როცა წვეულებებზე წავალ, სხვა, ჩემზე უფრო მდიდარ ადამიანებზე ცუდად არ გამოვჩნდები. ეს ტრადიცია ძალიან კარგი რამეა. ჩვენ ჩვენი კულტურა გვაქვს. სხვა ქვეყნებში ქალები ცეკვავენ, ჩვენთან კი პატარა ბიჭები. ეს უნიკალური რამაა, რისი მსგავსი ტრადიციაც სხვაგან არ არსებობს.”

შირ მოჰამადი, ყოფილი ბაჩა: “14 წლის ვიყავი, როცა უზბეკმა (ავღანეთის მოსახლეობის 10%-მდე უზბეკები არიან) გავლენიანმა პირმა მაიძულა, მასთან სექსი მქონოდა. მოგვიანებით, ოჯახიდან წავედი და მისი მსახური გავხდი. 10 წელი ვიყავი მასთან. ახლა უკვე გავიზარდე და აღარ გამოვდგები – 24 წლის ასაკში ის სინორჩე აღარ მაქვს, რაც ჩემზე უმცროს ბაჩებს. მაგრამ მას მაინც ვუყვარვარ და ხშირად ერთად ვიძინებთ. გადავწყვიტეთ, რომ მის ქალიშვილზე დავქორწინდები და ერთი ოჯახი გავხდებით.”

17 წლის აჰმად ჯავადი: “ბოლო ორი წელია, მდიდარი ადამიანის ბაჩა ვარ. უკვე შევეჩვიე ასეთ ცხოვრებას. მე მიყვარს ჩემი ბატონი. მიყვარს, როცა ქალივით ვცეკვავ და ვიქცევი. მომწონს, როცა ჩემს ბატონს ვართობ. როცა გავიზრდები, მეც ბაჩების მფლობელი გავხდები და ბევრი ჩემნაირი ბიჭი მეყოლება.”

35 წლის ჩამან გალი: “ვიცით, რომ ეს საქციელი ამორალურია და წინააღმდეგობაშია ისლამის მოძღვრებებთან, მაგრამ როგორ გავანებოთ თავი? არ მოგვწონს ქალები, უბრალოდ პატარა ბიჭები გვინდა.”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ავღანეთის ფილიალის ხელმძღვანელი, მოჰამად ზაჰერ ზაფარი: “სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამ ტიპის ცეკვები, სექსუალური ზეწოლა და ბავშვებით ვაჭრობა წლებია გრძელდება. ეს ამაზრზენი ტრადიციაა. მსხვერპლი ბიჭები, როგორც წესი, ღარიბები, არასრულწოვნები და ზოგჯერ ობლები არიან. ბაჩად ყოფნას კი ფინანსური კუთხით დაინტერესებით აიძულებენ.”

უნდა აღინიშნოს, რომ ავღანეთის მთავრობა დიდად ეფექტურ ღონისძიებებს არ ატარებს ბაჩა ბაზის აღსაკვეთად. პოლიცია კი თითქმის არ იწუხებს თავს. პროკურორი ჰაფიზულა ხალიკიარი: “ბაჩა ბაზი საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით ხოსტ-ო-ფერინგისა და ანდარაბის რეგიონებში. ბიჭებს აიძულებენ ცეკვას, ახდენენ მათზე სექსუალურ ზეწოლას, ყიდულობენ და ყიდიან. მათ გამო დაპირისპირებები და ზოგჯერ ჩხუბიც ხდება. ბაჩების რაოდენობა ყოველდღე მატულობს და კატასტროფულ მასშტაბებში გადადის. ვისაც მათზე აქვთ ინფორმაცია, მალავენ ამ ყველაფერს, რის გამოც ჩვენ მოქმედების საშუალება არ გვეძლევა. ამ საქმეში სამხედრო თანამდებობის პირები არიან ჩართულნი და ბიზნესი მათი მეთვალყურეობის ქვეშაა. მათი გავლენა იმდენად ძლიერია, რომ პოლიციაც კი უძლურია. თუმცა ამის გამო გაჩერებას არ ვაპირებთ, 25 შემთხვევა უკვე გამოვააშკარავეთ და ძიება გრძელდება.”

ამ შედარებით ოპტიმისტურ (თუკი შეიძლება, ასე ეწოდოს) ნოტაზე დავასრულებ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close