არქივი

Clifford Lee Burton

2f73d1fa96a7

საკმაოდ დიდ სტატია მეტალიკის გარდაცვლილ ბასისტ კლიფორდ ლი ბარტონზე. ამ პოსტში ლაპარაკი არის მის შემოქმედებასა და წვლილზე, რომელიც მან მეტალიკის განვითარებაში შეიტანა…

“სკოტს ყველა უყვარდა. იღვიძებდა, კითხულობდა დილის ლოცვას და ტოსტების მომზადებას იწყებდა.

დედას არ იკარებდა… მამა თუ შენიშვნას აძლევდა, ხმას არ იღებდა, ოღონდ ჩვენკენ არ ტრიალდებოდა. მამაც ისე, ხუმრობით აძლევდა შენიშვნას, მაგრამ სკოტისთვის ეს მაინც საყვედური, მამის მხრიდან უხეში სიტყვა იყო. სკოტი ატირებული შედიოდა ოთახში და ბიბლიას გულში იკრავდა. ერთხელ ვუთხარი, მამიკოსგან ეს ნუ გეწყინება, ხომ იცი, რომ სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ-მეთქი…. ამომხედა და ჯერ ვერაფერი მითხრა…. მერე, ფანჯარასთან მოდიო, დამიძახა….
– გედების გადაფრენა იყო… ნახე, კლიფ, რა ლამაზები არიან, ყველა მაგათ უყურებს და ლამაზებად დაიმახსოვრებს. -მე? …… სარკეში ვერ ვიხედები. ვგრძნობ, რომ თქვენც უკვე ნაკლებად გსიამოვნებთ ჩემი დანახვა, დედიკო თვალს მარიდებს. დავამშვიდე, ხელი გადავხვიე, სისულელეებს ამბობ-მეთქი. ლოგინზე დამსვა და მთხოვა, თუ არ გეზიზღები, შუბლზე მაკოცეო. მერე ცრემლები მოიწმინდა და ჩაილაპარაკა: გახდი ის, ვინც უნდა გახდე და შემპირდი, რომ შენსას გაიტანო… სკოტი კიდევ ორ თვეს ებრძოდა ლეიკემიას, მე კი მისი სიკვდილის შემდეგ ბოლომდე გადავერთე მუსიკაზე. ბასი ჩემი ინსტრუმენტი იყო. ბასი სკოტის საყვარელი ინსტრუმენტი იყო. უნდა ვყოფილიყავი საუკეთესო ბასისტი…. ოღონდ არა თქვენთვის…. არა მსმენელისთვის……. საუკეთესო ბასისტი ჩემი ძმისთვის”, – კლიფ ბარტონი

1986 წლის 25 სექტემბერი, ფრაგმენტი ინტერვიუდან ჟურნალში Rolling Stone.

To Live Is To Die

Metallica…

მძიმე, რთული, სწრაფი, მელოდიური, ტექნიკური, ლირიკული, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ეპოქალური.

მძიმე მუსიკა, ტრეში, მისი შემდგომი ინკარნაციები უფრო კარგ მოსასმენად, რთული პასაჟების მაქსიმალურად ადვილად მისაღებად ჯეიმსმა (ჰეთფილდმა), ლარსმა (ულრიხმა), კირკმა (ჰემეტმა) და გენიოსმა კლიფმა (ბარტონმა) აქციეს. ვერ წარმომიდგენია, სადამდე უნდა გაექაჩა ამ ჯგუფს, 1986 წლის 27 სექტემბერს სკანდინავიური ტურის დროს ავტოკატასტროფაში კლიფი რომ არ დაღუპულიყო.

დასრულდა ეპოქა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მეტს, ბევრად მეტს იმსახურებდა. კლიფ ბარტონი 24 წლის იყო.

========================================

..Anthrax და Metallica სტოკჰოლმში ორდღიან ფესტივალს ჰედლაინერებად ასრულებდნენ. “ბისის” დროს ჯეიმსმა დენი სპიტცი და სკოტ იანი სცენაზე აყარა, ერთად ჩაამთავრეს სეტი და ჯგუფის წევრები თავიანთ ტურ-ავტობუსებში გადანაწილდნენ.

კირკ ჰემეტი: “ცუდი ავტობუსით ვმგზავრობდით. სკამები უხეში, არაკომფორტული იყო. ყველა წუწუნებდა, არ გვეძინებოდა… ჯეიმსმა, – პოკერი ვითამაშოთ და ვინც მოიგებს, მეოთხე რიგში, ყველაზე კარგ სკამზე ის დაიძინებსო. პოკერის თამაში ბევრს დაეზარა და კლიფმა შემოგვთავაზა, ვინც ყვავის ტუზს ამოიღებს, იმ სკამზე იძინებსო.

ყვავის ტუზი კლიფმა ამოიღო… უკვე იძინებდა, მაინც გადმომხედა და – კირკ, გუშინ სიზმარში სკოტი ვნახეო… მერე-მეთქი? არა, მომენატრეო, მითხრა და მალე შევხვდებითო. კლიფ, ისედაც ვერ გიტან, მაგ სკამზე მალმიოდან სტოკჰოლმამდე მე ვიჯექი და შემეშვი-მეთქი რა… კლიფს ჩაეძინა. მალე ავტობუსში სასიამოვნო სიმშვიდემ დაისადგურა. ყველას ეძინა. გამთენიისას კოპენჰაგენში უნდა ვყოფილიყავით.

ზუსტად არ მახსოვს, რამდენნი ვიყავით ავტობუსში. ალბათ დაახლოებით ოცდაათი კაცი. მერე მძღოლმა მოყინულ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი მოსრიალდა, ხეს შეასკდა. კლიფი ფანჯრიდან გავარდა, მაგრამ ეს ვერავინ დაინახა. მოგვიანებით დასისხლიანებული სახეებით, შეშინებულები რომ ჩამოგვიყვანეს ავტობუსიდან, ჯეიმსმა იკითხა, კლიფის ხმა რატომ არ მესმისო. კლიფ ბარტონის ხმა აღარავის გაუგია. კლიფი აღარ იყო… მის ადგილზე მე უნდა ვყოფილიყავი.”

ყოველი “ლაივის” წინ ბარტონი ამოწმებდა ჯინსის ჟილეტის გულის ჯიბეს. იქ ინახავდა ხელსახოცს, რომლითაც სკოტიმ მაშინ, გედების გადაფრენისას, ცრემლები შეიმშრალა. ქაღალდზე ეწერა: “კლიფს სკოტისგან, სიყვარულით. მე შენით ყოველთვის ვიამაყებ.”

კლიფ ბარტონი იქცა ლეგენდად ლეგენდაში. ბარტონის ინსტრუმენტიდან მშვიდი, მაგრამ საშიში, რაღაც ცუდის, მძიმეს მომასწავებელი საუნდი ამოდიოდა. მერე კი იკარგებოდა ჯეიმსის რიტმ-გიტარის ფონზე… მერე ისევ ლიდზე ამოდიოდა, კვლავ იკარგებოდა და იდეალურად ავსებდა რიტმ-სექციას. ლარსს მაშინ იმპროვიზაციის ნიჭი არ გაუყიდია და პროგრესის მოტივაციაც ტონობით ჰქონდა.

კლიფ ბარტონი არ უნდა მომკვდარიყო….
მაშინ …
24 წლის ასაკში…
არ უნდა მომკვდარიყო !!!

ლარსი: “ავტობუსიდან რომ ჩამომიყვანეს, ვერ ვაზროვნებდი, ვერ ვაცნობიერებდი მომხდარს. ჯეიმსი ჯგუფის მენეჯერთან, ჯონ მარშალთან ერთად მძღოლს რაღაცას უყვიროდა, სხვები გარბოდნენ, იცინოდნენ, ტიროდნენ… ქაოსი იყო. კირკი და ჩვენი ერთ-ერთი როუდი მოტეხილ ხესთან იდგნენ. კირკი ტიროდა, ის, მეორე ტიპიც ტიროდა. უცბად ყურადღება არ მივაქციე, ნანახი გავატარე და ჯეიმსისკენ წავედი. ამ დროს ჯეიმსმა კლიფი მოიკითხა და როუდიმ ჩაილაპარაკა, კლიფი დავკარგეთო. ღმერთმანი, მართლა ჩაილაპარაკა, მაგრამ ეს სიტყვები ექოსავით მოედო იქაურობას. მივუახლოვდი კირკს, რომელიც აღარ ტიროდა, ღრიალებდა, ავტობუსს ქვით მინა ჩაულეწა. კლიფი დავინახე და ცრემლი წამომივიდა. იცით, როგორი მშვიდი, დასვენებული სახე ჰქონდა? თითქოს მზად იყო იმისთვის, რაც უნდა მომხდარიყო და მოსახდენი მშვიდად მიიღო. მოვიდნენ პოლიციელები, ექიმები… კორონერებიც. ორი საათი იქ ვიყავით. მერე მენეჯერმა დაგვიძახა, ჯგუფი ამ მანქანით მოდისო. ჯეიმსმა გახედა და, – ჯონ, რომელი ჯგუფიო, ჰკითხა? მარშალი ჩუმად იყო. ჯეიმსი კიდევ დიდხანს იჯდა კლიფის წინ და კორონერებს გვამს არ ატანდა – მისი ადგილი მორგში კი არა, სცენაზეაო.”

1984-ში Metallica-მ ჩაწერა ალბომი Ride the Lightning. პირველ, Kill ‘em All-თან შედარებით ბევრად რთული, ჰარმონიული და მძიმე ალბომი. სამი მკვლელი კომპოზიციით – Fade To Black, For Whom The Bell Tolls, Creeping Death. იყო კიდევ ერთი, ბოლო, შედევრალური ინსტრუმენტალი The Call of Ktulu, რომელშიც კლიფი სოლირებდა. ეს პრელუდია შემდეგ, ბარტონისა და მთელი ჯგუფის მწვერვალში, ყველა დროის უდიდეს ინსტრუმენტალში – Orion-ში გადავიდა. კომპოზიცია შევიდა ალბომში Master Of Puppets. Metallica უკვე ლეგენდა იყო. ჯგუფის მაშინდელი ლირიკა სოციალურ გახრწნილობას, რეალიზმისა და სურეალიზმის კვეთას, საზოგადოების გამომწვევ სიმარტივესა და მიუღებელ სირთულეს აერთიანებდა.

For Whom The Bell Tolls… ერნესტ ჰემინგუეის შედევრი Metallica-მ თავის, სხვა დატვირთვის მქონე, სმენად შედევრად აქცია. ძირითადი მისამღერის მერე ჯეიმსი მღერის: Take a look to the sky, just before you die…It’s the last time you will! (სანამ მოკვდები, ახედე ცას… ამას უკანასკნელად გააკეთებ).

ეს სიტყვები კლიფმა დაწერა და მანვე შექმნა ის ინტრო, რომელიც ზარების ფონზე დამძიმებული ბასით, ლარსის ორმაგი ბას-პედლებით ჭრის დისტანციას სიმარტივესა და გენიალურობას შორის. კოპენჰაგენში მისვლამდე უკანასკნელად ახედა ცას კლიფ ბარტონმაც.

“ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ზემოდან ვიღაც მექაჩებოდა, მმართავდა და მკარნახობდა, რაც უნდა გამეკეთებინა. უამრავი ტრაგედია, ადრეული სიკვდილი, იმ ხალხის მოგონება, ვისაც ჩვენ უნდა მოვეგონებინეთ. მინდა, რომ თუ ვინმე მომიგონებს, ჩემზე ცუდი არაფერი გაიფიქროს. ვიცი, რომ ეს არარეალურია, მაგრამ სკოტის სიკვდილის შემდეგ ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ. გედების გადაფრენას ველოდები და მაინც მგონია, რომ სკოტის არ ჰქონია ლეიკემია, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, სიზმარი იყო და მინდა გავიღვიძო, სამზარეულოდან კი თეფშების ხმა ისმოდეს. მერე ჩავიდე, სკოტი ტოსტებს ამზადებდეს, თმა გაცვენილი არ ჰქონდეს და მის თვალებში ტკივილის ნაცვლად სიხარულს ვხედავდე. ღმერთი ერთია, ვლოცულობ მისთვის მაგრამ სულ ვფუიქრობ, ჩემი ძმაც ხომ ერტი იყო ? რატომ წამართვა იგი ?”, – კლიფ ბარტონი, 1984, ფრაგმენტი ინტერვიუდან (საინფორმაციო წყარო უცნობია).

კლიფი იშვიათად იცინოდა. თითქმის არ ეღიმებოდა მაშინაც კი, როცა სხვები ხოხავდნენ. ის, რომ მას ვიღაც ზემოდან ექაჩებოდა, აისახა 1986 წლის მეგამონსტრის სახელწოდებასა და უდიდეს კომპოზიციაში Master Of Puppets (მარიონეტების მბრძანებელი). ძმის დაკარგვა მან გადაიტანა მძიმე, რაღაც ცუდის მოლოდინში მიტოვებული ადამიანის საგაში The Thing That Should Not Be (ის, რაც არ უნდა მომხდარიყო).Master Of Puppets გახდა ის, რაც ვერც მანამდე და ვერც მისი რეალიზების მერე ვერავინ ჩაწერა.

2009 წლის 4 აპრილს კლიფ ბარტონი როკ&როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. კლიფის ჯილდო მამამისმა – რეი ბარტონმა მიიღო. შვილის დაღუპვის ამბის გაგების მეორე დღეს რეის ტვინში სისხლი ჩაექცა. ექიმებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაგრამ ვერ აღუდგინეს სმენა. რეი ბარტონი სცენაზე ჯეიმსმა და ლარსმა აიყვანეს.

“რა გითხრათ… მადლობელი ვარ, კლიფი დღესაც რომ გახსოვთ. რამდენნი ხართ… ეს აღიარება ალბათ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემთვის. მე აღარ მყავს კლიფი და არ მყავს სკოტი, რომლის სიყვარულის გამოც გახდა კლიფი ის, როგორიც თქვენ გაიცანით. ადრე წიგნებს ვაგროვებდი, 1986 წლის 27 სექტემბრის მერე კი კლიფის მოგონებების შეგროვებაზე გადავედი. ვიხსენებ, რა უყვარდა ჩემს შვილს და მიხარია, რომ მახსოვს ისეთი კლიფი, როგორიც არ იყო იქ, მოტეხილ ხესთან. ხვალ თქვენი სითბოც მემახსოვრება, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ კლიფს უკავშირდება. იცით, რა კეთილი ბიჭი მყავდა? რომ სცოდნოდა, სკოტის სიცოცხლის გადასარჩენად თავი უნდა გაეწირა, არ დაფიქრდებოდა და გრძელ გზას გაუყვებოდა. გაუყვა კიდეც, მაგრამ არა ისე, არა მაშინ, როცა უნდოდა. მხოლოდ ერთი რამის მეშინია… ვბერდები და როდესაც ვერ გავიხსენებ კლიფის ცხოვრებიდან რომელიმე ეპიზოდს, ვინმეს ვთხოვ, მომკლას. თავს ვერ მოვიკლავ – ღმერთი სამოთხის კარს არ გამიღებს. მე კი კლიფის და სკოტის ნახვა მინდა, რომლებიც ვიცი, რომ სამოთხეში არიან. ორივე მენატრება, თქვენ კი… დიდი მადლობა ჩემი ბიჭის გახსენებისა და დაფასებისთვის”, – რეი თავდახრილი ჩავიდა სცენიდან, დარბაზში კი…

ყველა ჩუმად იყო
ყველა სიჩუმეს უსმენდა
სიჩუმე კი დაირღვა
ჯეიმსი ტიროდა

Metallica-ს 1988 წლის ალბომში …And Justice For All არის სიმღერა To Live Is To Die (იცოცხლე, რომ მოკვდე), რომელიც ჯგუფმა კლიფ ბარტონს მიუძღვნა. ჩვეულებრივი, ლამაზი კომპოზიცია, რომელშიც ჯეიმსი ბოლოს მღერის Cannot The Kingdom Of Salvation Take Me Home. ეს სიტყვები კლიფ ბარტონის საფლავის ქვაზეა ამოტვიფრული.

To Live Is To Die… ჩვეულებრივი, ლამაზი კომპოზიცია.

ჩვეულებრივი, ლამაზი, საყვარელი, 24 წლის ბიჭის პატივსაცემად.

For Whom The Bell Tolls? ვისთვის დარეკა ზარმა?

ჰემინგუეიმ ბოლო ზარი რობერტ ჯორდანისთვის დაარეკინა. არქაიზმებით მდიდარ ნაწარმოებში ახალგაზრდა ინსტრუქტორი აფეთქებს ხიდს და თავს სწირავს იმას, რასაც არ იცის და ვერ ხვდება, რატომ უნდა შესწიროს.

დარეკა ზარმა კლიფ ბარტონისთვისაც.
დარეკა…..
დარეკა…..
უბრალოდ….
ძალიან ადრე დარეკა.

წყარო: hop.ge

მსგავსი ამბები

Back to top button