ვეფხვი (Panthera tigris)
ვეფხვი (Panthera tigris), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის – 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს, მაკეობა 105 დღემდეა. 2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად ინადიროს და საკვები მოიპოვოს, სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლისას, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა “ვეფხვი” აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას – Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.