საკითხავისაქართველო

ქართველებზე და ქართველობაზე

2c3cc62cd89d
1) ჩვენ გვაქვს უძაღლო ქვეყანა, სადაც არამარტო კატები, არამედ მწერებიც კი ყეფენ.

2) ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ გასცდა კუმირებისა და მათი მტრების ძიებას.

3) ჩვენი რწმენა ვერ გასცდა სამარხვო ნამცხვრებს.

4) ჩვენი ლიტერატურული აზროვნება ვერ გასცდა საკითხს _ „დათა თუთაშხია“ მართლა ამირეჯიბისაა თუ კონსტანტინეს მოპარა.

5) ჩვენი ისტორიული ანალიზის უნარი შეილია მარადიულმა თემამ _ სტალინი უფრო მაგარი იყო თუ ბერია.

6) ჩვენ გვიყვარს და ვამაყობთ „ვეფხისტყაოსნით“, რომელიც სკოლაში გვასწავლეს.

7) ჩვენ გვაქვს უამრავი ლექსი თბილისზე, გვიყვარს თბილისი, ვაღმერთებთ თბილისს, თუმცა იმაზე ვერ ვთანხმდებით თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი თბილისელი.

8) ვაღმერთებთ ქართულ სილამაზეს სიმთვრალეში, სიფხიზლეში კი „გაუპარსავ“ ქართველ ქალებს რუსებს ვამჯობინებთ.

9) ჩვენთვის დედა სიწმინდეა, რომელიც იმდენად გავაიდეალეთ, რომ ფეხებზე გვკიდია მისი ჯანმრთელობა, რადგან უხორცო გვგონია, რომელსაც ჯანმრთელობა არც აქვს. მთავარია დროსტარება!

10) ჩვენთვის ღვინო წმინდა სითხეა, მაგრამ უამრავი ლიტრის შემდეგ, თქვენ წარმოიდგინეთ ისიც კი წყალდება.

11) ჩვენი ძმაკაცობა (და საერთოდ_კაცობა) გაუტოლდა და ვერ გასცდა თანამესუფრეობას.

12) ჩვენ ვართ ნამდვილი რაინდები და რაინდულადაც ვიტანთ კუჭ_ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს.

13) ჩვენ გვიყვარს ლამაზი ადამიანი, ლამაზი სიტყვა, ლამაზი სიმღერა _ მოკლედ ყველაფერი რაც ბრწყინავს, თუნდაც ოქრო არ იყოს.

14) ჩვენ არ ვიყიდებით!

15) ჩვენ ვართ მოხუცი ერი, რომელსაც იდეალთა გაორება დაემართა ( 9 აპრილი თუ 7 ნოემბერი?)

16) ჩვენ არ გვიყვარს იდეალისტები ( არ გვიყვარს რა, გვეზარება უბრალოდ). არ გვინდა ამდენი ანკესი (არ იჭმევა), თევზი მოგვეცით ვინმემ, თევზი!

17) ჩვენ ვართ ქართველები და გადავეგეთ პირადულ კეთილდღეობას, გვწამს რა, რომ ეს ჭეშმარიტად საერო საქმეცაა!

18) ჩვენ ვართ ქართველები და გვიყვარს ჩვენი სახელოვანი ისტორია, რომელიც არ ვიცით!

19) ჩვენ ვართ ქართველები და უკლებლივ ყველა ვართ ჭეშმარიტი პატრიოტები, რაც ვერ გასცდა მეტყველებაში_პათოსს და მოქმედებაში_მართკუთხა მაგიდას!

20) ჩვენ ვართ ქართველები და ყველანი მზად ვართ ჩვენი საქმეებით ვემსახუროთ ქვეყანას, რომელიც ჩვენთვის სულზე უტკბესია, ოღონდ ნუ იქნება ომი! გვეშინია!

21) ჩვენ ვართ ქართველები, რომლებსაც გვძულს მკრეხელი ათეისტები, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ყველაზე დიდი (თან შეფარული) მკრეხელობაა!

22) ჩვენ ვართ ქართველები და გვეზარება აზროვნება!

23) ჩვენ ვართ ქართველები და გვეზარება კითხვა!

24) ჩვენ ვართ ქართველები და გვეზარება რწმენა!

25) მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე მოაზროვნეები!

26) ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ვიცით ბევრი!

27) ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე გვწამს ყველაზე ძლიერ!

28) ერთი სიტყვით კი: ჩვენ გვიყვარს ჭურჭელი და არა ის, რაც შიგ ასხია, თუნდაც შხამი აღმოჩნდეს!
ჩვენ ვართ ფარისევლები!

და უკვე იმდენად გულის ამრევია ჩვენი ფარისევლობა, რომ ვინმემ რომ იწინასწარმეტყველოს, თუ ასე გააგრძელეთ გადაგვარება არ აგცდებათო, ნამდვილად არ გამიკვირდება და დავეთანხმები კიდეც.

P.S კარგა ხნის წინ საიდანღაც გადმოვიწერე, (ავტორი ნამდვილად არ ვიცი ვინაა ) და ჩემს დოკუმენტებში შევინახე, … ახლა , რატომღაც გამახსენდა… რას ეთანხმებით და რას არა… საინტერესოა თქვენი აზრი ამის შესახებ

მსგავსი ამბები

Back to top button