არქივი

ცნობისმოყვარეობა-ფილოსოფოსის “უნარი”(დასაწყისი)

White rabbit in a black hat

რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? ეს რომ დამშეული ადამიანისთვის გვეკითხა”საჭმელიო” გვიპასუხებდა. სიცივისგან მომაკვდავი ადამიანის პასუხი “სითბო” იქნებოდა. თუ იმავე კითხვას მარტოსულ, გარიყულ ადამიანს დავუსვამთ, ალბათ, “საზოგადოებაო” – იტყოდა… მაგრამ…

მაგრამ, თუ ეს პირველადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია, ვფიქრობ, მაინც რჩება კიდევ ისეთი რაღაც, რაც ყველას სჭირდება. დიახ, აუცილებელია საჭმელი, სიყვარული, სიახლოვე, სითბო, მაგრამ  ჩვენ გვჭირდება(გვინდა) ვიცოდეთ: ვინ ვართ და რატომ ვარსებობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვის ქვეცნობიერისთვის დასმამდე, ზოგჯერ მთელი რიგი საჭიროებების გზა გადის, მისი ცნობისწადილი წარმოუდგენლად დიდია. ჩვენ შეიძლება გვიყვარდეს გართობა, სპორტი, გვქონდეს ჰობი, მაგრამ – როგორ წარმოიშვა სამყარო, დედამიწა და სიცოცხლე – ეს უფრო დიდი, მნიშვნელოვანი, საინტერესო, ცნობისწადილი აღმძვრელი კითხვაა, ვიდრე ის, თუ ვინ უფრო მეტი ოქროს მედალი მოიპოვა ბოლო ოლიმპიადაზე.

ფილოსოფიის რაობას ყველაზე კარგად რამდენიმე ფილოსოფიური კითხვის დასმა გაგვაგებინებს:

როგორ შეიქმნა სამყარო? დგას თუ არა რაიმე ნება ან საზრისი ყოველივე არსებულის მიღმა? არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? როგორ ვუპასუხოთ ამ კითხვებს? და, რაც მთავარია როგორ ვიცხოვროთ? ამ კითხვებს ადამიანები საუკუნეთა განმავლობაში სვამდნენ. არ არსებობს ისეთი ადამიანური კულტურა, რომელიც არ დაინტერესებულა იმით, თუ ვინ არის ადამიანი და როგორ წარმოიშვა ქვეყნიერება. არსებითად, ფილოსოფიური კითხვები არც ისე ბევრია. ჩვენ უვე დავსვით რამდენიმე უმთავრესი კითხვა. ისტორია ამ კითხვებს სხვადასხვანაირად პასუხობს. ასე რომ, ფილოსოფიური კითხვის დასმა უფრო ადვილია, ვიდრე მასზე პასუხის გაცემა.

დღესაც ამავე კითხვებს ყოველმა ადამიანმა თავად უნდა გასცეს პასუხი. ღმერთის არსებობა-არარსებობისა თუ სიკვდილისშემდგომი სიცოცხლის საკითხებს ენციკლოპედიაში ვერ იპოვი. ენციკლოპედია ვერც იმას გვეტყვის, როგორ უნდა ვიცხოვროთ. თუმცა იმის გაგება, თუ როგორ უცხოვრიათ სხვებს, ჩვენი საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება.

ფილოსოფოსთა მიერ ჭეშმარიტების ძიება დეტექტივს ჰგავს. ზოგი ფიქრობს, მკველი პეტრეაო, ზოგის აზრით კი – პავლე ან ივანეო. ზოგჯერ პოლიცია ახერხებს მომხდარი დანაშაულის გახსნას, ზოგჯერ – ვერა, მიუხედავად იმისა, რომ ამოხსნა სადღაც არსებობს. ასე რომ, რა ძნელიც უნდა იყოს პასუხის გაცემა, უნდა არსებობდეს ერთადერთი სწორი პასუხი: ან არსებობს ცხოვრება სიკვდილის შემდეგ,ან -არა.

მეცნიერებამ მრავალ კითხვას უპასუხა. სულ ცოტა ხნის წინ არავინ იცოდა, თუ როგორია მთვარის ბნელი მხარე. ასეთ საკითხს დისკუსიებით ვერავინ გადაწყვეტდა და პასუხის გაცემა ადამიანის წარმოსახვისთვის იყო მინდობილი. მაგრამ დღეს უკვე ვიცით, როგორია მთვარის მეორე მხარე და, ამდენად, აღარავის სჯერა, რომ იქ ადამიანი ცხოვრობს, ანდა ის, რომ მთვარე ყველისგან არის დამზადებული.

ორი ათასი წლის წინ მცხოვრებ ერთ ბერძენ ფილოსოფოსს სჯეროდა, რომ ფილოსოფია ადამიანის გაოცების უნარმა წარმოშვა. მისი აზრით, ფილოსოფიური კითხვები ადამიანებს თავისთავად ებადებათ, რაკიღა საკუთარი არსებობა განსაკუთრებულად გასაოცრად მიაჩნიათ.

ეს ყველაფერი ფოკუსს გვაგონებს, ჩვენ ვერ ვხედავთ ილუზიონისტი როგორ ახერხებს თეთრი შარფის ცოცხალ კურდღლად გადაქცევას. მრავალი ადამიანი ისევ უნდობლად უყურებს სამყაროს, როგორც ცილინდრიდან კურდღლის ამომყვან ილუზიონისტს, ერთი წამის წინ ცარიელი ცილინდრი რომ დაგვანახვა.

რასაკვირველია ვიცით, რომ ილუზიონისტმა გაგვაცურა. ჩვენ მხოლოდ იმის გაგება გვსურს, როგორ მოახერხა ეს, მაგრამ როდესაც მთელ სამყაროს ეხება საქმე, ჩვენ ვიცით, რომ ის მარჯვე ჟონგლიერებისა და მოტყუების შედეგი არ არის, რადგან ჩვენ მასში ვცხოვრობთ, მისი ნაწილი ვართ. ჩვენ ის თეთრი კურდღელი ვართ ცილინდრიდან რომ ამოჰყავთ. ერთადერთი სხვაობა ჩვენსა და კურდღელს შორის ის გახლავთ, რომ მას არ ესმის, რას უშვრებიან. ჩვენ კი ვგრძნობთ, რომ რაღაც იდუმალის ნაწილი ვართ და გვსურს გავიგოთ, რა არის ეს საიდუმლო.

შედარებისთვის, ისევ თეთრი კურდღელი გამოვიყენოთ, ოღონდ განსხვავებული ვარიანტით. წარმოვიდგინოთ, რომ კურდღელი სამყაროა,  ჩვენ კი კურდღლის ბეწვში  მცხოვრები პატარა არსებები ვართ. მაშინ ფილოსოფოსი ის არსება იქნება, რომელიც ბეწვზე აცოცებას ცდილობს, რომ ილუზიონისტს თვალებში ჩახედოს…

P.S შემდეგი ნაწილიდან იმ “არსებებზე” საუბარს დავიწყებ, რომლებიც კურდღლის ბეწვზე აცოცებას ცდილობენ, რათა ილუზიონისტი იხილონ – ამისთვის, მხოლოდ თქვენი თანხმობა/სურვილის გამოხატვა დამჭირდება.

ინფორმაციის ნაწილი : siyvarulzesheyvarebuli.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button