არქივი

ვინ არის სინამდვილეში <მუამარ კადაფი>

e089fa7c664f

ბოლო დროს მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი. ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენები ალბათ მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მასშტაბებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთმანეთის მიყოლებით საპროტესტო ტალღამ გადაუარა ტუნისს, ეგვიპტეს, იემენს, ბაჰრეინსადა ლიბიას.
ყველაზე დრამატულად მოვლენები ლიბიაში წარიმართა. ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთაგან უმთავრესი ალბათ ქვეყნის პრეზიდენტის მუამარ მუჰამად ალ–კადაფის პიროვნებაა. ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს თვალის გადავლება ამ ქვეყნის წარსულისა და ახლანდელი მდგომარეობისთვის.
0c9bb8ca03d5
ლიბია ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს. მისი ფართობი 1 759 541 კვ.კმ–ია. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მეჩვიდმეტეა პლანეტაზე , მოსახლეობის რაოდენობით კი მხოლოდ 105–ე ადგილს იკავებს.
ლიბიის მთავარი სიმდიდრე ნავთობია, რომლის ექსპორტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახდენს. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ბარელი ნავთობის ფასმა 110 აშშ დოლარს გადააჭარბა…
1949 წლის 21 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ლიბიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ . დამოუკიდებლობის აქტის შესამუშავებლად ლიბიელებს დრო 1952 წლის 1–ელ იანვრამდე მიეცათ. 1951 წლის 24 დეკემბერს ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ლიბია მონარქიად გამოცხადდა. ტახტი დაიკავა წარსულში ლიბიელთა წინააღმდეგობის ლიდერმა  იდრის 1მა. ის იყო ლიბიის პირველი და უკანასკნელი მონარქი. მის დროს ქვეყანაში კონსტიტუციის მოდელი შემუშავდა. ლიბიელები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას შეეცადნენ. ამის მიუხედავად ლიბია ბოლომდე სეკულარულ სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა. კონსტიტუციის 5–მე მუხლის თანახმად ქვეყანაში სახელმწიფო რელიგიად ისლამი გამოცხადდა.
1959 წელს ლიბიაში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს, რამაც ამ ქვეყნის მიმართ მსოფლიოს ინტერესი ერთიორად გაზარდა. თითქოს არაფერს უნდა გამოეწვია შემდგომში განვითარებული დაძაბულობა, მაგრამ XX საუკუნის 60–იანი წლები ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. ეს იყო ნასერიზმისა და არაბული ნაციონალიზმის პერიოდი, რომელმაც მთელი ახლო ღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა მოიცვა. ეგვიპტის პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერს მომხრეები ლიბიაშიც გამოუჩნდნენ. მათ შორის გამოირჩეროდა ახალგაზრდა ოფიცერი მუამარ კადაფი. ის ხშირადა ჩანდა პრეზიდენტ ნასერის გვერდით  და მის იდეებს ერთიანი პანარაბული სახელმწიფოს შექმნის შესახებ სავსებით იზიარებდა.
21b1844e7149
მუამარ მუჰამად ალ–კადაფი 1942 წლის 7 ივნისს ლიბიის პატარა ქალაქ სირტის  სიახლოვეს უდაბნოში , ბედუინის კარავში დაიბადა. მისი მშობლები ბერბერთა ტომიდან იყვნენ. დაწყებითი განათლება ვაჟთა მუსლიმურ სასწავლებელში მიიღო. საშუალო განათლება კი კერძო მასწავლებლის ზედამხედველობით – ქალაქ მისურატაში. მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ და მისმა გამარჯვებებმა არაბულ სამყაროზე.
1961 წელს კადაფი ბენღაზის სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა. გამორჩეულმა სტუდენტმა რამდენიმე არაბ ოფიცერთან ერეთად ინგლისის სამეფო სამხედრო აკადემიაში აგნაგრძო სწავლა.მოგვიანებით ათენის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა.
მის ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა 1967  წლის ისრაელ–არაბების ექვსდღიანმა ომმა მოახდინა. ებრაელთა მიერ არაბული სახელმწიფოების სამ ფრონტზე დამარცხება კადაფისათვის დიდი დამცირება იყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, აქტიურად მიეღო მონაწილეობა ერთიანი პანარაბული სახელმწიფოს შექმნაში. ამის განხორციელების ერთადერთ გზად კი ლიბიაში ხელისუფლების შეცვლა მიაჩნდა.
fa3ae7c1dbd4
1969 წლის 1–ელ სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 27 წლის მუამარ მუჰამად ალ–კადაი ხელისუფლების სათავეში მოვიდა. მომენტი სათანადოდ იყო შერჩეული. ლიბიის მეფე იდრის I  სამკურნალოდ იმყოფებოდა თურქეთში. სწორედ ამ დროს აიღო ამბოხებულთა მცირე ჯგუფმა სამეფო სასახლე ტრიპოლში და ქვეყანაში ახალი წესრიგის დამყარების შესახებ გამოაცხადა. ლიბიის მონარქს კარგი ურთიერთობა ჰქონდა კადაფის სათაყვანებელ გამალ აბდულ ნასერთან. მისი ხელისუფლების დამხობისა და მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ იდირისმა სწორედ ეგვიპტეს შეაფარა თავი. ლიბიის სახალხო სასამართლომ  1971 წლის ნოემბერში იდირის I-ს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუმცა ლიბიის პირველი და უკნასკნელი მეფე 1983 წელს , ღრმად მოხუცებული, 94 წლის ასაკში გარადიცვალა კაიროში. ის, რომ არაბული სამყარო მას დიდ პატივს სცემდა, იმითაც დადასტურდა, რომ ლიბიის ყოფილი მონარქი არაბთა ერთ–ერთ ყველაზე საპატიო პანთეონში, საუდის არაბეთის ქალაქ მედინაში ჯანათ ალ–ბაყის მეჩეთში დაკრძალეს. მუამარ კადაფის ხელისუფლებაში მოსვლით კი ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა.
კადაფის მთავარი ოცნება პანარაბული სახელმწიფოს შექმნა იყო . მას მიაჩნდა, რომ ისლამური სოციალიზმი არაბთა ხსნის ერთადერთი გზა იყო. სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს ნასერის იდეებს, მაგრამ კადაფის ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავზე ნასერი მოკლეს. ამის შემდეგ კადაფიმ გადაწყვიტა არაბული სამყაროს ლიდერობა საკუთარ თავზე აეღო. 1972 წელს მან არაბული ქვეყნების ფედერაციის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელშიც ლიბია, ეგვიპტე და სირია უნდა შესულიყვნენ, მაგრამ ამ ჩანაფიქრმა მარცხი განიცადა. მხოლოდ 1974 წელს მოხერხდა ხელშეკრულების გაფორმება ტუნისთან, რომელსაც ქვეყანათა შორის პოზიციათა შეუთანხმებლობის გამო რეალურად არც უმუშავია. 1975 წელს მან გამოსცა „მწვანე წიგნი“, რომელშიც კიდევ ერთხელ აღნიშნა ისლამური სოციალიზმისა და პანარაბული სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ კადაფის ავტორიტეტი და მხარდაჭერა არაბულ სამყაროში აშკარად ჩამოუვარდებოდა ნასერისას.
2e2a60a7e221
კადაფისთვის არაბული სამყაროს ლიდერობა აუხდენელ ოცნებად დარჩა. მოგვიანებით მან აფრიკის ლიდერობა მოინდომა. წლების განმავლობაში არაერთ საეჭვო რეპუტაციის აფრიკელ ლიდერთან მეგობრობდა, მათ შორის იყო უგანდის პრეზიდენტი იდი ამინი. მის დასახმარებლად ტანზანიასთან ომში ლიბიელი ჯარისკაცებიც კი გაგზავნა, რომელთაგანაც 600 იდი ამინის წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლების დროს დაიღუპა. ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ამინმა თავი სწორედ ლიბიას შეაფარა.
ამინის გარდა კადაფი მეგობრობდა ცენტრალური აფრიკის კანიბალ იმპერატორ ჟანბედელ ბოკასასთან და ეთიოპიის დიქტატორ მენგისთუ ჰაილე  მარიამთან, რომელიც უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური გენოციდის შემოქმედადდა ცნობილი. ევროპელ პოლიტიკოსთა შორის  კი ლიბიის ლიდერი ყველაზე დიდ გულშემატკივრად იტალიის პრემიერი სილვიო ბერლუსკონია მიჩნეული, თუმცა ასევე აქტიურად ლაპარაკობენ მასსა და რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის მეგობრობაზეც.
კადაფი არც მეზობელ სახელმწიფოებთან ომს მორიდებია. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ომი ჩადისთან, რომელიც კადაფიმ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. 1977 წელს კადაფიმ ეგვიპტეს ტერიტორიაზე შეჭრაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ამავე 1977 წლის 2 მარტს კადაფიმ ლიბიის სოციალისტური სახალხო არაბული ჯამაჰირიის შექმნა გამოაცხადა, რომელმაც ლიბიის არაბთა რესპუბლიკა ჩაანაცვლა.
ჯამაჰირია საზოგადოების მოწყობის ფორმაა, რომელიც განსხვავდება მონარქიისა და რესპუბლიკისაგან.ის დასაბუთებულია მუამარ კადაფის მესამე მსოფლიო თეორიაში და გადმოცემულია „მწვანე წიგნის“ პირველ ნაწილში.
ჯამაჰირია– დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა, რომლის დროსაც ძალაუფლება ეკუთვნის პირდაპირ ხალხს და ხორციელდება პირდაპირი სახალხო მმართველობა.
ჯამაჰირიაში ხელისუფლების ტრადიციული ინსტიტუტები უქმდება. ყველგან  იქმნება სახახო კომიტეტები და სახალხო კონგრესები. სახელმწიფო მრავალ კომუნად იყოფა, რომლებიც წარმოადგენენ თვითმმართველ მინისახელმფიოებს სახელმწიფოში, აქვთ თავის ოლქში სრული ძალაუფლება, საბიუჯეტო სახსრების გადანაწილების უფლების ჩათვლთ. კომუნას პირველადი სახალხო კონგრესი მართავს. სახალხო კონგრესში შედის კომუნის ყველა წევრი. თითოეულ ადამიანს აქვს სახალხო კონგრესის სხდომაზე წინადადების გამოთქმის საშუალება. თითოეული მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებასა და  ძალაუფლების რეალიზებაში.სახელმწიფო არსებითად კომუნის ფედერაციაა. ყოველი პირველადი სახალხიო კონგრესი ირჩევს წარმომადგენლებს ქალაქის სახალხო კომიტეტსა და საყოველთაო სახალხო კონგრესში.
„რევოლუციების კანონიერების ქარტია“, რომელიც ლიბიის საყოველთაო სახალხო კონგრესმა 1990 წელს მიიღო, ფართო საგარეოპოლიტიკური მიანიჭა რევოლუციის ლიდერ მუამარ კადაფის, რომელსაც სახელმწიფოშ ოფიციალური თანამდებობები არ უჭირავს…
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კადაფიმ ქვეყანაში  ახალი წესრიგის დამყარება დაიწყო, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის სრულ კონტროლს გულისხმობდა.როგორც აღმოჩნდა ევროპაში მიღებული განათლება სულაც არ ნიშნავდა დასავლურ ღირებულებებთან კადაფის ზიარებას. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით , თანამედროვე ლიბიის მოსახლეობის 20%, რომლებიც სკოლებში, ქარხნებსა თუ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში არიან დასაქმებული, კოლეგებ ასმენს. ასეთი სისტემის შექმნით კადაფი იმედოვნებდა , რომ მის ხელლისუფლებას საფუძველი არასოდეს შეერყეოდა.
მოსახლეობის უკეთ გაკონტროლების მიზნით ლიბიის ყველა სკოლის პროგრამიდან ამოღებულია უცხო ენების სწავლება. 2011 წელს დაწყებული საპროტესტო მოძრაობის  დროს ერთ –ერთი ლიბიელი ლიბიელი მოქალაქე ამბობდა : „ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ ლაპარაკობს ინგლისურად ან ფრანგულად. კადაფიმ ჩვენ ბნელ ოთახში გამოგვამწყვდია.“ ლიბია ჩრდილოეთი აფრიკისა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა სიტყვის თავისუფლების მხრვ.
ფსიქოლოგები ბევრს ლაპარაკობენ კადაფის პიროვნულ თვისებებსა და ახირებებზე. ადამიანი, რომელსაც ფული და ძალაუფლება ნამდვილად არ აკლია უპირატესობას კარავში ძილს ანიჭებს. მისი კარავი საკმაოდ დიდია და ლიბიაში ოპფიციალურ ვიზიტად მყოფი მსოფლიო ლიდერების მიღება და დიპლომატიური სადილებიც მასში იმართბა. რაც შეეხება თავად კადაის ვიზიტებს, ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრებისას კარავს თან ატარებს. როგორც ჩანს, იმდენადაა მიჩვეული მასში ძილს, რომ სხვაგან მოსვენება უბრალოდ არ შეუძია.
განსაკუთრებულად ზრუნავს ჩაცმულობაზეც. ყველაზე ხშირად მის სამოსში ყავისფერი ჭარბობს, მაგრამ მსოფლიო ლიდერთა შორის მისი გარდერობი ყველაზე ჭრელია.მისი სამოსი ჩვეულებრივი ბედუინის სამოსის მსგავსია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ქვეყნის მეთაური ტანსაცმელს გაცილებით ძვირფასი ქსოვილით იკერავს.
ლიბიის დიქტატორს ჰყავს საყვარელი აქლემი, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და კარვის მსგავსად, აქლემსაც ყველა ქვეყანაში დაატარებს. განსაკუთრებული ინტერსი კადაფის აქლემმა და კარავმა საფრანგეთის ვიზიტისას გამოიწვია. ჟურნალისტები იმდენად ბევრ კითხვას სვავდნენ ამ უცნაურობასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბოლოს სამინსტროს პრესსპიკერმა ასეთი განცხადება გააკეთა: „კადაფი რომ ჩვენს ქვეყანაში თავისი კარვითა და აქლემით ჩამოვიდა, მისი ქვეყნის ტრადიციებითაა ნაკარნახევი“. მართლაც კადაფი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვეულებრივი ბედუინივით გამოიყურებოდეს. სამოსი, კარავი და აქლემი სხვა არფერია, თუ არა ამის ხაზგასმა.
კადაფის ვიზიტებს კიდევ ის გამოარჩევს, რომ ლიბიის ლიდერი მუდამ ხუთი თვითმფრინავით დაფრინავს. ესეც ალბათ მისი პირადი ახირებით უფროა ნაკარნახევი, ვიდრე აუცილებლობით.
უცნაურია, მაგრამ კადაფის პირად დაცვაში ვერც ერთ მამაკაცს ვერ ნახავთ. მის სიცოცხლეს ახლგაზრდა ქალბატონები იცავენ, რომელთათვისაც ქალწულობის დაცვა ერთ–ერთი მთავარი მოვალეობაა. ყველა ქალი კარგად გაწვრთნილი სამხედროა.მათი რიცხვი დაახლოებით ორმოცია. თითოეული მათგანი მზად არის, სიცოცხლეს გამოასალმოს ნებისმიერი, ვინც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაცავ პირს. კადაფი მიიჩნევს, რომ ქალწულები უკეთ დაიცავენ მის პირად უსაფრთხოებას და უფრო სანდო არიან, ვიდრე მამაკაცები. ძნელი სათქმელია, კიდევ  რით ხელმძღვანელობდა ლიბიის დიქტატორი , მაგრამ აშკარაა, რომ ამ შტრიხით უდავოდ გამორჩეული ფიგურაა მსოფლიო ლიდერთა შორის.

ან პირველკაცობა, ან სიკვდილი?!
ადამიანი, რომლის პირველობა ქვეყანაშ ეჭვს დღევანდელ დღემდე არ იწვევდა, არადა ამ სენით ღრმად იყო შეპყრობილი, ეს არავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე მისმა არაადეკვატურმა განცხადებებმა მაინც ყველა გააკვირვა.
2011 წელს ლიბიაში დაწყებული კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთის მოვლენათა ლოგიკური გაგრძელება იყო. სამწუხაროდ, ლიბიელებს გაცილებით ძვირი უჯდებათ გამარჯვების მიღწევა , ვიდრე ეგვიპტელებსა და ტუნისელებს. აჯანყებულებმა თავიანთ სიმბოლოდ ლიბიის სამეფო დროშა აქციეს და ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ქალაქი დაიკავეს.მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი ბენღაზია, რომელიც ტრიპოლის შემდეგ ქვეყანაშ სიდიდითა და მოსახლეობის რაოდენობით მეორეა.

მუამარ კადაფი არ მორიდებია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. მეტიც, მან უიარაღო მომიტინგეთა წინააღმდეგ არტილერია და სამხედრო ოპერაცია გამოიყენა. ამ ყველაფერმა ერთიორად გაზარდა ლიბიელ ხალხშ პროტესტი და წინააღმდეგომა მისი რეჟიმისადმი.
32692d84444a
ლიბიაში მოვლენები ყოველდღიურად იცვლება. ამიტომ ჯერჯერობით ძნელია ამ თემაზე წარსულ დროში საუბარი. ოპოზიციის წარმატება ცვალებადია. ბოლო დღეებში მათ რამდენიმე ქალაქზე დათმეს კონტროლი.დაღუპულთა რიცხვიც იზრდება. ბოლო მონაცემებით, ლიბიის მოვლენებს 9 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
„მე მოიტინგეთა წინააღმდეგ ძალა არ გამომიყენებია, იმიტომ რომ ლიბიაში დემონსტრაციები არ იმართება. თუ იმართება მხოლოდ ჩემს  მხარდასაჭერად. მე ხალხს ვუყვარვარ და ისინი მზად არიან, ჩემი გულისათვის სიცოცხლე გაწირონ“ – ეს განცხადება მუამარ კადაფიმ გააკეთა.
2011 წლის 19 მარტს საერთაშორისო თანამეგობრობამ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ზალის გამოყენება დაიწყო. ლიბიის სამხედროსტრატეგიულ ობიექტებზე საავიაციო იერიშები მიიტანეს. წინასწარი პროგნოზებით, კადაფის 42–წლიანი მმართველობა დასასრულს უახლოვდება. მისი საქმით ჰააგის სასამართლოც დაინტერესდა. ახლა საკითხავი ის არის, როდის დასრულდება კადაფის რეჟიმი, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებს ის ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

გმადლობთ ––– > სულ ეს იყო . ეს მასალა ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ დევს ასე რომ გირჩევთ ყველას წაიკითხოთ…

 

 

წყარო: ჟურნალი ,,ისტორიანი”

მსგავსი ამბები

Back to top button