არქივი

ტფილისის უნიკა

bf0bfd44a5fa

ამის შესახებ საიტზე დევს ინფორმაცია, მაგრამ აქ წარმოგიდგენთ სრულ ვერსიას.

ტფილისის უნიკა (რუს. Тифлисская уника) ეწოდება უიშვიათეს საფოსტო მარკას, რომელიც დაიბეჭდა 1857 წლის 20 ივნისს რუსეთის იმპერიაში შემავალ ტფილისის გუბერნიაში. მარკა მიმოქცევაში იყო მცირე დროის განმავლობაში და გამოიყენებოდა ტფილისის საქალაქო ფოსტაში, ტფილისისა და კოჯრის მასშტაბით საფოსტო მომსახურების საფასურის ნიშნად. ერთი ვერსიით, მარკა გამოიყენებოდა 1857 წლის 20 ივნისიდან თბილისის მასშტაბით და 15 ივლისიდან კოჯორში გასაგზავნი ფოსტისათვის და ხმარებიდან ამოიღეს 1858 წლის 1 მარტს. ხოლო მეორე ვერსიით, მარკა გამოყენებაში იყო 1865-1866 წლებში.

სწორედ ტფილისის უნიკით იწყება საქართველოსთან დაკავშირებული საფოსტო მარკების ისტორია. ამ მარკის ალტერნატიული სახელწოდებებია: „ტფილისის მარკა“ და „კოჯრის მარკა“. ტფილისის უნიკის მხოლოდ სამი ეგზემპლარია შემორჩენილი, სამივე სუფთა ანუ გამოუყენებელი. ამ მარკებმა რამდენიმე კოლექციონერი გამოიცვალა. უკანასკნელად აუქციონზე გატანილი იყო 2000 წელს, საწყისი ფასით $500 000. შესაბამისად, „ტფილისის უნიკა“ მსოფლიოს ყველა ფილატელისტისათვის ცნობილი მარკაა და მოხსენიებულია ყველა ფილატელისტურ კატალოგში, როგორც მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ძვირად ღირებული საფოსტო მარკა.

========================================================

მარკის აღწერილობა:

ნომინალი — 6 კაპიკიანი. ქალაქ თბილისის მაშტაბით საფოსტო გზავნილის ფასი 5 კაპიკს შეადგენდა, მარკის დაბეჭდვის ღირებულება კი 1 კაპიკი იყო.
ფორმა — კვადრატული, სადა კიდეებით – დაუკბილავი.
ბეჭდვა — მოყვითლო-თეთრ ქაღალდზე უფერო რელიეფური ნაჭდევი. ერთ ფურცელზე განთავსებული იყო 5 მარკა.
ნახატი — მარკაზე მკაფიოდ და ნათლად გამოხატულია ტფილისის გერბი, გერბის თავზე გამოსახულია იმპერიის სიმბოლო – ორთავიანი არწივი დაშვებული ფრთებით.
ძველი თბილისის გერბი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: ზედა ნაწილში გამოსახული იყო არარატი ნოეს კიდობნით, მდინარე მტკვარი და საქართველოს მფარველი, ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი. ქვედა ნაწილში კი მერკურის კვერთხი.
წარწერები — ორთხივე მხარეს მარკის შიდა გვერდებზე იკითხება შემდეგი რუსულენოვანი წარწერები: «ТИФЛИС:», «ГОРОДС:», «ПОЧТА», «6 КОП:» (”ტფილისის”, ”საქალაქო”, ”ფოსტა”, ”6 კაპ”)
ზურგი — მარკის უკანა მხარე დაფარულია წებოს სქელი ყვითელი ფენით.

a449cd3af768

ძველი თბილისის გერბი, 1843 წ.

========================================================

1856 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად დანიშნა თავადი ალექსანდრე ბარიატინსკი. ბარიატინსკიმ წამოიწყო რამდენიმე პროგრესული რეფორმა, მათ შორის, დააარსა თანამედროვე დროის შესაფერისი ტფილისის საქალაქო ფოსტა. ერთი წლის შემდეგ, ტფილისის საქალაქო ფოსტამ მიმოქცევაში გამოუშვა პირველი საფოსტო მარკა. მარკა გამოიყენებოდა ტფილისისა და კოჯრის საფოსტო გზავნილებისათვის. აღსანიშნავია, რომ გენერალ-გუბერნატორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ტფილისში, კოჯორში კი მდებარეობდა მისი საზაფხულო რეზიდენცია. ქალაქის შიგნით საფოსტო გზავნილისათვის საკმარისი იყო 1 მარკა, ხოლო კოჯორში გასაგზავნად (და პირიქით) – 3 მარკა. ამ დროს, კავკასიის ოლქის ფოსტის მმართველი იყო ნ. ს. კახანოვი, რომელსაც მიაწერენ მარკის დაბეჭდვის ინიციატივას [3].

რადგან პირველი რუსული მარკის გამოცემის თარიღად მიჩნეულია 1857 წლის 10 დეკემბერი, გარკეული დროის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ „ტფილისის მარკა“ გამოშვებული იყო 1857 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ერთი მოსაზრების თანახმად, „ტფილისის უნიკა“ დაიბეჭდა და მიმოქცევაში გამოვიდა 1857 წ. და ხმარებიდან ამოიღეს 1858 წლის 1 მარტს [4]. უფრო გვიანდელი მოსაზრების თანახმად, „ტფილისის უნიკა“ დაიბეჭდა 1857 წლის 20 ივნისს და გამოიყენებოდა 1865-1866 წლებში. რუსული ფოსტის ისტორიის მკვლევარები ზოგჯერ საერთოდ არ ახსენებენ ამ მარკას. ტფილისის მარკის ცირკულაციაში გაშვების თარიღი და ტირაჟი დღემდე უცნობი რჩება. ფაქტია, რომ მარკა დაიბეჭდა მცირე ტირაჟით და მიმოქცევაში იყო მცირე დროის განმავლობაში.

91b449773237

ტფილისის საქალაქო ფოსტა. 1872 წ.

========================================================

პირველ მსოფლიო ომამდე მოძიებული იყო „ტფილისის უნიკას“ სამი ეგზემპლარი. პირველი მათგანი 1913 წელს შეიძინა კოლექციონერმა კ. შმიდტმა, რომელიც პროფესიით არქიტექტორი იყო. 1910-1920 წლებში ტფილისის უნიკის შემორჩენილი სამივე ეგზემპლარი შეიძინა ფილატელისტმა აგაფონ ფაბერჟემ, რომელიც იყო რუსეთიდან 1927 წელს ემიგრირებული ცნობილი იუველირის და კოლექციონერის პეტერ კარლ ფაბერჟეს ვაჟი. ეს მარკები ფაბერჟემ წარმოადგინა 1928 წელს ფილატელისტთა გამოფენაზე ჰელსინგფორსში (ახლანდელი ჰელსინკი, ფინეთი) და 1933 წელს მის მიერვე ორგანიზებულ სენსაციურ გამოფენაზე ქალაქ ვენაში, ავსტრია. სახელი „ტფილისის უნიკა“ შემოთავაზებული იქნა ბაქოელი ფილატელისტის სერგეი კუზოვკინის მიერ 1929 წელს .

1936 წელს „ტფილისის მარკა“ შევიდა ევროპის წამყვანი მარკების კატალოგში. ამის შემდეგ მარკამ მრავალი კოლექცია გამოიარა. მოგვიანებით „ტფილისის უნიკას“ ორი ეგზემპლარი გადავიდა ცნობილი ფილატელისტის ზბიგნევ მიკულსკის კოლექციაში, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობდა და რუსული მარკების დიდი მცოდნე იყო. 1997 მიკულსკიმ ეს მარკები გამოფინა მსოფლიო გამოფენაზე «მოსკოვი-97». სწორედ აქ იხილა პიველად რუსულმა ფილატელისტურმა საზოგადოებამ ტფილისის მარკები. 2000 წელს ზბიგნევ მიკულსკიმ თავისი კუთვნილი „ტფილისის უნიკას“ ორი ეგზემპლარი აუქციონზე გაიტანა და გაყიდა , საწყის ფასად დასახელდა ნახევარი მილიონი დოლარი. მარკების ახალი მფლობელის სახელი ანონიმური დარჩა. მესამე ეგზემპლიარი დანარჩენ ორთან შედარებით შელახულ მდგომარეობაშია და ინახება ლუქსემბურგში მცხოვრები ცნობილი ფილატელისტი ბერლინჟერის კოლექციაში.

ტფილისის მარკის უნიკალურობა იმითაცაა განპირობებული, რომ არ შემორჩენილა მარკის არც ერთი სხვა ბათილი ან ფრანკირებული ეგზემპლარი.

========================================================

ტფილისის უნიკის ასლები:

ნებისმიერი კოლექციონერი ამაყობს უნიკალური და ცნობილი საფოსტო მარკების ფლობით. მფლობელი დარწმუნებული უნდა იყოს მარკის ორიგინალობაში, ამისათვის გაიცემა ე.წ. ორიგინალობის სერტიფიკატი. ამდენად, ყალბი ასლების არსებობის შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვანია ფილატელისტისათვის.

არსებობს მე-19-ე საუკუნეში დამზადებული „ტფილისის უნიკის“ რამდენიმე ასლი. ასლები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ორიგინალისაგანაც. ერთ-ერთი ცნობილი ასლია ე.წ. პარიზის ასლი, რომელიც თარიღდება 1870-1880 წწ. და საკმაოდ სქემატური გამოსახულებაა. როგორც ჩანს, ტფილისის უნიკის ორიგინალური მარკა ხელმიუწვდომელი იყო პარიზის ასლის ავტორისათვისაც.

 

9da62d2025c9

პარიზის ასლი და ორიგინალი.

========================================================

ახალი ქართული მარკა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ფოსტამ გამოსცა „ტფილისის უნიკის“ 140-წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული საფოსტო მარკა და ბლოკი სახელწოდებით «ტფილისის საქალაქო ფოსტის მარკა» – სკოტი #180-181. მცხეთის პეიზაჟის ფონზე, მარკის გულში ჩასმულია ტფილისის საქალაქო ფოსტის უნიკალური მარკის გამოსახულება. მარკა ფერადია და დაკბილული. წარწერები გაკეთებულია ქართულ და ინგლისურ ენაზე. მხატვარი: პ. ნაცვლიშვილი. ტირაჟი 50 000 ეგზემპლარი (თითოეული მარკა და ბლოკი). მარკის ნომინალია 80 თეთრი, ხოლო ბლოკის – 1.00 ლარი. ბეჭდვა: ოფსეტური.

«თბილისის საქალაქო ფოსტის მარკის» 140 წლის საიუბილეო გამოცემა საქართველოში ცნობილია, როგორც მარკა მარკაში . 1997 წელს საქართველოს ფოსტამ აღნიშნული მარკა წარმოადგინა მსოფლიო ფილატელისტურ გამოფენაზე «მოსკოვი-97» მიკულსკის კოლექციის „ტფილისის უნიკას“ 2 მარკის გვერდით, რამაც განსაკუთრებული ვნებათა ღელვა გამოიწვია ფილატელისტთა შორის.

 

2f910f0df9f0

წყარო:ka.wikipedia.org

========================================================


100000219144656.1.2034469927

Back to top button