პერსეპოლისი (ნაწილი II)
ვაგრძელებ პოსტს პერსეპოლისის შესახებ, ამ ნაწილში მოგითხრობთ პერსეპოლისის კომპლექსის იმ ნაგებობების შესახებ, რომელთა შესახებ პირველ პოსტში არ დამიწერია და ასევე გიამბობთ პერსეპოლისის აღების და ალექსანდრე მაკედონელის მიერ მისი გადაწვის შესახებ.
აპადანას სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ასსვეტიანი დარბაზის დასავლეთ კუთხეში შეინიშნება ნაშთები თითქმის ოთხკუთხა ნაგებობისა, პორტიკებით ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს. ეს ნაგებობა ამჟამად სხავადასხვა სახელითაა ცნობილი. ზოგიერთი მას ცენტრალურ სასახლეს უწოდებს, იმ მიზეზით, რომ იგი, აპადანას, ასსვეტიანი სასახლის, ჰარამხანის, სამეფო ხაზინისა და სარკიანი სასახლის ერთმანეთთან დამაკავშირებელ ნაგებობას წარმოადგენდა. ზოგი მას სამჭიშკრიან სასახლეს უწოდებს, ვინაიდან მას სამი შესასვლელი ჰქონდა. ზოგი კი მას სათათბირო ანუ სხდომათა სასახლეს უწოდებს, რადგან ნაგებობის კიბის ბარელიეფებში სპარსელი და მიდიელი დიდებულები და მხედართმთავრებია გამოსახული, რომლებიც სასახლეში მიემართებიან მეფესთან სახელმწიფო საქმეების გადასაწყვეტად.
ცენტრალური (სამჭიშკრიანი, სხდომათა) სასახლე
ცენტრალურ (სამჭიშკრიან, სხდომათა) სასახლეს დარიოს პირველმა ჩაუყარა საფუძველი. აპადანას მსგავსად, ამ სასახლის კიბესაც აქვს უბადლო ოსტატობით შესრულებული ბარელიეფები, რომლებზედაც, ერთი მხრივ- სპარსელი დიდებულები და მხედართმთავრებია გამოსახული, ხოლო მეორე მხრივ- სამეფო კარზე წარმოგზავნილი მიდიელები.
აპადანას სამხრეთით მდებარე თითქმის შავი ფერის ქვის ნაგებობა ამჟამად სარკიანი დარბაზის სახელითაა ცნობილი. იგი პერსეპოლისის სხვა ნაგებობებთან შედარებით უკეთ არის შემონახული.
“ტაჩარა”, სარკეებიანი სასახლე
სარკიანი დარბაზის ნამდვილი სახელი ამოტვიფრული წარწერების მიხედვით „ტაჩარაა“, სიტყვა ტაჩარა ძველ სპარსულად სასახლეს ნიშნავდა. სარკიანი მას იმიტომ ეწოდა, რომ მისი ცენტრალური დარბაზის ფანჯრების ქვის საპირეები სარკესავით პრიალებდა. ეს ნაგებობა დარიოს პირველის ბრძანებლობის დროს ყოფილა აგებული, ხოლო ქსერქსეს მისი დეკორატიული გაფორმება დაუსრულებია.
“ტაჩარა”, სამხრეთის ხედი
ტაჩარაში ყურადღებას იპყრობს მრავალი დეკორატიული ელემენტი, კერძოდ მაღალი ოსტატობით შესრულებული სამეფო კარის მსახურთა ბარელიეფები, მითიურ ცხოველთან შეჭიდებული მეფე და გარეულ ხარზე ნადირობის ამსახველი სცენა.
ცენტრალური ბორცვის სამხრეთით ქსერქსეს სწორკუთხოვანი ფორმის სასახლე- ჰადიში მდებარეობდა. მოცულობით იგი „ტაჩარაზე“ უფრო დიდი იყო. იგი 36 სვტიანი ცენტრალური დარბაზის, ორი ოთხკუთხა დარბაზის, ერთი 12 სვეტიანი აივნის, ერთი ვიწრო და გრძელი აივნისა და სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე პატარა ოთახისგან შედგებოდა. ვარაუდობენ, რომ სასახლე ქსერქსეს მბრძანებლობის შუა ხანებში, ძვ. წ.-ით დაახლოებით 475 წელსაა აგებული.
ჰადიში (ქსერქსეს სასახლე)
ჰადიშის (ქსერქსეს სასახლე)- ჩრდილოეთის ხედი
ასსვეტიანი დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში თავის დროზე ქონგურებიანი აივნით დამშვენებული ნაგებობის ნაშთებია. სპეციალისტთა აზრით, ქსერქსეს ჰარამხანის სახელით ცნობილი ეს ნაგებობა დარიოს პირველის მბრძანებლობის ხანას უნდა განეკუთვნებოდეს, რადგან იგი ხუროთმოძღვრული სტილითა და ფორმით „ტაჩარას“ მსგავსადაა აგებული. დღეს, ქსერქსეს ჰარმხანის ტერიტორიაზე პერსეპოლისის მუზეუმი მდებარეობს.
ქსერქსეს ჰარამხანა
1935 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც დოქტორი ე. შმიდტი ხელმძღვანელობდა, ტერასის ჩრდილოეთით, რაჰმათის მთის ფერდობებზე, გათხარა ჩუქურთმებიანი ქვის სვეტებით დამშვენებული რამდენიმე, როგორც ვარაუდობენ, სახაზინო ნაგებობა. ამ დასკვნამდე მეცნიერები მიიყვანა გათხრების დროს იქვე აღმოჩენილმა მარმარილოს ჭურჭელმა და ფუფუნების საგნებმა, რაც იმაზე მიანიშნებდაა, რომ იქ, დაცული უნდა ყოფილიყო ოქროსა და ვერცხლის ზოდები, ძვირფასი ნივთები. ამ ვარაუდს ისიც ამართლებს, რომ ყველა ეს ნაგებობა გამოყოფილი იყო პერსეპოლისის სხვა მომიჯნავე ნაგებობებისგან, რათა იგი უკეთ ყოფილიყო დაცული ხელყოფისაგან.
რაჰმათის მთის ფერდობი
პერსეპოლისში მოწყობილი იყო წყალმომარაგების ეპოქის შესაბამისი ორიგინალური სისტემა, რომლის საფუძველს შეადგენდა საკმაოდ დიდი ფართობის და სიღრმის ქვით ამოყვანილი ჭა, ქვისგანვე ნაგები აუზი და არხები. ეს სისტემა უზრუნველყოფდა წყლის მიწოდებას ყოველი ცალკეული ნაგებობისთვის. გარდა ამისა, ერთ კილომეტრზე პერსეპოლისის ჩრდილოეთით აღმოჩნდა უფრო დიდი დიამეტრისა და სიღრმის კიდევ სამი ჭა და ქვით ამოყვანილი არხი. ფიქრობენ, რომ ამ ჭებით სარგებლობდნენ სასახლეების მშენებლობისას, როცა წყალზე მოთხოვნილება ძალზე დიდი იყო.
პერსეპოლისის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს განეკუთვნებიან, რაჰმათის მთის ფერდობზე, გამოკვეთილი, აქემენიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლების: არტაქსერქსე II-ისა და არტაქსერქსე III-ის აკლდამები. კომპოზიციურად ისინი თითქმის იმავე სტილშია აგებული, როგორც „ნაყშ-ე რუსთამის“ აკლდამები: უზარმაზარ კვარცხლბეკზე მლოცველის პოზაში მდგარ აქემენიან მბრძანებელს, რომლის თავს ზემოთ ასაფრენად მომზადებული ანგელოზია გამოსახული, ერთი ხელი მზისკენ აქვს აპყრობილი, ხოლო მეორეთი მშვილდს არის დაყრდნობილი. მთელი ეს, ბარელიეფად გამოკვეთილი, სკულპტურული კომპოზიცია თითქოს მხრებზე შეუდგამთ 28 დამორჩილებული ქვეყნის წარმომადგენლებს.
არტაქსერქსე II-ისა და არტაქსერქსე III-ის აკლდამები
კვარცხლბეგზე მდგარი აქემენიანი მბრძანებელი
334 წელს ალექსანდრე მაკედონელი ბერძნულ-მაკედონური არმიით შეიჭრა აქემენიანთა იმპერიის საზღვრებში. ძვ. წ.-ით 331 წელს ალექსანდრემ თავისი არმიის მთავარი ძალები, სამეფო გზით გაგზავნა პერსეპოლისისკენ. ბერძნებმა აქემენიდების დედაქალაქი მალევე აიღეს და გაძარცვეს. ქალაქის ძარცვის დროს ქსერქსეს სასახლეს ცეცხლი გაუჩნდა, საიდანაც შემდეგ ხანძარი მთელს ქალაქს მოედო. ნათელი არ არის პერსეპლოლისის დაწვა უბრალო შემთხვევა იყო თუ მიზანმიმართული ქმედება, ბერძენ-სპარსელთა მეორე ბრძოლის დროს, ათენის აკროპოლისის გადაწვისთვის შურის საძიებლად.
პერსეპოლისის განადგურება
პერსეპოლისის აგებიდან 189-ე წელს ალექსანდრე მაკედონელმა ააოხრა და ცეცხლს მისცა აქემენიანთა ციხე-ქალაქი, უცნაური არაფერი მომხდარა- მოიძებნა მჯობნის მჯობნი, მაგრამ საბოლოოდ დრომ ყველა დაჯაბნა. რაც ალექსანდრე მაკედონელმა დააკლო, 25 საუკუნის წვიმებმა და ჟამთა ვითარებამ დაასრულა და ახლანდელი პერსეპოლისი მხოლოდ ნაშთია ძველი დიდებისა. ამბობენ, რომ რამდენი დამთვალიერებელიც უნდა ჰყავდეს პერსეპოლისს, იქ სუფევს განსაკუთრებული მდუმარება, რომელიც ამ სასახლეთა გამგებლებისა და ბინადრების სევდას უფრო ჰგავს.
ქალაქი, რომელიც მუდამ დუმს!