არქივი

პერსეპოლისი (ნაწილი I)

09fd525d004c

დაახლოებით 2 500 წლის წინ დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე წარმოიშვა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლევამოსილი იმპერია, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ აქემენიანები. ამ დინასტიამ გააერთიანა სპარსული მოდგმის ტომები და საფუძველი დაუდო მათ ბატონობას მთელს წინა აზიაში. დინასტიის ფაქტობრივ დამაარსებლად ითვლება კიროს II დიდი (ძვ. წ. 558-530), რომელმაც დაიპურო მიდია, ლიდია, მცირე აზიის ბერძნული პოლისები, შუა აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბაბილონი და ასურეთის ყველა პროვინცია. მისმა ძემ კამბიზმა დაიპყრო ეგვიპტე. კამბიზის სიკვდილის შემდეგ იმპერია ფაქტობრივად დაშლის პირას იყო. დარიოს I-მა განახორციელა მთელი რიგი რეფორმები, რომლის მეშვეობით იმპერიას სიმტკიცე დაუბრუნა. აქემენიანთა იმპერიაში გავრცელდა ზოროასტრიზმი, აჰურა მაზდას კულტი, რომელსაც ძველი ირანელები ტახტზე მჯდომი ადამიანის მსგავსი ფრთოსანი არსების სახით გამოსახავდნენ.

 

8a28122a966f
აქემენიანთა იმპერია

  

აქემენიანთა იმპერიის ძლევამოსილებას და დიდებულებას, ალბათ არცერთი ადგილი არ წარმოაჩენს ისე კარგად, როგორც პერსეპოლისი (ბერძნ. ამ Πέρσης πόλις, „პერსე პოლის“, სპარს.  تخت_جمشید თახთ-ე ჯამშიდ) იმპერიის საცერემონიო დედაქალქი. პერსეპოლისი არის აქემენიანთა დინასტიის უმთავრესი ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელიც შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით 56-ე კილომეტრზე მდებარეობს. თახთ-ე ჯამშიდის მშენებლება დარიოს I-ის დროს დაიწყო, ქსერქსეს დროს სამუშაოები გაგრძელდა, ხოლო მას შემდეგ რაც არტაქსერქსე I-მა დაასრულა ასსვეტიანი სასახლის მშენებლობა, ის მეტ-ნაკლებად მზად იყო გამოსაყენებლად.

71ac09b73a0f
პერსეპოლისი

 

20a64de76722

   

   ძველი ირანის ისტორიისა და კულტურის ცნობილი მკვლევარის რიჩარდ ფრაის ვარაუდით პერსეპოლისის მშენებლობა ჩვ. წ.-მდე 520 წელს დაიწყო და ბერძენთა შემოსევამდე, 189 წლის განმავლობაში ამშვენებდა და აოცებდა მსოფლიოს. დღეს პერსეპოლისის მხოლოდ ნანგრევები შემოგვრჩა. ქალაქის სახელი- პერსეპოლისი ბერძნული წარმომავლობისაა და „სპარსთა ქალაქს“ ნიშნავს. სპარსულად ქალაქის სახელი ჟღერს როგოც „თახთ-ე-ჯამშიდ“, რაც ნიშნავს ჯამშიდის ტახტს, ზეპირი გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას იდგა ლეგენდარული შაჰის- ჯამშიდის ოქროს ტახტი.

   პერსეპოლისის არქიტექტურული კომპლექსი შედგება, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და სავსებით დასრულებული ნაგებობისგან. ხუროთმოძღვრების შედევრებად შეიძლება ჩაითვალოს: საპარადო კიბე, ქსერქსეს ჭიშკარი და სასახლე, აპადანას (მისაღები დარბაზის) კიბეები, აპადანა, დარიოსის სასახლე, სხდომათა დარბაზი, ასსვეტიანი დარბაზი.

   ტერასაზე, სადაც პერსეპოლისის მთელი კომპლექსია განლაგებული ადის ე. წ. საპარადო კიბეები, რომელიც ქვედა მოედნიდან ურთიერთ საწინააღმდეგო მიმართულებით მიემართება- ერთი ჩრდილოეთით, მეორე- სამხრეთით. საპარადო კიბეების ავლის შემდეგ იშლება 450 მეტრი სიგრძისა და 300 მეტრი სიგანის ტერასა სხვადასხცა სიმაღლეზე აგებულ ქვის ნაგებობათა ნანგრევებით. პირველი ნაგებობა, რომლისკენაც მიემართებოდა გზა ტერასაზე დასავლეთის მხრიდან, ოთხკუთხა ფორმის პორტიკი ანუ ქსერქსეს ჭიშკარი იყო, იგი ცნობილია „ყველა ერის ჭიშკრის“ სახელით, რადგან მხოლოდ ამ ჭიშკრის გავლით მიემართებოდნენ აქემენიან ბრძანებლებთან დამოჩილებული ქვეყნების წარმომადგენლები.  ქსერქსეს ჭიშკარის გრანდიოზულობას მოწმობს მისი ოთხი სვეტი. „ყველა ერის ჭიშკრის“ დასავლეთის ზღურბლზე  ცხოველის ორი უზარმაზარი სკულპტურული გამოსახულებაა გამოკვეთილი, რომლის ტანი და ფეხები ხარისას ჰგავს, ხოლო თავი- ლომისას. გზა აღმოსავლეთის ზღურბლიდან, სადაც გვირგვინოსანი ადამიანის თავიანი ორი ფრთოსანი ცხოველია გამოკვეთილი, ასსვეტიან და ტერასის სიღრმეში მდებარე სხვა სასახლებამდე მიემართებოდა.

c126cce50f34
ქსერქსეს ჭიშკარი

 

   ქსერქსეს ჭიშკრის აღმოსავლეთით, შეიმჩნევა სვეტებიანი ნაგებობის ნანგრევები, ამ ადგილას ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული და მაღალი სასახლე- აპადანა იდგა. ეს სასახლე სპარსული მონუმენტური ხუროთმოძღვრების შედევრია და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პერსეპოლისის მთელს კომპლექსში. აპადანა ანუ მისაღები დარბაზი გამოირჩევა როგორც მაშტაბურობით (მისი ფართობი 10 ათას კვ. მეტრს აღემატება), ისე მონუმენტურობით, დახვეწილობით, დეკორატიული გაფორმებით.

685c3e9a964c
აპადანას სასახლე

 

   სასახლე თავისთავად რთულ ნაგებობას წარმოადგენდა. იგი შედგებოდა მთავარი დარბაზისაგან, კვადრატულ ფორმის 36 მეტრიანი ცენტრალური ნაწილისა და სამი სწორკუთხოვანი, სვეტებიანი ღია აივნისაგან, რომელთაც ორ რიგად ჩამწკრივებული ექვს-ექვსი სვეტი ამშვენებდა. ყოველი აივნის სვეტებს სხვადასხვა ფორმის კაპიტლი აგვირგვინებდა. მაგალითად, ჩრდილოეთი და დასავლეთი აივნების კაპიტელები ხარის თავებს გამოხატავდა, ხოლო აღმოსავლეთი აივნის კაპიტელები ლომის თავებად იყო გამოკვეთილი. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აივნებს ორ რიგად მიშენებული ჰქონდა სასახლეში შესასვლელი ქვის ორმხრივი ტრიუმფალური კიბე.

ebd7ad2dbe03
აპადანას კიბე

 

   პერსეპოლისის ყველა სკულპტურული ბარელიეფი, არსებითად, აქემენიანთა სამეფო წარწერების ფორმულების გამეორებაა. ესაა იმპერიის ხალხთა აღწერა- მოხარკეთა პროცესიები, აქემენიანთა ლაშქრის ძლიერება- სპარსელ და მიდიელ გვარდიათა პროცესიები, სამეფო ხელისუფლების სიდიადე- ტახტზე მჯდომი დარიოს პირველის გამოსახულება, სამეფო ხელისუფლების ღვთაებრიობა- მეფის შეჭიდება ბოროტების სიმბოლებთამ- ურჩხულებთან.

   აპადანას აღმოსავლეთით, იმ ადგილას, სადაც დღემდეა შემორჩენილი ცამეტი სვეტი, საკმაოდ დიდ სივრცეზე პერსეპოლისის კომპლექსის კიდევ ერთი გრანდიოზული ნაგებობა- ასსვეტიანი ანუ სეფე დარბაზი იდგა.

58dba57b4988
ცენტრალური დარბაზი (სეფე დარბაზი)

 

   მიჩნეულია რომ ასსვეტიანი დარბაზი ქსერქსეს მიერ არის აგებული, მაგრამ აღსანაშნავია, რომ ნაგებობის ერთ-ერთ კუთხეზე არის ბაბილონური ლურსმული წარწერა, რომლის მიხედვით ასსვეტიანი დარბაზი ქსერქსეს მემკვიდრის არტაქსერქსეს მიერ არის აგებული. ეს დარბაზი პერსეპოლისის კომპლექსის ყველაზე დიდი დარბაზი იყო და ოთხკუთხა ნაგებობას წარმოადგენდა. ათმწკრივად განლაგებული მისი ას სვეტი აპადანას სვეტების მსგავსი იყო, მაგრამ უფრო პატარა ზომისა, მათი სიმაღლე 12 მეტრს არ აღემატებოდა.

   ასსვეტიანი დარბაზის ყოველ კედელს ორი კარი და ცხრა ფანჯარა ჰქონდა. ჩრდილოეთის და სამხრეთის ოთხი კარი ფაქტობრივად სადარბაზოებს წარმოადგენდა. ასსვეტიანი დარბაზი დაფარული იყო ბარელიეფებით. სამხრეთის კარის პორტალზე, რომლის ბარელიეფიანი ფრაგმენტი დღემდეა შემორჩენილი, ამოკვეთილია დაპყრობილი ქვეყნების ორ იარუსად მდგომი წარმომადგენლები, რომელთაც ზეაღმართულ ხელებში მეფის ოქროს ტახტი უპყრიათ. მასზე მედიდურად ზის უზარმაზარი იმპერიის მეუფე. მის ზურგს უკან მხოლოდ ერთადერთი მსახურია გამოსახული. შაჰის თავს ზემოთ მფრინავი ლომი და გარეული ხარია გამოსახული.

   აქემენიანთა ეპოქის დასასრულისთვის ასსვეტიან დარბაზში ჩრდილოეთის მხრიდან ისეთი საპარადო შესასვლელების მშენებლობას შეუდგნენ, როგორიც აპადანაში იყო. მაგრამ იგი დაუსრულებელი დარჩა. უზარმაზარი ქვის ბლოკები, სვეტები და კაპიტელები დარბაზის ტერიტორიაზეა მიმოფანტული.

5d3d7e6e6274

  

   აპადანას სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ასსვეტიანი დარბაზის დასავლეთ კუთხეში შეინიშნება ნაშთები თითქმის ოთხკუთხა ნაგებობისა, პორტიკებით ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს. ეს ნაგებობა ამჟამად სხავადასხვა სახელითაა ცნობილი. ზოგიერთი მას ცენტრალურ სასახლეს უწოდებს, იმ მიზეზით, რომ იგი, აპადანას, ასსვეტიანი სასახლის, ჰარამხანის, სამეფო ხაზინისა და სარკიანი სასახლის ერთმანეთთან დამაკავშირებელ ნაგებობას წარმოადგენდა. ზოგი მას სამჭიშკრიან სასახლეს უწოდებს, ვინაიდან მას სამი შესასვლელი ჰქონდა. ზოგი კი მას სათათბირო ანუ სხდომათა სასახლეს უწოდებს, რადგან ნაგებობის კიბის ბარელიეფებში სპარსელი და მიდიელი დიდებულები და მხედართმთავრებია გამოსახული, რომლებიც სასახლეში მიემართებიან მეფესთან სახელმწიფო საქმეების გადასაწყვეტად.

81ef73a16a17
ცენტრალური (სამჭიშკრიანი, სხდომათა) დარბაზის ბარელიეფი

 

მსგავსი ამბები

Back to top button