მილიონობით მკვდარი თევზი გამოირიყა სამხრეთ კალიფორნიაში. ეს ბოლო თვეებში მომხდარი კიდევ ერთი უცნაური შემთხვევაა, როცა გაუგებარი მიზეზის გამო უამრავი ცხოველი იხოცება.
ჩიტების მასიური ხოცვა ახალ წელს და შემდეგ მკვდარი ჩიტების წვიმა მეცნიერებმა ფოიერვერკებს დააბრალეს – მათი აზრით, ჩიტები შეშინდნენ, ორიენტაცია დაკარგეს და შენობებსა და ხეებს ეჯახებოდნენ. მაგრამ ახლა მსგავსი მოვლენა ლოს ანჯელესში დაფიქსირდა, რომელსაც ფოიერვერკებს ვეღარ დავაბრალებთ.
მილიონობით პატარა თევზი, მათ შორის ქაფშიები, სკუმბრიები და სარდინები, რედონდოს სანაპიროზე გამოირიყა ღამით. ისინი პირველად მენავეებმა შენიშნეს დილით. ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ერთ-ერთ ვერსიად წამოიჭრა ის, რომ ეს ვერცხლისფერი თევზები შეიძლება წითელი დინებისგან გაქცევას ცდილობდნენ და გზაში ბევრი მათგანი გაიჭყლიტა. წითელ დინებას კი წყალმცენარეების განსაკუთრებული ჯიშების ზედაპირზე გამორიყვა იწვევს. ასეთ დინებაში გაჩერება თევზებისთვის სახიფათოა, რადგან სათანადოდ ვერ მიეწოდებათ ჟანგბადი, ასევე წყალი იწამლება და მათ დაღუპვას იწვევს.
ერთადერთი, რაც დაზუსტებითაა ცნობილი, ისაა რომ თევზების სანაპიროსთან გამორიყვა ღამით ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. თევზების გროვა იმდენად მსხვილი და მასიური იყო, რომ ნავები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.
ჯერჯერობით ჩატარებული გამოკვლევები აჩვენებს, რომ თევზების სიკვდილის მიზეზი ჟანგბადის უკმარისობა იყო. მათ ორგანიზმში არც ნავთობის კვალი იყო, არც რაიმე სახის ქიმიური ნაერთის, რომ მოწამვლა გამოეწვია.
ამ მოვლენას წინ უძღოდა ახალ წელს 3000-მდე შოშიის ცვენა ამერიკის ქუჩებში, რაც როგორც აღვნიშნე, საზეიმო ფოიერვერკებს დააბრალეს, თუმცა ეს არ ითვლება ოფიციალურ მიზეზად და საქმე ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გახსნილი.
რამდენიმე დღის შემდეგ დაფიქსირდა წითელფრთიანი შოშიების ცვენა პოინტ კუპიში, ლუიზიანას შტატში. გავიდა დრო და ამას მოჰყვა 80 000-დან 100 000-მდე თევზის სიკვდილი არკანზასის მდინარეში, ქალაქ ოზარკთან.
მუშები ცდილობენ სანაპიროს გაწმენდას, ისინი მკვდარ თევზებს კონტეინერებში ყრიან და გააქვთ. სხვაგვარად 20 გრადუსის პირობებში მალე ხრწნას დაიწყებენ და იქაურობა თევზების სუნით გაიჟღინთება.