TECH & მეცნიერება

ვინ უნდა გამოხვიდე?!

cf8cb3badd82

“ვინ უნდა გამოხვიდე?!”

მოგეხსენებათ ცხოვრება რთული რამ არის. ყველა იღწვის, ყველა წვალობს, ყველა ცდილობს რაღაცას მიაღწიოს… ზოგი თავისი შრომით მოიპოვებს სარჩო–საბადებელს და ზოგი კი ფეხი ფეხზე გადადებული სხვისი შრომით მდიდრდება ან ყოველშემთხვევაში ამის სურვილი გააჩნია…
იმისათვის, რათა წარმატებას მიაღწიო საჭიროა ცოდნა ან უნიკალური გამართლება და იღბალი, რომელიც ფრიად იშვიათია… ცოდნისთვის კი საჭიროა სწავლა, დაწყებული სკოლიდან – უმაღლესებით დამთავრებული მაინც… უმაღლესში ჩაბარებამდე კი ერთობ გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგება ადამიანი…
მან უნდა გადაწყვიტოს თუ რა პროფესიას დაეუფლება. ამ გადაწყვეტილებით ის სამუდამოდ ცვლის თავის ცხოვრებას… თუმცა კითხვა “ვინ უნდა გამოხვიდე?” ბევრად ადრე ჩნდება, ოღონდ ხელოვნურად… მას მშობლები, ახლობლები და ძირითადად კი ნათესავები აჩენენ ხოლმე და ერთობ შემზარავი, საჭოჭმანო საკითხის წინაშე აყენებენ “პატარა დიდებს”…
მიუხედავად ასეთი არცთუ ლოგიკური საქციელისა, ბავშვები ყოველთვის ადეკვატურ პასუხს სცემენ ცობისმოყვარენთ: “პრეზიდენტი”, “კოსმონავტი” და ასე შემდეგ… “მამაჩემსაც პრეზიდენტობა უნდოდა და მუშა გამოვიდა” – ამ სიტყვებმა, ალბათ, ყველას დაგამახსოვრათ თავი… ;)
ჩვილმა ბავშვებმა კი არა და 16–17 წლის მოზარდებმაც ხშირად არ იციან ის თუ რომელ პროფესიას წაეპოტინონ… საბოლოო ჯამში, მეტწილად ეს საკითხი ისე წყდება, როგორც, ალბათ, ნებისმიერი ქართველის მიერ წარმოდგენილ საქართველოში გადაწყდებოდა – მშობლების ჩარევით…
მე პირადად ვთვლი, რომ ეს მხოლოდ იმ ადამიანის გადასაწყვეტია, ვინც ამ ნაბიჯს დგამს თუმცა მისთვისვე სასიკეთო იქნება თუ ის გაითვალისწინებს მის კეთილმოსურნეთა რჩევებს… ასეა თუ ისე, ჩემს ნაწერს მაინც იმით დავასრულებ, რომ დღევანდელ პირობებში და მითუმეტეს საქართველოში, მშობლების ჩარევით თუ ჩაურევლად ხშირად ხდება ის, რომ ადამიანები ცდებიან თავიანთი მომავალი პროფესიის არჩევაში და ამ არგუმენტის გასამყარებლად ისიც კი კმარა, რომ თბილისში ყოველ მეორე ტაქსის მძღოლს “ორ–ორი უმაღლესი” აქვს დამთავრებული…

ავტორი: გიორგი ხერგიანი :)

მსგავსი ამბები

Back to top button