კულტურა

”გუგლმა” ინტერნეტ-მუზეუმი გახსნა

8fb324db463b
კომპანია ”გუგლმა” და მსოფლიოს 17-მა უდიდესმა მუზეუმმა მასშტაბური პროექტის ” Art Project”-ის ჩაშვების შესახებ განაცხადეს. პროექტი მსურველებს საშუალებას აძლევს, პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტის საშუალებით მუზეუმის დარბაზებში მოხვდეს და სურათები დაათვალიეროს.

ლონდონის Tate-ის გალერეა, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი, პარიზის ვერსალი, ერმიტაჟისა და ტრეტიაკოვის გალერეები – ეს მხოლოდ რამდენიმე მუზეუმია, რომლებმაც საკუთარი კოლექცია ”გუგლის” ტექნოლოგიებს დაუკავშირა.

”არტ პროექტი”- ეს არის ათასობით სურათი, რომელიც ინტერნეტ-სივრცეშია განთავსებული და 385 დარბაზი, რომელიც პანორამული (360 გრადუსი) ტექნოლოგიითაა გადაღებული.

როგორც ”გუგლის” წარმომადგენელმა ნელსონ მატოსმა განაცხადა, პროექტი არაკომერციულია და კომპანიისთვის მოგება არ მოაქვს. ”ეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შენახვასთან დაკავშირებით ჩვენი კომპანიის ფილოსოფიის ნაწილია”, – განაცხადა მან.

ახალი სერვისის ”ინტერფეისი” მომხმარებელს დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს. მომხმარებელს შეუძლია ხელოვნების ნიმუშის დეტალური დათვალიერება, მუზეუმის და მხატვრის ისტორიის შესწავლა.

მთლიანობაში პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 486 მხატვრის ნაწარმოები შევიდა. გარდა სხვადასხვა ნახატებისა, თითოეულმა მუზეუმმა საკუთარი კოლექციიდან ამოარჩია ერთი ნახატი, რომელიც ინტერნეტში უმაღლესი ხარისხის გარჩევადობით განთავსდება. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მხატვრის ფუნჯის მოსმის მანერა დეტალურად დაათვალიეროს. ამ დეტალების აღქმა შეუიარაღებელი თვალისთვის შეუძლებელია.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ სერვისი ჯერ საწყის ფაზაშია.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button