მისტიკასაკითხავისასარგებლო

მოულანა – ჯალალ ედ-დინ რუმი


ამ პოსტში მინდა გიამბოთ მსოფლიოში ცნობილი, სუფისტი პოეტის, ჯალალ ედ-დინ რუმის შესახებ… გაეცნობით მის მოკლე ბიოგრაფიას, ნახავთ ქართულ თარგმანებს მისი შემოქმედებიდან და ასევე თუ დაგაინტერესებთ მოისმენთ მის ლექსებს სპარსულად…

ჯალალ ედ-დინ მოჰამად ბალხი ასევე ცნობილია, როგორც ჯალალ ედ-დინ მოჰამად რუმი (1207 წ. 30 სექტემბერი – 1237 წ. 17 დეკემბერი). ის იყო XIII საუკუნის მუსლიმი პოეტი, იურისტი, თეოლოგი და სუფი მისტიკოსი. ირანელებისთვის, თურქებისთვის, ავღანელებისთვის, ტაჯიკებისთვის, ინდოეთის ნახევარკუნძულის მუსლიმი მოსახლებოსთვის და ცენტრალური აზიის სხვა მუსლიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუმის სულიერი მემკვიდრეობა. მისი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი შემოქმედება ცდება ნაციონალურ და ეთნიკურ საზღვრებს.მისი ლექსები ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე, 2007 წელს ის, ამერიკაში ყველაზე პოპულარულ პოეტად აღიარეს.

მოულანას შემოქმედება ძირითადად ახალ სპარსულ ენაზეა დაწერილი,მისი მასნავი დღემდე რჩება ირანის წმინდა სიამაყედ. სპარსული ლიტერატურის “რენენსანსი” (VIII-IX სს.) უკავშირდება სუფიზმის განვითარებას და სათავეს იღებს სისტანში, ხორასანში… დღეს რუმის ორიგინალებს ფართოდ კითხულობენ სპარსულად მოლაპარაკე სამყაროში (ირანი, ტაჯიკეთი, ავღანეთი და სპარსულად მოსაუბრე ცენტრალური აზიის ნაწილი).

ჯალალ ედ-დინ მუჰამად რუმი ასევე ფართოდ არის ცნობილი, როგორც მავლანა/მოულანა (სპარსულად – مولانا‎ ) ავღანეთში და ირანში და მევლანა – თურქეთში. მოულანა სპარსულად ნიშნავს ბატონს.

მოულანა დაიბადა სპარსულად მოლაპარაკე ოჯახში, სავარაუდოა სოფელ ვახშში, რომელიც მდებარეობდა მდინარე ვახშის სანაპიროსთან, სპარსეთში (ეს ტერიტორია ახლა ტაჯიკეთის შემადგენლობაშია). ვახში ეკუთვნოდა უფრო დიდ პროვინციას ბალხს (თანამედროვე ტაჯიკეთი და ავღანეთი).

ბალხი, ამავე დროს იყო პერსო-მუსლიმური კულტურის ცენტრი და აქ უკვე რამდენიმე საუკუნის მანძილზე განვითარდა სუფიზმი.მართლაც, ყველაზე დიდი გავლენა რუმიზე, მამის გარდა, მოახდინეს სპარსელმა პოეტებმა ‘ათთარმა და სანაიმ. რუმი თავის ლექსებში გამოხატავს მადლიერებას მათ მიმართ.

რუმმა თავისი სიცოცხლის უდედესი ნაწილი გაატარა სელჩუკიანთა რუმის სასულთნოში, სადაც ქმნიდა თავის ნაშრომებს და გარდაიცვალა 1273 წელს. ის დაასაფლავეს კონიაში, რომელიც შემდეგ პილიგრიმების მოლოცვის ობიექტი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა მიმდევრებმა და შვილმა სულთან ვალადმა დააარსეს მევლევის ორდენი, რომელიც ასევე ცნობილია მოტრიალე დერვიშების სახელით, თავიანთი სუფიური ცეკვით, როგორც შამას ცერემონია.

მოულანას მამა იყო ბაჰა უდ-დინ ვალადი, თეოლოგი, იურისტი და მისტიკოსი ვახშიდან. რუმის მიმდევრებში ის, ასევე ცნობილი იყო, როგორც სულთან ალ-ულამა ანუ “მეცნიერებების სულთანი”. ხოლო რუმის დედა იყო მუ’მინა ხათუნი.

როცა მონღოლებმა დაიპყრეს ცენტრალური აზია 1215-1220 წლებში, ბაჰა უდ-დუნ ვალადი, მთელი თავისი ოჯახით და მოსწავლეების ჯგუფით დასავლეთისკენ დაიძრნენ. გადმოცემის თანახმად, რუმი ირანის ქალაქ ნიშაფურში (პროვინცია ხორასანი) შეხვდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მისტიკოს პოეტს ‘ათთარს. ‘ათთარმა მაშინვე შეამჩნია რუმის სულიერი სიმაღლე. მან დაინახა, რომ მამამისი შვილის წინ მიდიოდა და თქვა: “აქ მოდის ზღვა, რომელსაც უკან ოკეანე მოჰყვება”. ‘ათთარმა რუმს მისცა “ასრარნამა” – წიგნი, სულის დაბრკოლებების შესახებ მატერიალურ სამყაროში. ამ შეხვედრამ 18 წლის რუმზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და მოგვიანებით, მისი ნამუშევრების შთაგონების წყარო გახდა.

ნიშაფურიდან ვალადი და მისი თანმხლებნი ბაღდადისკენ დაიძრნენ, სადაც შეხვდნენ ქალაქის ბევრ მეცნიერს და სუფისტს. ბაღდადიდან ჰიჯაზში მივიდნენ, სადაც მოილოცეს მუსლიმთა წმინდა ქალაქი მექა.ამ ჯგუფის წევრებმა ასევე გაიარეს ქალაქები დამასკო, მალათია, ერზინჯანი, სივასი, ქაიშერი და ნიგდე. ისინი საბოლოოდ დამკვიდრდნენ ყარამანში, რუმის დედაც და ძმაც აქ, გარდაიცვალნენ.1225 წელს რუმი დაქორწინდა გოვჰარ ხათუნზე, ყარამანში. მათ შეეძინათ ორი ვაჟი: სულთან ვალადი და ალა ედ-დინ ჩალაბი. როცა გოვჰარ ხათუნი გარდაიცვალა, მოულანა მეორედ დაქორწინდა და შეეძინა ამირ ამილ ჩალაბი და მალაქეჰ ხათუნი.

ყარამანი

 

1228 წლის 1 მაისს, სავარაუდოდ რუმის სულთნის ალა უდ-დინ ქეი-ყობადის დაჟინებული მოთხოვნით, ბაჰა უდ-დინი და მისი ოჯახი საბოლოოდ დასახლდა კონიაში (ანატოლია, რუმის სელჩუკიანთა სასულთნოს აღმოსავლეთ ტერიტორია).

კონია

 

ბაჰა უდ-დინი მადრესეს (რელიგიური სკოლის) ხელმძღვანელი გახდა. რუმი 9 წლის განმავლობაში სწავლობდა სუფიზმს, როგორც ბურჰან უდ-დინის მოსწავლე. ამის შემდეგ რუმი გახდა მუსლიმი იურისტი, გამოსცემდა ფეთვებს და ქადაგებდა კონიის მეჩეთში. იგი ასევე იყო მოლვი (მუსლიმი მასწავლებელი) და თავის მიმდევრებს ასწავლიდა მადრესეში.

ამ პერიოდში, რუმმა იმოგზაურა დამასკოში და იქ 4 წელი გაატარა.

1244 წლის 15 ნოემბერს იგი შეხვდა შამს-ე თაბრიზს, მუსლიმ დერვიშს, რომელმაც საუფუძვლიანად შეცვალა რუმის ცხოვრება. მასწავლებლისგან და იურისტისგან რუმი გადაიქცა ასკეტად.

რუმსსა და შამს-ე თაბრიზს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ, მაგრამ 1248 წლის 5 დეკემბერს შამსი მოკლეს რუმის თაყვანისმცემლებმა და შვილებმა. რუმმა ეს ფაქტი ძნელად გადაიტანა, მაგრამ შემდეგ გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა არა შამსი არამედ რუმი, რომ რუმი შამსი იყო და პირიქით. ამის შემდეგ რუმი თავის ლექსებში მუდმივად მიმართავს შამსს, რაც აისახა მის “დივან-ე შამს-ე თაბრიზი”-ში.

როგორც აღვნიშნე რუმი გარდაიცვალა 1237 წელის 17 დეკემბერს კონიაში, მისი ცხედარი დამარხეს მამის გვერდით და აუგეს დიდებული აკლდამა Yeşil Türbe, قبه الخضراء (“მწვანე აკლდამა”, დღევანდელი მევლანას მუზეუმი).

რუმის აკლდამა

 

ახლა, კი რაც მთავარია მოულანას შემოქმედება:

პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ლექსი, რომელიც მე ძალიან მომწონს, ვიდეოში სპარსულად და შემდეგ მისი ქართული თარგმანი:

და აი ამ ლექსის მაგალი თოდუას თარგმანი:

ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი* არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა** მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,
არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,
არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,
არც გამივლია ბოლღართა*** ბარი,
არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,
არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც იმ ედემის იმედი მალხენს,
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,
ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,
არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
სამკვიდრო ჩემი არ არის არსად
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.
არავითარი ნიშანი არ მაქვს
და მარადისი წინ მიდგას დარი.
იმ გაორებას ვაქციე ზურგი, _
მე რომ მაწვნია დღეები მწარი,
ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ
და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.
ის არს პირველი, ის არის ბოლო,
ის არის ჩემი არსობის ფარი,
მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა,
მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.
ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!
ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს
და მაწანწალებს ავუბი მხარი.
მე სიყვარულმა ჩამიდგა სული,
მიპკურა გულზე ციური ცვარი
და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე
უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.
რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.
ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში
მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი…

* მაღრიბ (არაბ.) – ამ ტერმინით აღინიშნება ეგვიპტის დასავლეთით მდებარე ყველა მუსლიამური ქვეყანა
** მაშრიყ (არაბ.) – ამ ტერმიით აღინიშნება ეგვიპტის აღმოსავლეთით მდებარე ყველა მუსლიმანური ქვეყანა და თვითონ ეგვიპტეც
*** ბოლღარები –  შუა აზიის ტომები

თარგმნა მაგალი თოდუამ

შემდეგი ლექსი არის ای یوسف خوش نام ما خوش می‌روی بر بام ما

მინდა შემოგთავაზოთ ამ ლექსის ჩემი თარგმანი:

ეი, ისოებ* სიწმინდევ ჩემო,
ქუჩას მოიკვლევ სალბუნად ჩემო,
გულის მტეხველად რად მოხველ ჩემო?!
ტყვედ ქმნილის მახე რად მოსპე ჩემო?!
ნათებავ ჩემო, სიცოცხლევ ჩემო,
მანსურის** ქვეყნის მეუფევ ჩემო,
მღელვარე ფიქრად ამენთე, ჩემო,
დაე, დაღვინდეს ბადაგი ჩემო!
უგულოდ მტოვებ, ოცნებავ ჩემო?!
ყიბლად მექეცი, ღვთაებავ ჩემო.
ცეცხლს მიეც უდი***, არ შეკრთე ჩემო,
მზერა გრძნობის ალს მიაპყარ ჩემო,
სატრფოდ, რომ მექეც კეკლუცო ჩემო
გულს შენს მახეში, რად ამწყვდევ ჩემო?!
წახველ და გული წარმტაცე, ჩემო,
ჩალმასაც ვწირავ ნაძლევზე, ჩემო,
სიყვარულისთვის სულს ვწირავ ჩემო,
მაგრამ ეს გულიც ვერ უძლებს ჩემო,
ვაის ძახილი ვერ შველის ჩემო.

* იოსები (იუსუფი) – სპარსულ პოეზიაში აღქმულია როგორც სილამაზის, სიწმინდის ეტალონი.
** მანსურის სამეფო – ლეგენდარული სამეფო ძვ. სპარსულ ლიტერატურაში
*** უდი – მუსიკალური საკრავი
ყიბლა (არბ. კიბლა) – მიმართულება მექისკენ
ჩალმა – მიიჩნეოდა სიამაყის, ღირსების სიმბოლოდ

მოუსმინეთ ამ ლექსს, რომელიც ძალიან ლამაზად ჟღერს:

სამწუხაროდ, ამ ლექსის ქართული პოეტური თარგმანი არ არსებობს…

ჯალალ ედ-დინ რუმის ქართველი მთარგმნელები არიან ვახუშტი კოტეტიშვილი, მაგალი თოდუა, გიორგი ლობჟანიძე, ნომადი ბართაია, ალექსანდრე ელერდაშვილი…

მე დავიბენი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?
სული ვარ, გონი თუ სხეული, ვინა ვარ, რა ვარ?

მე კაცი მქვია, თუმც არ ვიცი კაცობის არსი,
აზრი ვარ, ფორმა თუ სახელი, ვინა ვარ, რა ვარ?

როგორ აღვწერო საკუთარი თავი, ცეცხლი ვარ,
წყალი ვარ, მიწა, თუ ჰაერი, ვინა ვარ, რა ვარ?

უგონო ვარ თუ გონიერი, განშორებული,
თუ მასთან მყოფი, აღარ ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ?

ამ სამყაროში მაქვს თუ არა ადგილი ჩემი,
არარაობა თუ რაობა, ვინა ვარ, რა ვარ?

განდეგილი თუ მოქეიფე, მთვრალი, ფხიზელი,
მწდე ვარ, ღვინო თუ სასმისი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი,
მოძღვარი ვარ თუ შეგირდი ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე ქრისტიანი ბერი ვარ თუ სუფი დერვიში,
ან იქნებ თავად მესია ვარ, ვინა ვარ, რა ვარ?

მე უსხეულო სული ვარ თუ უსულო გვამი,
ცოცხალი ვარ თუ გარდაცვლილი, ვინა ვარ, რა ვარ?

სანთელი ვარ თუ უკუნეთი, შხამი, ბადაგი,
მახინჯი ვარ თუ მშვენიერი, ვინა ვარ, რა ვარ?

თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა

განვედი, ძილო, და გულისწორთ,
ჩემთ, უშვი ხელი,
თორემ სულ მარტოდმარტო დავრჩი
აშიყი* ძველი.
ასე ქვებივით რომ დამკიდე
ნაჭაზე იჭვის,
ქვეშ კიდევ ცეცხლი რომ შემინთე
ასეთი მწველი,
ეს მაინც მითხარ, ამ ჩემს სულში
რას წალავ ასეთს,
რა იხარშება ასე ნელი
და ასე ძნელი?
რა გახდა მართლა, ერთხელ კეფაც რომ მოვიფხანო,
ისე დამიბღვერ,
კაცის ვიყო თითქოსდა მკვლელი.
შენ კვნესა ჩემი არც კი გესმის,
შენ არც მომხედავ,
თუმც სახვეწნელად გამოწვდილი შენსკენ მაქვს ყელი.
ამაღე ხელი, სიცოცხლეო,
ამაღე ხელი,
ამაოდ მელი შინ მშვიდობით,
თუ მართლა მელი.
მე სხვა გზა მიდევს,
სხვა მეძახის,
სხვა მელოდება, _
ვიშ რა წარმტაცად გადაშლილა
არყოფნის ველი!

* აშიყი (სპრს. აშეყ) – მიჯნური

თარგმნა მაგალი თოდუამ

ამ უსალბუნო სევდის ზღვარი რომელი არის?
ამ უზღუდო გზის მეგობარი რომელი არის?
ეს გონია თუ გაოგნება?! – რა არის, ღმერთო?
ეს სულია თუ სატრფო არის? – რომელი არის?
ეს მარადმნათი ჩირაღდანი სამყაროისა
თუ არც უღვთოა, არც ღვთის გვარის… რომელი არის?
ეს უნაპირო ზღვა სავსეა მარგალიტებით
და ადამის ძის ლალ-გოვარი რომელი არის?
გონებას ვიმღვრევ მე ფიქრებით, მაგრამ არ ვიცი,
ეს გზა სწორია თუა მცდარი…. რომელი არის?
ჩემს სიტყვებს ყიბლა თუ არა აქვს, ის მაინც მითხარ –
დადუმებული საუბარი რომელი არის?

თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა

ისეა მთვრალი მისი სუნთქვით ადამის სული,
რომ ვეღარ ძალუძთ განასხვავონ იმ სუნთქვას იგი.
იგი ღელავს და მისი ღელვით ბორგავენ ზღვები,
მისი სიმთვრალით მთვრალი არის სამყარო დიდი.
ო, რა კარგია, რომ უჩუმრად მინებდე სიკვდილს,
ამ საწუთროში არ მოისხან ძაძები რიდით.
ჭეშმარიტების ღვინო არის ნებადართული,
ან კი შარბათი ღვთიურ ქვევრის აკრძალონ რითი.
რამეთუ ყრმაი გაბრუვდები რვთიური ღვინით,
წელმოკაკული არ გახდები საწუთროითი.
თიხას განაქრობ? მოიპოვებ თავისუფლებას
იმ ღრუბლისაგან, შენ რომ გაყრის წვიმას და ქვითინს.
გულს შეყვარებულს განუმარტე ყოველი ესე
მოსავი ღვთისა და მცირედითაც შენზე თუ ითქმის.
წყალსა და თიხას განაშორე არსება შენი,
რომ გარდაიქცე სამუდამოდ მყარი და მკვიდრი.
მორწმუნე გახდი ისეთი, რომ წინასე შენთა
იყოს ყოველი მუსლიმანი მოთნე და ფლიდი.
აწ კი შთენილი შენ იუბნე შამს ედ-დინ თაბრიზ,
შენში ყოველი რომ სრულიქმნა… ეს ღმერთმა იცის…

თარგმა ნომადი ბართაიამ

სულ ეს იყო, თავს აღარ შეგაწყენთ, იმედია მოგეწონათ. თუ რუმის და მისი შემოქმედების შესახებ უფრო მეტი გაინტერესებთ მიმართეთ ბიბლოეთეკებსა და ინტერნეტს…

მსგავსი ამბები

Close
Close