საკითხავისასარგებლო

სიკვდილი


ეს ის თემაა, რაზეც ადამიანი ყველაზე ხშირად უნდა ფიქრობდეს. თუმცა, ასე არ ხდება. ადამიანებმა არ იციან, რა არის სიკვდილი, არ იციან მისი მნიშვნელობა. სიკვდილი არ არის უბრალოდ ტრაგედია ან შვება, ის გაცილებით მეტია…

რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, რასაც არ უნდა მიაღწიოს, რამდენიც არ უნდა შეიმეცნოს, სიკვდილი მისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ადამიანებმა სიკვდილზე ძალიან ცოტა რამ იციან. იმდენად ცოტა, რომ უჭირთ იმის გააზრება, თუ რატომ არსებობს ის. მრავალ ადამიანს უკვირს, რატომ არ ვართ უკვდავები, რატომ ვასრულებთ სიცოცხლეს. ის ხედავს, როგორ იხოცებიან ადამიანები მის გარშემო, იცის, რომ თვითონაც მოკვდება, მაგრამ დასკვნებს მაინც ვერ აკეთებს.

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რამდენად უაზროა ჩვენი ცხოვრება, რამდენად პრიმიტიულია ის სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ. ვიბადებით, შევდივართ სკოლაში, შემდეგ ვიწყებთ მუშაობას, ვქმნით ოჯახს, გვიჩნდება შვილები, შემდეგ ვუყურებთ როგორ გადიან ისინი იმავე გზას… რა თქმა უნდა, თავისი ცხოვრება ბევრს აზრიანად ეჩვენება, რადგან იგი უამრავი სიხარულის, მწუხარების, სილამაზის, სიმახინჯის, უამრავი სასიამოვნო, უსიამოვნო, დიდი, პატარა, საინტერესო მოვლენისა და დეტალისაგან შედგება. მაგრამ, როცა სიკვდილის დრო დაგვიდგება, მთელი ჩვენი ცხოვრება, თავისი შთაბეჭდილებებით, თვალწინ ერთ წამში ჩაგვირბენს. და შეიძლება, მაშინ აღმოვაჩინოთ, როგორი ფუჭი იყო ჩვენი მოქმედებები, სიტყვები, განცდები, მხოლოდ მაშინ ვუფიქრდებით, რა რჩება ჩვენგან.

ტრაგედია სიკვდილი არ არის. ტრაგედია ისაა, რომ ადამიანს არ ესმის მისი დანიშნულება. ხშირ შემთხვევაში მისთვის ის უბრალოდ ცხოვრების დასასრულს ნიშნავს, მაგრამ რატომ არსებობს ის? რაღატომ ვცხოვრობთ, თუ მაინც უნდა დავიხოცოთ? ამაზე ადამიანი იშვიათად ფიქრობს.

საოცარი ისაა, რომ ჩვენ სიკვდილს უბედურებად აღვიქვამთ, მაგრამ როცა ვხედავთ, როგორ კვდებიან ადამიანები, ეს ჩვენში სულ მცირე ემოციასაც არ აღძრავს. არასდროს ვეკითხებით ჩვენს თავს, რატომ მოხდა ეს, ან რა იქნებოდა, მის ადგილას ჩვენ რომ ვყოფილიყავით. სამაგიეროდ, ღმერთს ვადანაშაულებთ ყველაფერში. განა უსამართლობა არ არის, ამდენი ადამიანი ნაადრევად რომ იხოცება? განა უსამართლობა არ არის, როცა ჩვილი ბავშვი ჯერ კიდევ იქამდე ასრულებს სიცოცხლეს, სანამ დაიბადება? თუმცა, ამავე დროს, შეგვიძლია, უემოციოდ შევხვდეთ სხვა ადამიანის სიკვდილს, რომელიც შეიძლება, არ მოგვწონდა ან ღრმად მოხუცებულმა დაამთავრა სიცოცხლე. ჩვენ სიკვდილის ტრაგიზმს არასწორად აღვიქვამთ.

ადამიანმა ვერ გაითავისა, რომ სიკვდილი უდიდესი კანონზომიერებაა. ჩვენთვის ეს რთული აღსაქმელია, მაგრამ, როცა ადამიანი კვდება, ეს იმას ნიშნავს, რო ასე იყო საჭირო. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ახალგაზრდა იყო, თუ მოხუცი, ყველას უყვარდა, თუ ყველას სძულდა. ჩვენთვის რთულად გადასტანია საყვარელი ადამიანის სიკვდილი, მაგრამ ამაში ღმერთის დადანაშაულება, უმეცრებაა და მეტი არაფერი. სამყაროში უამრავი რამ ხდება, უამრავი მოვლენა ერთმანეთს ენაცვლება, თითოეული ადამიანის სიკვდილი ამ კანონზომიერების ნაწილია. სამყაროში, სადაც ერთი მოვლენა უამრავ სხვა მოვლენას იწვევს, ადამიანის სიკვდილი განუყუფელი ნაწილია ამ უსასრულო ჯაჭვში.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიკვდილი ჯიუტი კანონზომიერებაა და მეტი არაფერი. ადამიანი სიკვდილს მაშინ ასრულებს, როცა მისი ამქვეყნიური მისია ამოწურულია. ეს ჩვენთვის რთული გასაგებია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მისთვის ეს მისია ჩვენ არ დაგვიკისრებია და არც იმის უფლება გვაქვს, განვსაჯოთ, როდის შეასრულა მან ის, ან თუ შეასრულა საერთოდ. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ სიკვდილი ადამიანის სიცოცხლის გაუფასურება კი არ არის, პირიქით, სიკვდილი ადამიანის განვლილი გზის დაფასებაა, რადგან იგი ცხოვრების გაგრძელებაა, და როგორი იქნება ეს ცხოვრება, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვლო ადამიანმა ამქვეყნიური გზა.

როცა ვხედავთ, როგორ კვდებიან ადამიანები, ეს ჩვენში არ უნდა იწვევდეს არც სასოწარკვეთილებას და არც სიხარულს. ჩვენ თვალი უნდა გადავავლოთ როგორც მის ცხოვრებას, ისევე ჩვენსასაც, გავიაზროთ, რატომ მოხდა ეს და ვიფიქროთ იმაზე, რომ ხვალ იგივე ბედს ჩვენც გავიზიარებთ და ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ სიკვდილის ჟამს რაც შეიძლება ნაკლები რამ გვქონდეს სანანებელი. სიკვდილი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანი მიხვდეს, რამდენად პრიმიტიულია ის სამყარო, რომელშც ის ცხოვრობს და შეეცადოს, რომ ამ სამყაროში ღირსეულად მოიხადოს მასზე დაკისრებული მისია.

თუმცა, ყველაფერთად ერთად, გესმოდეს სიკვდილის დანიშნულება, არ ნიშნავს, ვერ ხედავდე მასში ტრაგიზმს და უემოციოდ შეხვდე მას. სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი რამაა ამქვეყნად. ჩვენ სიცოცხლე ყველაზე მეტად უნდა დავაფასოთ იმის მიუხედავად, როგორი გაუმართლებელიც არ უნდა მოგვეჩვენოს, როგორი აუხსნელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის იმ სიცოცხლის მნიშვნელობა, რომელიც თუნდაც პატარა თაგვში არსებობს. ჩვენ მას მაინც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან პატარა თაგვის სიკვდილიც კი ტრაგედიაა. ტრაგედიაა არა იმიტომ, რომ უბედურებაა, არამედ იმიტომ, რომ ის სიცოცხლის დასასრულია. ადამიანის სიცოცხლეც ხომ ისევე სრულდება, როგორც პატარა თაგვისა, სრულდება მთელი მისი ცხოვრება და იწყება ახალი ცხოვრება. სიკვდილი დასასრულია იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ ამ სამყაროში აღვიქვამთ. ამიტომ, როგორიც არ უნდა ჩანდეს სიკვდილი ჩვენს თვალში, ის მაინც სამყაროს ყველაზე გამორჩეული მოვლენაა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close