საკითხავისასარგებლოუცნაური

უცნაური რელიგიური ტრადიციები

ისტორიის მანძილზე უამრავი რელიგია თუ სექტა ჩამოყალიბდა. მათ შორის ხშირად დიდი მსგავსებაა, ზოგჯერ კი ცალკეულ მიმდინარეობებს ახასიათებთ უნიკალური, უცნაური და ზოგჯერ უაზრო ტრადიციებიც.

 

 


უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, იგივე მორმონებში გავრცელებულია ტაძრის ტანისამოსის ჩაცმა. ეს ტანისამოსი არის თეთრი ფერის და ითვლება წმინდად. მას ყოველთვის ატარებენ სამოქალაქო ტანისამოსის შიგნით, რათა სხვამ არ იხილოს. ხოლო მორმონების ტაძარში შესვლისას მხოლოდ ის აცვიათ. ამ ტანისამოსით მონაწილეობენ განბანვისა და ზეთისცხების რიტუალებში. მიაჩნიათ, რომ ამ ტანისამოსს ბოროტისგან დაცვის უნარი აქვს. სხვადასხვა დროს მასზე სხვადასხვა სიმბოლოები იყო გამოსახული, მათ შორის ფარგალი და სახაზავი.

 

 


საინტოლოგიის მიმდევრებს აქვთ უცნაური მოწყობილობა, რომელსაც ემეტრი ჰქვია. როგორც თავად მიმდევრები ამბობენ, მას შეუძლია ადამიანის სულიერი მდგომარეობა დაადგინოს. მოწყობილობა ადამიანს უკავშირება კანთან, შემდეგ პატარა ელექტრულ იმპულსებს გზავნის და ზომავს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ელექტროობის მიმართ. საინტოლოგიის მიხედვით, ეს უნარი დამოკიდებულია იმაზე, ადამიანი დადებითზე უფრო ხშირად ფიქრობს თუ ცუდზე. მისი გამოყენება სხვის “გასაზომად” მხოლოდ მაღალი თანამდებობის წევრებს შეუძლიათ.

 

 


ებრაელებში რელიგიური ადათიდან გამომდინარე გავრცელებულია კაპაროტის ტრადიცია. ის სრულდება დღესასწაულებზე შემდეგი წესით: ქათამს ხელს მოკიდებენ და ვინმეს თავზე სამჯერ შემოატარებენ. ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ ამ ადამიანის ცოდვები ქათამში გადავიდა. შემდეგ კი კლავენ და ხორცს ღარიბებს აძლევენ. რიტუალის დროს კითხულობენ 108-ე ფსალმუნის 17-20 მუხლებს, ასევე იობის 33-ის 23-24 მუხლებს. 2005 წელს ბრუკლინში მყოფმა იუდეველებმა 200 ქათამი გაუშვეს წვიმაში ამ რიტუალის შემდეგ. ფრინველები დაინახეს და გადაარჩინეს ცხოველთა სისასტიკის წინააღმდეგ მებრძოლთა ამერიკული ორგანიზაციის წევრებმა. 35 ქათამი მოკვდა, რის გამოც ებრაელებს სასამართლოში წარდგენა მოუწიათ.

 

 


გარდაცვლილთა მონათვლა ან მონაცვლეობითი მონათვლა – ეს ერთ-ერთი რიტუალია, რასაც მორმონები ასრულებენ ხოლმე. ამ დროს ცოცხალ ადამიანს ნათლავენ იმის სანაცვლოდ, ვინც უკვე გარდაცვლილია, მაგრამ რეალურად ინათლება ეს უკანასკნელი. ტარდება 1840 წლიდან მოყოლებული, ოღონდ მხოლოდ გამორჩეულ ტაძრებში. მომნათლავი ცოცხალი ადამიანის მიმართ ამბობს: “რწმუნებით აღჭურვილი იესო ქრისტეს მიერ, გნათლავ შენ ნაცვლად (გარდაცვლილის სახელი), რომელიც ამჟამად ცოცხალი აღარაა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ” ეს ტრადიცია დაფუძნებულია იმ რწმენაზე, რომ სულის გადარჩენისთვის საჭიროა ის მონათლული იყოს.

 

 


დიგამბარი ან დიგამბარა ჯაინიზმის ორი სექტიდან ერთ-ერთია. მისი მიმდევარი ბერები არ ატარებენ სამოსს და შიშვლები დადიან, რითიც მაჰავირას ბაძავენ. როგორც თავად ამბობენ, საკუთარ თავს შიშვლად არ თვლიან, ისინი შემოსილნი არიან გარემოთი. ამით სხეულს უარს ეუბნებიან კომფორტზე. ხანდახან იფარებენ ფარშევანგის ბუმბულისგან გაკეთებულ ცოცხს და გოგრას. დიგამბარის მიმდევრებს სწამთ, რომ მხოლოდ ასეთი ასკეტიზმით არის შესაძლებელი ჭეშმარიტების შეცნობა.

 

 


ერთ-ერთი ფუნდამენტური დოქტრინა იეჰოვას მოწმეებში არის სისხლის გადასხმის უარყოფა. ვინც ამ სექტაში წევრიანდება, წინასწარ იძლევა ამაზე თანხმობას, გამონაკლისი არც გადაუდებელ შემთხვევებში არსებობს. აკრძალვა 1945 წელს შემოიღეს და დღემდე მოქმედებს. მიზეზი ისაა, რომ სისხლის გადასხმას ისინი კანიბალიზმს (უფრო სწორად, სისხლის დალევას) უტოლებენ. ამ მიზეზის გამო უამრავი იეჰოვას მოწმე გარდაიცვალა, არც ისე ცოტაა მათ შორის არასრულწლოვნები და მცირეწლოვნები, ზოგჯერ კი რამდენიმე თვისა და დღის ბავშვებიც (მაგალითისთვის იხილეთ ეს). აღსანიშნავია, რომ წარსულში ასევე კანიბალიზმთან გათანაბრების გამო აკრძალული იყო ორგანოების გადანერგვა, რომელიც მოგვიანებით დაუშვეს.

 

 

დასასრული.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close