არქივი

WikiLeaks?!

50cd858818c1
WikiLeaks ინტერნეტ საიტია, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა და შექმნის დღიდანვე საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება დაიწყო. თავად ამ ინტერნეტ რესურსის სახელი ორი სიტყვისგან შედგება Wiki და Leaks.
Wiki-ს ისეთ ინტერნეტ რესურსებს ეწოდებათ, რომლებზეც რამდენიმე ადამიანს შეუძლია ერთ დოკუმენტზე მუშაობა ან სხვისი ნამუშევრის რედაქტირება. ამ პრინციპითვე მუშაობს ცნობილი ონლაინ ენციკლოპედია – ვიკიპედია. ვიკიპედიას სახალხო ენციკლოპედიასაც უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვიკიპედიაზე ინფორმაციის განთავსება, ან კი სხვის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ცვლილებების შეტანა. ვიკიპედიაში თავად მომხმარებლები წყვეტენ რომელი შესწორებაა უფრო ზუსტი და ის ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელთა ნდობას არ იმსახურებს ამ რესურსიდან იშლება.
სიტყვა Leaks – ინფორმაციის გაჟონვას ნიშნავს. შესაბამისად, WikiLeaks-ი ისეთი საიტია, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საიდუმლო ინფორმაცია გამოაქვეყნოს და შესაბამისად, საჯარო გახადოს. როგორც WikiLeaks-ის ადმინისტრაცია იუწყება, ისინი გამოქვეყნებამდე თავად ამოწმებენ ყველაფერს, რათა მათ რესურსზე გაყალბებული დოკუმენტები არ აღმოჩნდეს, მაგრამ რესურსის მთავარი დამსახურება იმაშია, რომ შეუძლებელია იმ პიროვნებათა დადგენა, რომლებმაც გამოაგზავნეს ან რაიმე გზით მოიპოვეს WikiLeaks-ზე განთავსებული მასალები.

5c5d2e953550

ვინ შექმნა WikiLeaks

WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის (Julian Assange) დაკავების შემდეგ, ყურადღებამ ამ რესურსზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან თავად რესურსის შემქმნელზე გადავიდა.
ზოგისთვის ჯულიან ასანჟი თამამი იდეალისტია, რომელიც ცდილობს ყველა საიდუმლოს ფარდა ახადოს და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შეახსენოს, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ხალხის წინაშე. ზოგისთვის კი, ავანტიურისტია, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოებას.
მთელი მისი ცხოვრება ათასგვარი ფათერაკები და დაუსრულებელი მოგზაურობების უწყვეტი ჯაჭვია.
იგი 1971 წელს, ქალაქ ტუნსვილში (Townsville), ავსტრალიაში დაიბადა. როდესაც ჯულიანს ერთი წელი შეუსრულდა, დედამისი ცოლად გაჰყვა მოხეტიალე თეატრის დირექტორს. ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. იგი თავის ცხოვრებას ტომ სოიერის თავგადასავალს ადარებს: „მე მყავდა ცხენი. თავად ავაშენე ტივი, როდესაც მომესურვებოდა ვთევზაობდი, დავძვრებოდი გამოქვაბულებში“.
როდესაც ჯულიანს 8 წელი შეუსრულდა, დედა თეატრის დირექტორს გაშორდა და მუსიკოსს დაუმეგობრდა. მათ შვილიც გაუჩნდათ, მაგრამ შემდგომ გაირკვა, რომ ჯულიანის მამობილი სექტის წევრი იყო, რომლის მიმდევრებიც თავიანთ ახალშობილებს, ამ სექტის დამფუძნებელს, ანე ჰამილტონს (Anne Hamilton-Byrne) აბარებდნენ აღსაზრდელად. დედას გაქცევა მოუწია. 11-დან 16 წლამდე ასაკი ასანჟმა კვლავ დაუსრულებელ გადაადგილებაში გაატარა. იგი ხანდახან სკოლაშიც დადიოდა ხოლმე, ძირითადად კი ცოდნას სახლში იღებდა. მას სამეცნიერო ლიტერატურა მოსწონდა და ხშირად სტუმრობდა ბიბლიოთეკებს. თავად ასანჟი, თავის ბიოგრაფიაში, რომელიც WikiLeaks-ზეა გამოქვეყნებული, სიამაყით აღნიშნავს, რომ იგი 37 სკოლაში და 6 უნივერსიტეტში სწავლობდა.
შემდეგ ასანჟი პროგრამირებამ გაიტაცა. მან მალევე დაიმსახურა საუკეთესო ჰაკერის რეპუტაცია. 1989 წლის ოქტომბერში, კოსმოსური ხომალდის „ატლანტისის“ ჩამოფრენისას, ნასას კომპიუტერების მონიტორებზე უცნაური წარწერა გაჩნდა – WANK. ეს ჰაკერთა ჯგუფის აბრევიატურა იყო (Worms Against Nuclear Killers – ჭიები ბირთვული მკვლელების წინააღმდეგ). როგორც ვარაუდობენ, ასანჟი ამ ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ისინი მარტივი დევიზით ხელმძღვანელობდნენ – „არ დააზიანო სისტემები, რომლებშიც შეაღწევ, არ შეცვალო მათში არსებული ინფორმაცია, მაგრამ სხვებსაც გაუზიარე“.
WikiLeaks-ის დამფუძნებელი დაკავებულიც ყოფილა. მას ბრალად ედებოდა ჰაკერული გზით ბანკიდან ფულის მოპარვა. მაგრამ ბრალი არ დაუმტკიცდა. მან მართლაც გაარღვია ბანკის უსაფრთხოების სისტემა, მაგრამ ფული არ მოუპარავს, რაც მისი განთავისუფლების საბაბი გახდა.
მას ჰყავს შვილი, რომელიც დედასთან იზრდება.
მთელი ცხოვრება ჯულიანი ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობს. ამბობენ, რომ იგი საქართველოშიც არის ნამყოფი.

a03f353231d3

რატომ დააკავეს WikiLeaks-ის დამფუძნებელი

ასანჟი 7 დეკემბერს ლონდონში დააკავეს. შვედური პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების საფუძველზე. მას ორი შვედი მანდილოსნის გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. თავად ჯულიანი ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ვონ სმიტი Frontline Club-ის წარმომადგენელი, (ეს ორგანიზაცია დამოუკიდებელ ჟურნალისტებს უწევს დახმარებას) აცხადებს: „მე მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ბრალდებები წაყენებული იყო ამა წლის აგვისტოში, შემდეგ რამდენიმე დღეში, მას ბრალდება მოუხსნეს. ასანჟმა ქვეყნის დატოვების უფლება ითხოვა და მას 40 დღით გამგზავრების ნება დართეს“ – ამბობს სმიტი – „ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ შემდგომში ბრალდებები კვლავ ძალაში დატოვეს“. ეჭვებს ისიც ბადებს, რომ მას თავდებით განთავისუფლებაზე უარი განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ თავდების სურვილი ცნობილმა ინგლისელებმა – ჯონ პილჯერმა, კენ ლოაჩმა და ჯემაიმა ხანმა – გამოთქვეს.

Back to top button