არქივი

ალბინოსების ტრაგიკული ცხოვრება ტანზანიაში

tanzania abinism skin cancer

ტანზანიაში ალბინოსად დაბადება სასიკვდილო განაჩენს უდრის. 2006 წლიდან მოკლულ იქნა 71 ადამიანი, რომლებსაც არ ჰქონდათ პიგმენტები კანზე, თმაზე ან თვალებზე, 29 კი თავდასხმის ობიექტი გახდა. დღესდღეობით 1400 ტანზანიელიდან 1 ალბინოსია (მსოფლიო მასშტაბით კი – 20 000-დან 1). ზოგიერთ ადგილობრივს სწამს, რომ ალბინოსი მოჩვენებაა და მისი მოკვლა შეუძლებელია. სხვების აზრით, ეს საგვარეულო წყევლაა, თუმცა ყველაზე შემაძრწუნებელი მაინც მაგიის მიმდევარი „ექიმები” არიან – ისინი ალბინოსთა კიდურებზე ნადირობენ, რათა წარმატებისა და ჯანმრთელობის მომტანი მაგიური წამლები დაამზადონ. ალბინოსის სრული „კომპლექტი” – ყურები, ენა, ცხვირი, გენიტალიები და ოთხივე კიდური – ზოგჯერ 75 000 დოლარამდე ღირს.

 

ამ ყველაფრის გამო ტანზანიის მთავრობა იძულებული გახდა, 17 000-მდე ალბინოსი გადაემალა. ფოტოზეა ბესტიდა სალვატორი თავის 17 წლის ქალიშვილთან, ენჯელთან ერთად, კაბანგას პროტექტორატის ცენტრში. ენჯელი, რომელსაც კანის კიბო აქვს, 4 წლის წინ იძულებული გახდა, სახლიდან გაქცეულიყო, როცა თავად მამამისი გაუძღვა წინ მამაკაცთა ჯგუფს მის შესაპყრობად. ფოტოზე ენჯელთან ერთად არის მისი 1 წლის ნახევარძმა, ეზეკიელი.

tanzania abinism primary school

ალბინოსი ბავშვები კაბანგას პროტექტორატის ცენტრის გადატვირთულ საერთო საცხოვრებელში. თავშესაფარი გარშემორტყმულია სქელი კედლებით, რაც მობინადრეებს მაგებისა და მონადირეებისგან იცავს. მათ აქ ფიზიკური საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა გრძელვადიანი სამომავლო გეგმები ბურუსითაა მოცული.

tanzania abinism zawia

ზავია კასიმი, კაბანგას სკოლის 12 წლის მოსწავლე, მასწავლებლად გახდომაზე ოცნებობს. ბევრი ალბინოსი ბავშვის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. დაწყებითი კლასების შემდეგ ძნელია უფრო მაღალი დონის განათლების მიღება. ზოგიერთ რეგიონში კი ალბინოსებს გონებრივად ჩამორჩენილად თვლიან და გაკვეთილებზე დასწრებას უკრძალავენ. საქმეს ისიც ართულებს, რომ ალბინიზმს თან ახლავს მხედველობის პრობლემები, რაც მათ კითხვისას სირთულეებს უქმნის. ბევრი ალბინოსი ზრდასრულ ასაკში გაუნათლებელია და იძულებული ხდება, მოსამსახურედ იმუშავოს.

tanzania abinism machete safety

სოფელ ნენგოს მაცხოვრებელი 20 წლის მააჯაბუ ბოასი ყოველთვის თან ატარებს ცივ იარაღს, როცა სახლიდან გადის. სიტყვა მააჯაბუ სუაჰილურ ენაზე „საოცრებას” ან „სასწაულს” ნიშნავს. ბოასი უარს ამბობს სოფლის დატოვებაზე და მიუხედავად იმისა, რომ აქ მცხოვრებ ალბინოს ბავშვებს ბევრჯერ დაესხნენ თავს, მააჯაბუ მისმა მძვინვარე რეპუტაციამ იხსნა. ჯერჯერობით.

წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიხედვით, აღმოსავლეთ აფრიკაში მინიმუმ 10 000-მა ალბინოსმა საცხოვრებელი შეიცვალა ან მიმალვაშია. მაგიის მიმდევარი „ექიმები” ათობით ათას დოლარს შოულობენ ალბინოსების კანის, ძვლებისა და თმებისგან დამზადებული სხვადასხვა ნაყენების გაყიდვით.

tanzania abinism market

მგუსუს ბაზარში ვაჭრები „წამლებს” ყიდიან. ტანზანიაში, სადაც ერთ სულზე წლიური შემოსავალი 442 დოლარს შეადგენს, ალბინოსის კიდური 2000 დოლარად იყიდება. უმეტესწილად მას ფხვნიან და მემაღაროე იქ მოაბნევს, სადაც მინერალების პოვნა სურს, მეთევზე კი – თავის კანოეში. მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქტიურად დაიწყო ალბინოსთა დაცვა, ვაჭრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მაგიური ნივთები შესამჩნევად გაძვირდა.

tanzania abinism cloth store

ენჯელ სალვატორი, რომელსაც კანის კიბო აქვს, კაბანგას ბაზარში ტანსაცმელს ყიდულობს. გარდა იმისა, რომ ქუჩაში ფრთხილად უნდა იარონ მონადირეებისგან ასარიდებლად, ალბინოსებმა მზის სხივებისგან თავის დაცვაზეც უნდა იფიქრონ. მათ ადვილად ემართებათ მზის დამწვრობა და კანის კიბო, რაც საბოლოოდ ქვეყანაში მცხოვრები ალბინოსების 98%-ის სიკვდილის მიზეზი ხდება.

tanzania abinism lightness

კაბანგას პროტექტორატის ცენტრში ლაითნეს ფილბერტს 3 თვის ჯესიკა უჭირავს. ჩვილი დედამისმა, ჰელენ სეკალიმამ მოიყვანა მას შემდეგ, რაც სოფლის მაცხოვრებლები ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ჯესიკას უფროსი ძმებიც ცენტრში ცხოვრობენ, ისინი იძულებული გახდნენ გადმოსულიყვნენ, რადგან ერთხელ ყველაზე უფროსზე იერიში მიიტანეს. მამა მათი დაცვისას დაშავდა და ცალ ხელში მგრძნობელობა თითქმის მთლიანად დაკარგა.

ტანზანიაში ალბინიზმი ბევრ ოჯახს ჰყოფს. ბავშვების ნაწილი, ლაითნესის მსგავსად, მოდის ცენტრში და მშობლებს ვეღარასდროს ნახულობს. სხვებს მხოლოდ დედები ზრდიან, რადგან მამები ცოლებს ადანაშაულებენ თეთრკანიან მამაკაცებთან ღალატში და შორდებიან. ამის გამო ალბინოსების ნაწილი ოჯახს ქმნის მასთან, ვინც ყველაზე უკეთ გაუგებს: ალბინოსთან. თუმცა როდესაც ორივე მშობელი ალბინოსია, იზრდება შანსი, რომ ეს მდგომარეობა შვილებსაც გადაეცემათ.

tanzania abinism ferista

ფერისტა დაუდი (მარჯვნივ) თამაშობს კაბანგას პროტექტორატის ცენტრის შემოგარენში. ის 2 წლის იყო, როცა სოფელი მიატოვა, რადგან მაგმა ექიმმა მისი და მოკლა სხეულის ნაწილებისთვის.

კიდევ ერთი საშინელება, რაც ტანზანიელ ალბინოსებს ემუქრებათ, არის გაუპატიურება. გოგონები, უმეტესწილად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრებნი, გაუპატიურების მსხვერპლი ხშირად ხდებიან, რადგან აქაურ მამაკაცებს სჯერათ, რომ ალბინოსთან სექსი შიდსს კურნავს. ზუსტი რიცხვი უცნობია, რადგან შერცხვენის შიშით მსხვერპლთა უმეტესობა მომხდარზე არაფერს ამბობს. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ იმუნოდეფიციტის ვირუსით 1.4 მილიონი ტანზანიელია დასნეულებული.

tanzania abinism jessica

ჯესიკა დედის, ჰელენის მკლავებში ისვენებს. ჰელენი ხშირად სტუმრობს კაბანგას პროტექტორატის ცენტრს. მისი 9 შვილიდან 3 ალბინოსია. მისი თქმით, ადგილობრივები ალბინოსებს არა ნორმალურ ადამიანებად, არამედ დემონებად თვლიან. მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, გააუმჯობესოს განათლების დონე მოსახლეობაში და ამ ხოცვას ბოლო მოუღოს, ალბინოსები ჯერ კიდევ ძვირფას „პროდუქციას” წარმოადგენენ შავ ბაზარზე. მათზე ნადირობა უკვე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა – ბურუნდში, კენიასა და სვაზილენდში.

 

წყარო : http://charliuss.com

მსგავსი ამბები

Back to top button