არქივი

რუსული “ბაყაყი”(T-50) ამერიკული “რეპტილიის”(F-22 raptor) წინააღმდეგ

0906bfbcf64e

მეხუთე თაობის რუსული გამანადგურებელი, ბოლოს და ბოლოს, აფრინდა, თუმცა ამერიკული F-22 Raptor – ამდე ჯერ ბევრი უკლია…

29 იანვარს პირველი საგამოცდო გაფრენა განახორციელა ახალმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა, რომელსაც “სუხოის” საავიაციო საკონსტრუქტორო ბიურო ორი ათეული წელი განსაკუთრებით საიდუმლოდ აწყობდა.

ეს თვითმფრინავი იშიფრება, როგორც “საფრონტო ავიაციის პერსპექტიული საავიაციო პროექტი”, თუმცა მასმედიაში დროდადრო ჟონავდა ინფორმაცია მის სხვა დასახელებებზეც – Т-50 და “ნაკეთობა 701”.

პირველი საცდელი ფრენა 47 წუთი გაგრძელდა. ჰაერში მას სერიული გამანადგურებელი СУ-30 მიაცილებდა. მათი ვიზუალური შედარებისას ნათლად ჩანს ის ძირითადი განსხვავება, რაც “სუხოის” ახალ საფრენ აპარატს მეხუთე თაობის რეაქტიულ საბრძოლო თვითმფრინავების კლასს მიაკუთვნებს.

31cf73eec565

დღემდე მსოფლიოში იწარმოება მეხუთე თაობის მხოლოდ ერთი, მრავალდანიშნულებიანი საბრძოლო თვითმფრინავი – F-22 Raptor-ი, ჩვენებურად “რეპტილია”. მეორე, ასევე ამერიკული მეხუთე თაობის F-35, ჯერჯერობით გამოცდას გადის და მისი სერიული წარმოება ალბათ 5-6 წლის შემდეგ დაიწყება.

დაახლოებით ასეთივე ბედი ელის რუსულ Т-50-საც, რომლის სერიულ წარმოებაში ჩაშვებამდე საფრენოსნო გამოცდებს შეიძლება 5-10 წელიც კი დასჭირდეს.

“სუხოის” წინამორბედი СУ-27/СУ-30-ისგან განსხვავებით, მეხუთე თაობის Т-50-ის ვერტიკალური ფრთასხმულობა მნიშვნელოვნად დახრილია, ძრავები ერთმანეთისგანაა დაშორებული და კონსტრუქციაში უხვად არის გამოყენებული კომპოზიციური მასალები, რაც ამცირებს მის რადიოლოკაციურ შემჩნევადობას.
რუსული “სტელსის” მთავარი განსხვავება კი მაინც ისაა, რომ შეიარაღება (მართვადი და უმართავი რაკეტები და ბომბები) ფიუზელაჟის შიგნით ბომბნაკვეთურში თავსდება.

25fc60252c33

აქამდე ყველა რუსული საფრონტო დანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავს (არა მარტო გამანადგურებელს, არამედ საფრონტო ბომბდამშენ СУ-24М-საც კი) შეიარაღება ფრთებისა და ფიუზელაჟისქვეშა პილონებზე ეკიდათ, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა მათ რადიოლოკაციურ შემჩნევადობას. მეხუთე თაობის რუსული Т-50-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები კვლავ გასაიდუმლოებულია, თუმცა საავიაციო ექსპერტების მარჩიელობით, შეეძლება განავითაროს 2500 კმ/სთ სიჩქარე და 5,5 ათას კმ-ზე იფრინოს.

7186fee75735

ბრტყელი ფორმის გამო Т-50-ს უკვე შეარქვეს “ბაყაყი”, თუმცა ამ ათწლეულში რუსული “ბაყაყი” ძნელად თუ გაუწევს კონკურენციას ამერიკულ “რეპტილიას”, რადგან ულტრათანამედროვე ამერიკული რადიოელექტრონული აპარატურა ბევრად ჯობს რუსულს (შესაძლოა, რუსულ Т-50-ში ჩვენი თანამემამულის, კონცერნ “ავიონიკის” პრეზიდენტის გივი ჯანჯღავას ხელმძღვანელობით შექმნილი ელექტრონული აპარატურაა დამონტაჟებული).

რუსული “ბაყაყი” ამერიკულ “რეპტილიას” თუ შეეჯიბრება, კონკურენციას მხოლოდ გასაყიდი ფასით გაუწევს.

ამერიკული F-22 Raptor-ის გასაყიდი ფასი საარაკოა – თითქმის 200 მლნ დოლარი, რითაც ის მსოფლიოში უძვირეს გამანადგურებელ თვითმფრინავად მიიჩნევა.

“სუხოის” წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათი Т-50-ის საცალო ფასი მსოფლიო ბაზარზე 40 მლნ დოლარზე ბევრად მეტი არ იქნება.

ასეთ შემთხვევაში მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების ყველაზე რეალური პოტენციური მყიდველები, მათ შორის ინდოეთი, არჩევანს ნამდვილად რუსულ “ბაყაყზე” გააკეთებენ, ვიდრე ამერიკულ “რეპტილიაზე”

წყარო: გაზეთი კვირის პალიტრა

მსგავსი ამბები

Back to top button