არქივი

ხელოვნური ინტელექტი

robot artificial intelligence
Artificial intelligence (AI) ანუ ჩვენებურად ხელოვნური ინტელექტი, სამეცნიერო ფანტასტიკიდან თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგად იქცა და სავარაუდოდ კაცობრიობის მომავალი სწორედ მასზეა დამოკიდებული. ადამიანს, მას შემდეგ რაც იგი მაიმუნიდან ჰომო საპიენსად გარდაიქმნა მუდმივად აწუხებდა იდეები, მათ შორის უსულო საგნებისათვის რაიმეს “სწავლებისა”. ჰომო საპიენსი როგორც მოგეხსენებათ გონიერ ადამიანს ნიშნავს და როცა ტექნოლოგიები საჭირო დონემდე განვითარდა, დღის წესრიგში დადგა საკითხი “გონიერების” მანქანისთვის გადაცემისა. ამ საკითხზე ყველაზე მაღალი დონის მეცნიერები მუშაობენ და საკმაოდ წარმატებითაც.
ზოგადად AI-ს ყოფენ სირთულის მიხედვით სუსტ AI და ძლიერ AI-დ. ეს დაყოფა გამომდინარეობს პრინციპიდან, თუ რამდენად შეუძლია ხელოვნური ინტელექტის მქონე ფიზიკურ აგენტს (მარტივად: რობოტს) მიუახლოვდეს ან აჯობოს კიდეც ადამიანის ინტელექტს. სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტის შექმნის მოსურვე მეცნიერები სწორედ ძლიერი ხელოვნური ინტელექტის შექმნისკენ მიისწრაფვიან. ინტელექტის მკაცრი განსაზღვრება არ არსებობს, თუმცა როგორც ესეთი მისი არსებობის დასადგენად არსებობს ყველაზე აპრობირებული საშუალება: ე.წ. Turing ტესტი. ტესტის მთავარი პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: ტესტის მონაწილეებად არიან შერჩეული 2 ადამიანი და ერთიც კომპიუტერი. ამათგან ერთი ადამიანი მოვალეა უპასუხოს დასმულ კითხვებზე. ასევე იქცევა კომპიტერიც. მესამე მონაწილე, რომელიც პირველის მსგავსად საღად მოაზროვნე ბიოლოგიური არსება – ადამიანია, ცდილობს გამოიცნოს თუ რომელიც პასუხი ეკუთვნის ადამიანს და რომელიც გამომთვლელ მანქანას ანუ კომპიუტერს. აქ კომპიუტერის მიზანია რაც შეიძლება ადამიანებთან მიახლოებით გასცეს პასუხი დასმულ კითხვებს, ანუ გამოავლინოს ინტელექტი. ტურინგის ტესტი 1950 წელს შექმნა ალან ტურინგმა და მან თავის ნაშრომში აღნიშნა, რომ ტესტის მთავარი დამცავი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მის “შემთხვევით” ჩაბარებას მანქანების მიერ, იყო ის, რომ ტესტი ითვალისწინებდა ერთხელ დასმული შეკითხვის მეორედ შებრუნებულად ან მოდიფიცირებულად დასმას. სამწუხაროდ ამ ტესტის სრულყოფილად ჩაბარება დღემდე ვერცერთმა კომპიუტერმა ვერ მოახერხა.
მეცნიერებს ხელოვნური ინტელექტის შექმნის პირველი სერიოზული შანსი მაშინ მიეცათ, როცა პირველი დაპროგრამებადი კომპიუტერული ტექნიკა შეიქმნა, რომელიც დაფუძნებული გახლდათ მათემატიკოს Alan Turing-ის გამოთვლის თეორიაზე და სამუშაოდ და “სააზროვნოდ” იყენებდა “0″ და “1″ კომბინაციას. თანდათან განვითარდა ისეთი მეცნიერებები, როგორებიცააა: ნევროლოგია, ინფორმაციის თეორია და კიბერნეტიკა. AI-ს შექმნა უკვე დროის საკითხი იყო, მაგრამ ძლიერი AI მაინც მიუღწეველი რჩებოდა. 1956 წელს დარმუტის კოლეჯის საზაფხულო ბანაკში მოწყობილ კონფერენციაზე მეცნიერებმა John McCarthy, Marvin Minsky, Allen Newell და Herbert Simon-მა პირველი სერიოზული მსჯელობა გამართეს AI-ს შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ეს ადამიანები იქნებიან წამყვანი სპეციალისტები ამ დარგში. მაგალითად ჰერბერტ საიმონი მიიჩნევდა, რომ უახლოეს 20 წელიწადში მანქანები შეძლებდნენ ადამიანის ყველა ფუნქციის შესრულებას, მაგრამ მისი პროგნოზი არ გამართლდა. 1980-იან წლებში AI-ზე მომუშავე კომპანიებმა პირველი კომერციული წარმატება ჰპოვეს, როცა შექმნეს პროგრამა expert systems, რომელიც ექსპერტი ადამიანის შემცვლელად მოიაზრებოდა და სხვადასხვა რისკების შეფასებას ახდენდა. 90-იან წლებში და 21-ე საკუნის პირველ ათწლეულში ხელოვნურმა ინტელექტმა მიაღწია მისი განვითარების პიკს, მაგრამ მაინც ვერ ჩაანაცვლა ადამიანი.
რა ამოცანები დგას იმ ფიზიკური აგენტსი წინაშე, რომელიც AI-თ არის აღჭურვილი?
დაგეგმვა. ხელოვნური ინტელექტის მატარებელ ფიზიკურ აგენტს უნდა შეეძლოს მიზნების დასახვა და შემდგომში მათი განხორციელება. მარტივად რომ ვთქვათ, მას მომავლის რაღაც დონეზე განჭვრეტა უნდა შეეძლოს. ასევე იგი უნდა მუშაობდეს კოლექტიურად სხვა აგენტებთან მიმართებაში.
დასწავლა. ინტელექტი თავის თავში სწავლის შესაძლებლობასაც მოიცავს. ადამიანის მსგავსად ხელოვნური ინტელექტის მქონე არსებას (მოწყობილობას) უნდა შეეძლოს გარესამყაროს შემეცნება, მისი აღქმა და საჭირო უნარების განვითარება. აქ ჩემი აზრით დგება ერთობ უცნაური მომენტი: თუ ხელოვნური ინტელექტი შეძლებს სრულად აითვისოს დასწავლის ფუნქცია, მაშინ ლოგიკურად მას შეეძლება დამოუკიდებლად განიცადოს ევოლუცია მისი აპარატული შესაძლებლობის ფარგლებში, ანუ ხდება ხელოვნურად ევოლუციის პროცესის იმიტირება.
სასაუბრო ენა. რობოტს რომელსაც გააჩნია AI, უნდა შეეძლოს ადამიანებთან კონტაქტში შესვლა მათ ენაზე საუბრის გზით. ყველა გამოთვლა რათქმაუნდა “1″ და “0″ დონეზე მოხდება, მაგრამ ამ გამოთვლის შედეგი ვერბალურად უნდა იქნეს გადმოცემული.
სივრცეში გადაადგილება. ნავიგაციის მექანიზმები დღესდღეობით საჭიროზე უკეთაცაა განვითარებული. AI-ს მფლობელ რობოტს უნდა შეეძლოს სივრცეში მისი მდებარეობის ამოცნობა და მარშრუტის სწორად დასახვა.
აღქმა. გარესამყაროს აღქმისთვის რობოტს დასჭირდება ათასი ჯურის სენსორები, როგორებიცაა მხედველობითი, სმენის, ყნოსვის, თერმო და ბარო სენსორები და ა.შ.
სოციალური ინტეგრაცია. სოციუმში ინტეგრაციისთვის, რაც სულ მცირე იმას მაინც გულისხმობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს რობოტი ადამიანებთან მიმართებაში, საჭიროა დამატებითი უნარების ჩანერგვა AI-ში.
კრეატიულობა გულისხმობს AI-ს ერთ წერტილში არ გაშეშებას და მისმიერ სხვადასხვა იდეების გენერირებას.

დაბოლოს ყველაზე მთავარი: ძირითადი (ძლიერი) ინტელექტი, რომელიც ზემოთ ავხსენი და სამწუხაროდ ჯერაც მიუღწეველია.

ავტორი: გიორგი ბერიძე

წყარო:  navigator.ge

მსგავსი ამბები

Back to top button