არქივი

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები

a3b4022f3200

ეს დაცული ტერიტორია არც მე არ ვიცოდი აქამდე…გირჩევთ გაეცნოთ… :thanks:

ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი დღევანდელი სახით შეიქმნა 2003 წლის კანონით„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტეტიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“.

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები 3 დამოუკიდებელი ერთეულისაგან შედგება: ბაწარის (3042 ჰა) და ბაბანეურის (770 ჰა) ნაკრძალებისა და ილტოს აღკვეთილისგან (5273 ჰა) შედგება. სამივე დაცული ტერიტორია კახეთში, ახმეტის რაიონში მდებარეობს, თბილისიდან 170 კმ დაშორებით.

0c559f81e973

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადის, ბაწარას ხეობაში მდებარეობს, პანკისის ხეობის სიახლოვეს. ბაბანეურის ნაკრძალი ახმეტის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილშია და ბაწარის ნაკრძალიდან 45კმ-ით არის დაშორებული. აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთი, რომელზეც ბაბანეურის ნაკრძალია განლაგებული სოფლების – ალვანის, ბაბანეურის და ლალისყურის სიახლოვეს მდებარეობს.

ილტოს აღკვეთილი ახმეტის სიახლოვეს მდ. ილტოს ხეობის ნაწილს მოიცავს. ილტოს და ბაწარა-ბაბანეურის ტერიტორია აგებულია იურული და ცარცული ასაკის ნალექებით, რომლებიც აქ წარმოდგენილია ქვიშაქვებით, ფიქლებით, არგილიტებითა და კირქვებით. ცარცული ასაკის ქანებში გვხვდება გამკვეთი მაგმური სხეულები ან ლინზები.

მდინარე ბაწარას ხეობის შუა ნაწილში შემორჩენილია მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის, უთხოვრის (თახუს ბაცცატა) ტყე. ტყის ფართობი თითქმის 240 ჰექტარია. ასეთი ვრცელი უთხოვრის კორომი მსოფლიოში არსადაა. ხეების უმეტესობა 500-1000 წლისაა, ზოგიერთი უფრო მეტისაც.

ea5fd7a0996d

ბაწარის უთხოვრებს ლიანები – პასტუხოვის სურო და ეკალღიჭი აქვთ ზედ შემოხვეული. ნაკრძალის ამ ნაწილში დაცულია, აგრეთვე, ხელუხლებელი წიფლნარი და მურყნარი. იმავე მდ. ბაწარას სათავეებში მაღალმთის ბოკვის ულამაზესი კორომები გვხვდება. ბაბანეურის ნაკრძალის ნაწილში კავკასიურ-ირანული ენდემის მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის ძელქვის კორომებია, რომელსაც 750 ჰა უკავია.
მდ. ილტოს ხეობა აღსანიშნავია იმით, რომ აქ არსებობს კარგად შენახული წიფლნარები. ტყის საბურველის შექმნაში მასთან ერთად რცხილა, ქორაფი, ცაცხვი, ქართული მუხა და ზოგიერთ სხვა ხე მონაწილეობს. ქვეტყეში შინდი, ჩვეულებრივი თხილი, წითელი კუნელი და წერწა იზრდება.

2dff82ab6f9a

ეს დაცული ტერიტორიები პირველ რიგში თავისი უნიკალური ფლორითაა განთქმული. მდინარე ბაწარას ხეობაში ბაწარასა და ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე შემორჩენილია მესამეული პერიოდის კავკასიურ-ირანული დენდროფლორის რელიქტების: უთხოვრის ტყე და ძელქვის კორომები. ტყის ეკოსისტემები წარმოდგენილია აგრეთვე ხელუხლებელი წიფლნარებითა და მურყნარებით. ბაწარის უთხოვრებს ლიანები პასტუხოვის სუროები და ეკალღიჭები აქვთ ზედ შემოხვეული. მდ. ილტოს ხეობა აღსანიშნავია ხელუხლებელი წიფლნარებით ლიანებისა და წყავის ქვეტყით. აგრეთვე, აქ გვხვდება: რცხილა, ქორაფი, ცაცხვი, ქართული მუხა და ზოგიერთი სხვა ხე. შინდი, ჩვეულებრივი თხილი, წითელი კუნელი და წერწა იზრდება.
ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიური ციყვი, კავკასიის ენდემი რადეს ბიგა. საშუალო და მსხვილი ძუძუმწოვარებიდან კი ბაწარასა და ილტოში გავრცელებულია: შველი, არჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, ტურა, მელა, მაჩვი, ქვის კვერნა, ტყის კვერნა, გარეული კატა, წავი და სხვ. ძალზე იშვიათია წავი.

7fdf200420d5

მდიდარია ორნიტოფაუნა. იგი დაახლოებით 60-მდე სახეობას ითვლის. აქ ქედანი, ჩხართვი, შაშვი, ყორანი, ჩიტბატონა, რამდენიმე სახეობის კოდალა და კიდევ მრავალი სახეობის პატარა ფრინველი ბუდობს, რომლებიც ბაწარა-ბანაეურისა და ილტოს მკვიდრი ბინადრები არიან.
აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობა კავკასიური ყარანა, ასევე მტაცებელი ფრინველები: ბატკანძერი, ორბი, სვავი, კირკიტა, ქორი, მიმინო, მთის არწივი და სხვ.

c402ca07d3a4

მდ. ბაწარასა და მის შენაკადებში, ასევე მდ. ილტოში გავრცელებულია კალმახი. ამფიბიებიდან გვხვდება 7 სახეობა, მათ შორის: კოლხური გომბეშო, ჩვეულებრივი ვასაკა, მწვანე გომბეშო, მცირეაზიური ბაყაყი და სხვ. ქვეწარმავლებიდან გვხვდება 14-მდე სახეობა. მათ შორისაა: ხვლიკის სამი ენდემური სახეობა – კავკასიური ხვლიკი, მდელოს ხვლიკი და ართვინის ხვლიკი, თუმცა სავარაუდოა ქართული ხვლიკის არსებობაც. რეპტილიების სხვა სახეობებიდან აღსანიშნავია კავკასიური გველგესლა. ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია ხმელთაშუაზღვის კუ.

767c159c4847

ბაბანეურის ნაკრძალის სიახლოვეს გვხვდება ბრინჯაოს ხანის ძეგლები – ჭერემსა და გავაზში აღმოჩენილი არქეოლოგიური ქვევრები, ბრინჯოსგან შექმნილის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, აკლდამები და კერამიკის უძველესი ნიმუშები, მეთერთმეტე საუკუნის ალავერდის კათედრალური ტაძარი, მეჩვიდმეტე საუკუნის გრემის ციხე-სიმაგრე და ეკლესია, კიდევ უფრო ძველი ნაქალაქარით, მეთორმეტე საუკუნეში აგებული იყალთოს აკადემია, მეექვსე და მეთექვსმეტე საუკუნის ძველი და ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსები, მეთვრამეტე საუკუნის მეფე ერეკლეს სასახლე კახეთის დედაქალაქ თელავში და ულამაზესი პარკით გარშემორტყმული მეცხრამეტე საუკუნის ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში, თამარის ეკლესია, წამებული, ღვთისმშობლის ეკლესია, სამება, წმინდა მარიამის ეკლესია. მდინარე ილტოს ნაპირზე მდებარეობდა კვეტერას ისტორიული ციხე ქალაქი.

ტურიზმის სახეობებიდან ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ კულტურული და ღვინის ტურებია, აგრეთვე, შესაძლებელია ფოტო-ვიდეო, ეკოლოგიური, საცხენოსნო, ფრინველებზე დაკვირვების და არქეოლოგიური ტურების მოწყობა. დაცული ტერიტორიის სიახლოვეს, თელავსა და წინანდალში არსებობს რამდენიმე კეთილმოწყობილი სასტუმრო და კარგად არის განვითარებული საოჯახო სასტუმროთა ქსელი. წინასწარი დაჯავშნით შესაძლებელია კვებისა და კომფორტული ღამის სათევის უზრუნველყოფა.

b59613304ddb

წყარო: http://www.dpa.gov.ge/

მსგავსი ამბები

Back to top button