არქივი

სადამდე მიგვიყვანს სამყაროს მუდმივი გაფართოება?

c1bc9e822cc1

დაახლოებით ერთი საუკუნის წინ მეცნიერებს სჯეროდათ, რომ მთელი კოსმოსი მხოლოდ ირმის ნახტომისაგან შედგებოდა. მეოცე საუკუნეში ასტრონომიის გაუმჯობესებამ ნათელი მოჰფინა სამყაროს გამოაგნებელ მასშტაბებს. სწორედ მაშინ დადგინდა, რომ სამყაროს 90 პროცენტზე მეტი ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. ამ აღმოჩენამ მეცნიერები ფიზიკის ძირითადი წარმოდგენებისა და ცნებების გადასინჯვის აუცილებლობის წინაშე დააყენა.
მეცნიერებმა სინათლის სიჩქარეზე დაკვირვებით უცნაური რამ შენიშნეს. მათ დაადგინეს, რომ დამკვირვებლებთან მიმართებაში სინათლის სიჩქარე ყოველთვის ერთნაირია, იმის მიუხედავად, თუ რა სისწრაფით მოძრაობს თავად დამკვირვებელი. ეს ყველაფერი ძალიან ალოგიკური იყო. ამ თავსატეხს ახსნა მას შემდეგ მოეძებნა, რაც 1905 წელს ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის თეორია აღმოაჩინა, რომლის თანახმადაც მანძილი, დრო და მასა ფარდობითია.

1907 წელს აინშტაინს ახალი აზრი დაებადა, რასაც მან თავისი ცხოვრების უბრწყინვალესი იდეა უწოდა. მან განავითარა ფარდობითობის თეორია და 1916 წელს გამოაქვეყნა კიდეც. ამ ნაშრომში აინშტაინმა ახსნა გრავიტაციის, სივრცისა და დროის ურთიერთქმედება და ამავდროულად დახვეწა ისააკ ნიუტონის აღმოჩენილი ფიზიკის კანონები.
აინშტაინს სჯეროდა, რომ სამყარო არც ფართოვდებოდა და არც იკუმშებოდა, ანუ სტატიკური იყო.
1929 წელს ამერიკელმა მეცნიერმა და ასტრონომმა ჰაბლიმ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ სამყარო ნელ–ნელა ფართოვდებოდა. ჰაბლიმ ნათელი მოჰფინა მეცნიერებისათვის დიდი ხნის განმავლობაში ამოუხსნელ საიდუმლოს, კერძოდ, რას წარმოადგენდა მკრთალი მნათი ლაქები, რომლებიც ღამით მოწმენდილ ცაზე ჩანდა და რომლებსაც მან აირის ამ გიგანტურ ღრუბლებს ნისლეულები უწოდა. იბადება კითხვა – ეს ნისლეული ჩვენი გალაქტიკის ნაწილი იყო თუ მის გარეთ მდებარეობდა, როგორც ამას ბრიტანელი ასტრონომი ჰერშელი ვარაუდობდა.
ჰაბლიმ გამოთვალა მანძილი ერთ–ერთ ნისლეულამდე და დაასკვნა, რომ სინამდვილეში ეს იყო მილიონობით სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკა. აქედან გამომდინარე, ეს ნისლეული საკმაოდ შორს უნდა ყოფილიყო ირმის ნახტომიდან, რომლის დიამეტრიც 100 ათასი სინათლის წელიწადია.
ჰაბლიმ გამოთვალა მანძილი სხვა ნისლეულამდეც, რითაც ფარდა ახადა სამყაროს აქამდე უცნობ გრანდიოზულ მასშტაბებს და რევოლუცია მოახდინა ასტრონომიასა და კოსმოლოგიაში.

ჰაბლიმ ისიც დაინახა, რომ შორეული გალაქტიკები სულ უფრო გვშორდებიან, რაც იმის ნიშანია, რომ სამყარო ფართოვდება. დაკვირვების საფუძველზე ისიც გამოჩნდა, რომ რაც უფრო შორსაა გალაქტიკა ჩვენგან, მით უფრო სწრაფად გვშორდება. მისი აღმოჩენების საფუძველზე იმის თქმა შეიძლება, რომ სამყარო დღეს უფრო დიდია, ვიდრე ადრე იყო.
1929 წელს ჰაბლიმ გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი, რამაც ნიადაგი მოუმზადა სამყაროს წარმოშობის შესახებ “დიდი აფეთქების” თეორიის განვითარებას. ამ თეორიის თანახმად, სამყარო 13 მილიარდი წლის წინ კოსმოსური აფეთქების შედეგად წარმოიშვა, მაგრამ მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან სამყაროს შესახებ.
ჰაბლის შემდეგ ასტრონომები ცდილობენ, რაც შეიძლება ზუსტად გამოთვალონ სამყაროს გაფართოების სიჩქარე, რასაც მათ ”ჰაბლის მუდმივა” უწოდეს. თუ ასტრონომები გამოთვლიდნენ სამყაროს გაფართოების სიჩქარეს, ისინი სამყაროს არსებობის ასაკსაც დაადგენდნენ. უფრო მეტიც, სამყაროს გაფართოების სიჩქარის გამოთვლა მნიშვნელოვანია მისი მომავლის განსაზღვრისთვისაც.
მეცნიერების თქმით, თუ სამყარო ძალიან ნელა ფართოვდება, მაშინ მიზიდულობის ძალა იმძლავრებს, რის შედეგადაც გალაქტიკები ერთმანეთს შეეჯახებიან და ყველაფერი განადგურდება, მაგრამ თუ სამყარო ძალიან სწრაფად ფართოვდება, დროთა განმავლობაში ის მთლიანად გაიფანტება.
მართალია, ზუსტი გამოთვლები ზოგ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ არ წყდება ახალი კითხვების ტალღაც.
1998 წელს მეცნიერებმა, რომლებიც ერთი ზეახალი ვარსკვლავიდან ანუ აფეთქებული ვარსკვლავიდან მომდინარე სინათლეს აკვირდებოდნენ, დაადგინეს, რომ სამყაროს გაფართოების სიჩქარე დღითიდღე იზრდება.
ამ მოსაზრებას მეცნიერები თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ მალე სულ უფრო მეტი დამამტკიცებელი ფაქტი გამოჩნდა. მათ აინტერესებდათ, რა ენერგიის ხარჯზე ჩქარდებოდა გაფართოების პროცესი. როგორც ჩანს, ერთი მხრივ, ეს ენერგია ეწინააღმდეგება მიზიდულობის ძალას, მეორე მხრივ, დღემდე არსებული თეორიებით შეუძლებელია მისი ახსნა. იდუმალებით მოცულ ამ ენერგიას სათანადოდ უწოდეს ბნელი ენერგია და შესაძლოა, ჩვენი სამყაროს თითქმის 75 პროცენტს სწორედ იგი შეადგენდეს.

a8db05bb1f74“>

ბნელი ენერგია ბოლო დროს აღმოჩენილი იდუმალებით მოცული ერთადერთი ფენომენი არ არის. გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ასტრონომებმა არაერთი გალაქტიკა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს გალაქტიკები, ისევე როგორც ჩვენი გალაქტიკა, ძალიან სწრაფად მოძრაობენ, მაგრამ ერთმანეთს არ შორდებიან. აშკარაა, რომ მათ რაღაც სხვა მატერია უნდა აძლევდეს საჭირო მიზიდულობის ძალას.
რა მატერია უნდა იყოს ეს? მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ეს, ამიტომ მას პირობითად ბნელი მატერია უწოდეს. ის არ შთანთქავს, არ ასხივებს და არ ირეკლავს რადიოაქტიურ გამოსხივებებს. რა რაოდენობის ბნელი მატერიაა სამყაროში? გამოთვლების თანახმად, სამყაროს მასის დაახლოებით 22 პროცენტს ბნელი მატერია შეადგენს.
გამოთვლების თანახმად, სამყაროს მასის 4 პროცენტს ჩვეულებრივი მატერია შეადგენს. სამყაროს დარჩენილი ნაწილი დღემდე იდუმალებით მოცულ ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას უკავია. ამრიგად, სამყაროს დაახლოებით 95 პროცენტი ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება.
მეცნიერები პასუხს ეძებენ, მაგრამ ძალიან ხშირად მიგნებული პასუხი სხვა კითხვას ბადებს. უდავოა, რომ ხანმოკლე სიცოცხლის გამო ჩვენი ცოდნა შეზღუდულია, გარდა ამისა, ეს ცოდნა ვარაუდებს ეფუძნება და ადრე თუ გვიან შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.

წყარო:  sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button