კულტურაუცნაური

ამერიკელმა მილიონერმა 7 წლის შვილი მოკლა, რის შემდეგაც თავის მოკვლა სცადა

c3785e70dea6
ამერიკელმა მილიონერმა 7 წლის შვილი მოკლა, რის შემდეგაც თავის მოკვლა სცადა

ამერიკის პოლიცია 49 წლის მილიონერი ქალბატონის, გიგი ჯორდანის ოჯახში მომხდარ საშინელ ტრაგედიას იძიებს. ჯორდანმა თავისი 7 წლის ვაჟი მოკლა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა. სუიციდამდე რამდენიმე ხნით ადრე მაღალი კლასის საზოგადოების ქალბატონმა ათობით მილიონი დოლარი გადარიცხა ჰაიტელების დასახმარებლად და სხვა საქველმოქმედო საჭიროებებისთვის.

ოჯახური დრამა გასული კვირის ბოლოს, მანჰეტენზე, ნიუ-იორკის მდიდრულ ოტელში “Peninsula” დატრიალდა – იტყობინება ”ნიუ იორკ პოსტი”. სასტუმროს ნომერში, სადაც ჯორდანი და მისი მცირეწლოვანი შვილი ჯუდ მაიკლ მირი ცხოვრობდნენ, პოლიციელებმა ძლივს შეაღწიეს, რადგან მილიონერს კარზე ავეჯი ჰქონდა მიდგმული.

გარდაცვლილი ბავშვი საწოლზე იწვა, დედა კი იატაკზე, საწოლთან იჯდა. გარშემო წამლები იყო მიმოფანტული. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჯორდანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა. ჯორდანი, რომელმაც აღიარა შვილის მკვლელობა, ამჟამად ციხეში იმყოფება.

განგაში მილიონერი ქალბატონის ბელგიაში მცხოვრებმა დეიდამ ატეხა, რომლის თქმით, ჯორდანმა მას რამდენიმე შეტყობინება გაუგზავა, სადაც იმუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა და შვილსაც მოკლავდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯორდანმა ბავშვს დიდი რაოდენობით ძილის წამლები დაალევინა, გარდაცვალების შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში ეფერებოდა შვილის სხეულს. დილით მან თავისთვისაც მოიმზადა საწამლავი. საწოლთან პოლიციამ იპოვნა წერილი, სადაც დედა წერდა, რომ აუტიზმით დაავადებული მისი შვილი გააუპატიურეს, რაც ორივეს აუტანელ სულიერ ტანჯვას აყენებდა.

გიგი ჯორდანის თქმით, გეგმის განხორციელებამდე მან ჰაიტის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 12 მილიონი დოლარი ორგანიზაციას ”ექიმები საზღვრებს გარეშე”, 8 მილიონი დოლარი კი წითელ ჯვარს გადაურიცხა.

მიმდინარეობს გამოძიება. ჯორდანის სახლიდან ამოღებულია მისი პერსონალური კომპიუტერი. მილიონერი ქალბატონი ამ დღეებში ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის. გამორიცხული არ არის, მისი არაადექვატური ქმედების მიზეზი მეორე ქმართან განქორწინება გამხდარიყო. გარდაცვლილი ბავშვის მამა, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი, 42 წლის ემილ ცეკოვი შოკირებულია მომხდარით და ვერაფრით ხსნის მისი ყოფილი მეუღლის ქმედებას. მისი თქმით, გიგი ჯორდანი საუკეთესო დედა იყო. მან ავადმყოფი შვილის მოვლას კარიერაც კი შესწირა.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button