არქივი

რაღაც-რუღაცები ძილის შესახებ

sph06

ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ, თუმცა დაზუსტებით მაინც უცნობია, რატომ. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძილი – ეს არის დღემდე ამოუხსნელი ერთ-ერთი დილემა.

სიურეალისტი მხატვრის სალვადორ დალის შემოქმედება რაღაც შუალედურია რეალობასა და სიზმარს შორის. გადმოცემის მიხედვით, მას ასეთი ჩვევა ჰქონდა: იატაკზე დებდა მეტალის ტაფას, დგამდა სკამს და ჯდებოდა, ხელში კი კოვზს იჭერდა, რომელიც ზუსტად ტაფის თავზე იყო. როგორც კი ჩაეძინებოდა, ხელი უდუნდებოდა და კოვზი ტაფაზე ეცემოდა, რის შედეგადაც მაშინვე ეღვიძებოდა და ხატვას იწყებდა.

ფრანგ მათემატიკოსს აბრაამ დე მუავრს სიბერეში დღე-ღამეში 20 საათი ეძინა. გასაკვირი ისაა, რომ მეცნიერებს როგორ წესი, უფრო ნაკლები სძინავთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მუავრის შემთხვევაში კი პირიქით აღმოჩნდა. შედარებისთვის, გამომგონებლებს, ნიკოლა ტესლას და ტომას ალვა ედისონს ძალიან ცოტა ეძინათ, თუმცა მუშაობის დროს ხანდახან ეყვინთებოდათ ხოლმე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე ელექტროობაზე მუშაობდა, მთლად კარგი ჩვევა არ იყო.

ცოტა დროს უთმობდნენ ძილს ასევე დაკავებული ლიდერები, როგორებიც იყვნენ უინსტონ ჩერჩილი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი, ნაპოლეონ ბონაპარტი. ბარაკ ობამას 4 საათი სძინავს, რაც სავსებით ყოფნის და დღის განმავლობაში აქტიურია. დონალდ ტრამპი თავის ლურჯ თვალებს ასევე მხოლოდ 4 საათით ასვენებს, რის შემდეგაც მზადაა ახალ იდეებზე ფიქრისთვის.

ფოლკლორები და მითები გვიამბობენ ადამიანებზე, რომლებსაც უჩვეულოდ დიდხანს ეძინათ. მაგალითად, მძინარე მზეთუნახავი (100 წელი), რიპ ვან უინკლი (20 წელი). მიიჩნევენ, რომ ამ ზღაპრების საფუძველი რეალური შემთხვევებია, ოღონდ რა თქმა უნდა, გაზვიადებული სახით. არსებობს დარღვევა – კლეინ-ლევინის სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანს რამდენიმე დღე და შეიძლება კვირაც ეძინოს.

რამდენი ხნით შეგიძლიათ შეიკავოთ სუნთქვა? წარმოიდგინეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ხვრინვის გართულებული ფორმის გამო ზოგჯერ 2 წუთი და მეტი უწევთ ძილში სუნთქვის გარეშე ყოფნა. თუმცა ფხიზელ მდგომარეობაში ჩვეულებრივ სუნთქავენ. გაღვიძებისას ასეთები თავს გრძნობენ გადაღლილად და გამოფიტულად. როცა ამას ხშირი ხასიათი ეძლევა, უკვე სამედიცინო ჩარევა ხდება საჭირო.

შეფერხებული ძილის ფაზის სინდრომის დროს ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ ადრე დაიძინონ და ადრე გაიღვიძონ. ისინი არიან ე.წ. “ბუები”, მაგრამ ეს არაა მათი არჩევანი. უბრალოდ, ორგანიზმია ასე მოწყობილი. განსაკუთრებით ხშირია ეს შემთხვევა მოზარდებში. ამის საპირისპიროდ, არსებობს გაუმჯობესებული ძილის ფაზის სინდრომი, როცა ადამიანი ადრე იღვიძებს და ადრე იძინებს. ეს უფრო ხანდაზმულ ადამიანებში გვხვდება.

i88ao

უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში ამერიკელი მოზარდების ძილის ხანგრძლივობა შემცირდა 2 საათით – 9½ სთ-იდან ჩამოვიდა 7½ სთ-ზე. სავარაუდოდ ამის მიზეზებია:

  • ელეტროენერგია – ადრე, როცა განათება არ ჰქონდათ, დაღამებასთან ერთად ძილი ერეოდათ, ახლა კი ანთებული ნათურები ფხიზლად გვამყოფებს.
  • საზოგადოება გახდა დღეღამური – კომპიუტერი და ინტერნეტი 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, ასევე გასართობი ადგილებიც, ხოლო საინტერესო გადაცემებიდან ბევრი გადის საღამოსა და ღამის საათებში.
  • ცხოვრების უფრო დაძაბული გრაფიკი – ცხოვრება დღეს ისეთი ადვილი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ. ფიზიკური სამუშაო შემცირდა, თუმცა გონებრივი გაიზარდა, რაც არანაკლებ ენერგიას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასევე ცხადია, გაიზარდა სასწავლო პროგრამის მოცულობა და შესაბამისად, დატვირთვა მოსწავლეებსა და სტუდენტებზე.
  • ვირთხები, რომლებსაც ექსპერიმენტების დროს საერთოდ არ აძლევდნენ ძილის საშუალებას, უფრო მალე იღუპებოდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც მთლიანად აშიმშილებდნენ, მაგრამ ძილის რეჟიმი ნორმალური ჰქონდათ.

    ბრიტანეთში ხვრინვა ჩვეულებრივი მოვლენაა – არაოფიციალური ცნობებით, ეს მოსახლეობის 75%-ს ახასიათებს. 48 წლის ბრიტანელი ენდრიუ შელბი ძილში ხვრინავს სიხშირით 108.5 დეციბელი, რის გამოც მისი ცოლი ყურსასმენებით იძინებს. შარლოტას განცხადებით, 15 წლის მანძილზე ყველა საშუალება სცადა, რომ ქმარი გადაეჩვია ხვრინვას, მაგრამ ამაოდ. ერთხელ მოწყობილობაც კი იყიდა, რომელიც ხვრინვის დაწყებისთანავე ენდრიუს ელექტრულ შოკს აყენებდა, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა.

    db9th

    უკეთ რომ გაიგოთ შარლოტას წუხილი, შედარებისთვის პატარა სტატისტიკას მოგიყვანთ:

  • ხვრინვის ნორმალური სიხშირე – 50 დეციბელი
  • სარეცხი მანქანა მუშაობისას – 78 დეციბელი
  • დიზელზე მომუშავე სატვირთო მანქანა – 84 დეციბელი
  • ტრაქტორი – 98 დეციბელი
  • მატარებელი – 100 დეციბელი
  • პატარა თვითმფრინავი, რომელიც გათვლილია დაბალ სიმაღლეზე – 103 დეციბელი
  • ენდრიუ შელბი – 108.5 დეციბელი
  • ფორმულა 1-ის ავტომობილი – 109 დეციბელი
  • თვითმფრინავი აფრენისას – 110 დეციბელი
  • მაგრამ ქალები ხომ ყველაფერში უნდა გაეჯიბრონ კაცებს ( :mamao: ) და ენდრიუს მჯობნი გამოუჩნდა 60 წლის ჯენი ჩეპმენის სახით. მისი მაჩვენებელი 111.6 დეციბელია. ჯენის ეს ჩვევა ბავშვობიდან აქვს, მისი თქმით, უკვე აღარც იცის, რამდენჯერ მიაკითხა ექიმებს, დალია სხვადასხვა სახის აბები, რაც უშედეგო აღმოჩნდა და მისი გაწამებული ქმარი უმეტესწილად ცალკე ოთახში იძინებს ხოლმე.

    q609z

    თევზების მსგავსად, ადამიანებსაც შეუძლიათ თვალგახელილებს ეძინოთ. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მისდევენ მედიტაციას, ახერხებენ ძილის მდგომარეობაში თვალების დახუჭვის გარეშე გადავიდნენ. ასევე ჩვილი ბავშვების ნაწილს ზოგჯერ ქუთუთოების სწორად ამოძრავება არ შეუძლიათ, რის გამოც თვალები ნაწილობრივ გახელილი აქვთ, მაგრამ ეს ხელს არ უშლით დასვენებასა და რელაქსაციაში. ვისაც სომნამბულიზმი (იგივე მთვარეულობა, ლუნატიზმი) სჭირს, ძილში სხვადასხვა მოქმედებას ასრულებს. ამ დროს ზოგჯერ თვალები გახელილი აქვთ, მაგრამ ცნობიერება დაბინდულია, რის გამოც გამოღვიძებისას ან არაფერი ახსოვთ ან ბუნდოვანი მონაკვეთები რჩებათ მეხსიერებაში. ძველად ეგონათ, რომ მთვარის შუქი იწვევდა ასეთ მდგომარეობას, სახელიც ამიტომ ეწოდა.

    ცხოველებს ადამიანებისგან განსხვავებული ჩვევები აქვთ. ძროხებს ფეხზე მდგომებს სძინავთ, სიზმრისას კი წვანან. დელფინებს ძილისას ტვინის ერთი ნახევარი უდუნდებათ, მეორე ნახევარი კი სუნთქვას აკონტროლებს. ახალშობილ დელფინს რამდენიმე თვის განმავლობაში არ სძინავს, ასევე დედასაც.

    ყველაზე ნაკლები დრო ძუძუმწოვრებში სჭირდება ჟირაფს, მისი ძილი გრძელდება 10 წუთიდან 2 საათამდე. 24 საათის განმავლობაში მათი საშუალო მაჩვენებელია 1.9 საათი. ბრჭყალების განსაკუთრებული აგებულების გამო ღამურებს თავდაყირა სძინავთ. ამასთან, მათი ფრთები არც ისე ძლიერია, რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი მძინარე სხეული შეაკავოს. სქელკუდიანი ჯუჯა ლემური ხის ფუღუროში ეძლევა ზამთრის ძილს 7 თვის განმავლობაში, ამ პერიოდში ის ვერ აკონტროლებს საკუთარ ტემპერატურას. ალბატროსები ფრენის დროსაც კი თვლემენ, როცა მათი სიჩქარე აღწევს 40 კმ/სთ-ს.

    პროცენტული მაჩვენებლები ძილის ხვედრითი წილის შესახებ:

  • ყავისფერი ღამურა დღე-ღამის 82.9%-ს უთმობს ძილს, ანუ 19.9 საათს
  • k2pjk

  • გიგანტური ჯავშნოსანი – 75.4%-ს, ანუ 18.1 სთ-ს
  • ჩრდილო ამერიკული ოპოსუმი – 75%-ს, ანუ 18 სთ-ს
  • პითონი – 75%-ს, ანუ 18 სთ-ს
  • 01l1w

  • ღამურა მაიმუნი – 70.8%-ს, ანუ 17 სთ-ს
  • ჩვილი ბავშვი (ადამიანი) – 66.7%-ს ანუ 16 სთ-ს
  • ხის ბიგა – 65.8%-ს, ანუ 15.8 სთ-ს
  • ვეფხვი – 65.8%-ს, ანუ 15.8 სთ-ს
  • i89hl

  • დასავლური გომბეშო – 62%-ს, ანუ 14.9 სთ-ს
  • ციყვი – 62%-ს, ანუ 14.9 სთ-ს
  • ქრცვინი – 60.4%-ს, ანუ 14.5 სთ-ს
  • ლომი – 56.3%-ს, ანუ 13.5 სთ-ს
  • 8lyur

  • სამთითა ზარმაცა – 60%-ს, ანუ 14.4 სთ-ს
  • უდაბნოს ვირთხა – 54.4%-ს, ანუ 13.1 სთ-ს
  • g7kyy

  • ოქროსფერი ზაზუნა – 59.6%-ს, ანუ 14.3 სთ-ს
  • ჩვეულებრივი ვირთხა – 52.4%-ს, ანუ 12.6 სთ-ს
  • oj3d7

  • იხვნისკარტა – 58.3%-ს, ანუ 14 სთ-ს
  • კატა – 50.6%-ს, ანუ 12.1 სთ-ს
  • თაგვი – 50.3%-ს, ანუ 12.1 სთ-ს
  • v2vtp

  • ავაზა – 50.6%-ს, ანუ 12.1 სთ-ს
  • რა საჭიროა ძილი? მოსაზრება ბევრია, მაგრამ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, არცერთი მათგანი არაა ბოლომდე დასაბუთებული. როგორც წესი, მიიჩნევა, რომ ძილის პროცესი ემსახურება ქმედითუნარიანობის ამაღლებას, ორგანიზმის ტონუსში მოყვანას. მაგრამ მას უარყოფითი ეფექტიც აქვს: მძინარე ცხოველები (და ზოგჯერ ადამიანებიც) ხელში ადვილად ჩასაგდები მსხვერპლნი ხდებიან მტაცებლებისთვის, ამ დროს მათ არ აქვთ საშუალება, გამოავლინონ თავდაცვითი უნარები.

    კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქიატრიის დარგში და ძილის ფენომენის კვლევის ცენტრის თავმჯდომარე ჯერომ სიგელი მიიჩნევს, რომ ძილს აქვს რაღაც ჯერჯერობით უცნობი ფსიქოლოგიური ან ნერვული ფუნქცია, რისი განხორციელებაც ორგანიზმს სიფხიზლისას არ შეუძლია. მკვლევართა ჯგუფმა ჯერომის ხელმძღვანელობით ჩაატარა მრავალი დაკვირვება, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ ძილისმაგვარი მდგომარეობა აქვთ იმ ორგანიზმებსაც, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ნერვული სისტემა, ასევე მცენარეებსაც და მიკროორგანიზმებსაც კი. ეს ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ძილი ძირითადად ტვინისთვისაა საჭირო.

    უძილობა, როგორც სასჯელი, უძველესი დროიდან იხმარებოდა ომებში ტყვედ ჩავარდნილთა და დამნაშავეთა მიმართ, რათა საჭირო ინფორმაცია გამოეძალათ. ხანგრძლივ პერიოდში ეს სასჯელი იწვევდა ორიენტაციის უნარის წართმევას, ბოდვებს, ჰალუცინაციებს, დეპრესიას, საბოლოოდ კი შეშლილობას და სიკვდილს. ძილი გაცილებით უფრო საჭიროა ორგანიზმისთვის, ვიდრე წყალი და საკვები. ძილის დარღვევისას ორგანიზმი სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს. ამ მიზეზის გამო მეცნიერები არაეთიკურად თვლიან, ჩაატარონ ადამიანებზე ექსპერიმენტები იმის დასადგენად, რა შედეგი მოაქვს სხვადასხვა ხანგრძლივობის უძილობას.

    რეკორდი უძილობაში ეკუთვნის 17 წლის კალიფორნიელ მოსწავლეს რენდი გარდნერს. მან 264 საათის (11 დღე) განმავლობაში შეძლო თავის შეკავება. მის ჯანმრთელობას ამ პერიოდში აკვირდებოდა სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი უილიამ დემენტი. მისი განცხადებით, მეათე დღეს გარდნერთან პინბოლი ითამაშა და დამარცხდა, რითაც ნათელი გახდა, რომ რეკორდსმენს გონება წესრიგში ჰქონდა. თუმცა ნეიროფსიქიატრი ჯონ როსი წერდა, რომ შეინიშნებოდა ცვლილებები კონცენტრაციასა და ქცევებში. მეოთხე დღეს მას მოეჩვენა, რომ ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი პოლ ლუი იყო, ხოლო ქუჩის აბრა – ადამიანი. მე-11 დღეს ჯონის თხოვნით რენდიმ დაიწყო 100-დან და ასახელებდა რიცხვებს 7-ის გამოკლებით (93, 84, 77 და ა.შ.). საბოლოოდ, ის 65-ზე შეჩერდა, რადგან დაავიწყდა, რას აკეთებდა. რეკორდი რომ მოიხსნა, რენდი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა, სადაც ყოველგვარი ბორძიკისა და შეფერხების გარეშე ისაუბრა. სახლში წასვლისას რეკორდსმენს ეძინა 14 სთ და 40 წთ, შემდეგ იფხიზლა 24 სთ, ამის შემდეგ დაიძინა 8 სთ და ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ კალაპოტში ჩადგა.

    არსებობს ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რენდის რეკორდი მოიხნა, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციის გამო ისევ რენდი რჩება რეკორდსმენად. მაგალითად, სტუდენტმა ჯიმ ტომასმა გაძლო 266.5 საათი (11 დღე და 2.5 სთ), მორენ უესტონმა კი 449 საათი (18 დღე და 17 სთ). ავსტრალიის ეროვნული ცენტრი ძილის კვლევის საკითხში იუწყება, რომ ყველაზე ხანგრძლივი მაჩვენებელი არის 18 დღე, 21 საათი და 40 წუთი. 2007 წლის 25 მარტს 42 წლის ტონი რაითმა განაცხადა, რომ 264 საათი არ ეძინა, რის შედეგადაც გაიმეორა რენდის რეკორდი და ამის დასადასტურებლად ვიდეოჩანაწერებიც წარუდგინა პრესას.

    არსებობს უფრო მსხვილი მაჩვენებლებიც, რომლებიდანაც ზოგი ან პათოლოგიას განეკუთვნება, ან მეცნიერულად დაუდასტურებელია. წარმოგიდგენთ რამდენიმე შემთხვევას:

  • დაუდასტურებელია მეცნიერულად: ვიეტნამელმა ტაი ნგოკმა 2006 წელს განაცხადა, რომ 33 წლის განმავლობაში არ სძინებია. ამ დარღვევას თუ არ ჩავთვლით, 68 წლის ტაი მთლიანად ჯანმრთელია. უფრო მეტიც, როცა განცხადება გააკეთა, იმ პერიოდში საკმარისი ძალა ჰქონდა, რათა ღორის საკვებით სავსე 50 კგ სიმძიმის ტომარა ეთრია 4 კმ-იან გზაზე.
  • სადავოა კონტრარგუმენტების გამო: 2005 წლის იანვარში რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ “რია ნოვოსტიმ” საზოგადოებას ამცნო უკრიანელი ფიოდორ ნესტერჩუკის შესახებ, რომელსაც 20 წელი არ ეძინა. ადგილობრივი ექიმი ფიოდორ კოშელი ირწმუნებოდა, რომ ბევრჯერ გაუკეთა ანალიზები, მიმართა სხვადასხვა ხერხს, მაგრამ ვერაფერი უშველა. თუმცა ამ ამბის შესახებ დამატებითი გამოძიება “გარდიანმა” აიღო თავის თავზე, რის შედეგადაც განაცხადეს, რომ ფეოდორს დღე-ღამეში 2-3 ეძინა ხოლმე.
  • გაურკვეველია ზუსტი ინფორმაცია: 2008 წელს ამერიკულმა პრესამ გაახმაურა ფლორიდის ქალაქ სანკტ-პეტერბურგელ 4 წლის რეთ ლამბის ისტორია, რომელიც უბრალოდ ვერ იძინებდა და დედამისის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში ეღვიძა. თუმცა გავრცელდა მეორე ვარიანტიც, რომ მას დღე-ღამეში 1-2 საათი ეძინა ხოლმე. ასეა თუ ისე, მისი დაავადების მიზეზი თავის ქალისა და ტვინის პატარა სახის დეფორმაცია აღმოჩნდა და ოპერაციის ჩატარების შემდგომ ნორმალურ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება.
  • პათოლოგია: მეოცე საუკუნეში მცხოვრები ნიუ ჯერსელი ალ ჰერპინი ცნობილი გახდა როგორც “ადამიანი, რომელსაც არასდროს ეძინა.” ინსომნიის იშვიათი ფორმის გამო ის მუდმივად ფხიზელი იყო. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ეს, ერთ–ერთი ვერსიით, მიზეზი ის იყო, რომ დედამისი მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე დაშავდა. 1904 წლის 29 თებერვალს გაზეთი ‘New York Times’ წერდა: “საფრანგეთში 1862 წელს დაბადებული ალბერტ ჰერპინი აცხადებს, რომ ბოლო 10 წელია, საერთოდ არ უძინია. ამასთან, მას არ აღენიშნება უძილობით გამოწვეული რაიმე სახის დარღვევა.” 40-იან წლებში ალბერტის ამბავი გახმაურდა და მის კარებთან მედიკოსების რიგი დადგა, რომლებიც მათდა გასაოცრად, ხედავდნენ სახლს, რომელშიც არ იყო საწოლის ან მსგავსი ავეჯის ჭაჭანება, მხოლოდ სარწეველა სკამი. როცა ნიუ ჯერსი იძინებდა, ჰერპინი ჯდებოდა სარწეველაში და სიზმრების სამყაროს ნაცვლად თავის ფიქრებში იძირებოდა. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ იწყებდა გაზეთის კითხვას, სანამ თავზე არ დაათენდებოდა, შემდეგ კი ისევ სამუშაოს მიუბრუნდებოდა ხოლმე. ჰქონდა კარგი ჯანმრთელობა, რაზეც ის მეტყველებს, რომ 94 წლის ასაკში გარდაიცვალა სიბერით. მის შესახებ კიდევ ერთხელ დაწერა ‘New York Times’-მა და მიუთითა, რომ სიკვდილის მიზეზი ინსომნია არ ყოფილა.
  • ჩემი პირადი რეკორდი უძილობაში დაახლოებით 38 საათია :boli:

    ზი ენდ :mamao:

    მსგავსი ამბები

    Back to top button