არქივი

მე–13 ზოდიაქო

horoscope

ასტროლოგიაში არსებობს ვერსია მე–13 ზოდიაქოს შესახებ. გველის მგეშავის ზოდიაქო, როგორც მას უწოდებენ, მოიცავს პერიოდს 15 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.

ეს არის ღრიანკალის – ბოლო და მშვილდოსნის პირველი კვირის პერიოდი. ამ დროს დაბადებულ ადამიანებში შეინიშნება გველის მგეშავის თანავარსკვლავედის ზეგავლენა, რაც მათ ხასიათს განსაკუთრებულ თვისებებს სძენს. ცალკეული ასტროლოგების თვალსაზრისით, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სულ სხვა დონეზე განსახილველი, განსაკუთრებული ხალხია. რამდენად იზიარებს ტრადიციული ასტროლოგია მე–13 ზოდიაქოს ვერსიას და საერთოდ რის საფუძველზე ჩამოყალიბდა იგი, ამ თემაზე “სარკეს” ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ესაუბრა.

რა თვისებებით აჯილდოებს გველის მგეშავი ადამიანებს

– მე–13 ზოდიაქოს არსებობის ვერსია ძალიან წინააღმდეგობრივია, ამიტომ პროფესიონალი ასტროლოგები მას იშვიათად იყენებენ. პირადად მე ამ თანავარსკვლავედის მე–13 ზოდიაქოდ ჩათვლის წინააღმდეგი ვარ და რატომ – 12 არის საკრალური რიცხვი და სამყაროსეულ ჰარმონიას უკავშირდება. პრაქტიკა ადასტურებს, რომ ადამიანთა კოლექტივი პროდუქტიულად იწყებს მოქმედებას, თუ მათი რიცხვი აღწევს 12–ს ან 12–ის ჯერადია (24, 36, 48 და ა.შ.), 6 ან 6–ის ჯერადია. ეს კანონზომიერება ცხოველთა სამყაროშიც შეინიშნება. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტერმიტები მაშინ იწყებენ ბუდის მშენებლობას, როცა მათი მინიმალური რაოდენობის მასა შეიკვრება და ხშირად მათი რიცხვი 12–ია. კალენდარში არსებობს 12 თვე. ჩინური ფილოსოფიის თანახმად, ადამიანის ორგანიზმში არის 12 ძირითადი მერიდიანი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში აქტიურდება, პლანეტების შესაბამისად. ასევე არსებობს 12 ზოდიაქო, ხოლო 13 არანაირად არ ზის სამყაროსეული ლოგიკის არც ერთ კონტექსტში.

– მაშ რამ გამოიწვია ასტროლოგიაში მე–13 ზოდიაქოს ვერსიის წარმოქმნა?

– ასტროლოგიაში არის ტერმინი “ვია კომბუსტა”, რაც ქართულად ნიშნავს დამწვარ გზას. ის არის კაშკაშა ვარსკვლავების კრებული, რომელიც დედამიწიდან სამყაროს ცენტრის მიმართულებას მიგვანიშნებს. ძველი ასტროლოგიური წყაროები მიუთითებენ, რომ ვია კომბუსტა მოიცავს ნაწილობრივ სასწორის ზოდიაქოს გრადუსებს და გადადის მორიელში. თანამედროვე ასტროლოგები კი თვლიან, რომ ის იწყება ანტარესიდან (ანტარესი არის ვარსკვლავი მშვილდოსნის ზოდიაქოში), მშვილდოსნის 15 გრადუსიდან და გრძელდება თხის რქის 10 გრადუსამდე. გველის მგეშავის თანავარსკვლავედის გავლენას ძველი ასტროლოგები სასწორსა და მორიელს უკავშირებენ, ხოლო თანამედროვე ასტროლოგები – მორიელსა და მშვილდოსანს. ეს არის პერიოდი 15 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.

როგორც ხედავთ, არსებობს სხვადასხვა ვერსია. ძნელია დაადგინო რომელიმე მათგანის სისწორე, მაგრამ ცხადია, რომ ამ პერიოდში რაღაც ნამდვილად ხდება. გველის მგეშავის თანავარსკვლავედი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ვარსკვლავთკრებულია და მისი ვარსკვლავები შედარებით მაღალ სფეროზე გავლენას ახდენენ დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე, კონკრეტულად ადამიანებზეც. სწორედ ამ გავლენის საფუძველზე შეიქმნა მე–13 ზოდიაქოს ვერსია. თუმცა ეს საკმარისი მოტივი არ არის, ვინაიდან დანარჩენ ზოდიაქოებზეც შეინიშნება სხვადასხვა თანავარსკვლავედის გავლენა. ამასთან, ყველა ზოდიაქოში შეიძლება გამოვნახოთ მე–13 ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი თვისებები, მაგრამ ეს ზოდიაქოს გავლენა არ არის, ეს ვარსკვლავების ზეგავლენაა.

– გველის მგეშავის თანავარსკვლავედი კონკრეტულად რა გავლენას ახდენს აღნიშნულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებზე?

– ამ თანავარსკვლავედს ძველი ბერძნები მიაწერდნენ მედიცინის ღვთაება ასკლეპიოსს. აქედან წამოვიდა გველის ემბლემა. ავესტური ასტროლოგია ამ ვარსვლავთკრებულს უკავშირებს მეფე ვაჰავის შესახებ მითს: მეფე ვაჰავი აცდუნა ეშმაკმა, მისი კოცნის შემდეგ ვაჰავს ხელზე წამოეზარდა გველები, რომლებიც ადამიანის ტვინით იკვებებოდნენ. ხალხი იძულებული გახდა, გველების დანაყრების მიზნით, მეფისთვის ახალგაზრდები შეეწირათ. ამდენად, გველის მგეშავის თანავარსკვლავედს ბერძნები მედიცინას უკავშირებენ, ხოლო ავესტური ასტროლოგია მას ეშმაკისაგან ცდუნებული ადამიანის ენერგეტიკის მატარებლად თვლის.

როგორც ვხედავთ, აქაც გარკვეული წინააღმდეგობაა. პრაქტიკულ ასტროლოგიაში ამ თანავარსკვლავედს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გავლენა. როდესაც გარკვეული პლანეტები მოძრაობენ ამ ვარსკვლავების ფონზე, ანუ ამ თანავარსკვლავედში შედიან და გამოდიან, სატურნისა და მარსის შემთხვევაში მხოლოდ ნეგატიური გავლენაა. მორიელს (იგულისხმება 15 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე დაბადებული ადამიანები) გველის მგეშავის თანავარსკვლავედის გავლენით, ექმნება გარკვეული პრობლემები, მაგალითად, თუკი ის რაიმე სფეროში ძალაუფლებას მიაღწევს, უნდა ერიდოს მის ბოროტად გამოყენებას. ამ დროს მას ეძლევა გარკვეული ფსიქოლოგიური დომინირების შესაძლებლობა, როგორც კი დაიწყებს ვინმესთვის ზიანის, ტკივილის მიყენებას, მოსალოდნელია ერთი ხელის მოსმით დაკარგოს ეს ძალაუფლება.

რაც შეეხება მშვილდოსანს (ამ შემთხვევაში იგულისხმება მხოლოდ 22 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით დაბადებულები), აქ მარსის და იუპიტერის გავლენა უფრო იკვეთება. ეს მშვილდოსნები ადვილად აღწევენ წარმატებას და ძალაუფლებას, მთავარია აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია. როგორც კი გაჩერდებიან, მათ გარშემო მყისვე ყველაფერი ჩერდება. როდესაც აქტიურობენ, მათ წინაშე წარმატებათა ახალ–ახალი პერსპექტივები იშლება. ეს ვარსკვლავების გავლენაა და არა – ზოდიაქოსი.

ავესტური ასტროლოგია, რომელიც ამ უძრავ ვარსკვლავებზეა აგებული, ცოტა არ იყოს, ფატალურ, საბედისწერო ხასიათსაც ატარებს. აქ აღიქმება საზოგადოების, კოლექტიური ცნობიერების გავლენა ადამიანზე. მაგალითად, თუ მორიელი აღწევს ძალაუფლებას და საზოგადოება ამის პირობებს უქმნის, იგივე საზოგადოება მის წინააღმდეგ იწყებს მუშაობას, როგორც კი მორიელი ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას შეეცდება. აქ ადამიანის ნება იმდენად არ არის გამოკვეთილი, როგორც ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობა. ასევეა მშვილდოსანიც: საზოგადოება მისგან ელის აქტიურობას, ეხმარება მას და მაქსიმუმს აძლევს თავისი მხრიდან, მაგრამ თუ მშვილდოსანი პასიურია, ის საზოგადოებისგან გარიყული აღმოჩნდება. სწორედ ეს არის ფატალურობა, საბედისწერო, იძულებითი ვარიანტი, თუ შეიძლება, ასე ითქვას.

ანალოგიური ვარიანტი სხვა ზოდიაქოებზეც შეინიშნება. ავიღოთ ვარსკვლავი ალგორაბი სულ სხვა თანავარსკვლავედიდან, სასწორის მე–15 გრადუსში. იგულისხმება 5 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით დაბადებული ადამიანები (მარსისა და სატურნის შერწყმა). ალგორაბის ზეგავლენა ნიშნავს, რომ ადამიანი, მართალია, აქტიურობს, მაგრამ მისი აქტიურობა უნდა იყოს განსაზღვრული ხანგრძლივ პერსპექტივაზე. ამ ადამიანს საზოგადოება მხოლოდ იმ შემთხვევაში ამჩნევს, როდესაც მას წარმატების მისაღწევად უკვე დიდი ენერგია აქვს დახარჯული. სანამ ის ენერგიის აუცილებელ, სხვა ადამიანებთან შედარებით დიდ ნაწილს არ დახარჯავს, წარმატება მასთან არ მოვა. ასევე შეინიშნება სხვა ზოდიაქოებზე განსხვავებული ვარსკვლავების ზეგავლენაც. ამდენად, ამ ლოგიკით მაინცდამაინც გველის მგეშავის თანავარსკვლავედის ცალკე ზოდიაქოდ აღიარება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენა უდავოა. ამას მხოლოდ არეულობა შემოაქვს ასტროლოგიაში.

– ვინ შემოიტანა პირველად ეს არეულობა?

– გველის მგეშავის თანავარსკვლავედის გავლენაზე ჯერ კიდევ ავესტური ასტროლოგია მიუთითებს, მაგრამ მისი ზოდიაქოდ აღიარება გასული საუკუნის 80–იან წლებში ოტო ნოეჰარდის სახელს მიეწერება. მან დაწერა წიგნი, სათაურით “ზოდიაქოს მე–13 ნიშანი”. ეტყობა, მას ორიგინალურობის პრეტენზია ჰქონდა. ძირითადად მითოლოგიურ მიდგომას ამჟღავნებდა. ის აღნიშნავდა, რომ ამ დროს ხდება ტრანსფორმაცია, ადამიანის ქვეცნობიერი მგრძნობელობის გაძლიერება. სანამ მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს, ქვეცნობიერება მგრძნობიარე ხდება მეტწილად ბოროტების მიმართ, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანებისადმი.

22–დან 29 ნოემბრის ჩათვლით დაბადებულ ადამიანებზე მოდის პოზიტიური ძალების გავლენა, ანუ ადამიანს უბიძგებს აქტიურობისაკენ და ამ აქტიურობას მოაქვს დადებითი შედეგები. ოტო ნოეჰარდი ამ პერიოდში ადამიანების ქცევას დააკვირდა, რაღაც ზეგავლენა ცხადყო და ეს მე–13 ზოდიაქოს მიაწერა.

– 15–დან 29 ნოემბრის ჩათვლით დაბადებული ღრიანკალი და მშვილდოსანი მხოლოდ ამ ნიშნებით განსხვავდებიან იმავე ზოდიაქოების სხვა წარმომადგენლებისგან?

– მხოლოდ ამ ნიშნებით განსხვავდებიან, სხვა ყველაფერი იგივეა. მხოლოდ აქ არის უფრო მაღალ დონეზე ადამიანების შესაძლებლობების გამოვლენის შანსი. მაღალ დონეზე – იმ შემთხვევაში, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანი საზოგადოებაზე და საზოგადოება რას მოითხოვს მისგან.

– ზოგიერთი ასტროლოგი აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებული ხალხია, სხვა დონეა. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ასეთი დამოკიდებულება?

– არავითარ შემთხვევაში! განსაკუთრებულობა ყველა ადამიანს აქვს და ამ განსაკუთრებულობაზე მათ ჰოროსკოპში ხშირად მიუთითებს სხვა თანავარკვლავედები ან ვარსკვლავები.

– ამ ზოდიაქოებთან დაკავშირებით რა ცნობებს გვაწვდის ძველი ეგვიპტური ასტროლოგია?

– ძველი ეგვიპტელები თითოეულ ზოდიაქოს კიდევ ნაწილებად, ტერმებად შლიდნენ. მორიელის ზოდიაქოს ბოლო ტერმს (15–22–ის ფარგლებში) მართავს სატურნი. ეს პლანეტა მოიაზრება, როგორც დამსჯელი, რომელიც ადამიანს შეცდომებს არ პატიობს და დამსახურებისამებრ მიუზღავს. ამიტომ მორიელისთვის ეს პერიოდი საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს აყენებს. მშვილდოსნისთვის კი ეს ტერმი მოხვდა იუპიტერის მმართველობის დროს. აქ პირიქით, მშვილდოსანს ყველა პირობა შეუქმნა წარმატებისთვის – მთავარია, მშვილდოსანმა გამოავლინოს ინტელექტუალური თვისებები და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია. თუ გაჩერდება, ვერაფერს მიიღებს.

ყველა ზოდიაქო დაშლილია ექვს ტერმად. მაგალითად, 15–დან 20 აპრილამდე დაბადებულ ვერძს საკუთარი ინდივიდუალობის გამოვლენის საშუალებას საზოგადოება აძლევს იმ შემთხვევაში, თუ ეს ვერძი დაძლევს ნებისმიერ წინააღმდეგობას, რაც მას შეხვდება, ხოლო თუ ის სიძნელეებს გაექცევა, მაშინ მის ცხოვრებაში პრობლემები იმატებს. 20–დან 28 აპრილის ფარგლებში დაბადებული ტყუპებისთვის ფინანსური და მატერიალური წარმატების შესაძლებლობები იზრდება, თუკი ისინი თავიანთი იდეების მაქსიმალურ რეალიზაციას მოახდენენ და ა.შ.

წყარო:sana.ge

P.s ეს ჩემი პირველი პოსტია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button