არქივი

გულწრფელობა ხელოვნებაა

dc8a8bd91448
მე თქვენ გასწავლით, როგორ გამოთქვათ თქვენი აზრები ისე, რომ არ აწყენინოთ სხვებს, არ გამოიწვიოთ კონფლიქტი და მიაღწიოთ მიზანს.

ძირითადად ადამიანების უმეტესობას მწარე სიმართლე ურჩევნია ტკბილ ტყუილს. მაგრამ ამავდროულად უფრო პოზიტიურად ვაფასებთ იმათ, ვინც გვაქებს, თუნდაც იყოს ოდნავ გადამეტებული და რეალობას აცდენილი შეფასება.

პირდაპირობა მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და ღირსეულ თვისებად. ბევრი ამაყობს, რომ შეუძლია მივიდეს ადამიანთან და პირში ,,ახალოს” ყველაფერი, რასაც ფიქრობს მასზე. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ხდება პირდაპირობის და გულახდილობის არევა ერთმანთში, რადგან ყოველი პირდაპირი ნათქვამი არ იწვევს მადლიერების გრძნობას და ხშირად კონფლიქტის მიზეზიც ხდება. თანაც თუ დავუკვირდებით, ეს თვითკონტროლის სისუსტე უფროა, ვიდრე სხვისთვის კეთილმოსურნეობა და კარგი განზრახვებით წარმართული ფრაზები. ძირითადად მსგავსი პირდაპირობები მაშინ იჩენენ თავს, როდესაც პირდაპირი ადამიანი რაღაცაზე გაბრაზებულია, მოწოლილი აქვს ემოციები და სჭირდება მათი გამოხატვა. ნათქვამია, თუ გინდა გაიგო, რას ფიქრობენ შენზე სხვები, გააბრაზე ისინიო. როგორ ფიქრობთ, მწარე პირდაპირობა სიფიცხის ერთ-ერთი გამოვლინებაა?

სინამდვილეში მართლა ყველას ურჩევნია იცოდეს სიმართლე და რეალობა და მართლაც კარგია, როდესაც გყავს ადამიანი, ვინც თვალებს აგიხელს იმაზე, რასაც შენით ვერ ამჩნევ. მაგრამ… აქაცაა მაგრამ. და ეს მაგრამ ეხება საუბრის და გამოხატვის ფორმებს.

მე შევეცდები გასწავლოთ ერთი ტექნიკა, რომლითაც კონფლიქტის გარეშე შეძლებთ მიაღწიოთ სასურველ მიზანს და ადამიანს დაანახოთ თავისი შეცდომა.

წესი #1. თქვენი მიზანი უნდა იყოს მოსაუბრისთვის კარგის გაკეთება, დახმარება, სწორ გზაზე დაყენება და არა საკუთარი ნეგატივისგან, აგრესიისა და ბრაზისგან დაცლის მცდელობა.
f79c9e29d57c
წესი #2. თუ თქვენ გაგაღიზიანათ სხვისმა რომელიმე მანერამ, სიტყვამ და ამჩნევთ, რომ ანალოგიური რეაქციის წარმოშობის პერსპექტივა აქვს სხვებთანაც, ნუ იჩქარებთ მისცეთ შენიშვნა. დამშვიდდით, გათავისუფლდით თქვენი ემოციებისგან და შემდეგ დაელაპარაკეთ, რომ იყოთ ობიექტური შემფასებელი.

 წესი #3. შეარჩიეთ შესაფერისი სიტუაცია, როდესაც ის იქნება მშვიდად და მზად სხვისი აზრის მოსასმენად. მაგ, თუ მეუღლეს ,,დამუშავება” გინდათ, ნუ მივარდებით სახლში მოსვლისთანავე, როდესაც ის მშიერი და დაღლილია. :) თან გაითვალისწინეთ, რომ არის საკითხები, რაც სხვების თანდასწრებით არ უნდა განიხილოთ.
21ba5cdbc9fb
წესი #4. გაითვალისწინეთ, რომ კრიტიკას და შენიშვნას შვილებიც ვერ იტანენ მშობლებისგან და მითუმეტეს უშედეგო და გამაღიზიანებელი იქნება სხვა ადამიანებთან მიმართებაში. უმჯობესია, თუ მეგობრული რჩევის ფორმას მიცემთ საუბარს, ანდა ზოგადად დაელაპარაკებით და სხვის მაგალითზე განიხილავთ მსგავს სიტუაციას (ძველ დროში ვერავინ უბედავდა მეფეებს იმდენ სიმართლეს, რასაც ჯამბაზები ან მსახიობები ,,აპარებდნენ” ხუმრობებში, სპექტაკლებში და იდიომებში).
c693861f246f

წესი #5. ყველაზე მთავარი წესი ეხება საუბრის მანერას. ყოველთვის, როდესაც შეტევაზე და ბრალდებებზე გადახვალთ, მისგან წამოვა თავდაცვის რეაქცია და თქვენი საუბარი უშედეგოდ დამთავრდება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაადანაშაულოთ პირდაპირი ფრაზებით რამეში. მაგ, თუ თქვენმა მეგობარმა უკბილო ხუმრობა გაუშვა საზოგადოებაში თქვენს შესახებ, არასწორი იქნება თუ ეტყვით: ,,შენ მოიქეცი ძალიან ცუდად, შენ მე დამამცირე, შეურაცხყოფა მომაყენე და ხალხი აცინე ჩემზე. შენ გინდოდა ხუმარა გამოჩენილიყავი სხვების თვალში, არა და მაგარი უნიჭო ხარ და არანაირი იუმორის გრძნობა არ გაგაჩნია…” ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირი რეაქცია იქნება თავდაცვა, ის დაიწყებს ყველაფრის უარყოფას, თავს აქეთ იგრძნობს თქვენს მიერ დამცირებულად და შესაძლოა კონფლიქტი დაიწყოს.

ახლა შემოგთავაზებთ რეკომენდირებულ ვერსიას იგივე სიტუაციაში: ,,მე ძალიან მეწყინა, რომ საზოგადოებაში ჩემზე იხუმრე. თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვიგრძენი. შეიძლება შენ უბრალოდ მათი გახალისება გინდოდა, მაგრამ მე თავი უხერხულად და ცუდად ვიგრძენი”. როგორ ფიქრობთ რა მოყვება ამას? დიდი შანსია, რომ მან გაიაზროს სიტუაცია და მიხვდეს თავის შეცდომას, გაუჩნდება დანაშაულის გრძნობა და შესაძლოა ბოდიში მოგიხადოთ. მაგრამ კონფლიქტში არავითარ შემთხვევაში არ გადავა ეს საუბარი.

შეამჩნიეთ, რომ პირველ ვარიანტში ჭარბობდა სიტყვა ,,შენ”, მეორეში კი – ,,მე”?

დიახ, ასეა. უნდა ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე, განცდებზე და არა იმაზე, თუ რა ცუდი პიროვენბაა ის და როგორ ცდება ხოლმე.

გამოცდილი მეთოდია. სცადეთ თქვენც. ;)

როგორც ხედავთ, უმტკივნეულო მეთოდებითაცაა შესაძლებელი ადამიანმა მიაღწიოს სასურველ შედეგს. ალბათ არავინ შემედავება იმაზე, რომ რაც მე აღვწერე, არის გულწრფელობა და არა პირფერობა და ეს თვითკონტროლის უნარს საჭიროებს. ცოტა დიპლომატია, ცოტა ვარჯიში და გამოცდილება – და თქვენ გულწრფელობის ნამდვილი ხელოვანი შეიძლება გახდეთ.

 

პატივისცემით, თიკა ევდეევი
წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button