არქივი

უცნაური თვალები

7742bf3be8a0 სხვადასხვა ცხოველებს განსხვავებული აგებულებისა და ზომის თვალები აქვთ, ზოგს – ძალზე უცნაურიც. მაგალითად, ზღვის დიდ სიღრმეებში მცხოვრებ კალმარს მარცხენა თვალი მარჯვენაზე ოთხჯერ დიდი აქვს. დიდი თვალი მას ზღვის სიღრმეში არსებული მკრათლი სინათლის მოსაკრებად სჭირდება, პატარა თვალით კი ზემოთ ამოსვლისას ათვალიერებს მიდამოს.

უზარმაზარი თვალები აქვთ გიგანტურ რვაფეხებს. მათი თვალების დიამეტრი 40 სმ-ია. ასეთი ზომის თვალები არცერთი სახეობის ცხოველს არ უვითარდება. რვაფეხებზე გაცილებით დიდი ზომის ვეშაპებსაც კი მხოლოდ 10-12 სმ დიამეტრის თვალები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი თევზი აღჭურვილია ე.წ. თერმოსკოპული თვალებით, რომლითაც ისინი „ხედავენ“… სითბოს.
ბრაზილიისა და გვიანის ზღვებსა და მდინარეებში ბინადრობს ოთხთვალა თევზი. მისი თვალები გადატიხრულია და ცურვისას თევზი ორი თვალით წყლის ზედაპირზე იყურება, ორით კი – წყალში. ამით მას საშუალება ეძლევა ერთდროულად წყალშიც ინადიროს და ჰაერში მოფარფატე მწერებიც შენიშნოს.

აფრიკაში, ევროპისა და აზიის ზოგ ადგილას გავრცელებულია ქამელეონი. ეს ქვეწარმავალი მთელ თავის სიცოცხლეს ხეზე ატარებს. მის ახლოს მოფრენილ მწერებს ის გრძელი ენით იჭერს, რომელსაც დიდ მანძილზე ისვრის. ქამელეონის თვალები მართლაც უცნაურად მოძრაობენ. მას შეუძლია ერთდროულად გაიხედოს მარჯვნივაც და მარცხნივაც, ზემოთაც და ქვემოთაც. უფრო მეტიც, ქამელეონს შეუძლია ერთი თვალით იყუროს ზევით, მეორეთი კი ამ დროს განზე იმზრებოდეს. ასეთი უჩვეულო თვალები მხოლოდ ქამელეონისთვისაა დამახასიათებელი. ისინი თავიანთ პატრონს, რომელიც უძრავად ზის ხეზე, ნადირობას უადვილებენ.

თერმოსკოპული – „thermē (თერმე)“ ნიშნავს სითბოს, „skopeō (სკოპეო)“ კი – ვუყურებ.

გამოყენებული ლიტერატურა:
ა. ჯანაშვილი „სახალისო ზოოლოგია“
თბილისი, 1978

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button