არქივი

“ბრძოლა წესების გარეშე” (MMA)

15ce877217e1

რას ნიშნავს MMA?

MMA (Mixed Martial Arts), რომელსაც ხშირად არასწორად მოიხსენიებენ, როგორც “ბრძოლა წესების გარეშე”  ან  “ქუჩის ჩხუბი” ქართულად ნიშნავს “შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება”.
რას ნიშნავს MMA?
MMA (Mixed Martial Arts), რომელსაც ხშირად არასწორად მოიხსენიებენ, როგორც “ბრძოლა წესების გარეშე” ან “ქუჩის ჩხუბი” ქართულად ნიშნავს “შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება”. ის წარმოადგენს სხვადასხვა სტილის, ტექნიკის, მიმართულების და სკოლის ორთაბრძოლების ნაზავს. MMA არის სრული კონტაქტური ორთაბრძოლა, დარტყმითი ტექნიკის გამოყენებით, როგორც დგომში ისე პარტერში. სახელწოდება MMAM პირველად 1995 წელს შემოღებული იქნა რიკ ბლუმის მიერ, რომელიც MMA-ს ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციის “Battlecade” – ის პრეზიდენტი იყო.

ისტორია
თანამედროვე “შერეული ორთაბრძოლების ხელოვნების” წინამორბედად შეგვიძლია განვიხილოთ ძველი ბერძნების ორთაბრძოლის ერთ-ერთი სახეობა “პანკრატიონი’. “პანკრატიონი” წარმოადგენდა “ბრძოლას იარაღის გარეშე” და ის ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ. 648 წ. შეტანილი იყო ოლიმპიური თამაშების ჩამონათვალში. პანკრატიონის გამოჩენილი მებრძოლები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ საზოგადოებაში და მათ ძეგლებსაც უდგამდნენ.
ძველბერძნული “პანკრატიონი”-ს შემდეგ სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში შეიქმნა საბრძოლო და სპორტული ორთაბრძოლების მრავალი სახეობა, სტილი, მიმართულება და სკოლა, მაგრამ თითოეული მათგანი მებრძოლს მხოლოდ ერთი მიმართულებით ავითარებდა და მას არ უხდებოდა დაპირისპირება სხვა სტილის წარმომადგენელთან. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში აქტუალური გახდა საკითხი სხვადასხვა სახეობის, სტილის თუ მიმართულების ორთაბრძოლებს შორის, რომელი არის ყველაზე ეფექტული და სრულყოფილი. ისმებოდა კითხვა ვინ აჯობებდა მოკრივის და მოჭიდავის ორთაბრძოლაში ან კარატის და ჯიუ-ჯითსუს ოსტატების დაპირისპირებაში. საუკეთესო სტილის გამოსავლენად სხვადასხვა სახეობის ოსტატები ხშირად ერთმანეთს ორთაბრძოლაში იწვევდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა. გარდა ამისა ასეთ ორთაბრძოლებში არ არსებობდა საერთო წესები და მებრძოლები არ ფლობდნენ მოწინააღმდეგის ილეთებს და მათგან დაცვის მეთოდებს. მაგალითად, მოკრივის და მოჭიდავის დაპირისპირებაში მოკრივე ცდილობდა მოწინააღმდეგისთვის დარტყმები დგომში მიეყენებინა მაშინ როცა მოჭიდავეს მეტოქე პარტერში გადაჰყავდა. ყოველივე ამის გამო ასეთი ორთაბრძოლები არ იყო სანახაობითი.
XX საუკუნის 70-იან წლებში პროფესიონალმა იაპონელმა მებრძოლმა ანტონიო ინოკიმ (ნამდვილი სახელი კანდძი ინოკი) ჩაატარა სხვადასხვა სტილის ოსტატების რამდენიმე ორთაბრძოლა, რომელთაგან ყველაზე საყურადღებო იყო მისი შეხვედრა ბოქსის ლეგენდასთან მუჰამედ ალისთან (1976წ. 26 ივნისი) .(inoki vs ali) მიუხედავად დიდი ინტრიგისა და ინტერესისა ორთაბრძოლა არ გამოდგა სანახაობრივი. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და ის ფრედ დამთავრდა. ამასთან მუჰამედ ალიმ ფეხებზე ისეთი ტრამვები მიიღო, რომ მის ბოქსის კარიერას კინაღამ საფრთხე შეექმნა.
0badea095d45 0056801620e9 13467c3660a9
მუჰამედ ალი vs ანტონიო ინოკი
ორთაბრძოლების ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო და სასიხარულოა იმის გახსენება, რომ ეს სწორედ ის ანტონიო ინოკი იყო რომელიც ჩვენმა ლეგენდარულმა ძიუდოისტმა შოთა ჩოჩიშვილმა 1989 წელს დაამარცხა New Japan Pro Wrestling ტურნირზე.Antonio Inoki VS Shota Chochishvili 1989 .
ორთაბრძოლის ბევრმა ოსტატმა დაიწყო მუშაობა სხვადასხვა სტილის და ტექნიკის ელემენტების გაერთიანებაზე. უნივერსალური სტილის იდეის ფუძემდებლად მიიჩნევენ ბრუს ლის, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში შექმნა საბრძოლო ფილოსოფია “Jeet Kune Do”. ბრუსლის ფილოსოფიის მიხედვით მებრძოლს უნდა შეძლებოდა ნებისმიერი სტილის მოწინააღმდეგესთან შებრძოლება და მისი თავდასხმის მოგერიება ე.ი. ყოფილიყო უნივერსალური. ბრუს ლი ამბობდა, რომ ტრადიციული ორთაბრძოლის სახეობები იყო სწორხაზოვანი და შეზღუდული მრავალი მოთხოვნით. მისი აზრით უნივერსალური ორთაბრძოლა უნდა ყოფილიყო ქაოტური და ტრადიციული ფორმალური მოთხოვნებისგან გათავისუფლებული, როგორც “ქუჩის ჩხუბი”. მან გადაწყვიტა სხვადასხვა ორთაბრძოლებიდან აღებული ილეთებით შეექმნა “სტილი სტილის გარეშე” უფრო პრაქტიკული, მოქნილი, სწრაფი და ნებისმიერ სიტუაციაში ეფექტური სახეობა. ბრუს ლის ფილოსოფიამ და მისმა ფილმებმა ისეთი დიდი როლი ითამაშეს “შერეული ორთაბრძოლების ხელოვნების” სრულყოფაში, რომ UFC–ს პრეზიდენტმა დეინ უაიტმა მას MMA–ს მამა უწოდა.
ბრუს ლის მიერ შექმნილი “Jeet Kune Do”-ს გარდა იქმნებოდა შერეული სტილის სხვა სახეობებიც. მაგალითად XX საუკუნის დასაწყისში ბრაზილიური ჯიუჯიცუს წარმომადგენლებმა კარლოს და ხელიო გრეისებმა საფუძველი ჩაუყარეს შერეული ორთაბრძოლის სახეობის “Vale Tudo”-ს ჩამოყალიბებას, რომელიც ცნობილია პრინციპით “არ არსებობს აკრძალული ილეთი ყველაფერი დასაშვებია”. ანალოგიური პრინციპით შეიქმნა იაპონური ორთაბრძოლის სახეობა “Shootwrestling”. იაპონური “Kajukembo”, “Karate Goju-ryu” ასევე “საბრძოლო სამბო”, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში 1938 წელს, სპეციალური ბრძანებით, სპეცსამსახურებისა და შეიარაღებული ძალებისათვის შეიქმნა. თანამედროვე სპორტული ორთაბრძოლებიდან ჯიუჯიცუ და სამბო თავისი ილეთების არსენალით ყველაზე ახლოსაა MMA–სთან და სპორტსმენების მომზადების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
MMA დღეს

შერეული ორთაბრძოლების დიდი ისტორიის მიუხედავად MMA–ს XX საუკუნის 90-იან წლებამდე დიდი პოპულარობა არ ჰქონია. ამის მიზეზი იყო ის, რომ MMA–ს პირველი ტურნირები იმართებოდა ბრაზილიური “Vale Tudo”-ს პრინციპით “არ არსებობს აკრძალული ილეთი ყველაფერი დასაშვებია” რის გამოც მათ არ ჰქონდა სპორტული შეჯიბრების ხასიათი და გამოირჩეოდა დიდი სისასტიკით და ძალადობით. იმისათვის რომ დაემტკიცებინათ თავისი სტილის უპირატესობა რეალურ არაკონტროლირებად სიტუაციაში სხვადასხვა ორთაბრძოლის წარმომადგენლებს უფლება ეძლეოდათ გამოეყენებინათ ნებისმიერი ილეთი. ასეთ ორთაბრძოლებს ხალხმა “ბრძოლა წესების გარეშე” შეაარქვა.
MMA-ს პირველ ტურნირებს მოყვა საზოგადოების მკაცრი კრიტიკა და წინააღმდეგობა. კრიტიკოსთა შორის იყო ბევრი ცნობილი ადამიანი. მაგალითად, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი შერეულ ორთაბრძოლებს “ადამიანების მამლების ბრძოლას” ეძახდა და ხელისუფლებას მის აკრძალვისკენ მოუწოდებდა. ბევრმა ქვეყანამ აკრძალა MMA-ს ჩატარება და მისი ტელევიზიით ტრანსლირება. MMA-ს ორგანიზაციები იძულებული იყვნენ ფარულად ემუშავათ, რის გამოც ასეთი ტურნირების ყურება აღარ იყო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. კრიტიკისა და სხვადასხვა მოთხოვნების თავიდან ასაცილებლად პირველ ტურნირებს პრაქტიკულად ფარულად ან ისეთ ადგილებში ატარებდნენ სადაც არ მოქმედებდა სპორტული ზედამხედველობის კომისიები.
MMA–ს პოპულარობის ზრდა დაიწყო 1993 წლიდან, როცა აშშ-ში მოეწყო პირველი ტურნირი Ultimate Fighting Championship, რომელიც შემდეგ UFC–ს სახელით დამკვიდრდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 8 სპორტსმენმა, რომლებიც ბოქსის, სუმოს, კარატეს, ჭიდაობის და ჯიუჯიცუს სტილებს წარმოადგენდნენ. ყველას გასაკვირად გამარჯვებული გახდა გრეისების ოჯახის წევრი ჯიუჯიცუს სკოლის წარმომადგენელი როის გრეისი. იგი ყველა მოწინააღმდეგეზე სიმაღლითაც და წონითაც პატარა იყო და მიუხედავად ამისა ყველა ორთაბრძოლა მახრჩობელა და მტკივნეული ილეთებით მოიგო. საერთო ჯამში როის გრეისიმ UFC-ს პირველი ოთხი ტურნირიდან სამი მოიგო, რითაც სახელი გაუთქვა ჯიუჯიცუს სკოლას.
5736dcd430b2

UFC-ყოფილი ჩემპიონი როის გრეისი
MMA–ს ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც აქტიური მუშაობა დაიწყო შერეული ორთაბრძოლების ლეგალიზებაზე იყო UFC. სწორედ UFC–ს ხელმძღვანელობამ პირველმა განახორციელა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და რეფორმები საერთაშორისო სპორტული კომისიების მკაცრი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. შემოღებული იქნა მკაცრი წესები, რათა UFC–ს მიერ ჩატარებულ MMA–ს ღონისძიებებს მიეღოთ კანონიერი სპორტული ტურნირის სტატუსი. შერეული ორთაბრძოლების ხელოვნებამ თანდათან ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა სპორტის სახეობამ. 2000 წლის 30 სექტემბერს პირველად მოხდა UFC-ს ტურნირების სანქციონირება. 2001 წელს UFC30 უკვე საერთო და მკაცრი წესებით ჩატარდა რაც ახალი სიტყვა იყო MMA-ს ისტორიაში.
დღეისათვის MMA-ს რეიტინგი დღითიდღე მატულობს. მისი პოპულარობა პროფესიული კრივის პოპულარობასაც კი გაუთანაბრდა, რაზეც მეტყველებს ტურნირების კომერციულ არხებზე გაყიდვები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების მასშტაბები, სპორტსმენთა რაოდენობის სწრაფი ზრდა, MMA-ს ინვენტარისა და ატრიბუტების გაყიდვების ზრდა და ა.შ.

MMA-ს ორგანიზაციები

SHOOTO
MMA–s პირველი ოფიციალური ორგანიზაცია “Shooto” 1986 წელს შექმნა იაპონელმა სატორუ საიამამ. მას შემდეგ MMA–ს ორგანიზაციები სხვადასხვა წარმატებით იქმნებოდა სხვადასხავა ქვეყანაში.

UFC
1993 წლის 12 ნოემბერს კალიფორნიელმა ბიზნესმენმა არტ დეივიმ და ბრაზილიური ჯიუჯიცუს სკოლის ხელმძღვანელმა რორიონ გრეისიმ აშშ-ში კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში ჩაატარეს პირველი ტურნირი Ultimate Fighting Championship-1 (UFC1) რითაც საფუზველი ჩაუყარეს UFC-ს შექმნას. UFC-ს შემდეგ თურნირებს UFC2, UFC3 და ა.შ ნომერაცია მიეცა. UFC არის შერეული ორთაბრძოლების (MMA-ს) ამერიკული ორგანიზაცია, რომლის შტაბბინა განთავსებულია ნევადის შტატის ქალაქ ლასვეგასში. 2000 წლიდან ორგანიზაციის მეპატრონეები არიან ფრენკ და ლორენცო ფერტიტტები, პრეზიდენტი კი არის ყოფილი მოყვარული მოკრივე დენ უაიტი. UFC MMA-ს სამყაროში უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც ატარებს მრავალ ღონისძიებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ff838aeb4aaf
სურათზე მარცხნიდან ფრენკ ფერტიტტი,
დანა უაიტი და ლორენცო ფერტიტტი.
UFC-მ დიდი წვლილი შეიტანა MMA-ს როგორც სპორტის სახეობად ჩამოყალიბებაში, მის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაში. ის უზრუნველყოფს ორთაბრძოლების ერთიანი და მკაცრი წესებით ჩატარებას. ბევრი ექსპერტის აზრით MMA დიდი ხანია ასოცირდება UFC-თან. MMA-ს შემოსავლების 90% UFC-ზე მოდის. დღეისათვის UFC სანქცირებულია 42 ქვეყანაში და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. ის ტურნირებს ატარებს აშშ-ში, ინგლისში, კანადაში, იაპონიაში, მექსიკაში, ბრაზილიაში და ა.შ. რომელთა ხილვა უკვე შეიძლება 170 ქვეყნის ტელევიზიით, ღონისძიებები გადაიცემა Spike TV-ზე და ESPN-ზე, იბეჭდება ჟურნლი UFC.
PFC
1997 წ. იაპონიაში შეიქმნა MMA-ს ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციაPride Fighting Championships (PFC), რომელიც 2007 წლამდე UFC-ს მთავარი კონკურენტი იყო და ასევე დიდი როლი ითამაშა MMA-ს პოპულარიზაციის საქმეში. 2007 წელს PFC შეისყიდეს UFC-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ძმებმა ფერტიტტებმა რის შემდეგაც UFC შერეული ორთაბრძოლების ლიდერი და მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია გახდა. დღეისათვის MMA-ს მსოფლიო ვარსკვლავები სწორედ UFC-ს ორგანიზაციაში მიისწრაფიან.
MMA-ს განვითარებასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებში იქმნებოდა შერეული ორთაბრძოლების სხვა ორგანიზაციებიც, როგორიცაა Strikeforce, Elitexc, Bellator, Bodog, Affliction, Wec, Dream, M-1 Global და სხვები, თუმცა დიდი კონკურენციის პირობებში მათი ნაწილი გაკოტრდა, ნაწილი კი დღესაც ფუნქციონირებს თუმცა დიდ წარმატებებს ვერ მიაღწიეს. პოსტსაბჭოთა სივრცეში შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება ყველაზე მეტად რუსეთის ფედერაციაშია განვითარებული. რუსეთში მუშაობს იაპონური ორგანიზაცია ღინგს, ასევე რუსული ორგანიზაცია M-1 Global . რინგს-ში წარმატებას მიაღწიეს რუსმა სპორტსმენებმა ვოლკ-ხანმა, ანდრეი კოპილოვმა, მიხეილ ილიუხინმა, ნიკოლაი ზუევმა და სხვებმა. ამავე ორგანიზაციამ აღმოაჩინა ფიოდორ ემელიანენკო, რომელიც მოგვიანებით რამდენჯერმე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი MMA-ს სხვადასხვა ორგანიზაციების ვერსიით, დღეისათვის კი M-1 Global -ში გამოდის და ყველაზე წარმატებულ რუს სპორტსმენად ითვლება.

წესები
MMA-ს პირველი ტურნირები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ დღევანდელისგან. არ მოქმედებდა არანაირი მოთხოვნა ან შეზღუდვა. არ კონტროლდებოდა სპორტსმენის წონა, ორთაბრძოლის დრო, ილეთები, ჩაცმულობა და ა.შ. მაგალითად არ იკრძალებოდა თმების მოქაჩვა, იდაყვებით დარყმები, პარტერში მყოფ სპორტსმენზე თავში მუხლით ან ფეხით (ე.წ. ფეხბურთელის დარტყმა) დარტყმა, კეფასა და ხერხემალში დარტყმები, არ იყო განსაზღვრული რაუნდების ხანგრძლივობა და რაოდენობა. მოქმედებდა პრინციპი “თუ მოწინააღმდეგეებს სურვილი აქვთ იჩხუბონ ვიდრე ძალა შესწევთ”. ასეთი ორთაბრძოლები უსასრულოდ გრძელდებოდა სპორტსმენები ბევრს ისვენებდნენ და არ აქტიურობდნენ, რის გამოც ორთაბრძოლა აღარ იყო საინტერესო და გარდა ამისა ვერ ხერხდებოდა მათი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაცემა, რადგან არავინ იცოდა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ორთაბრძოლა.
სპორტსმენის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის აუცილებელი იყო მკაცრი წესების შემოღება. ამასთან საერთო წესები MMA-ს სპორტის სახეს მისცემდა და გაზრდიდა მის სანახაობით მხარეს. UFC ფედერაცია იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომლის მიერ ჩატარებული დიდი სამუშაოს შედეგად 2000 წლის აპრილში კალიფორნიის შტატის სპორტულმა კომისიამ მიიღო ახალი წესები, რომლებიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო მთელ მსოფლიოში MMA-ს ძირითადი ორგანიზაციებისათვის ერთიანი წესების ჩამოყალიბებას. UFC–ს ორგანიზაცია დღესაც აგრძელებს მუშაობას MMA-ს წესების სრულყოფაზე.
თანამედროვე MMA-ში მოქმედი წესები შეიძლება დავყოთ შემდეგ მიმართულებებად:
• წონითი კატეგორიები
• დაცვა და უსაფრთხოება
• შეზღუდვები
• შედეგი
• სპორტული ტანსაცმელი

წონითი კატეგორიები
MMA-ს პირველ ტურნირებზე ხშირი იყო შემთხვევა, როცა მსუბუქი წონის სპორტსმენი მასზე მნიშვნელოვნად მძიმე მეტოქეს ხვდებოდა და მიუხედავად ამისა საბრძოლო სტილის და პროფესიონალიზმის ხარჯზე წარმატებას აღწევდა. შერეული ორთაბრძოლების ხელოვნების განვითარებასა და სრულყოფასთან ერთად წონა წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა და მას დიდი ყურადღება ექცევა.

დღეისათვის MMA-ს სხვადასხვა ორგანიზაციებში მოქმედებს 9 წონითი კატეგორია

დაცვა

MMA-ს პირველ ღონისძიებებში სპორტსმენები ხელთათმანების გარეშე გამოდიოდნენ რის გამოც ხშირი იყო ხელების და სახის დაზიანებები, სისხლდენა და სხვა ტრამვები. დღევანდელი წესებით სპორტსმენს უნდა ეკეთოს სპეციალური დამცავი ხელთათმანი, რომელიც კრივის ხელთათმანისაგან განსხვავებით ღია თითებიანი და გაცილებით თხელია. ხელთათმანები პირველად დამზადებული და შემოღებული იქნა იაპონური ორგანიზაცია შჰოოტო-ს მიერ. MMA-ს ხელთათმანების წონა პროფესიონალებში 4 უნციას (113 გრამს) შეადგენს, ხოლო მოყვარულებში მეტი დაცვისათვის ცოტა მძიმეა და 6 უნციას (170 გრამს) აღწევს.
ხელთათმანების გარდა მამაკაცებისთვის აუცილებელია დამცავი ნიჟარა. რაც შეეხება კბილების დამცავ კაპს ის უნდა გაიკეთონ როგორც მამაკაცებმა ისე ქალებმა.

შეზღუდვები
შეზღუდვებში იგულისხმება:
ა) დროის შეზრუდვა
თანამედროვე MMA-ში მოქმედებს დროის შეზღუდვა რაც აუცილებელია დროში გაწელილი ორთაბრძოლების თავიდან ასაცილებლად. დღეისათვის MMA-ს თითქმის ყველა ორგანიზაციაში ორთაბრძოლა სამი რაუნდი გრძელდება, რომელთა ხანგრძლივობა ხუთი წუთია. ტიტულის მოსაპოვებელ ორთაბრძოლებში ორთაბრძოლა შეიძლება ხუთი რაუნდი გაგრძელდეს.

ბ) ცალკეული ილეთების აკრძალვა
თანამედროვე შერეულ ორთაბრძოლებში დაწესებულია გარკვეული ილეთების აკრძალვები. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც წესები კონტროლდება სპორტული კომისიების მიერ წესები უფრო მკაცრია და მეტ შეზღუდვებს შეიცავს ვიდრე ევროპასა და აზიაში. თითქმის ყველა ორგანიზაციაში აკრძალულია იდაყვებით დარტყმები ზემოდან ქვემოთ, თავში მუხლით ან ფეხით დარტყმა პარტერში მყოფ მოწინააღმდეგეზე, თავით დარტყმები და ა.შ. სხვადასხვა მიდგომების მიუხედავად არის აკრძალვები, რომლებიც მოქმედებს MMA-ს უკლებლივ ყველა ორგანიზაციაში ასეთი აკრძალვებია:
• კბენა;
• დარტყმა საზარდულის მიდამოში, ყელში, კეფაში, ხერხემალში;
• თვალების დაპოტვა;
• თითების დაჭერა და დაგრეხვა;
• პირის, ყურების და სხვა დაუცველი ადგილების დაზიანება.

შედეგი

ორთაბრძოლა შეიძლება დამთავრდეს სხვადასხვა შედეგით:

ა) ნებაყოფლობითი დანებება _ როცა სპორტსმენი ღია ხელის მტევანს ან თითებს დასანახად არტყამს ტატამზე ან მოწინააღმდეგეზე ან დანებდება სიტყვიერად;
ბ) ნოკაუტი _ როცა სპორტსმენი დარტყმის შედეგად აღმოჩნდება უგონო მდგომარეობაში;
გ) ტექნიკური ნოკაუტი _ როცა ერთ-ერთ სპორტსმენს არ შეუძლია ორთაბრძოლის გაგრძელება და მესამე პირი აჩერებს მას. ტექნიკური ნოკაუტი თავის მხრივ შეიძლება იყოს სამი სახის
• როცა რეფერი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ერთ-ერთ სპორტსმენს არ შეუძლია გააზრებულად თავის დაცვა და ორთაბრძოლის გაგრძელება და აჩერებს მას;
• როცა დამსწრე ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სპორტსმენის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს მიღებული ტრამვის ან ღია სისხლდენის გამო საფრთხე ემუქრება და წყვეტს ორთაბრძოლას;
• როცა სპორტსმენის სეკუნდანტი მისცემს სიგნალს ორთაბრძოლის შეწყვეტის შესახებ.
დ) მსაჯთა გადაწყვეტილება _ როცა ხდება მსაჯების მიცემული ქულების დათვლა. მსაჯთა გადაწყვეტილება თავის მხრივ შეიძლება იყოს:
• ერთხმად გადაწყვეტილებით _ როცა სამივე მსაჯი გამარჯვებას A სპორტსმენს ანიჭებს;
• უმრავლესობის გადაწყვეტილებით _ როცა ორი მსაჯი გამარჯვებას A სპორტსმენს ანიჭებს, ერთი კი იძლევა შეფასებას ფრე;
• ხმების გაყოფით _ როცა ორი მსაჯი გამარჯვებას A სპორტსმენს ანიჭებს, ერთი კი B-ს;
• ერთხმად ფრე _ როცა სამივე მსაჯი მიიღებს გადაწყვეტილებას ფრეზე;
• ფრე უმრავლესობის გადაწყვეტილებით _ როცა ორი მსაჯი გადაწყვეტს ფრე და ერთი კი გამარჯვებას A სპორტსმენს ანიჭებს;
• ფრე ხმების გაყოფით _ როცა ერთი მსაჯი გამარჯვებას A სპორტსმენს ანიჭებს, მეორე B-ს, მესამე კი გადაწყვეტს ფრეს;

ორთაბრძოლა ასევე შეიძლება დასრულდეს შემდეგი სახის ტექნიკური გადაწყვეტილებით:
• სპორტსმენის დისკვალიფიკაცია;
• ორთაბრძოლის შედეგის გაუქმება;
• ტექნიკური ნიჩია;
• არშემდგარი ორთაბრძოლა.

რომელთაგან ბოლო ორ შემთხვევაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება.

თანამშრომლები

MMA-ს თითქმის ყველა ორგანიზაცია მოითხოვს, რომ სპორტსმენებს ეცვათ მხოლოდ შორტი. იკრძალება კიმონოს ან სხვა სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა რათა ჩაუცმელი სპორტსმენი არ აღმოჩნდეს უპირატეს მდგომარეობაში ილეთების მეტი არსენალით. ასევე აკრძალულია ფეხსაცმის ჩაცმა. ქალები როგორც წესი გამოდიან ქვედა შორტებით და ზედა მაისურით რომელიც არ უნდა იყოს მოშვებული.

წყარო:www.guff.ge

Back to top button