არქივი

როგორ ვებრძოლოთ არასრულწლოვანთა დანაშაულს

article 0 01B4AD2300000578

,,ყველა უბედურებას მაშინ მიეცა დასაბამი , როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ, ავხორცობისა და ღორმუცელობის ნეტარება რომ გვეკმარა, არაფერიც არ მოხდებოდა. რომელი მიწიერი არსება ომობს განუწყვეტლივ და კლავს თავის მსგავსსა და ნათესავს? რა თქმა უნდა, ადამიანი–ქმნილების გვირგვინი, რომელმაც მოიგონა ისეთი სიტყვები, როგორიცაა: სიყვარული, სიკეთე და ქველმოქმედება…’’ (რემარკი)

რა მწარედ ცდება ყველა, ვისაც აუცილებლად მიაჩნია, ბავშვებს სისასტიკით, სუსხითა და მიუკარებელი მედიდურობით მოექცნენ. მათ ჰგონიათ, აბსოლუტური ჰეგემონობით ბავშვებში პატივისცემას აღვძრავთო, და მართლაც, აღძრავენ კიდეც, მაგრამ ცივ, მოშიშარ, მთრთოლვარე პატივისცემას , ამით ხელს ჰკრავენ ბავშვებს, თავიდან იშორებენ, უნებურად გულჩათხრობილობასა და სიცრუეს აჩვევენ.

არაფერი არ მოქმედებს ისე საშინლად ნორჩ სულზე, როგორც გულცივობა და მედიდურობა, რითაც  მათ გულმხურვალე გრძნობებს განდობით უხვდებიან. არაფერი არ შეიპყრობს ისეთი მომაკვდინებელი სიცივით , როგორც კეთილგონივრული რჩევა და შეგონება იქ, სადაც იგი თანაგრძნობას ელის.არასრულწლოვანის ფსიქიკაში  სადაც არ არის ლოგიკა, არც უდავო ფაქტები და არც რეალური ცნობიერება, მის არსებაში სიყვარულისა და მეოცნებე სულის ძახილი,ჰუმანიზმისა და მარადიული სილამაზის ძახილი,  სულის უზენაესი აფორიაქებაა, მაგრამ, ერთხელ, ორჯერ რომ მოტყუვდება, თავის თავში ჩაიკეტება, შეიგნებს მარტოობას, განაპირებას, განცალკევებას იმათგან, ვინც ესოდენ სიყვარულითა და მშობლიური გრძნობით იყო გამსჭვალული მის ირგვლივ. მასში ეგოიზმი ვითარდება… თუ ეს არ ხდება, მაშინ შეძლება მოხდეს სულ სხვა რამ: ადამიანური ინდივიდუალობა თავისი ბუნებით ვერ ითმენს გაუცხოებასა და მარტოობას, თავის მსგვსთა თანაგრძნობა, მინდობილობა სწყურია– და აი, ბავშვებიც ერთმანეთს უმეგობრდებიან, ადგენენ ერთგვარ საზოგადოებას, რომელსაც საერთო და შეერთებული ძალებით დაფარული საიდუმლოებანი აქვს. ამას სიკეთემდე არასდროს არ მიჰყავს  არასრულწლოვანი.

რა არის არასრულწლოვანება? იმანუელ კანტი ამბობდა:,, არასრულწლოვანება ნიშნავს უუნარობას იმოქმედო საკუთარი გონების კარნახით, სხვისი მითითებების გარეშე“. როგორ შემიძლია მე საზოგადოების ემანსიპიცირება, დრომოჭმული დოგმებისა და წარმოდგენების მორჩილებიდან გათავისუფლება? რა შემიძლია გავაკეთო დიფერენციაციის, მშობლებისა და საზოგადოების დესპოტიზმის, არაშემწყნარებლობის წინააგმდეგ? რა თქმა უნდა არაფერი, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი ვარ, არასრულწლოვნებს კი დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას არც კანონი და არც მშობლები რთავს. სწორედ ეს  ვითარება აიძულებთ მათ ჩაიდინონ დანაშაული, მაგრამ ამ ფაქტის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაიჭრას. ესენია:

1.ოჯახი–მშობლები;

2. სკოლა–განათლება;

3.უთანასწორობა, გარემო სადაც იზრდება;

4. თანამედროვეობა–კომპიუტერიზაცია;

5. პოლიტიკური მსოფლხედვა, თავისუფალი აზრის ქონა;

6.თვითრეალიზაცია– მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;

7.რელიგია– ჭეშმარიტი მრწამსი;

8.ფსიქოლოგიური პორტრეტი– საუბრები ფსიქოლოგთან;

ეს არის იდეალები, რომლებსაც უპირატესობას ვანიჭებთ და ვთვლით რომ, თუ ფაქტებამდე არ დავიყვანთ , გულუბრყვილო სურვილებად დარჩებიან და არავითარი იმედი არ იქნება , რომ საზოგადოება მიიღებს, და , მაშასადამე, იდეებს განხორციელება ეღირსებათ.

     ყველაფერი აღმზრდელია: ადამიანები, ნივთები, მოვლენები, მაგრამ უწინარეს ყოვლისა და ყველაზე  უფრო მეტად ადამიანები გვზრდიან. აღზრდის პირველ ხანებში ყველაზე    მნიშვნელოვანია ოჯახი, მშობლები, დედა. დედა დიდი განათლების ადამიანი უნდა იყოს, კრისტალურად პატიოსანი და უმწიკლო. პატიოსნება ხასიათის უანგარობა, მოუსყიდაობაა, ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით ის არა მარტო ბავშვებს აჯადოებს, არამედ ღრმა კვალსაც სტოვებს მთელ მათ მომავალ ცხოვრებაზე. სახელმწიფომ მონიტორინგი უნდა აწარმოოს ოჯახში– ბავშვის აღზრდის შესახებ, აღკვეთოს არასრულწლოვანის წინააგმდეგ მიმართული ფიზიკური, მატერიალური თუ სულიერი შეურაცხყოფა. ქაოსური მდგომარეობა ოჯახში, ყოველ წუთს გარკვეულ ცვლილებებ ახდენს ბავშვის პიროვნებაში. ბავშვის ფსიქიკა დეფორმაციას განიცდის და ექსპლოატატორთაგან განთავისუფლებისათვის იბრძვის. ეს უკანასკნელი აიძულებს მათ შეიძინონ ბიწიერება ან ცუდი ჩვეულება, რაც საზოგადოებრიობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

    სკოლა არის დაწესებულება, რომელმაც ბავშვს უნდა გადასცეს საუკუნეთა ყველა ძვირფასი დანაგროვები და არა ცრურწმენები, ბიწიერებანი და ავადმყოფობანი. სახელმწიფო სკოლას ანდობს ახალგაზრადა თაობის გამოზრდას, განვითარებას, ფორმირებას–ესე იგი თავიანთ იმედს, თავიანთ მომავალს. სწორედ ეს უკანასკნელი უწყობს ხელს ნებისყოფის გამოწრთობას, გულის გაკეთილშობილებას, გონების გავარჯიშებისა და განსჯის გაწონასწორების საშუალებას. მე ვფიქრობ, რომ არასრულწლოვნების დანაშაულის თავიდან აცილების ყველაზე პერსპექრტიული საშუალება– სკოლაა. ჩემი აზრით, ყველა სკოლაში უნდა შეიქმნას კლუბი სახელწოდებით ,, მე ვარ არასრულწლოვანი“, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ გამოხატონ თავიანთი ხედვა: საზოგადოებაში მათი მდგომარეობისა და უფლებების შესახებ. ეს იქნება ყველაზე კარგი საშუალება იმისა, რომ გავიგოთ არასრულწლოვნების მოთხოვნილებები, მისწრაფებები და ოცნებები. ქურდობის, მრუშობისა და კვლის თავიდან აცილების მიზნით   სახელმწიფომ უნდა იზრუნოს არასრულწლოვნების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

საიდან  წარმოსდგება ბოროტმოქმედებანი თუ არა ადამიანთა შორის არსებული დამღუპველი უთანასწორობისაგან? უთანასწორობა საყოველთაო და დაუმარხავი პრობლემაა, რომელსაც საზოგადოების აზრი კვლავ მოუცავს. უთანასწორობის იდეა ეფუძნება ურთიერთგაუცხოებული სოციალური ფენების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას. ადამიანი არ დაბადებულა უნაგირდადგმული, რათა პრივილეგირებული ფენის მცირე მასამ ის დეზისკვრით და კანონის დახმარებით მართოს. არსრულწლოვანის გონება რეფორმაციას განიცდის, მისი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს და, მაშასადამე არც მკვლელობა და ქურდობა იქნება მისთვის მიუღწეველი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო თანასწორუფლებიანს უნდა ხდიდეს არასრულწლოვნებს და დანაშაულის ჩადენის სურვილზე ხელს აღებინებდეს.

პოლიტიკა ,, ბინძური საქმეა“, ,, ადამიანი პოლიტიკური ცხოველია“(არისტოტელე). არასრულწლოვანი პოლიტიკაში ახალბედაა, ამიტომ იმ მხარეს იჭერს, რომელიც დომინანტური და კონცენტრირებულია. იმისათვის რომ არასრულწლოვანმა გამოხატოს წინააგმდეგონა ან კეთილისმყოფელობა არსებული პოლიტიკის მიმართ, მას უნდა ჰქონდეს თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება . მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით შემიძლია გამოვხატო ჩემი სუბიექტური აზრი და არ შემეშინდეს იმისა, რომ ვინმე შეურაცხადად ან შარლატანად გამომაცხადებს.

არასრულწლოვნებმა უნდა მოახდინონ თავიანთი თავის თვითრეალიზაცია– მონაწილეობით დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. როცა მე მაქვს შანსი მონაწილეობა მივიღო ქვეყნის მართვაში, თვითმართველობის ორგანოებში ჩართულობით, მაქვს სურვილი იმისა რომ, ჩემი ასაკის ახალგაზრდებში ე.წ. ,, კვაჭიზმის“ მცდელობა მოვსპო და  შთავუნერგო სამშობლოსათვის სასიკეთო საქმის კეთება.

არასრულწლოვანის ფსიქიკა– სავსე, მარტოობის შიშით, მეორე ,,მეს“ წინასწარი ტკბობით, საკუთარი ანგარიშიანობის გადაჭარბებული გრძნობით, ფანატიკური მოსაზრებებით, საკუთარი ბედნიერების ძებნით, რომელიც იწყება შენით და შენთავე თავდება. ხანდახან  ჩემს არსებაში გამოკრთება მზის სხივი, მაგრამ ისევ აქრობს მას ტრივიალური სიმტკნარე. თითქოს ცარიელია ეს ჩემი ცხოვრება, არარაობა და ამაოა. ხანდახან სასოს  წარვიკვეთ და ვფიქრობ, რისთვის მოგვავლინა უფალმა, რომელთანაც შედარებით არარაობანი ვართ? რა აზრი აქვს ჩემს ზნეობრივ მოღვაწეობას? მაგრამ საჭიროა შრომა და მოთმინება, რათა სინამდვილიდან აღმოაჩინო ისეთი რამ, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. პრაგმატულები უნდა ვიყოთ, ,,ყოველი ნაბიჯი მიზნად უნდა გვექცეს და ითვლებოდეს წინ გადადგმულად“(გოეთე). მე, არასრულწლოვანი ვფიქრობ, რომ სულხან–საბას აზრით,,ყოველივე კეთილის სიცოცხლეში ქმნა სჯობს“, რადგან გოეთეს თქმით ,,უსარგებლო სიცოცხლე უდროო სიკვდილია“. ყველაზე დაუნდობელი ინკვიზიტორი კი სინდისია.

P.S. ბუნებამ ადამიანებს ხელთ მისცა იარაღი– ინტელექტუალური და მორალური ძალა, მაგრამ მას შეუძლია ეს იარაღი პირუკუ მიმართულებითაც გამოიყენოს, ამიტომ ზნეობრივად უპრინციპო ადამიანი, სულმდაბალი არსება აღმოჩნდება თავის სქესობრივ და გემოვნების ინსტიქტებში. განათლებული გონება ყოველთვის აკეთილშობილებს ზნეობრივ გრძნობებს, თავმა უნდა აღზარდოს გული, განავითაროს ჰუმანური ურთიერთობა და ურთიერთპატივისცემა ადამიანთა შორის, ზნეობრივი სიწმინდე, უბრალოება, თავმდაბლობა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში.

რა არის ბედნიერება? ამ კითხვაზერ ერთ–ერთმა პოლიტიკოსმა უპასუხა: ,, ბრძოლააო“ , თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ეს მართალია. ყოველივე ცოცხალი ბრძოლის შედეგია, როცა ბრძოლა მთავრდება, სიცოცხლეც კვდება. ადამიანის საზრისი არც ჰედონიზმი, არც უტილიტარიზმი და არც მოვალების შესრულებაა. მისი მთავარი საზრისი– ზნეობრიობისკენ სწრაფვაა. ზნეობა– უფლისმიერია, უფალი– ჭეშმარიტებაა, პავლე მოციქული ამბობდა:,,შეიცან ჭეშმარიტება და ის გაგხდის შენ თავისუფალს“.რადგან საყოველთაო ბედნიერებაში შეიძლება ჰპოვო პირადი ბედნიერება, ამიტომ ოჯახი, სკოლა, გარემო, ბედნიერების მომტანი უნდა იყოს. თუ გვნებავს საყოველთაო ბედნიერება დამყარდეს, ვისწრაფვოთ იქით, რომ თვითეულს ცხოვრებისათვის ჰქონდეს იმდენი, რამდენიც სჭირდება და არა იმაზე მეტი, რაც საჭიროა მისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

natia1994

მე ვარ 17 წლის, სკოლის მოსწავლე. ვარ საუკეთესო მოსწავლე და მსურს გავხდე ეკონომისტი. ჩემი საყვარელი საქმეა კითხვა. მიყვარს გოეთეს ფილოსოფია. ვარ დამოუკიდებელი და სამართლიანი ადამიანი.

მსგავსი ამბები

Back to top button