არქივი

მეფე ხუან კარლოსი

9ee29f4ffabd

ის არა მხოლოდ სახელმწიფოს სიმბოლო, არამედ დემოკრატიის გარანტიცაა, – წერს ესპენეთის მეფეზე ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ბობ ვუდვორტი.

თავად ესპანელები აღმერთებენ თავიანთ მონარქს, ასეთი რამ კი შემთხვევით არ ხდება.

რთული ბედის მეფე

მე–20 საუკუნე რევოლუციების საუკუნეა. მან ბევრ ქვეყანაში დაამხო მონარქია. გამონაკლისი არც ესპანეთი იყო. ამიტომ, ხუან კარლოსს ფრიად სერიოზული გამოცდების ჩაბარება მოუხდა.

ესპანეთი ევროპის იმ სახელწიფოების რიცხვს განეკუთვნებოდა, სადაც არამარტო ეროვნული ტრადიციები, არამედ ფეოდალური გადმონაშთებიც შემორჩა. ამან ლოგიკურად გამოიწვია წაგებული ომები, დაკარგული კოლონიები, ცარიელი ხაზინა, კორუფცია. ხუან კარლოსის ბაბუა, ალფონს მე–13, ამაოდ ცდილობდა, გაეტარებინა რეფორმები და გამოეყვანა ქვეყანა კრიზისიდან.

შედეგად, ესპანეთმა წააგო ომები ამერიკასთან, დაკარგა ფილიპინები, კუბა, ნიკარაგუა. ოდესღაც მძლავრი ესპანური იმპერია ჩაესვენა. ამან ლოგიკურად გამოიწვია შფოთი და არეულობა. საქმეს ვერც პრიმო დე რივერას დიქტატურამ უშველა. 1931 წლის რევოლუციამ ბოლო მოუღო მონარქიას. ალფონს მე–13 იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა.

ესპანეთი გამოცხადდა რესპუბლიკად, მაგრამ ამან კიდევ უფრო გააღრმავა მისი პრობლემები. მალე ქვეყანაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. უცხო სახელმწიფოების ჩარევამ (სსრ კავშირი, გერმანია, იტალია) ცეცხლზე ნავთი დაასხა. ესპანეთი გადაიქცა პოლიგონად, სადაც ერთმანეთს შეეჯახნენ კომუნისტები და ფაშისტები.

ომი გენერალ ფრანკოს გამარჯვებით დასრულდა. ესპანეთში კარგა ხნით ფალანგისტური დიქტატურა დამყარდა. მეორე მსოფლიო ომში ესპანეთს ჰიტლერელთა წნეხის გაძლება მოუხდა. ომის შემდეგ ქვეყანა ერთხანს იზოლაციაში მოექცა. ფრანკო არამხოლოდ დიქტატორი, არამედ შორსმჭვრეტელი კაციც იყო. კაუდილიოს (ასეთი გახლდათ მისი ტიტული) ესმოდა, რომ ლიბერალური გარდაქმნები ესპანეთში აუცილებელი იყო, ამისთვის კი დიქტატურა კონსტიტუციურ მონარქიას უნდა შეეცვალა. ფრანკომაც თვალი მიაპყრო რომს, სადაც გარდაცვლილი ალფონს მე–13–ის ოჯახი ცხოვრობდა. ალფონსის ვაჟი ავადმყოფი იყო. შვილიშვილებიდან ყველაზე ჯანმრთელი ხუან კარლოსი გახლდათ. კაუდილიომაც მას დაადგა თვალი.

ხუან კარლოსი დაიბადა 1938 წელს რომში. პრინცი კარდინალმა პეჩელიმ მონათლა. იტალიის მეფე ვიქტორ ემანუილი აშკარად თანაუგრძნობდა ხუან კარლოსს:

– რთული ბედის ხარ, განდევნილობაში დაიბადე.

ხუან კარლოსიც იმ შეგნებით იზრდებოდა, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. ამიტომაც გულდასმით მეცადინეობდა და სპორტსაც აქტიურად მისდევდა.

– მე მომიწევს ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად და ამისათვის მზად უნდა ვიყო! – ასე უთხრა პრინცმა ვიქტორ ემანუილს.

ესპანეთის მომავალმა მეფემ ელიტარული განათლება მიიღო. საფუძვლიანად შეისწავლა ისტორია, იურისპრუდენცია, ფინანსები, სამხედრო საქმე. მისი აღმზრდელები ერთსულოვნად აღნიშნავდნენ:

– საოცრად ცოცხალი გონება აქვს და ყველაფერს ადვილად ითვისებს. ძალიან კომუნიკაბელურია და ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამოძებნა.

ემიგრანტი მონარქების უმრავლესობას ახასიათებს ეჭვიანობა, კომპლექსები. ხუან კარლოსი ამ მხრივაც გამონაკლისი გახლდათ. მას საოცრად კარგი ხასიათი ჰქონდა, იყო მუდამ მხიარული და ოპტიმიზმით სავსე.

კაუდილიოც გულდასმით აკვირდებოდა მას. ფრანკო დეტალურად იყო ინფორმირებული, როგორ მიმდინარეობდა პრინცის აღზრდა, რა მიდრეკილებები და ინტერესები გააჩნდა, ვისთან მეგობრობდა და ა.შ.

სამშობლოში დაბრუნება

ფრანკომ ხუან კარლოსთან მეგობრული მიმოწერა გააჩაღა, 1947 წელს კი მეფე ოფიციალურად გამოცხადდა ფრანკოს მემკვიდრედ. კაუდილიო მასთან ფრიად სერიოზულ საკითხებსაც განიხილავდა.

– როგორ აფასებს თქვენი უდიდებულესობა 1936–39 წლების სამოქალაქო ომს?

– ჩემი აზრით, ეს იყო ტრაგედია, – მიუგო ხუან კარლოსმა, – არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც ერთი ერის შვილები იარაღით ხელში სამკვდრო–სასიცოცხლოდ უპირისპირდებიან ერთმანეთს.

– მართალია. სამოქალაქო ომის ჭრილობები დღესაც მტკივნეულად იჩენენ თავს.

– გამოსავალი ერთია – შერიგება, დიდი ეროვნული შერიგება.

სწორედ ხუან კარლოსის იდეა იყო ის, რომ ერთ სასაფლაოზე დაეკრძალათ როგორც რესპუბლიკის, ისე ფრანკოს მომხრეები.

– ორივე უკეთესი ესპანეთისთვის იბრძოდა.

კაუდილიოს ეს ჭკუაში დაუჯდა.

ფრანკოს სიკვდილის შემდეგ, ხუან კარლოსი ტახტზე ავიდა. ბევრი პოლიტოლოგი მას დიდ დღეს არ უწინასწარმეტყველებდა.

– ფრანკო ოდიოზური ფიგურაა, შესაბამისად, მის მემკვიდრესაც არ შეიძლება, მომავალი ჰქონდეს.

პროგნოზი არ გამართლდა. ხუან კარლოსის ინიციატივით შეიმუშავეს ახალი კონსტიტუცია, რის შედეგადაც დაინერგა მრავალპარტიულობა. მეფე გაემიჯნა ფალანგისტებს, რომლებიც დიქტატურის შენარჩუნებას უჭერდნენ მხარს. მეფემ უზრუნველყო ის, რომ ჩატარდა მართლაც დემოკრატიული არჩევნები. ამრიგად, დასრულდა დიქტატურის ეპოქა და ეს მოხდა არა – რევოლუციის, არამედ ევოლუციის გზით.

– მე არა გენერალ ფრანკოს, არამედ ესპანელი ბურბონების მემკვიდრე ვარ, – განაცხადა მეფემ თავის სატელევიზიო გამოსვლაში, – ამიტომაც ესპანეთისა და არა ფრანკოს მიმდევართა ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებ!

ახალი კონსტიტუციის ძალით რეალური ძალაუფლება პრემიერ–მინისტრის ხელში მოექცა, მეფე გადაიქცა სახელმწიფოს სიმბოლოდ, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის მთლიანობას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას.

– დიქტატურა მე–20 საუკუნეში ანაქრონიზმია! თუ მართლა გვიყვარს სამშობლო, გვსურს მისი წინსვლა, მხარი უნდა დავუჭიროთ დემოკრატიას, – განაცხადა თავის ტელემიმართვაში ხუან კარლოსმა.

ეს ცარიელი სიტყვები როდი იყო.

ღმერთო, დაიფარე ჩვენი მეფე!

ფრანკისტები, რომლებიც წლების მანძილზე გაბატონებულ ძალას წარმოადგენდნენ, არ აპირებდნენ პოზიციების ასე იოლად დათმობას. მათი ექსტრემისტულად განწყობილი ფრთა შეთქმულებებს და ტერაქტებს გეგმავდა, ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადასვლა იოლი არასდროს ყოფილა. გამონაკლისი არც ესპანეთი იყო.

ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენად გაღვივდებოდა კონფრონტაცია, რომ არ ყოფილიყო ხუან კარლოსი. მეფე გადაიქცა ფიგურად, რომლის გარშემოც გაერთიანდა მთელი ჯანმრთელი ძალა. მან ექსტრემისტთა ყველა ქმედება გაანეიტრალა. დემოკრატია რთულად, მაგრამ მტკიცედ იკიდებდა ფეხს ესპანეთში.

1981 წელს ვითარება დაიძაბა. სამხედროების ჯგუფმა, პოლკოვნიკ ტეხეროს მეთაურობით, შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა სცადა. პუტჩისტები პარლამენტში შეიჭრნენ. პოლკოვნიკმა ტეხერომ მოწოდებით მიმართა არმიას, რათა “ეროვნული ძალებისთვის” მხარი დაეჭირათ. ცალკეულმა ქვეგანაყოფებმა მართლაც გამოთქვეს მხარდაჭერის სურვილი. სხვებმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მზად იყვნენ, პუტჩისტებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ. არმიაში სახეზე იყო პოლარიზაცია, წარმოიქმნა სამოქალაქო ომის საფრთხე.

ამ ვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხუან კარლოსის გამოსვლას ტელევიზიით, სადაც მეფემ კატეგორიულად დაგმო პუტჩისტების მოქმედება:

– როგორც მეფე და უმაღლესი მთავარსარდალი, ვაცხადებ: ნებისმიერი აქცია, მიმართული კონსტიტუციური წყობის ძალისმიერი გზით შეცვლისკენ, წარმოადგენს ანტიეროვნულ ქმედებას, რომელსაც არ აქვს გამართლება!

ხუან კარლოსმა მოუწოდა პუტჩისტებს, დაეყარათ იარაღი, ხოლო ჯარისკაცებს – არ აჰყოლოდნენ ავანტიურას. შედეგად, არმია მართლაც გაემიჯნა ტეხეროს. პუტჩისტებიც ბოლოს იძულებულნი გახდნენ, დაეყარათ იარაღი. ხუან კარლოსმა გადაარჩინა ესპანური დემოკრატია.

თვით ესპანელი კომუნისტების ლიდერმა სანტიაგო კარიდომაც კი წამოიძახა:

– ღმერთო, დაიფარე ჩვენი მეფე!

ოჯახი და ჰობი

ხუან კარლოსის მეუღლე, სოფიო, საბერძნეთის მეფის, პავლე |–ის ქალიშვილია. ჰყავთ სამი შვილი: ქრისტინე, ელენე და ფილიპე.

ხუან კარლოსის ჰობი სპორტია. ბავშვობიდანვე ის მრავალ სახეობაში ვარჯიშობს, ესენია: ფეხბურთი, საიალქნო სპორტი, ტყვიის სროლა, კარატე. 1972 წელს ხუან კარლოსმა, როგორც იახტსმენმა, ოლიმპიურ თამაშებშიც კი მიიღო მონაწილეობა და მე–15 ადგილი დაიკავა. მოყვარულისთვის ეს ძალიან კარგი შედეგი იყო.

მეფის ფეხბურთით გატაცებაზე ხომ მთელი ლეგენდები დადის. თავისი მეგობრებისგან ხუან კარლოსმა საკმაოდ კარგი სამოყვარული კლუბი ჩამოაყალიბა. მეფე მადრიდის “რეალის” თავგამოდებული გულშემატკივარია, ამიტომაც “რეალს” სამეფო კლუბსაც უწოდებენ. ხუან კარლოსი ყურადღებით ადევნებს თვალს სპორტულ პრესას და არ მოსწონს, როდესაც “რეალს” უსამართლოდ ლანძღავენ. ერთ–ერთი ჟურნალის რედაქტორს მეფემ დაურეკა და პირდაპირ უთხრა:

– იცოდეთ, თქვენს ჟურნალს აღარ გამოვიწერ, თუ მომავალშიც ასე აშკარად დაუჭერთ მხარს “ბარსელონას”.

უკვე მოწიფულობის ხანაში ხუან კარლოსი კარატემ გაიტაცე. ის შიტო–რიუს ოსტატებთან ვარჯიშობდა და იმდენად გულმოდგინედ, რომ შავი ქამარიც დაიმსახურა.

ესპანეთის მეფე ძლიერია როგორც კატაში, ასევე კუმიტეშიც (ორთაბრძოლა). ის ვირტუოზულად ფლობს ტამეში–ვარის (მტვრევის ტექნიკა) ხელოვნებასაც, მას შეუძლია შიშველი ხელით დაამსხვრიოს აგურები და კრამიტები.

ეპილოგი

– მონარქიის არსებობა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ მეფე ღირსების, საღი აზრისა და კეთილშობილების განსახიერებაა. ასეთი კაცი არ შეეცდება კონსტიტუციის დარღვევას, პირიქით, გახდება დემოკრატიის გარანტი, – წერდა დიდი შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურენმატი.

ეს სიტყვები ზედგამოჭრილია ესპანეთის მეფეზე.

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button