არქივი

როდის დაერქვა ჩვენს დედაქალაქს “თბილისი”?

3faa877647ee
საქართველოს სატახტო ქალაქი – თბილისი ძველ ქართულ წყაროებში ძირითადად სახელდებულია როგორც “ტფილისი”.
საინტერესოა, როდის ეწოდა “ტფილისს” – “თბილისი”.
ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ასეა განმარტებული ტერმინი “თბილისი” – “თბილისი (1936 წლამდე ტფილისი)”.
იმავე ენციკლოპედიის სხვა ტომში კი ასეა განმარტებული ტერმინი “ტფილისი” – “ქ. თბილისის სახელწოდება 1936 წლამდე”.
838545b35b0c
ენციკლოპედია “თბილისში” ვკითხულობთ: “ძველქართულად ქალაქს “ტფილისი” ერქვა და ამ სახელწოდებიდან გავრცელდა იგი სხვა ხალხთა ენებში (რუსულსა და ევროპულში “ტიფლის”; არაბულ-სპარსულში – “თიფლის”; სომხურში – “ტფღის”; ბერძნულში – “ტეფილის”)”.

ზემოხსენებული განმარტებების გაცნობისას რჩება შთაბეჭდილება, რომ 1936 წლამდე საქართველოს დედაქალაქის აღსანიშნავად გამოიყენებოდა მხოლოდ “ტფილისი”. ამის შემდეგ კი მის ნაცვლად “თბილისი” დამკვიდრდა.
ffd291e7e9d0
საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცული ერთი საისტორიო საბუთი შესაძლებლობას გვიქმნის, ზემოთ მოყვანილი განმარტებანი გადავსინჯოთ.

1795 წლის 1-ელ მაისს, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (1720-1798) მიერ მანკასარ თუშმალიშვილისადმი (დოკუმენტში იხსენიება “თუშმალოვად”) ბოძებულ აზნაურობის წყალობის წიგნში, რომლის დედანიც დაცულია ზემოხსენებულ არქივში, ვკითხულობთ:
ef85a77052b0
“წყალობითა ღვთისათა, ჩუენ, ყოვლისა საქართველოისა, კახეთისა და სხუათა და სხუათამან ირაკლი მეორემან, მეფემან, გიბოძეთ წერილი ესე და განვაცხადებთ, რომ შენ – მანკასარ სარდარ გვარად თუშმალოი ხარ, რომელიც გვარი საქართველოს კეთილშობილად აღრაცხილია და შენ შთამომავლობითურთ შენით შესაბამ ხარისხისა თისისა კეთილშობილად იცნობებოდე და პატივცემულ იყავ, ვითარცა სხვანნი საქართველოს აზნაურნი, რომელსა მოვაწერთ იელსა და დავჰბეჭდავთ სამეუფოთა ბეჭდითა ჩვენითა წელთა 1795, თვესა მაისა I, ხოლო ქართულსა ქორონიკონსა უპგ დაიბეჭდა ქალაქსა შინა თბილისს”.

წყალობის წიგნს ერთვის მეფე ერეკლე II-ის ფაქსიმილე – “ერეკლე” (მარჯვენა კუთხეში). იმავე საბუთის მარცხენა კუთხეში დასმულია სამეფო ბეჭედი წითელი ფერის გოგირდზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლე II-ის მიერ გაცემულ არაერთ საბუთში იხსენიება ტოპონიმი “ტფილისი”. ეს გვაფიქრებინებს, რომ ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულს “ტფილისი” და “თბილისი” პარალელურ ტერმინებს წარმოადგენდა.
5b38c88639fe
საინტერესოა, რატომ იხსენიება ამ საბუთში თუშმალიშვილის გვარი “თუშმალოვის” ფორმით?
რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლის 24 ივლისს, გეორგიევსკში დადებული ტრაქტატის შემდეგ, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის მფარველობაში შევიდა, ქართველ თავადაზნაურთა გვარები ზოგიერთ დოკუმენტში რუსული დაბოლოებით ფიქსირდებოდა. მაგალითად, თურქესტანიშვილი – “თურქისტანოვის”, თუმანიშვილი – “თუმანოვის” ფორმით და სხვ.

ამრიგად, ზემოხსენებული საარქივო დოკუმენტი საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ტოპონიმი “თბილისი” ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულს, ანუ ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ხანაში იხსენიებოდა, როგორც “ტფილისის” პარალელური ტერმინი.

წყარო:edu.hc.ge

მსგავსი ამბები

Back to top button