არქივი

უჩვეულო ადამიანები

qmesj

დღესდღეობით, როცა ქირურგია განვითარდა და ბევრი ფიზიკური დეფექტის გამოსწორება გახდა შესაძლებელი, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ სრულფასოვნად გააგრძელონ ცხოვრება. თუმცა 1 საუკუნის წინ, როცა მედიცინა ჯერ კიდევ ბევრი რამის მიმართ იყო უძლური, დეფექტის მქონე ადამიანებს ძირითადად ორი ვარიანტი ჰქონდათ – გარიდებოდნენ საზოგადოებას ან ემუშავათ ცირკში, მიეღოთ მონაწილეობა წარმოდგენებში და ამით ფული ეშოვათ.

სუზი – გოგონა-სპილო

ofyhl
ამ დაავადებას იქთიოზისი ჰქვია და ბერძნული ιχθύς-იდან მოდის, რომელიც თევზს ნიშნავს. ადამიანს ამ დროს კანი უხეში და უცნაური ფორმის აქვს, ჩამოჰგავს ალიგატორისას. სუზის კანი ტლანქი და ნახეთქებიანი იყო, ამიტომაც შეადარეს სპილოსას და მიიღო მეტსახელი “გოგონა-სპილო”.

სუზი 1909 წელს დაიბადა დასავლეთ ბერლინში. ბავშვობაში ეს დაავადება სწრაფად განვითარდა და კანი ნაცრისფერი გაუხდა, შეუსქელდა და გაუუხეშდა. ამას თან ახლდა საშინელი ტკივილები მთელი დღის განმავლობაში, რომელსაც გოგონა გმირულად უძლებდა. შემდგომში რამდენიმე ინფექციამ კიდევ უფრო გაურთულა მდგომარეობა და აუტანელი გახადა. ყველაზე მსუბუქი და ფაქიზი მოძრაობების დროსაც კი ტკივილსა და წვას გრძნობდა. ადრეულ წლებში თვალების ნორმალურად დახამხამებასაც კი ვერ ახერხებდა, რადგან კანი სკდომას იწყებდა.

ფიზიკურ ტკივილს ფსიქოლოგიურიც ემატებოდა, რადგან თანატოლები ხშირად დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ, მეგობრობაზეც უარს ეუბნებოდნენ. ცხელ ზაფხულში, როცა სხვები წყალში ჭყუმპალაობდნენ, სუზი ყინულის ნატეხებს ისვამდა მკლავებზე და ასე ცდილობდა გაგრილებას. მის კანს არ ჰქონდა საშუალება, გამოეყო ოფლი და ამგვარად დაებალანსებინა ტემპერატურა ორგანიზმში. როცა ბავშვები მისკენ თითს იშვერდნენ და სიცილს იწყებდნენ, სუზი შეხედავდა, მაგრამ ერთი წვეთი ცრემლიც არ ჩამოუგორდებოდა. ძალიან უნდოდა ტირილი, მაგრამ ფიზიკურად არც ეს შეეძლო.

იმისთვის, რომ მდგომარეობა შეემსუბუქებინათ და ინფექციები აერიდებინათ, მშობლები ყოველდღე ზეთისა და სამკურნალო მცენარეების ნაზავს უსვამდნენ სხეულზე. ეს ერთგვარად ამშვიდებდა მას, კანს უფრო არბილებდა და მკვდარ უჯრედებს აცლიდა.

სუზი შეერთებულ შტატებში პირველად 1927 წელს ჩავიდა. ის ცირკის დასს ახლდა თან, ამ დასში შედიოდნენ გოლიათები და წვერებიანი ქალები. შემდგომში კიდევ რამდენჯერმე ჩავიდა, ბოლოს კი მენეჯერის დახმარებით სამუდამოდ ამერიკაში, ნიუ-იორკში დარჩენა მოახერხა და თავი აარიდა მოახლოებულ ომს. იქ ხშირად აწყობდა წარმოდგენებს და აოცებდა ხალხს მისი უჩვეულო მდგომარეობით. 1967 წელს Madison Square Garden-შიც გამოვიდა.

სუზის აღწერდნენ როგორც მორცხვ, ჩაკეტილ და წყნარ ადამიანს. მისი წარმოდგენები 60-იანი წლების ბოლომდე გრძელდებოდა, სანამ მენეჯერი არ გარდაიცვალა. მის სიკვდილთან ერთად სუზის კარიერაც და შოუს გაგრძელების სურვილიც მოკვდა. ამის შემდეგ ერთადერთი და ბოლო წარმოდგენა იყო პენსილვანიაში, სადაც საკუთარ თავს “ჭაობის გოგონა” უწოდა. ზოგიერთი ცნობით, სუზი ბერლინში დაბრუნდა, თუმცა უფრო მეტი წყარო იქითკენ იხრება, რომ ნიუ-იორკში გარდაიცვალა 1975 წელს.

სემ ალექსანდერი – ადამიანი ორი სახით

y40pe
უჩვეულო ადამიანები ხშირად რაიმე დეფექტით იბადებიან, სხვები კი დაჟინებული წვრთნით აღწევენ შედეგს. თუმცა არიან ისეთებიც, ვის გეგმებშიც სულაც არ შედიოდა მსგავსი რამ და ყველაფერი უბედური შემთხვევის ბრალია. სემ ალექსანდერი ერთ-ერთი მათგანია.

სემი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანი იყო. 20 წელს რომ გადაცდა, თეატრის მსახიობი გახდა და საკმაოდ წარმატებულიც, ის მიიწვიეს ჩიკაგოში, შუბერტის თეატრში. უბედური შემთხვევაც სწორედ აქ მოხდა. მართალია, დეტალები შემორჩენილი არაა, მაგრამ ცნობილია, რომ ბენზინის საცავი აფეთქდა, რაც მისი დაუდევრობის შედეგი იყო. სემმა ინსტიქტურად მაღლა აწია ხელები და სახე დაიფარა, რითიც თვალები გადაარჩინა, მაგრამ სახის ქვედა ნაწილზე საშინელი დამწვრობები მიიღო. მოგვიანებით ეს დამწვრობები დაჩირქდა და დაინფიცირდა. ექიმები იძულებულნი გახდნენ, ქსოვილები მოეკვეთათ, თითქმის ძვლებამდე. ამის გამო სემს სამუდამოდ დარჩა კბილებდაკრეჭილი გრიმასა და შემზარავი გამომეტყველება.

სემი 13 თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს ჩიკაგოს საავადმყოფოში. თუმცა ემოციური ტკივილები უფრო ჭარბობდა მასში, რადგან არ იცოდა, როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას. საყვარელ ადამიანებსაც ვერ ხედავდა მის გვერდით. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ის სპეციალურ დაწესებულებაში გაგზავნეს, სადაც მისნაირი უიმედო ადამიანები ცხოვრობდნენ. ცოტა ხანში მკურნალი ექიმი ეწვია მას და ნიღბის დამზადება შესთავაზა, რომელიც ასე თუ ისე დაუფარავდა იარებს. სემი ცხადია, დათანხმდა, თუმცა ეს ნიღაბი არც ისეთი რეალისტური იყო, რომ მისი შიშველი სახე ბოლომდე შეენიღბა. სემი სულით დაეცა და დადარდიანდა, რადგან ხვდებოდა, რომ ვერასდროს დაიმკვიდრებდა ძველ ადგილს საზოგადოებაში. საზოგადოებაში, სადაც მისი ადგილი იმ ავადსახსენებელი მოვლენის შემდეგ ფაქტიურად აღარ იყო.

სემი პატივმოყვარე და ამბიციური ადამიანი გახლდათ, რამაც ეს შეზღუდულობა კიდევ უფრო აუტანელი გახადა. ერთ დილას ის გაზეთს კითხულობდა, როცა ერთ-ერთი შოუს შესახებ ნახა ინფორმაცია. წარმოდგენები საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. ხელმძღვანელი ვინმე პიტერ კორტესი იყო. კორტესმა აიყვანა ის და შეარქვა “ადამიანი ორი სახით”. სემი გამოდიოდა მაყურებლების წინაშე და თავის ისტორიას ჰყვებოდა რბილი ხმითა და საუბრის მშვიდი მანერებით. ამის შემდეგ კი იხსნიდა ნიღაბს, რასაც მოჰყვებოდა ყვირილი და ტირილი აუდიტორიაში. წარმოდგენები იმდენად მოქმედებდა ხალხზე, რომ კორტესმა ბილეთებს ფასი აუწია და წინასწარ აფრთხილებდა ყველას, რომ ეს მხოლოდ ძლიერი ნერვების მქონეთათვის იყო. ამის შემდეგ სემმა დიდ წარმატებას მიაღწია, ბევრ ქალაქს ეწვია და ბოლოს მარტომ განაგრძო კარიერული წინსვლა. ერთხელ კი “ქინძისთავ შლიცსაც” აღმოუჩინა დახმარება.

გამომუშავებულ თანხას სემი ექიმებს ახარჯავდა სახის აღდგენის იმედით, მან 72 ოპერაცია გაიკეთა. ამის შედეგად ქსოვილების რაღაც ნაწილი მიაკერეს სახის ქვედა ნაწილზე, თუმცა ძველებური ფორმა, ცხადია, ვეღარ დაუბრუნეს. სემს ნიღაბიც მობეზრდა და მის გარეშე დადიოდა, არ ანაღვლებდა, რას იფიქრებდა ხალხი. გარდაიცვალა 1997 წელს და ყველას დაამახსოვრდა, როგორც გულკეთილი და შეუპოვარი ადამიანი.

რობერტ ჰადლსტონი – პონი-ბიჭი

8i03s
წლების განმავლობაში უამრავ ქალაქსა თუ ქვეყანაში სალაპარაკო თემად ჰქონდათ რობერტ ჰადლსტონის შემთხვევა, ავრცელებდნენ მის სურათებს, სადაც უჩვეულო პოზაში იყო გადაღებული. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული წარმოდგენების დროს მისი ნამდვილი სახელი და ისტორია ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა, თუმცა მოგვიანებით აღდგენა მოხერხდა.

რობერტი დაავადებული იყო “გენუ რეკურვატუმის”, იგივე “უკანა მუხლის დეფორმირების” მძიმე ფორმით. მას არ შეეძლო სწორად, ორ ფეხზე დგომა, ვერ ხმარობდა ყავარჯნებს, ასე რომ ცხოვრება და გადაადგილება ოთხზე უწევდა. თითქოს ეს საშინელი დეფექტი იყო, მაგრამ რობერტი არ შეეპუა და საკმაოდ აქტიურად ცხოვრობდა.

დაიბადა მისურის შტატში, 1895 წელს. ბავშვობის დიდი ნაწილი მან შეალია ყოველდღიურ მძიმე სამუშაოებს – წველიდა ძროხებს, უვლიდა პირუტყვს, იღებდა მოსავალს ნათესებიდან. მოზრდილობაში ის ემსახურებოდა მეზობლებსა და ნაცნობებს – მიდიოდა ტყეში, ჩეხავდა ხეებს და აწყობდა შეშას სპეციალურ ურიკაში, შემდეგ კი მათთან მიჰქონდა. ზოგჯერ ამისთვის 25 კმ-ს გადიოდა. ამ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შედეგად რობერტს მკლავები და ხელები გაუძლიერდა, მუსკულატურაც განუვითარდა. II მსოფლიო ომის პერიოდში ის მჭედელი და დურგალიც იყო.

ვინც რობერტს იცნობდა, ახასიათებდნენ, როგორც თბილ და მშრომელ ადამიანს. მასთან ურთიერთობისას ბევრს ავიწყდებოდა კიდეც, რომ საქმე ჰქონდა ფიზიკურად განუვითარებელ ადამიანთან. თუმცა იყო კატეგორია ხალხისა, რომელიც მიდიოდა და აშტერდებოდა მას, როგორ საქმიანობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და შემდგომ მისი ფინანსურ მდგომარეობა გაუარესდა და გადაწყვიტა, თავისი სხეულით სარგებელი მიეღო.

გასაოცარი და უჩვეულო მდგომარეობის გამო ჰადლსტონმა მალე მიიპყრო ხალხის ყურადღება. მას “პონი-ბიჭი” შეარქვეს. პირველად მისი უნიკალური სხეული საჯაროდ იხილა საზოგადოებამ ერთ პატარა კარნავალზე, რომელიც ტეხასში ჩატარდა. რობერტის წილი ამ კარნავალში დროის მხრივ მცირე იყო, თუმცა დიდი წარმატება ხვდა წილად. პოპულარობა მალე მოიპოვა და ტომ მიქსის ცირკს შეუერთდა, რის შემდეგაც მთელი ჩრდილოეთ ამერიკა მოიარა. გამოდიოდა ხალხის წინაშე და ახდენდა არაჩვეულებრივი მოქნილობისა და ძალ-ღონის დემონსტრირებას. ამბობენ, რომ მარჯვენა ფეხის მხარზე შემოდებაც შეეძლო.

რობერტ ჰადლსტონის გამოსვლები 36 წლის მანძილზე გრძელდებოდა. შემდეგ პენსიაზე გავიდა და კალიფორნიის შტატში, ქალაქ ფრემონტში დაბინავდა. თუმცა არც იქ შეუსვენია და აქტიური ცხოვრება განაგრძო – ძირითადად ავტომობილების შეკეთებითა და კურდღლების მოშენება-გამრავლებით იყო დაკავებული. გარდაიცვალა 70-იანი წლების მიწურულს.

გაგრძელება იქნება.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button