არქივი

ვინსენტ ვან–გოგი

dc24e8b9c431

ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს, თეოდორუს ვან გოგის და ანა კორნელიუს კარბენტუსის ოჯახში, გროტ-ზიუნდერტში, ბრაბანტის ჰოლანდიური ნაწილის პატარა სოფელში. ექვს და-ძმაში ყველაზე უფროს ვინსენტს მის გაჩენამდე ერთი წლით ადრე დაბადებული და რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ძმის სახელი დაარქვეს.

ვან გოგმა, თავისი ტოლი ბავშვების მსგავსად, დაწყებითი განათლება საკმაოდ უწესრიგოდ მიიღო. ერთი წელი სოფლის სამრევლო სკოლაში დადიოდა, შემდეგი ორი წელი კი ზევენბერგენის პანსიონში გაატარა. 1866 წლიდან 1868 წლამდე ტილბურგის პანსიონში ირიცხებოდა. სკოლაში კითხვა შეუყვარდა და ეს სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. წლების განმავლობაში კითხულობდა ისეთ რომანებს, რომლებშიც სიღარიბის, გლეხების და ჩაგრულების შესახებ იყო მოთხრობილი. უყვარდა დუმილი, მინდვრებში ხეტიალი და ბუნებაში განმარტოება; აგროვებდა, აკვირდებოდა და სწავლობდა ცხოველებს, მცენარეებს და ჩიტების ბუდეებს. ძმებს და მეგობრებს ის ჭკვიან ბიჭად მიაჩნდათ და პატივს სცემდნენ.

9eafeae43ad7

დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ იგი შინ დაბრუნდა და თექვსმეტი წლის ასაკამდე მშობლების სახლში, წიგნების გარემოცვასა და ბუნებაში გაატარა.ოჯახმა გადაწყვიტა მისთვის მუშაობა დაეწყებინებინა და ჰააგაში, გუპილის ფირმაში მოაწყვეს კომისიონერად. ჭაბუკი ვინსენტ ვან გოგი მუყაითად შრომობდა, თუმცა კომერცია არ იტაცებდა. მიუხედავად ამისა, მისმა სიბეჯითემ ნაყოფი გამოიღო და დააწინაურეს: ჯერ – ბრიუსელში, მერე – ლონდონში, ბოლოს კი პარიზში გადაიყვანეს სამუშაოდ.

ბრიუსელში მასთან უმცროსი ძმა, თხუთმეტი წლის თეო ჩავიდა. სწორედ ამ სტუმრობის დროს ჩაეყარა საფუძველი მათ დიდ მეგობრობასა და მიწერ-მოწერას, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდა. ლონდონში ვინსენტს სახლის მეპატრონის ქალიშვილი, ეჟენი ლოიერი შეუყვარდა, რომელმაც ცოლობაზე უარი უთხრა. სიყვარულში ამ პირველმა იმედგაცრუებამ ღრმად დაანაღვლიანა. მდგომარეობიდან გამოსასვლელად მან ბიბლიის კითხვა დაიწყო. 1876 წლის პირველ აპრილს ვინსენტი ფირმიდან დაითხოვეს არაპუნქტუალურობის და სამუშაოსადმი ინტერესის უქონლობის გამო.

იგი ისე მხურვალედ გაიტაცა რელიგიამ, რომ ინგლისურ ინტერნატში მასწავლებლობის და დორდრეხტის წიგნის მაღაზიაში მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა ამსტერდამში თეოლოგიის დასაუფლებლად ჩასულიყო, მაგრამ უარი თქვა ლათინური და ბერძნული ენების შესწავლაზე და ბორინაჟში გაემგზავრა იქაური მაღაროელებისათვის სახარების საქადაგებლად. მალე ის ვასმში გაგზავნეს, სადაც ბარაკში ცხოვრობდა და თივაზე ეძინა, რადგან, რაც კი ებადა, თავისზე უფრო გაჭირვებულებს დაურიგა.

f4430f4ac33f

ამ ყველაფერმა გააღიზიანა ვან გოგის უფროსები, რომელთაც მისი თანამდებობა გააუქმეს. იგი კუესმში გადაიყვანეს, სადაც მხოლოდ პურზე და წყალზე გადადიოდა, რათა უკეთ გაეგო ნამდვილი ღატაკების გასაჭირი და მათ დამსგავსებოდა. მისი საქციელი მიუღებელი და გადაჭარბებული მოეჩვენათ. ჩათვალეს, რომ იგი არ შეეფერებოდა მქადაგებლის თანამდებობას. ორი ხანგრძლივი წელიწადის განმავლობაში, როცა ჭეშმარიტი ქრისტიანივით ცხოვრობდა, მას ვერავინ გაუგო. ერთ-ერთმა დამ მიახალა: „ღვთისმოსაობამ იდიოტად გაქცია.“

რადგან ქადაგება აუკრძალეს, მან გადაწყვიტა ხელოვნებისათვის მიეძღვნა თავი: ხელოვნებისთვის, რომელსაც თავისებურად გარდაქმნიდა.

1880 წლის ივლისში ვინსენტმა განაახლა თეოსთან მიმოწერა. ვრცელ წერილში ის დაწვრილებით და გარკვევით უხსნიდა ძმას, რომ უპირველესდ ოჯახთან კავშირის გაწყვეტას აპირებდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ „აუტანელი და საეჭვო პიროვნება გახდა, ყოველ შემთხვევაში, პიროვნება, რომელიც ნდობის ღირსი არ არის.“

ლაპარაკობდა მისტიციზმზე, რაც ყოველთვის ახასიათებდა: „რაც ჩემში ხდება, თითქოს გარე სამყაროშიც იგივეა. ვიღაცის სულში დიდი ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ ახლოს არავინ მიდის გასათბობად, გამვლელები მხოლოდ ბუხრიდან ამოსულ კვამლს ამჩნევენ და თავიანთ გზას აგრძელებენ.“

თეომ ერთადერთი რჩევა მისცა – ღრმად დაუფლებოდა ფერწერის ტექნიკას. ვინსენტმა ეს ყურად იღო და 1880 წლის ოქტომბერში ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა (უფასოდ).

918a397a4431

1881 წლის 12 აპრილს ვან გოგი მშობლებთან, ეტენში ბრუნდება და დაუღალავად ხატავს სოფლის მცხოვრებლებს, ქალებს საოჯახო საქმიანობისას და ბუნების სურათებს.

ზაფხულის დამდეგს რამდენიმე დღით ვან გოგებს ნათესავი – კეი ვოსო ესტუმრა. ქალი დაქვრივებული იყო და ოთხი წლის ბავშვი ჰყავდა. ვისნენტს იგი შეუყვარდა, მაგრამ ქალისაგან უარი მიიღო, რაც მისთვის კიდევ ერთი იმედგაცრუების მიზეზი გახდა.

ჰააგაში მან ნელ-ნელა დაივიწყა თავისი დეიდაშვილი კეი, მაგრამ ერთგან წერს: „არ შემიძლია, ჩემთვის წარმოუდგენელია უსიყვარულოდ სიცოცხლე. მე ვნების კაცი ვარ. ქალი უნდა ვიპოვო, თორემ გავიყინები და ქვად გადავიქცევი.“

ვან გოგს ყოველასგან და ყოველთვის უცნაურ, არატიპურ ადამიანად აღიქვამდნენ და ყველაფერზე პასუხს სთხოვდნენ.

მაგალითად, როცა ვინსენტი შეუყვარდა მეზობლად მცხოვრებ ორმოცი წლის შინაბერას, მარგო ბეგემანს, რომელმაც თავი მოიწამლა მხატვრის გულგრილობის გამო, ყველამ ვინსენტი დაადანაშაულა, თუმცა ამ ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ.

როცა ერთი ქალიშვილი, რომელიც „კარტოფილით ვახშმობაში“ ზურგით ზის და ვან გოგისთვის მხოლოდ მენატურე იყო, დაორსულდა, ესეც ვან გოგს დააბრალეს და კათოლიკე ღვთისმსახურმა მრევლს მისთვის პოზირება აუკრძალა.

1885 წლის 26 მარტს საკუთარი სახლის ზგურბლზე უეცრად გარდაიცვალა ვინსენტის მამა. ამ მოულოდნელმა უბედურებამ მას მრავალი ნაწარმოების შექმნა შთააგონა, რომელიც მამამის უკავშირდება.

91fa41f434a2

როგორც ყოველთვის, იგი სხვაგან მიემგზავრებოდა, როგორც კი ირგვლივ სიცარიელეს იგრძნობდა.

პარიზში ვან გოგმა ფერი აღმოაჩინა, არლში კი სინათლე ჰპოვა, სინათლე, რომელიც ათასფრად ციმციმებდა მის ტილოებსა და წერილებში. სწორედ ამ დროს მოიცვა მთელი მისი ფიქრები მზესუმზირებმა.

არლის „ყვითელი სახლი“ არა მარტო არაჩვეულებრივი სურათია, არამედ ვან გოგის კერაცაა სამხრეთში. ყვითელ სახლში კონკრეტული გამოხატულება პოვა მისმა ოცნებამ, შეექმნა მხატვართა ამხანაგობა, რომლის წევრებიც ბერებივით ასკეტურად იცხოვრებდნენ, ილაპარაკებდნენ ხელოვნებაზე, შეიმუშავებდნენ ნამუშევართა გაყიდვის ახლებურ სისტემას, ძმურად გაინაწილებდნენ მთელ მასალას და სულიერად გაამხნევებდნენ ერთმანეთს.

1888 წლის დეკემბერის შუა რიცხვებისთვის ვან გოგსა და გოგენს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა. როცა ვან გოგმა გააცნოებიერა, რომ მეგობარი მის მიტოვებას აპირებდა, ყველაფერმა ტრაგიკული ელფერი მიიღო – ის ჯერ გოგენს მივარდა ბასრი სამართებლით ხელში, შემდეგ კი იმავე სამართებლით მოიჭრა ყურის ბიბილო, რომელიც მეგობარ მეძავს უსახსოვრა. როცა უგონოდ მყოფი ვან გოგი ნახეს, მეგობრის მკვლელობის მცდელობაში გოგენი დაადანაშაულეს. არლის მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა ვან გოგის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.

„ცხოვერებაში, ისევე როგორც ფერწერაში, შემიძლია ღმერთის გარეშეც გავძლო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძნელია, უტანჯველად დავთმო ის, რაც ჩემზე ძლიერია, რაც ჩემი ცხოვრების აზრს შეადგენს, ეს არის შემოქმედების ძალა.“

76dc542a768a

ხატვა მას საშუალებას აძლევდა გაეგრძელებინა ცხოვრება და სწორედ ამას ადასტურებს სურათი, რომელიც თავის რძალს, იოჰანას უძღვნა მისი ძმისშვილის დაბადებასთან დაკავშირებით: „აი, ნახავ, შეიძლება ეს ჩემი საუკეთესო ნახატი იყოს; მე იგი მშვიდად დავხატე. მეორე დღეს დაჭრილი ნადირივით გამომელია ძალა და იატაკზე დავეცი.“

ვან გოგის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა მის ცხოვრებაში ერთ სასიამოვნო ფაქტს დაემთხვა.

1890 წლის იანვრის მიწურულს თეომ მას კრიტიკოს ალბერ ორიეს სტატია გაუგზავნა, რომელიც „მერკიურ დე ფრანსის“ პირველ ნომერში იყო დაბეჭდილი. სტატიაში მოცემული იყო მისი შემოქმედების დეტალური ანალიზი: „აქ საგნები ყოვლისმომცველ, გიჟურ და თვალისმომჭრელ ნათებას გამოსცემენ. პაროქსიზმამდე მისული მთელი მატერია, მთელი ბუნება შმაგად იგრიხება და სიმწვავის უმაღლეს წერტილს აღწევს. აქ ფორმა კოშმარად გარდაიქმნება, ფერი ცეცხლის ენებად, ვულკანის ლავად და ძვირფას ქვად დნება, სინათლე ხანძრად იქცევა, ცხოვრება – ციებ-ცხელებად…“

იყო სხვა ახალი ამბავიც, რომელმაც მხატვარი გაამხნევა და ძალა შემატა: ბრიუსელის „ოცთა ჯგუფის“ გამოფენაზე მისი ტილო „წითელი ვენახები არლში“ 400 ფრანკად გაიყიდა.

ვინსენტი აღსასრულის მოახლოებას გრძნობდა და ჩრდილოეთში დასაბრუნებლად იწყო მზადება. 1890 წლის 17 მაისს ვინსენტ ვან გოგი პარიზში ჩავიდა და სამი დღე თეოს ოჯახში გაატარა. მაშინ პირველად ნახა პატარა ძმისშვილი.

ივნისის მიწურულს მიღებულმა თეოს წერილმა ბოლო მოუღო მის სიმშვიდეს და გააქარწყლა მისი გეგმები. ძმა სწერდა საქმეში შექმნილი პრობლემების და ფიზიკური უძლურების შესახებ, რითაც იგი და მისი მეუღლე იტანჯებოდნენ. ვინსენტს მარტოდ დარჩენის შეეშინდა. იგი თეოს ესტუმრა, მაგრამ გული ვერ დაიმშვიდა. ოვერში დაბრუნებულმა ვინსენტმა კავშირი გაწყვიტა თავის ექიმთან: „…ვცდილობ მხირული ვიყო, მაგრამ ჩემს სიცოცხლეს ისევე ემუქრება საფრთხე, როგორც დაბადებისას და ჩემი ნაბიჯებიც ისეთივე არამყარია.“

ივლისში მან პურის ყანები დახატა. „ ეს პურის უკიდეგანო ყანებია მღელვარე ცის ქვეშ და მე სრულიადაც არ გამჭირვებია სევდისა და უკიდურესი მარტოობის გადმოცემა.“ კვლავ დეპრესია და 27 ივლისს შუაგულ მინდორში ვან გოგმა გულში დაიხალა ტყვია. მძიმედ დაჭრილმა მხატვარმა ძლივძლივობით მიაღწია სასტუმრომდე. პარიზიდან თეო ჩამოვიდა. 1890 წლის 29 ივლისს, ღამის პირველ საათზე ვინსენტმა სული დალია. „ახლა სიამოვნებით დავბრუნდებოდი შინ,“ – ასეთი იყო ძმისთვის ნათქვამი ვან გოგის უკანასკნელი სიტყვები.

წყარო: venomous-angel.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button