არქივი

ბითლზის “ნორვეგიული ხე”

ecwhe
თანამედროვე მუსიკის მოყვარულებს, ახალი თუ ძველი თაობისა, ბევრი შედევრის მოსმენა შეუძლიათ. ძალიან ბევრი სიმღერა უკვდავი ხდება და შესრულებიდან თუ ჩაწერიდან დიდი ხნის მერეც აღაფრთოვანებს მსმენელებს. ასეთი სიმღერა, საბედნიეროდ, უამრავია მსოფლიოში, რაც აძლევს საშუალებას ადამიანებს თავისი გემოვნებისა თუ ხასიათის შესაბამისი სიმღერები მოისმინონ, როცა უნდათ.

ჟურნალ Rolling Stonesis გამოკითხვის მიხედვით ლეგენდარული ჯგუფის The Beatles სიმღერამ Norwegian Wood (This Bird Has Flown) დაიკავა 83 ადგილი ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერას შორის.

სიმღერა Norwegian Wood (This Bird Has Flown), ქართულად – ნორვეგიული ხე (ჩიტი გაფრინდა), შევიდა ბითლზის ალბომში Rubber Soul, 1965 წელს. ავტორებად ითვლებიან ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი. ბითლზის სიმღერების უმრავლესობას ასეც აწერია “ავტორები: ჯონ ლენონი – პოლ მაკარტნი”. ზოგიერთი სიმღერა, ძირითადად, დაიწერა ერთ-ერთის მიერ, თუმცა მეორემ მონაწილეობა მიიღო მუსიკის ან ტექსტის რომელიმე ნაწილის შექმნაში. ხშირად, ეს დიდებული ტანდემი ისე წერდა გენიალურ სიმღერებს, რომ თავადაც არ ახსოვდათ მერე, ვინ უფრო მეტი მონაწილეობა მიიღო სიმღერის შექმნაში. სამწუხაროა, რომ შემოქმედებითი ტანდემი ჯონ ლენონი – პოლ მაკარტნი დაიშალა. მართალია, შემდგომში თითოეული ძალიან კარგ სიმღერებს წერდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთად უფრო უკეთესი იქნებოდა მათი შემოქმედება.

“ნორვეგიული ხე” უფრო ჯონ ლენონის შექმნილია, მაკარტნის მუსიკის მხოლოდ ერთი ნაწილი ეკუთვნის. ამ სიმღერაში, თანამედროვე დასავლეთის მუსიკის ისტორიაში პირველად, ისმის სიტარის ხმა, რომელზეც ჯორჯ ჰარისონი უკრავს. სიტარი (სიტარა) ინდური სიმებიანი ინსტრუმენტია, რომელსაც მდიდარი, ორკესტრული ჟღერადობა აქვს. ჯორჯის მიერ შესრულებული სიტარის პარტია არაჩვეულებრივიაა. როგორც მთელი სიმღერა. სიმღერაში Norwegian Wood ვოკალს მღერის ჯონი. შემდეგში სიტარი ძალიან პოპულარული გახდა როკ-მუსიკოსებს შორის. შაწერა მომდინარეობდა 1965 წლის 12-21 ოქტომბერს.

ჯორჯ ჰარისონმა სიტარი კინოფილმ Help გადაღების დროს ნახა პირველად. მერე იყიდა კიდეც. ჯორჯი ისხენებდა: “როცა ვწერდით Norwegian Wood, თითქოს რაღაც აკლდა სიმღერას. მე ავიღე სიტარი და სპონტანურად დავუკარი. მერე ჩავიწერეთ, დავადეთ და კარგი გამოვიდა.”

სიმღერაში მოთხრობილია, რომ გოგონა მიიპატიჟებს ბიჭს შინ. მისი ოთახის კედლები ნორვეგიული ხითა, ფიჭვითაა გაწყობილი. იმ პერიოდში ფიჭვის მასალით ოთახის გაწყობა მოდაში ყოფილა. დიდხანს სხედან და საუბრობენ, სვამენ ღვინოს ღამის ორ საათამდე. მერე გოგო ამბობს, რომ ძილის დროა. ბიჭს არ სიამოვნებს, მაგრამ აბაზანაში იძინებს. დილას, როცა გამოიღვიძებს გოგონა იქ აღარ არის, “ჩიტი გაფრინდა”. შურისძიების მიზნით ბიჭი წვავს გოგონას ბინას.

იმ დროს, როდესაც შეიქმნა სიმღერა “ნორვეგიული ხე”, ჯონ ლენონი დაქორწინებული იყო სინტიაზე, თავის პირველ ცოლზე. თუმცა, აქეთ-იქით “დაძვრებოდა”. მერე ჯონი იხსენებდა: “Norwegian Wood მთლიანად ჩემი სიმღერაა. ის ერთ ჩემს თავგადასავალს ეხება. ძალიან ვფრთხილობდი, რომ ჩემს ცოლს, სინს (სინტიას) არ გაეგო ასეთი რაღაცეები. მე ყოველთვის მქონდა ამგვარი თავგადასავლები, ამიტომ მათ შესახებ ვწერდი დაფარულად. თუმცა, ამ სიმღერაში კონკრეტულად არავინ მყავს წარმოდგენილი.”

ჯონ ლენონის ძმაკაცი პიტ შოტონი თვლიდა, რომ სიმღერაში წარმოდგენილი გოგონა შეიძლება ყოფილიყო ჟურნალისტი, მერი კლივი
(პიტ შოტონისა და ჯონ ლენონის მეგობრობაზე ადრე გიამბეთ). მწერალ ფილიპ ნორმანის აზრით კი, ამ სიმღერის დაწერა ჯონს შთააგონა მათი პირველი ფოტოგრაფის, რობერტ ფრიმანის ცოლმა, ზონი დრაინმა.

ასეა თუ ისე, სიმღერა შესანიშნავი გამოვიდა. ჯონ ლენონი აღიარებდა, რომ იმ დროს გარკვეულ გავლენაც განიცდიდა ბობ დილანისგან. თუმცა, მერე დობ დილანმაც დაწერა სიუჟეტურად და მუსიკალური გაფორმებით მსგავსი სიმღერა 4th Time Around.

აღნიშნულმა სიმღერამ გავლენა მოახდინა სხვადასხვა მიმართულებით. იაპონელმა მწერალმა ჰარუკი მურაკამიმ დაწერა რომანი “ნორვეგიული ტყე” (ამ რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს). 1984 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს უოლტერ მონდეილს, ნორვეგიული წარმოშობის გამო უწოდესNNorwegian Wood. ნორვეგიაში არსებულ ბითლზის ფან კლუბს Norwegian Wood ჰქვია. ნორვეგიაში, ოსლოში ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალსაც სწორედ ეს სახელი აქვს.

Norwegian Wood შეასრულა არ ერთმა მუსიკოსმა: ვაილონ ჯანინგსმა, ალანს მორისეტმა, ბადი რიჩმა, ჰერბი ჰენოკმა, კოლინ ჰეიმ, ვიქტორ ვუტენმა, სერჯიო მენდესმა, The Fiery Furnaces, U2 და სხვა

წყარო: presa.ge

მსგავსი ამბები

Back to top button