არქივი

ტრადიციული ქართული საბრძოლო იარაღი

2f856b7390cc
საქართველოს ისტორიის უდიდესი ნაწილი ბრძოლებს ეთმობა. რთული გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანა მუდმივ ომიანობაში იყო, რაც თავისთავად გულისხმობდა დიდ საბრძოლო გამოცდილებას, სამხედრო საქმის უნაკლო ცოდნას, საფორტიფიკაციო ქსელის განვითარებასა და საომარი იარაღის მრავალფეროვნებას. შედეგად ქართველი ჩამოყალიბდა, როგორც მეომრული სულისკვეთების და სამხედრო ხელოვნების შესანიშნავი მცოდნე, რასაც კარგად გრძნობდნენ თვითონაც და თავის თავს ასე ახასიათებდნენ: `ქართველნი ვართ ნათესავით მხნენნი, მხედრობითა აღზრდილნი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი (გრიგოლ ბაკურიანის ძე, პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი, XIს.). დავით აღმაშენებელიც ასევე უწოდებდა თავის თავსა და ერისკაცებს: `ჩვენ, მხედრობათა შინა აღზრდილნი~.

ომში გამარჯვების ერთ-ერთ ძირითად პირობას საბრძოლო-თავდაცვითი იარაღის მრავალფეროვნება, გამძლეობა და სრულყოფილი სახე წარმოადგენს. როგორც ჩანს, იარაღის კულტურა საქართველოში ოდითგანვე მაღალ დონეზე მდგარა, რასაც ისტორიულ-არქეოლოგიური წყაროები ადასტურებენ. საომარი იარაღი, თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: საბრძოლო და თავდაცვითი. თითოეული მათგანი, მისი მოხმარებისა და დანიშნულების მიხედვით, ცალკე კლასიფიცირდება.
ქართული წერილობითი წყაროებისა და ლექსიკოლოგიური მონაცემების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილმა ტრადიციული საბრძოლო და თავდაცვითი იარაღის კლასიფიკაცია შეადგინა, რომლის თანახმად საბრძოლო იარაღი იყოფა შემდეგ სახეობებად:
1. საძგერებელი
2. სატყორცნ-საძგერებელი
3. სატყორცნი
4. სასროლი
5. დასარტყმელი
6. მკვეთრ-მკვეთებელი
ხოლო თავდასაცავ იარაღებს იგი ოთხ ნაწილად ყოფს:
1. თავსაბურავი
2. გულმკერდის საცავი
3. ქვედა ნაწილის საცავი
4. ფარი და ჩელთი
თავის მხრივ საბრძოლო იარაღი იყოფოდა სამხედრო და საქვეითო იარაღად, რომლითაც განსხვავებულად იყო აღჭურვილი ცხენოსანი და ქვეითი მეომარი. ამასთანავე, თვითონ საბრძოლო იარაღიც, ორნაირი იყო – სადღესასწაულო-საზეიმო და საომარი. საზეიმო იარაღი, ძვირფასი თვლებით მოკაზმული და ფიგურებით დამშვენებული იყო. ცხადია, ამ იარაღით ომში წასვლა გაუმართლებელი იყო და მას მხოლოდ დასამშვენებლად იყენებდნენ. ასეთივე სხვაობაა თავდასაცავ იარაღშიც; არსებობდა როგორც საკაცო, ისე საცხენო აბჯრები, რომლითაც ცხენს აღჭურვავდნენ, რათა იგი მტრისგან დაცული ყოფილიყო.
სამხედრო წეს-ჩვეულებათა და იარაღის ტარების კულტურა, როგორც ქართულ ლაშქარში, ისე უბრალო მოსახლეობაში მაღალ დონეზე იდგა. მხედრული უნარების სწავლებას ვაჟისთვის ოჯახი პატარაობიდანვე იწყებდა, ხოლო 15-16 წლიდან მას უკვე ნამდვილი იარაღის ტარების უფლება ეძლეოდა. ყველა კუთხეში განვითარებული იყო საბრძოლო წესებისა და იარაღის გამოყენების სწავლების კულტურა, რაც ფარიკაობა-ხმალაობაში (კეჭნაობა), ორთაბრძოლა-ჭიდაობების (ხრიდოლი) სხვადასხვა სახეობებში გამოიხატებოდა. მეომრული ჩვევების გამომუშავება-დახვეწას აგრეთვე უამრავი საბავშო თამაშობები და ნადირობის რთული ჩვეულება ემსახურებოდა.
ქართულ შეიარაღებაში საბრძოლო და თავდასაცავი იარაღის თითქმის ყველა სახეობაა წარმოდგენილი, რაც უძველესი დროიდან ომის საწარმოებლად გამოიყენებოდა. ამავე დროს, ქართული შეიარაღება შეიცავს ადგილობრივი წარმოშობის თავისებურ ელემენტებსაც, რაც იარაღის მაღალ კულტურაზე მეტყველებს. საბრძოლო-თავდაცვითი იარაღი უძველეს პერიოდსა და შუა საუკუნეებში, უფრო მეტად მაღალხარისხოვანი იყო და შესაბამისი პერიოდის მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებდა. ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენის შემდეგ, ვითარება ძირეულად იცვლება: თუ მანამდე, იარაღის თითქმის სრული შემადგენლობა, ძირითადად ადგილზე იწარმოებოდა, თანაც მაღალი ხარისხის, ცეცხლსასროლი იარაღის იმპორტი მთლიანად უცხოეთიდან ხდება. ამგვარად, საქართველო, მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში, მთლიანად სხვაზე დამოკიდებული ხდება. ვითარება XVIII-XIX საუკუნეებში ოდნავ იცვლება: ადგილზე ხდება თოფების აწყობა და გამართვა, ჩნდება საარტილერიო დანადგარები, თუმცა ეს მთლიან სურათს ვერ ცვლის. ამდენად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, იარაღის წარმოებისა და ხმარების მაღალი კულტურის მქონე ქვეყანა, ფაქტობრივად მთლიანად ეთიშება ამ სფეროს და ახალი ტიპის იარაღის შექმნაში მონაწილეობას ვერ იღებს.
შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე განვითარებული საბრძოლო-თავდაცვითი იარაღი, მისი მრავალფეროვნება და მაღალი ხარისხი, სამხედრო ჩვეულებათა მაღალი კულტურა და მეომრული ხასიათი, ერთობლიობაში განაპირობებდა გამოცდილი, დიდი ტრადიციების მქონე ძლიერი მებრძოლის ჩამოყალიბებას, რომელიც წარმატებულად იცავდა თავის ქვეყანას. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო უძველესი და დიდი საბრძოლო ტრადიციების ქვეყანაა, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო სამხედრო ხელოვნების განვითარებაში.

წყარო: literatura.mcvane.ge

Back to top button