არქივი

სვანები

90f81adc3326

სვანები

სვანები – ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში (დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი).  სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ დიდი კავკასიონის როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე ყუბანის ზემო წელში). სვანური ტომები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რომლის საფუძველზე მოხდა თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირება. წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.

ვახუშტი ბაგრატიონი სვანებს ასე ახასიათებს:
”ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ… სვანების ცხოვრებაში ბევრს ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ხედავს მოგზაური… სვანი ადვილად საცნობია. იგი არა ჰგავს იმ მთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ… პირისახით სვანი მაშინვე მთის ქართველებს მოგაგონებთ: თუშებს, ფშავებსა და ხევსურებს: ტანით წარმოსადეგია და საღი შეხედულება აქვს. სვანის ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განირჩევა მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისაგან. თავსახური სვანს ორნაირი აქვს: ზამთარში იგი იხურავს მაღალსა და წვეტიან ნაბდის ქუდსა, თეთრსა ან შავსა; ზაფხულში სვანი ხმარობს იმერულს ფაფანაკს, რომელიც ისე პატარაა, რომ საქოჩრეს ძლივსა ჰფარავს, სვანს ტანისამოსზე უფრო უყვარს იარაღი: თოფი, დამბაჩა და ხანჯალი; ხმალს კი სვანები არ ხმარობენ. როგორც თითქმის ყველა მთიულ ხალხს, სვანსაც გამჭრიახი გონება აქვს… როგორც სხვა მთის ხალხს, ისე სვანებსაც თავისი სამშობლო მეტისმეტად უყვართ. სვანი ძნელად დასტოვებს თავის ქვეყანას მოკლე ხნობითაც კი. ბევრი სვანი ისე დაბერდება, რომ ლეჩხუმის მეტი მხარე არა ნახოს. ბევრს ზემო სვანელს არ უნახავს ქვემო სვანეთი. უცხო ქვეყნის ჰაერი სვანებზე ცუდად მოქმედობს… თუ ჰკითხავ, რატომ ზამთარში იმერეთში სამუშაოდ არ ჩამოდიხართო, სვანები მაშინვე მოგიგებენ, ჰავისა გვეშინიანო… უმთავრესი ზნეობითი სენი სვანებისა არის მოსისხლე მტრობა…”.

xixani

http://xixani.blogspot.com/
Back to top button