არქივი

ცრემლები……..

ba6a2b777bac

ისევ მოთხრობას შემოგთავაზებთ!!!

გოგონა ოთახში მარტო იყო და დიდ ლოგინში ეძინა. ბნელი, წყნარი, თითქმის ცარიელი ოთახი საშინელ შთაბეჭდილებას ქმნიდა… გოგონას ეძინა…

ლოყებზე ცრემლები ჩამოსდიოდა და ბალიშს უსველებდა… სიზმრად დედას ხედავდა… დედას, რომელმაც მიატოვა, დედას რომელმაც ჯერ კიდევ სულ ჩვილი ბედის ამარა მიატოვა… არ იცნობდა შვილი მას, არც იცოდა, როგორი იყო, მაგრამ მაინც მას ხედავდა სიზმარად, მაინც მას… არასდროს ენახა, მაგრამ, ძალიან უყვარდა, ძალიან, ძალიან… ხედავდა, როგორ ეხუტებოდა, როგორ ეალერსებოდა და პატიებას სთხოვდა… გოგონა ტიროდა და ეს ცრემლები, ეს სიხარულის ცრემლები აწითლებულ ლოყებზე საამურად მოედინებოდა, შემდეგ გულზე ხვდებოდა და ალბობდა, საოცრად ალბობდა… გოგონამ ბედნიერებისაგან თვალები მილულა და როცა გაახილა, აღარავინ დახვდა. შორს, ნისლებში, მტკიცედ მიმავალი ქალი ჩანდა. მიდიოდა დიდხანს, ძალიან დიდხანს. ბოლოს საერთოდ მიემალა თვალს… გოგონა გაშტერებული იდგა და ახლა უკვე სიმწრის ცრემლები ნიაღვრად მოედინებოდა მის სახეზე… ახლა უკვე მწარე სიმართლეს ხედავდა. ხედავდა, რომ კვლავ მიატოვა, კვლავ მოიშორა თავიდან… დიდხანს, დიდხანს იდგა გოგონა ფეხზე და უკვე ხმამაღლა მოსთქვამდა, მისი ცრემლები კი მიწას ეცემოდა, ეცემოდა  და თითოეული მათგანი ახალ სიცოცხლეს ბადებდა. ბადებდა და დედასთან ყოფნას აბედებდა მათ… თანდათან გოგონაც ქრებოდა ამ ადგილიდან და მხოლოდ მისი ცრემლებით შექმნილი სამყაროღა რჩებოდა…  ბოლოს ბალიში სულ დასველდა და გოგონას სულიც კვლავ დიდ ლოგინში დაბრუნდა… ჯერ კიდევ ბნელოდა და მყუდროებას არაფერი არღვევდა… კვლავ განაბული იწვა გოგონა… ცრემლები კვლავ ცვიოდა, მის გულში კი ტკივილი და მარტოობა აგრძელებდა ცხოვრებას.

მსგავსი ამბები

Back to top button