უცნაური

Go Go ზღაპრები – თავი 7 (ნაწილი 6)

debdb4031fc2

არც ისე დიდხანს იარეს. თხა მალევე გაჩერდა და ბემბიმ ავტომობილების გამონაბოლქვის სუნი იგრძნო. მართალია, მოძრაობა არსად ჩანდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ სადღაც იქვე იყო, ახლოს. ხომ არის ხოლმე წუთები, როდესაც რაღაცას ვერ ხედავ და მაინც გრძნობ, რომ ახლოს არის. 
ძირითადად, თვლიან, რომ ასეთი შეგრძნებები მხოლოდ მნიშვნელოვან მომენტებში გვიჩნდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ჩვეულებრივი და ყოველდღიური ამბავი შეიგრძნო ისე, რომ ვერ ხედავდე.
სწორედ, ასე შეიგრძნო, ბემბიმ, მანქანების სიახლოვე. სინამდვილეში, ამ სიახლოვეს ნებისმიერი
დაკვირვებული არსება იგრძნობდა, რადგან გამონაბოლქვის სუნი მეტისმეტად აშკარა იყო. ალბათ,
ამ შემთხვევაში, ყველაზე გამოცდილი, ბემბი გახლდათ. თხას აღარც ამოუღია ხმა, მოტრიალდა,
ფაეტონი მოიხსნა და საოცარი სისწრაფით გაუჩინარდა. ამის შემდეგ, ბემბი და მისი მოძმეები მათთვის
უცნობ ქალაქში მარტოდმარტო დარჩნენ. თუმცა მთავარი ახლა ეს არ გახლდათ; მთავარი ის იყო,
რომ ხვალ ისინი გზას გააგრძელებდნენ და ხვალვე, ან მაქსიმუმ, ზეგ დილისთვის, უკვე დევის
სამეფოში იქნებოდნენ. აქ ერთი რამ იყო ახლა მნიშვნელოვანი – ისინი მეტისმეტად დაიღალნენ,
შეიძლება ითქვას, საშინლადაც; იმდენად, რომ სანტას გზაში, ასეთი სისწრაფის პირობებში და ასეთ
მცირე დროში, ჩაძინებაც კი მოესწრო და თვალები ოდნავ ჩაწითლებული ჰქონდა; ხოლო, როცა
ადამიანს თვალები ჩაწითლებული აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ეძინება, ან ნერვები აქვს
დაგლეჯილი.
რაღაც, ფსიქოლოგივით ავლაპარაკდი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში, სანტას
ორივე სჭირდა: ეძინებოდა კიდეც და ნერვებიც დაწყვეტაზე ჰქონდა. ამიტომ იყო ალბათ, რომ ბემბიმ
მისი უხასიათობა და დაწითლებული თვალები შეამჩნია. მერე სხვებსაც გადახედა და დაძაბული
გარემო რომ შენიშნა, გადაწყვიტა, რაც შეიძლება სწრაფად წასულიყვნენ დასასვენებლად, რადგან
მის, ისედაც დაპირისპირებულ გუნდში, კიდევ ერთი წინააღმდეგობა არ უნდა მომხდარიყო. პინოქიო
ჩვეულებრივად იდგა, უძილობა არ ეტყობოდა. საერთოდ, მას, სახეზე არაფერი ეტყობოდა. ის ხომ
სახეზე საერთოდ ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. ცხვირი ხის ჰქონდა, თუმცა კი კარგად
გამოყვანილი, აპრეხილი. მაგრამ ახლა, იქ, ახლად ჩამატებული ადგილები ეტყობოდა. ეს მის
მშფოთვარე წარსულზე მიანიშნებდა. ცხვირი ჰარმონიულად იყო ჩასმული ორ ლოყასა და ტუჩებს
შუა, რომელიც, თავის მხრივ, ხის ორი თხელი ზოლი იყო და საუბრის დროს, ეთმანეთს ზუსტად
ისეთივე სიფაქიზითა და მოქნილობით შორდებოდნენ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისა. ასე რომ,
ამ მხრივაც, პინოქიოს შემსრულებელს, არავითარი შეცდომა არ დაუშვია.
ლოყები სპეციალური ხსნარით ჰქონდა ოდნავ შეფაკლული. ეს შეფაკვლა უფრო მის ადამიანურ
ფერს უსვამდა ხაზს, ვიდრე სხვა რამეს და ესეც კარგად იყო გადაწყვეტილი. მითუმეტეს, მას ეს ხსნარი
მას შემდეგ არ წაუსვამს, რაც მისმა პატრონმა გადაუსვა; ჩვენებურად რომ ვთქვათ, ლოყები
‘ზავაცკოი~ იყო. დანარჩენი, თითქმის ყველაფერში სხვა მასალა გაერიათ, მაგრამ ყველაზე
მნიშვნელოვანი მისი თვალები გახლდათ _ შავად შეღებილი თვალები.
პინოქიოს ადამიანური ფერის სახეზე ორ შავ ორმოს შეამჩნევდით, რომელსაც ფსკერი არ უჩანდა.
ერთი შეხედვით, ეს მეტისმეტად საშიში სურათი გახლდათ: სახეზე ორი ორმო, რომელსაც თვალები
ეწოდება და არც კი ხამხამებენ. მიხატული წარბები და, რა თქმა უნდა, ხელოვნური წაბლისფერი
თმები, თავიდან გამომთლელმა თმები მიახატა და მის გარდაცვალებამდე, პინოქიო ასე დადიოდა.
მერე, როცა გამზრდელი მოკვდა და პინოქიო დიდ ქალაქში ჩამოვიდა, მიხვდა, რომ ასე სიარული არ
შეიძლებოდა. ამიტომ ხელოვნური თმების გაკეთება გადაწყვიტა. ეს კი არც თუ ისე ძნელია დიდ
ქალაქში და ხის კაცუნამაც თავის გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა. მოკლედ, ბევრი რომ არ
ვილაპარაკოთ, პინოქიო არცთუ ისე საშინელი შესახედავი იყო; ხოლო თუ უფრო კარგად
დააკვირდებოდა ადამიანის, შეიძლება, მის შავ, უძირო, ქვესკნელივით თვალებში საინტერესო
რამეებიც დაენახა. მაგალითად ის, რომ ხანდახან ისინი მეტისმეტად ნაღვლიანად გამოიყურებოდნენ.
დროთა განმავლობაში, მონდომებისა და დიდი სურვილის წყალობით, პინოქიომ მოახერხა ის, რომ
ადამიანური განცდების ნაწილის შეგრძნება შეძლო. თუმცა ამას დიდი ძალისხმევის შედეგად
აკეთებდა, მაგრამ მაინც ენით აუწერელ სიამოვნებას ანიჭებდა ეს.
ჰოდა, ჩვენი პინოქიო, ახლა, იდგა თავის მეგობრებთან ერთად, ქალაქის შესასვლელში და, სხვების
მსგავსად, ისიც ძალიან დაღლილი იყო. მეგობრებს ეგონათ, რომ პინოქიო არასდროს არ იღლებოდა,
და საერთოდ, მისთვის ეგეთი რაღაცეები უცხო იყო. ზოგს შურდა კიდეც, რომ მას ადამიანური
სისუსტეები არ ახასიათებდა, თუმცა ეს არც ისე შესაშური იყო. ადამიანური სისუსტეები ხომ ძალიან
კარგი რამ არის. პრინციპში, ვისთვის როგორ… ჰოდა, ვიღაცეებისთვის პინოქიო მისაბაძი გახლდათ,
თუმც, რეალურად მას არავინ ბაძავდა; ანდა, ვის უნდა მიებაძა კონკრეტულად, პინოქიოსათვის, მას
ხომ მეგობრებიც არ ჰყავდა. ხალხი უბრალოდ მის სტილს ირჩევდა. ყველას უნდა გრძნობებისგან
დაცლა. ზოგჯერ ასეთი რამ ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანური სისუტეებიც საჭიროა. მოკლედ,
ადამიანური სისუტეები გვავსებს და ხანდახან გვაძლიერებს კიდეც.
არ ვიცი, ვის აინტერესებს ჩემი დიდაქტიკური საუბარი და ამიტომ თემას დავუბრუნდები.
ოთხივენი ქალაქის შესასვლეში იდგნენ. ბემბი დიდხანს იყურებოდა აქეთ-იქით, ეძებდა გზას,
რომლითაც ჯერ გზაზე გასვლა იქნებოდა შესაძლებელი და შემდეგ ტაქსის ან რაიმეს გაჩერება, რომ
იაფფასიან სასტუმროში, რამდენიმე საათი დაეძინათ. რთული დღის შემდეგ, სანტა თავისი სპორტული
მანქანის შემხედვარე, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ სისწრაფე ასეთი დამღლელი იქნებოდა.
ახლაღა იგრძნო დაღლა. მატორიანი თხა, ძალიან სწრაფი გახლდათ წარმოუდგენლად სწრაფი. ჰოდა,
რა გასაკვირია, თუ პაპაც დაიღალა სისწრაფისგან, მიუხედავად იმისა, რომ გზაში ჩათვლემაც კი
მოასწრო. პიტაჩოკი ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა, ხან იქით იღებდა სურათებს, ხან _ აქეთ.
საბოლოოდ, იმდენ ხანს აჩხაკუნა, რომ ბემბის ნევრებმა უმტყუნეს:
_ გააჩერე ეგ ფოტოაპარატია თუ რაღაც ჯანდაბა, დალურსმა ყურები!!
_ შენ რა გინდა, კაცო, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ამისთვის ვარ აქ წამოსული, აღარ გახსოვს? _
თან კიდევ ერთხელ დააჩხაკუნა.
_ რას იღებ აქ, ლამაზი მაინც იყოს რამე! _ პინოქიომ პიტაჩოკს შეხედა.
_ შენ რა იცი სილამაზის? ოდესმე განგიცდია სილამაზე? თუ იცი, საერთოდ, რა არის განცდა?
_ პიტაჩოკი დაუნდობელი იყო, როგორც ყოველთვის.
_ დამანებე თავი, თორემ ცუდად დამთავრდება ჩვენი ურთიერთობა.
_ რა უნდა დამთავრდეს, არც არაფერი დაწყებულა… შენ არც ურთიერთობა იცი რა არის,
დაგიჭყეტია ეგ შავი თვალები და დადიხარ.
_ უხ, შენი დედა მოვტყან! _ და პინოქიომ პიტაჩოკს ისეთი დაარტყა სახეში, რომ გოჭუკას
ცხვირიდან სისხლი წასკდა.
_ კაი, ბიჭო, რა მოგივიდა! _ ბემბი მივიდა პიტაჩოკთან და აყენება სცადა. _ რა გითხა ასეთი,
ახლა, რო გაუნგრიე ცხვირი. ხომ იცი, ერთი დარტყმა და მეტი არ უნდა, ეგრევე გაგვეშოტება. ათრიე
ახლა ეს ასფალტზე, _ ძლივს წამოაყენა.
_ ხეა ეგ, ხე! _ ყვიროდა პაპა.
_ პინოქიო სიტყვას არ არჩენდა არავის.
ნელი ნაბიჯებით გავიდნენ ტრასაზე. არა ეს მთლად ტრასა არ ყოფილა, უფრო ქუჩა შეიძლება
რქმეოდა, რადგან საშუალო ზომის გახლდათ. პირველ რიგში, რაც ამ ქუჩაზე მოგხვდებოდათ
თვალში, ეს იყო მისი სისუფთავე და კეთილმოწყობა. სწორედ, ამ ერთი ქუჩის შემხედვარე, შეიძლება
მიმხვდარიყავი, რომ ეს არა განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყანა გახლდათ, რომელსაც
თავისი ინტერესები აუცილებლად ექნებოდა მსოფლიო პოლიტიკაში. უცნაური მხოლოდ ის იყო,
რა უნდოდა ამ უაღრესად განვითარებულ ქვეყანას დევის მეზობლად და იცოდნენ თუ არა მათ
ჯადოსნური სარკის არსებობის შესახებ. ის, რომ მათ ამ სარკის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ,
ნაკლებად სავარუდოა, რადგან ჯადოსნური სარკის ამბავი მთელმა მსოფლიომ იცოდა და რაღა
მისი გვერდზე მყოფი ქვეყანა ვერ გაიგებდა? არა, აქ ნამდვილად სხვა რაღაცაში იყო საქმე. ბემბის
ამ ფიქრებმა აურბინა თავში, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. ახლა მათ უნდა დაესვენათ. ქუჩა კი
მართლაც ძალიან ლამაზი იყო. ძირს წითელი ფილები დაეგოთ, წითელი პრიალა ფილები,
რომელთაც, როგორც კი ფეხს ადგამდი, წყლის ეფექტი ჰქონდა. აი, კენჭს რომ წყალში ჩააგდებ და
წყალი რომ პატარა წრეებს იკეთებს, ეგეთი. ამ წითელ ფილებს, ალბათ, ავტოდასუფთავების
სისტემა ჰქონდა და ამიტომ იყო, რომ არ ჭუჭყიანდებოდა. ისე, ამ ქალაქში ტალახს იშვიათად თუ
შეხვდებოდით. წითელი ფილების ფონზე, წამოჭიმული იყო თეთრი, ქათქათა სახლები. ალბათ ასეთი
ჯადოსნური საღებავის მოფიქრება ძალიან ძვირი დაუჯდათ. უფრო სწორად, ასეთი კი არა, ამდენი
ჯადოსნური საღებავის, რადგან ქუჩა არც ისე მოკლე გახლდათ. სახლები კი მთელს სიგრძეზე
ჩამწკრივებულიყვნენ. თუ კარგად დააკვირდებოდით, დაინახავდით, რომ ამ სახლების აშენებაზე
ბევრი უწვალიათ. არა, შეიძლება შენებაზე იმდენად ბევრი არა, რამდენადაც გარედან გაფორმებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სახლები თეთრი იყო, მას მხოლოდ კარგი დაკვირვების შემდეგ თუ
აღმოუჩენდით გარედან, კედლებისა და ფანჯრების გარშემო არსებულ ჩუქურთმებს. ეს იმას
ნიშნავს, რომ ამ სახლების მოსაპირკეთებლად რამდენიმე ხელოსანმა იმუშავა. თუმცა ამ
ჩუქურთმების შემხედვარე, მათ ხელოსნებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ; (არისტოტელეს აზრის
პერიფრაზირება, რომ ხელოვნება არ არის ხელოსნობა. ხელოვნება აკმაყოფილებს ადამიანს,
როგორც საზოგადოების წევრს, ხელოსნობა კი აკმაყოფილებს კაცს, როგორც ბიოლოგიურ
არსებას). ხოლო ამ საერთო სილამაზის შეგრძნების შემდეგ, მივხვდებით, რომ ამ ყველაფრის
სათანდოდ შესრულებას, ერთი ინჟინერი აკონტროლებდა, რომელსაც ძალიან კარგი გემოვნება
ჰქონდა.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ სახლების აშენებაზე ბევრმა ადამიანმა იზრუნა და ბევრი ფულიც
დაიხარჯა. ეს ყველაფერი, კი, იმას ნიშნავს, რომ ეს პრესტიჟული უბანი იყო, სადაც მზის ჩასვლის
შემდეგ, ღამის ცხოვრება იწყება; სადაც ყველაზე მაგარი ახალგაზრდები ცხოვრობენ; სადაც
პირდაპირ ქუჩაში ზასაობენ; სადაც გამარჯობას არასდროს არ ეტყოდნენ ერთმანეთს; სადაც,
უბრალოდ, არ უნდა გყოლოდა საბჭოთა მანქანა. ყოველივე ამის გათვალისწინება და დანახვა ვერა,
მაგრამ ბემბიმ ნაწილის დანახვა მოახერხა და მხოლოდ ერთს მიხვდა: ამ უბანში ისინი სასტუმროში
ნომრის აღებას ვერ მოახერხებდნენ, რადგან ძალიან ძვირი დაჯდებოდა. ყველაფერი ძვირი კი,
მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის ბემბისთვისაც. ამიტომ ისე, რომ არც არავისთვის უკითხავს
ჭკუა, გადაწყვიტა ტაქსი გაეჩერებინა და სამივენი ქალაქის უფრო ნაკლებად პრესტიჟულ უბანში
წაეყვანა, სადაც ერთ ღამეში ასი ოქროს გადახდა არ მოუწევდათ. პრინციპში, შეიძლება ითქვას,
რომ მათი აზრის ნაკლებად გათვალისწინება, გუნდის არც ერთ წევრს არ გაუპროტესტებია. ეს
ალბათ იმიტომ, რომ ვერც მიხვდნენ, რაში იყო საქმე. თუმცა, ალბათ უმჯობესი იქნებოდა, ბემბის
მათთვისაც ეკითხა ჭკუა, რადგან შეიძლება, რომელიმე მათგანს ერჩივნა, უფრო ძვირი გადაეხადა
და უსაფრთხოდ ყოფილიყო. ეს ვიღაც, ალბათ მხოლოდ პიტაჩოკი იქნებოდა, დანარჩენებს ხომ
უსაფრთხოება სულ ფეხზე ეკიდათ. სანტა ისედაც უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, ხოლო პინოქიოს,
საერთოდ, უსაფრთხოების მიმართ, თავისი დამოკიდებულება ჰქონდა. პინოქიო თვლიდა, რომ
უსაფრთხოდ ყოფნა შეუძლებელია და ადამიანი, _ თუმცა ამ შემთხვევაში, არავინ იცოდა, რატომ
ლაპარაკობდა ადამიანის პოზიციიდან, _ მხოლოდ მაშინ იქნება უსაფრთხოდ, როცა იმ ქვეყანას
მიბარდება. მხოლოდ იქ ხარ ისე, როგორც ხარ და იმის იქით, არც არაფერი მოგივა _ არც ცუდი და
არც კარგი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ხის კაცუნას სჯეროდა, რომ სიკვდილით მაინც
მოკვდები, თუ სასიკვდილო ხარ. ამიტომ არ ღირს, ეს პატარა წუთისოფელი, რომელიც მისთვის აგერ,
უკვე, ასობით წელია, გრძელდება, კიდევ უფრო დაიმძიმო იმ პრობლემებით, რასაც უსაფრთხოება
და ათასი ჯანდაბა ჰქვია. ეს ყველაფერი, პინოქიოს აზროვნებაში იყო დალექილი. სინამდვილეში, მას
ამ ყველაფრის, არათუ გადმოცემა, არამედ თავში დალაგებაც კი არ შეეძლო. ეს მისი ბუნებიდან
მომდინარეობდა და არა მისი აზროვნებიდან. საერთო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, მას ძალიან
საინტერესო ბუნება ჰქონდა. ბუნება კი მეტად მნიშვნელოვანია, თუ ყველაზე მთავარი არა.
მოკლედ, ბემბიმ გადაწყვეტილება მიიღო და ახლა მთავარი იყო, ამ ქუჩაზე ტაქსი გაეჩერებინათ.
ტაქსები, რა თქმა უნდა, ამ კარგად მოპირკეთებულ ქუჩაზე არ დადიოდნენ და ამიტომ იძულებული
შეიქნენ, გრძელი გზა, ფეხით გაევლოთ, რომ მანქანებამდე მიეღწიათ. ყველაზე საინტერესო ის
გახლდათ, რომ ამ ქუჩის ბოლოს იყო ნიშნები, რომლებიც გამვლელებს ატყობინებდნენ, თუ როგორ
შეიძლებოდა ამ ფეხით სავალი ქუჩებიდან სამანქანო გზაზე მოხვედრა. მინიშნებაზე, უფრო სწორად,
გამოკრულ ტექსტზე, ეწერა: ჩვენი ახალი პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენს დედაქალაქში
ჩვეულებრივი ქუჩები, სასეირნო ქუჩებად გადაკეთდა. თუკი ქალაქის რომელიმე სხვა ნაწილში
მოხვედრა გნებავთ, გატყობინებთ, რომ ამას მხოლოდ ფეხით თუ მოახერხებთ; თუკი, რა თქმა უნდა,
არ გაქვთ ათი ოქრო და არ გსურთ, რომ მფრინავი ტაქსი გამოიძახოთ. ის შეუფერხებლად მიგიყვანთ
ნებისმიერ ადგილას, რომელსაც აირჩევთ. ასევე, თუკი თქვენი სურვილი იქნება და ათ ოქროს კიდევ
ათს დაამატებთ, ტაქსი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაგათვალიერებინებთ. ასე რომ, მსურველებს
გთხოვთ, დაიძახეთ: “გადააყენე მანქანა!”. ეს სიტყვები რაღაც უცნაურად წარმოთქვა ბემბიმ, და
რადგანაც ყველაფერს ხმამაღლა კითხულობდა, დააახლოებით ხუთ წამში, მათ წინ იისფერი მანქანა
გაჩნდა, რომელსაც თავზე სამი ცეცხლისფერი ჩიტი დატრიალებდა. მანქანა ჰაერში გაჩერდა,
ფანჯარა ჩაიწია და როდესაც პინოქიომ შიგნით ჩაიხედა, თქვა:
_ კაცი არ ვიყო, თუ ჩავჯდე!!
მანქანას მძღოლი არ ჰყავდა. უბრალოდ, ჰაერში იდგა და კლიენტებს ელოდებოდა. ტაქსის წინა
სავარძელის გამოყენებაც სეიძლებოდა, არა ისე, როგორც ამერიკულებს. ოთხივენი უპრობლემოდ
ჩასხდნენ. ამის შემდეგ, ათი ოქრო იქვე, მონეტისთვის განკუთვნილ ადგილას ჩააგდეს და ტაქსმა,
ქართულად დაუწყო ლაპარაკი წინ მჯდომს, ანუ პინოქიოს, რომელსაც ყოველთვის უყვარდა მანქანაში
წინ ჯდომა. ამ დროს კარგად აკვირდებოდა გარემოს და გულიც ისე აღარ ერეოდა.
_ სად მიბრძანდებით, სერ? _ იკითხა მანქანამ და ბემბიმ მაშინვე უთხრა, სადმე ისეთ ადგილას,
სადაც სასტუმრო იაფი ღირსო. თუმცა ტაქსი ადგილიდან არ დაიძრა, მერე სანტამაც უთხრა, რამე
იაფფასიან სასტუმროსთანო, მაგრამ მანქანამ გაიმეორა:
_ სად მიბრძანდებით, სერ? _ და მაშინ ყველა მიხვდა, რომ ის პინოქიოს ეკითხებოდა, და ახლა
პინოქიოს ხელში იყვნენ, რომელსაც აქამდე არავინ არაფერს ეკითხებოდა. ჰოდა, პინოქიოც მიხვდა
ამას. ჯიბეში ხელი ჩაიყო, იქიდან ათი ოქრო ამოიღო, ჩასაგდებში ჩააგდო და ხმამაღალი
გამარჯვებული ტონით თქვა:
_ ქალაქის დათვალიერება მინდა! _ და მანქანა დაიძრა, თავიდან ნელა და მერე უფრო სწრაფად.
_ გიჟია ეს ოხერი! _ აყვირდა სანტა, _ ბიჭო, სასტუმროში წააყვანინე თავი, დავისვენოთ, ხვალ
ათასი საქმე გვაქვს, გამოშტერდი ამხელა კაცი?!! _ თუმცა პინოქიო მას უკვე აღარ უსმენდა. ახლა
მისთვის მთავარი იყო, რომ იმას აკეთებდა, რაც უნდოდა:
_ მუსიკა, თუ შეიძლება, _ სთხოვა მანქანას და მუსიკაც ჩაირთო. მერე ცოტა ხმას დაუწია და
ახლა მანქანა ალაპარაკდა:
_ საიდან გნებავთ ქალაქის დათვალიერების დაწყება, სერ? მისი ძველი თუ თანამედროვე
ნაწილიდან?
პინოქიო ცოტა ხანს დაფიქრდა, მერე უკან მსხდომთ გადახედა:
_ საიდან დავიწყოთ, ბიჭებო?
_ მოიცა რა, წამო, დავისვენოთ! _ ეს ბემბი იყო.
_ არა, მოდი, ძველი ნაწილიდან დავიწყოთ, ძველი, ყველაფერი საინტერესოა.
_ კარგი, სერ! _ და მანქანა საოცარი სისწრაფით დაიძრა ქალაქის ძველი ნაწილისკენ. _ ასე
სწარაფად იმიტომ დავდივართ, სერ, რომ ახლა ქალაქის ერთ ბოლოში ვიმყოფებით, საიდანაც მეორე
ბოლო, ანუ ძველი ნაწილი, რომლის ნახვაც თქვენ გნებავთ, დიდ მანძილზე არის დაშორებული. ასე
რომ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, სიჩქარეს შევინარჩუნებ. _ ძალიან ჭკვიანი იყო ეს მანქანა.
_ კარგი, როგორც საჭიროა, ისე იყოს, _ პინოქიომ შეიფერა მომსახურება.
ცოტა ხანში, თავი ისე კარგად იგრძნო, რომ ფანჯარასაც ჩაუწია და მანქანას ისიც კი ჰკითხა,
სიგარეტი როგორ შეიძლება მოვწიოო.
_ სერ, ჩვენს ქალაქში არის კანონი იმის შესახებ, რომ ქალაქში მოწევა არ შეიძლება. შესაბამისად,
მოწევა იკრძალება ტაქსებშიც. ამიტომ, სამწუხაროდ, თქვენ ვერ მოწევთ!
_ კარგი, არა უშავს, ჯანმრთელობისთვის უკეთესია! _ პინოქიო ახლა ყველაფერში კარგს
ხედავდა.
_ ჯანმრთელობა არაფერში აღარ გინდა, იმიტომ, რომ როცა მანქანიდან გადმოვალთ,
გაგიხეთქავ მაგ ხის თავს! _ სანტა ძალიან გაბრაზებული იყო, ისე, რომ ყვირილისას თვალებიც კი
უნათდებოდა. თუმცა პინოქიო, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სამაგალითო სიმშვიდეს
ინარჩუნებდა და პასუხს არ სცემდა.
_ როდის ვიქნებით ქალაქის ძველ უბანში? _ საერთოდ არ შეუხედავს უკან მსხდომთათვის.
_ დაახლოებით ორ წუთში, სერ! _ ეს უკანასკნელი სიტყვა კარგად ხვდებოდა პინოქიოს ყურს.
ყველაზე მეტად ის უხაროდა, რომ მანქანა ვერ ხვდებოდა, ხის რომ იყო. ამიტომ, როგორც ადამიანს,
ისე ეპყრობოდა. ეს მეტისმეტად სასიამოვნო გახლდათ მისთვის. _ ქალაქის ძველ ნაწილამდე
მისასვლელად დარჩა ერთი წუთი.. დარჩა ოცდაათი წამი.. დარჩა თხუთმეტი წამი.. _ და მანქანამ
სისწრაფეს უკლო. შემდეგ კი, საერთოდ გაჩერდა, ჰაერშივე დაბზრიალდა და სვლა შეანელა, რის
შემდეგაც მუსიკა გამოირთო, ხოლო მანქანაში ქალის სასიამოვნო ხმა გაისმა:
_ მოგესალმებით, ჩვენი ქალაქის ძვირფასო სტუმრებო. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ქალაქის
დათვალიერება გადაწყვიტეთ. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით, როგორც ჩვენი ქალაქის მერის,
ასევე პრეზიდენტის სახელით; ხოლო ჩვენი კომპანია, ექსკურსიის დასრულების შემდეგ, უფასოდ
გადმოგცემთ ქალაქის ღირსშესანიშნაობების ამსახველ ბუკლეტებს. ახლა კი, თქვენის
ნებართვით, ქალაქის ძველი უბნის ისტორიას გიამბობთ. თან, საშუალებას მოგცემთ, დატკბეთ
ულამაზესი ხედებით. _ ასე იყო თუ ისე, მაინც ყველანი გაჩუმდნენ და, ერთი შეხედვით, თითქოს
ინტერესიც გაუჩნდათ. _ ეს ქალაქის უძველესი უბანია. დაახლოებით სამასი წლის წინ, ეს ადგილი
არ არსებობდა, რადგან მტრების შემოსევის შემდეგ, მთლიანად განადგურდა. თუმცა,
შემორჩენილი ნანგრევების საფუძველზე, აღდგენილი იქნა მიახლოებით… _ და პინოქიომ ხმა
გამორთო.
_ რას აკეთებ? _ ბემბი ახლა მართლა გაოცდა, რადგან ვერ მიხვდა, რა უნდოდა ძმაკაცს.
_ რას და ჯობია, ასე დავათვალიეროთ. ეს ხმა რაღაც დისკომფორტს მიქმნის. _ სანტას და
პიტაჩოკს აღარაფერი უთქვამთ, რადგან თქმას აზრი არ ჰქონდა. პინოქიო მაინც თავისას
გაიტანდა. ხედები კი არც ისე ლამაზი იყო. ქალაქის ამ ნაწილს არც კი ეტყობოდა სიძველე –
ყველგან მაღალსართულიანი შენობები იდგა. მხოლოდ ერთ ადგილას იყო რაღაც ძველის მაგვარი
შენობები და ისიც იმდენად რესტავრირებულ-შეკეთებული, რომ სიძველის იერი დაეკარგა.
ამიტომ ძველმა ქალაქმა მათზე არავითარი შთაბეჭდილება არ მოახდინა, ხოლო ქალაქის ახალი
ნაწილი იმდენად მოდერნიზებული და ცათამბჯენებით გატენილი იყო, რომ ტაქსის ფანჯრიდან
მაღალი შენობების მხოლოდ ნაწილი ჩანდა; მის იქით კი ვერაფერს დაინახავდით. დაინახავდით
ისევ მაღალ კორპუსს, რომლის იქითაც, ტაქსისთვის რომც გეთქვათ და გასულიყავით, კიდევ
ერთი ასეთი მაღალსართულიანი შენობა დაგხვდებოდათ. სწორედ აქედან გამომდინარე
შეთანხმდნენ, რომ პინოქიოს გადაწყვეტილება სულელური იყო და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ,
რომ იგი ხის გახლდათ. ამ შემთხვევაში, უკვე ბემბიც კი ვეღარ ახერხებდა მის დაცვას, რადგან
სანტა და პიტაჩოკი ისედაც აკრიტიკებდნენ მას და ახლა კი საერთოდ გაგიჟებულები იყვნენ.
თავად ბემბიც არ იყო დიდად კმაყოფილი, რომ ამ უაზრო ქალაქის დათვალიერების გამო, უამრავი
დრო დაკარგეს.
_ არა რა, ამასობაში შხაპსაც მივიღებდი და დავიძინებდი კიდეც. არადა, ხვალ რამდენი საქმე
გვაქვს?! საერთოდ არ დამისვენია. ნეტა როგორ ვაპირებ ხვალ დევის სამეფოში წასვლას და თან
იქიდან სარკის წამოღებას, როცა დასვენებულიც კი არ ვარ?! _ ეს პიტაჩოკი იყო. _ ისე, შენ
რად გინდა დასვენება? შენ ხომ ხე ხარ, ხეებს საერთოდ ფეხებზე კიდიათ ყველაფერი, მარტო
მოჭერი, დაწვი და მორჩა!!
_ ბებიაშენისამ, დავიძინოო რომ ამბობ, რაზე გძინავს, აბა? ფოტოაპარატზე? თუ გაზეთებზე?
_ ზუსტად შენზეა ზედგამოჭრილი ის ხის საწოლი, ზედ დაწვები და დაიძინებ მაინც. შენ,
კიდევ, მეტს არაფერს აკეთებ, ჩვენი ნერვების მოშლის გარდა!
_ ისე არც შენ გვიშლი ნაკლებად, _ პინოქიო რაღაც შესაშურად მშვიდი იყო.
_ შე ხის ნაგლეჯო!!
_ შენი დედა… _ ესეც წყნარად თქვა და ამასობაში ტაქსიც გაჩერდა. პინოქიომ ახლაღა აუწია
ხმას, რომ გაეგო, თუ სად მოვიდნენ და მხოლოდ იმ ფრაზას მოუსწრო, ტაქსი რომ ამბობდა:
_ …სასტუმროში “სამი ევკალიპტი”.
_ ვაა, დავაგვიანეთ, _ ბემბი თან ფანჯრიდან იყურებოდა.
_ რა დავაგვიანეთ? _ ჰკითხა პინოქიომ.
_ რა და ჩართვა. ახლა ხუი ივო ზნაეტ, სად ვართ!
_ სად ვართ და სასტუმროსთან. _ მათ წინ დიდი თეთრი შენობა იყო. მიუხედავად იმისა,
რომ მანქანის კარი კარგა ხნის წინ გაიღო და მასთან პორტიე იდგა, არც ერთი მათგანი არ აპირებდა
მანქანიდან გადმოსვლას.
_ სასტუმროსთან რომ ვარ, ვიცი, მაგრამ რა ფასებია, ტო. ვერ ხედავ, როგორ დგას ეს
ქუდიანი? _ საუბარი პორტიეზე იყო.
_ ჯერ ეს ერთი, პორტიე და მერე მეორეც, ეგენი ეგრე დგანან ნებისმიერ სასტუმროში. _ ეს
სანტა იყო.
_ მამაჩემი მასწავლიდა, რომ როცა პორტიეები კართან ასე დიდხანს დგანან, ფული უნდა
მისცეო, _ პიტაჩოკი თან ფოტოაპარატს ეჩალიჩებოდა.
_ შენი დედა… _ პინოქიომ ისეთი გადაიხარხარა, რომ წითელქუდიანმა კარისკაცმა კინაღამ
მანქანაში ჩამოიხედა.
_ გადაეჩვიე ჩემი მშობლების გინებას, თორე დაგბრიდავ, იცოდე!
_ კაი, გადავეჩვევი, როცა შენ გადაეჩვევი ჩემს დაცინვას.
ნელი ნაბიჯებით შევიდნენ სასტუმროს მოსაცდელში, სადაც უამრავი ხალხი ირეოდა. პინოქიო
უკვე მოშორებით იდგა და ვიღაც გოგოს რაღაცას ელაპარაკებოდა. მერე ეს გოგო მეორე
გოგოსთან მივიდა და იმას უთხრა რაღაც. ახლა ის აფორიაქდა, გვერდზე მდგომ ჰალსტუხიან
კაცს რაღაც ჰკითხა. ამასობაში, ბემბი და ორნი უკვე ახლოს იყვნენ და ზუსტად გაიგეს შემდეგი
სიტყვები:
_ ლუქსი მზად არის, სერ! _ პინოქიოც მილიონერივით გაიჯგიმა და ამათ თვალით ანიშნა,
წამომყევითო. ახლა კამათს აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მთელი დღე ისე მიდიოდა, როგორც ხის
კაცუნას სურდა. უკვე ყველაფერი გვიანი იყო.
_ გიჟია ეს ჩემისა! ბემბი, უთხარი რა, რამე, ძმობას გაფიცებ, თორე გავკოტრდებ… _ და
პიტაჩოკი გაჩუმდა, თითქოს ბურთი გაეჩხირაო ყელში, _ ვის ფულს ხარჯავს? _ უცბად ჰკითხა
ბემბის.
_ თავისას. _ სწრაფადვე უპასუხა.
უკვე ლიფტში იყვნენ, როცა სანტამ თავისით იკითხა:
_ ვის ფულს ხარჯავ, პინოქიო?
პინოქიოს უკან არც მოუხედავს:
_ აბა, ვიზა რად მინდა, თუ ფული არ დავხარჯე? თანაც, ქვეყნიერების ნახვის და
დათვალიერების საშუალება როდისღა მომეცემა? ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ. სულ რომ
გაგიჟდეთ, ამ ქვეყანაში უნდა ვიგულაო.
პორტიე, რომელიც მათთან იდგა, ხელში მათი ბარგი უნდა სჭეროდა. მაგრამ ვინაიდან ბარგი
არ ჰქონდათ, მხოლოდ პენტჰაუზის გასაცნობად გაჰყვა; ან უბრალო ფორმალობისთვის, როგორც
ძირითადად ხდება ხოლმე. მოკლედ, ეს სწორედ ის წითელქუდიანი პორტიე გახლდათ, რომელიც
მანქანასთან იდგა და ახლა საერთოდ გაოგნებული იერით იყურებოდა. ნელ-ნელა რწმუნდებოდა,
რომ ეს ხალხი არცთუ ისე სრულ ჭკუაზე იყვნენ და თან, ბევრი ფული ჰქონდათ.
_ მერე მაგ ფულის დახარჯვას სულ აპირებ? _ ჰკითხა ბემბიმ პინოქიოს.
_ არა, სულ არა. _ მოკლედ უპასუხა, _ დღეს მცირეს გამოტანას ვაპირებ და მერე, თუ
მომინდება და მომეწონება აქ, კიდევ გამოვიტან. მოკლედ, ვაპირებ, რომ დავხარჯო და სულ
დავხარჯავ თუ არა, ჯერ არ ვიცი.
_ ხოო, _ დაფიქრდა სანტა. _ ისე, შენც მართალი ხარ. რა ჩემს ფეხებად მინდა ფული, თუ არ
დავხარჯე და ამაზე კარგი დასახარჯი ადგილი, კიდევ, სად იქნება? არსად. ამიტომ, პინოქიო, _ და
სანტამ მას მხარზე ხელი დაჰკრა. _ მაგ კარგ საქმეში მეც შენთან ერთად მიგულე. ამათ თუ არ უნდათ,
ნუ დახარჯავენ, ჩვენ დავხარჯოთ. _ მერე დაფიქრდა. _ რამდენის გამოტანას აპირებ ბანკიდან?
_ ასე, ხუთი ათასის.
_ რა ხუთი ათასის, გაგიჟდი, ბიჭო? რამ გაგაგიჟა? ხუთი ათასი ოქრო? ეგ რამდენი ფულია,
იცი? _ პიტაჩოკი ემოციებს ვერ მალავდა და, იქედან გამომდინარე, რომ ხმას აუწია და სახეზეც
ძარღვები დაებერა, მისი მოსმენა ოდნავ გამაღიზიანებელი გახდა.
_ ჯერ ეს ერთი, ბიჭო არა და მერე მეორეც: შენზე კარგად
ვიცი, რასაც ნიშნავს ხუთი ათასი ოქრო. ეგ ჩემი ოფლით და
წვალებით ნაშოვნი ფულია; წვალება იქით იყოს, სისხლით
ნაშოვნი ფულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი დახარჯვის
გადაწყვეტილებას სულაც არ მივყავარ ცუდ განწყობამდე.
პირიქით, ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები, რადგან ვიშოვე ფული,
რომელიც უნდა დაიხარჯოს. ნათქვამია, რომ ფული ყველაზე კარგად
და შეუმჩნევლად მეგობრებში იხარჯება. მართალია, ბევრს ვჩხუბობთ
და არ ვიცი, მთვლით თუ არა მეგობრად, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ
ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ. ჩემთვის მთავარია, თუ რას ვფიქრობ
მე და ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ ჩემი ნაშოვნი ფული აქ, თქვენთან, ჩემს
მეგობრებთან ერთად დავხარჯო. ხანდახან ვფიქრდები ხოლმე, მართლაც ხართ
თუ არა ჩემი მეგობრები, მაგრამ ფიქრი ხომ ტყუილად ნერვებს აგიშლის და
გაგათეთრებს. აუცილებელი ხომ არ არის, რომ ადამიანს თმები გაუთეთრდეს. გული
ხომ ყველაზე ადრე თეთრდება… ჰოდა, მეც გული მაქვს გათეთრებული ფიქრისგან.
ხანდახან არც კი ვიცი ხოლმე, როგორ შეიძლება შევცვალო თქვენი დამოკიდებულება
ჩემდამი. ხანდახან მგონია, რომ ამას აღარაფერი ეშველება და ეს ჩემი ბედისწერაა.
ბედისწერის და რაღაც ეგეთების არ მჯერა, მაგრამ ზოგჯერ, მართლა ეგრე ჩანს ხოლმე.
არა, თავს კი არ გაცოდებთ, შენც კარგად იცი, _ და ბემბის შეხედა. _ რომ თავის შეცოდება
ჩემში არასდროს ყოფილა. იმიტომ, რომ საცოდავი ადამიანები მე თვითონ ფეხებზე მკიდია.
უბრალოდ ფაქტს ვამბობ, რომ ხანდახან ყველაფერი მუქად ჩანს ხოლმე და გული მიკვდება. ხო,
გული მიკვდება. მერე რა, რომ ხის ვარ და გული არ ჩამაყოლა ხელოსანმა. ამდენი ხანია, აქ
ვცხოვრობ, გულიანებთან და მეც მივხვდი, რა არის ბედნიერება, რა არის სიხარული და მეც გამიჩნდა
გული. რატომ არ შეიძლება? ადამიანებს ხომ უქრებათ ხოლმე გული და უგულოები ხდებიან?! ჰოდა,
მე გამიჩნდა, პირიქით დამემართა, რა. ჰოდა ახლა, როცა ამდენი ვიფიქრე და ეს გული გავითეთრე
კიდეც, იმ დასკვნამდე მივედი, რომ თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. არა, ისიც ვიცი, რომ ნებისმიერ
თქვენგანს, ჩემს გარდა, კიდევ უამრავი მეგობარი ყავს და შეიძლება არც კი შევდივარ მათ სიაში,
მაგრამ მე მხოლოდ თქვენ მყავხართ. ასე რომ, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე, ვაპირებ, რომ
ეს ფული თქვენთან ერთად დავხარჯო.
ამდენი ხნის მანძილზე, არავის არ შეუწყვეტინებია მისთვის საუბარი. ასეთი რამ პირველად მოხდა.
არა, ხანდახან პაპას უნდოდა ხოლმე, რომ ჩაჩროდა და ეთქვა, მაპატიეო, მაგრამ თავი შეიკავა. იმიტომ
კი არა, რომ მოერიდა ამის თქმა, არამედ არ უნდოდა, მისთვის ლაპარაკი შეეწყვეტინებინა. ამდენი
ხნის განმავლობაში, მათ პირველად დაინახეს პინოქიოში ადამიანი. ის ჩვეულებრივად იდგა და
ლაპარაკობდა. მის ხმაში არც სიყალბე იგრძნობოდა და არც მიზანი, რომლისთვისაც ამ საუბრის
შემდეგ უნდა მიეღწია; არც დაბრკოლებები არსებობდა მისთვის; აი, მაგალითად, ღირსებისა და
სიამაყის და კიდევ თავმოყვარეობის. ის ახლა უბრალოდ იდგა და თვალებშიც კი არ უყურებდა არავის.
უბრალოდ, საუბრობდა გრძნობებზე, რომელიც ამ გულიანებში ყველაზე ნაცნობი მისთვის იყო.
ლიფტშივე გადაწყდა, რომ ბანკიდან ყველანი ხუთ-ხუთ ათას ოქროს გამოიტანდნენ და ამ
ქვეყანაში ოთხი დღით დარჩებოდნენ. ამ დროს ისინი მხოლოდ ერთმანეთის გაცნობას დაუთმობდნენ
და, რა თქმა უნდა, გართობასაც. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ამ საღამოსვე წავიდოდნენ ბარში,
ან უფრო სწორად, ბარ-დისკოთეკის მსგავს ადგილას.
უკვე ორი საათი იყო გასული მას შემდეგ, რაც პიტაჩოკი აბაზანაში შევიდა და იქიდან არც მისი
ხმა ისმოდა და არც გამოსვლის პირი უჩანდა პატარა გოჭს _ მხოლოდ წყლის შხაპუნი და ორთქლის
ნაკადი, რომელიც აბაზანის კარში დარჩენილი პატარა ნაპრალებიდან აღწევდა და ჩაბნელებულ
ოთახში, ტელევიზორის შუქზე კარგად ჩანდა. ტელევიზორი თავის დასადგამზე იდგა, მის წინ კი
სავარძელში, გემრიელად მოკალათებულიყო სანტა. ცალ ხელში შამპანური ეჭირა, მეორე ხელში –
სიგარა და ასე უყურებდა შოუს, რომელიღაც არხზე. როგორც ჩანს, ეს შოუ ძალიან პოპულარული
გახლდათ ამ ქვეყანაში, რადგან რეკლამები რომ იწყებოდა, აღარ მთავრდებოდა ხოლმე. სანტას,
წითელი ჩასაცმელის ზედა სამი ღილი, შეხსნილი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ოთახში
ფანჯრებიც კი გაღებული იყო, შუბლი მაინც ოფლისგან ჰქონდა დანამული. აბაზანის კარის გარდა,
ოთახს მეორე კარიც ჰქონდა, საიდანაც, კიდევ, ერთ, ოთხკუთხა სივრცეში მოხვდებოდით. იქედან,
მხოლოდ სიჩუმე გამოდიოდა. სანტამ ჭიქა ძირს დადგა. იატაკი მარმარილოსი გახლდათ. სისულელე
იყო ამ ოთახის ასე დაპროექტება, რადგან, ამხელა სივრცეში, ამდენი მარმარილო ძალიან
არაკომფორტული იყო. თანაც, აბაზანა პირდაპირ ტელევიზორის ოთახში გადიოდა. ამ ოთახს
ერთადერთი ღირსება ჰქონდა და ეს ღირსებაც მხოლოდ სანტამ დაინახა. სხვას შეიძლება ნაკლად
ჩაეთვალა, რომ აქ მყუდრო გარემო არ იყო. შესაბამისად, არ იქმნებოდა თბილი ატმოსფერო, რაც
მეტისმეტად მნიშვნელოვანია დასაძინებლად. თუმცა ეს ლუქსი იყო და თანაც, დასაძინებლად, ხომ,
მეორე ოთახიც არსებობდა.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, თეთრი მარმარილო და გაღებული ფანჯრები, მეტისმეტად ცივ გარემოს
ქმნიდა და პიტაჩოკი აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, აუცილებლად გააპროტესტებდა ამას. თუმცა,
სანტას ისე ცხელოდა, რომ ყოველგვარი გაპროტესტების მოთმენა და ატანა შეეძლო, ოღონდ კი, ეს
ფანჯრები, ახლა არ დაეკეტა. ოთახში კედლებიც თეთრი იყო, თუმცა ამ თეთრ კედლებზე რაღაც
ნახატები მკრთალად ჩანდა. ეს ალბათ ამ ქვეყანაში რომელიღაც ცნობილმა მხატვარმა მოხატა, რადგან
ნახატი არ ვარგოდა. ჩვეულებრივ მხატვარს კი ცუდ ნახატს არ დაახატინებდნენ. ცუდი ნახატების
ხატვის უფლება მხოლოდ ცნობილ მხატვრებს აქვთ. კედელზე გამოსახული იყო ვიღაც რომაელი
ჯარისკაცი, რომელსაც ცალ ხელში ყვავილი ეჭირა, ხოლო მეორეში – მოხსნილი მუზარადი. მის წინ
თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონა იდგა, ალბათ ისიც რომაელი და თავი დაბლა ჰქონდა დახრილი. ეს
ჯარისკაცი კი ამ ყვავილს აწვდიდა. ალბათ, უყვარდა ეს გოგო, თორემ აბა ყვავილებს, ისე ვის ჩუქნიან.
ერთი სიტყვით, შეიძლება ნახატის სიუჟეტი საინტერესოც იყო, მაგრამ შესრულება კაპიკად არ
ვარგოდა. ალბათ ამიტომ, ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეამჩნია ეს ნახატი, რომელსაც ამ დიდი ოთახის
მთელი კედელი ეკავა. სანტამ ისევ აიღო ჭიქა, მოსვა და აღარ დაუდგამს, რადგან მეორესაც მალე
დაისხამდა. სიგარას ისე გემრიელად აბოლებდა, რომ ნებისმიერ არამწეველს მოწევას დააწყებინებდა.
იმ ოთახის კარი, სადაც სიჩუმე იყო, გაიღო და პინოქიომ გამოიხედა
_ არ გამოსულა?
_ ვინ, პიტაჩოკი? _ სანტა თან ტელევიზორს უყურებდა.
_ ხო.
_ არა, ტო, ჯერ არ გამოსულა!
_ ხო არ დაიბრიდა ეგ ჩემისა, ერთი შევძახებ, აბა. _ ჩქარი ნაბიჯით მივიდა აბაზანის კართან. _
ბიჭო! _ წყლის ხმა ისმოდა მარტო. _ ოე!! _ და დააკაკუნა. არა, უფრო სწორად, დააბრახუნა.
_ ჰო, რა იყო! _ სომხური ხმით უპასუხა პიტაჩოკმა, სანტა სიცილისგან კინაღამ გადაყირავდა,
პინოქიოსაც გაეღიმა.
_ არ უნდა გამოხვიდე, შე ჩემა? გელოდები რა, მეც მინდა დაბანა, რამდენი ხანია, რაც შეხვედი.
რას აკეთებ, ქალები შეიყვანე?
_ ათ წუთში გამოვალ! გაემზადე, ძვირფასო, და გამოვალ! _ წყლის შხაპუნთან ერთად, სიცილის
ხმაც ისმოდა.
_ სანტა, _ პინოქიო სანტას მიუტრიალდა. _ რომ გამოვა, შემომძახე რა, იქით ვარ, წამოვწვები.
ბემბის ძინავს, ვერ ავაყენე ფეხზე. მე, კიდევ, ვერ დავიძინე. არადა, მაგრად მეძინება. გქონია რომ
გეძინება და ვერ იძინებ?
_ არა, საერთოდ საკაიფოდ მძინავს, მაგრამ ეს დღეებია, ვერ ვიძინებ. ბევრ რამეზე ვფიქრობ
ერთად და ძილიც ქრება.
_ ხო, მოკლედ, შევედი და დამიძახე, _ პინოქიო წამოდგა, ჩუმად შეაღო საძინებელი ოთახის
კარი და სიბნელეში შეიკარგა. ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ გამოვიდა აბაზანიდან პიტაჩოკი.
_ რა იყო? _ სანტა ისევ ტელევიზორს უყურებდა. ამ რეალითი შოუში მოგებულს ათას ოქრომდე
აძლევდა, ერთ-ერთი მოთამაშე უნდა გაეგდოთ. ეს ყველაზე საინტერესო ეპიზოდი იყო და სანტაც
გაფაციცებით უცქერდა. _ მოდი, დაჯე, ნახე, ასეთი მომენტები კვირაში მხოლოდ ერთხელ არის და
ჩვენც შესაფერის დროს მოვასწარით, _ სიცილით თქვა, _ პინოქიო!! _ ხმამაღლა დაიყვირა.
_ რა გაღრიალებს, შე ბებერო!! _ ეს ბემბის ხმა იყო _ ძლივს დავიძინე!!!
_ გაიგე, ძლივს დავიძინეო?! _ უთხრა პიტაჩოკს გაოცებულმა. _ რაც მოვედით, არ გაგიღვიძია,
იმის მერე გძინავს და კიდე შენ დაიძინე ძლივს?! არა რა, ნამეტანი უსინდისო ხარ, ჩემო ბემბი, ნამეტანი
უსინდისო! _ სანტამ ეს ბოლო სიტყვები ხმადაბლა წარმოთქვა, რადგან რეალითი შოუში გადამწყვეტი
მომენტი დგებოდა – ახლა უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ დატოვებდა თამაშს. თამაშის დატოვების ორი
კანდიდატი იყო: ერთი ოცდაათ წლამდე ბიჭი, რომელსაც გვერდზე გადაწეული თმა და კეთილი
ღიმილი ჰქონდა. ისე, კეთილღიმილიანები დიდხანს ვერ ძლებენ ასეთ შოუებში. ჰოდა, ამანაც ვერ
გაძლო. მეორე ორმოცდაათი წლის კაცი იქნებოდა. არა, ძალიან საინტერესოა, ამხელა კაცებს რა
უნდათ ასეთ გადაცემებში, ალბათ ფული. ფული ხომ ძალიან ტკბილია… ჰოდა, იჯდა ახლა ეს
ორმოცდაათი წლის კაცი და ხალხს იმაში არწმუნებდა, რომ მისთვის დაეჭირათ მხარი და შოუდან ეს
ბიჭი გაეგდოთ.
_ შეხედე რა, ამას რა უნდა ამ ბავშვებში? _ იკითხა პინოქიომ, რომელსაც ხელში პირსახოცი
ეჭირა.
_ რა უნდა და ათასი ოქრო, _ არც მოუხედავს ისე უპასუხა სანტამ. _ რა, ცუდია ათასი ოქრო?
_ ცუდი არ არის, მაგრამ…
_ შენ, ახლა, აბაზანაში რომ შედიხარ, უნდა იბანაო? _ ჰკითხა პიტაჩოკმა პინოქიოს.
_ არა, ბანაობით არა, პროსტა, პირსახოცს დავასველებ და იმით გავიწმენდ ტანს, თორემ აბა,
ჩემი ბანაობა როგორ შეიძლება, ეგრევე დაგილპებით. _ გაეცინა.
_ ისე მართლა, ეგრევე დალპები? _ ბემბი თვალებს იფშვნეტდა.
_ ოჰ, გამობრძანდა ძილის მეფე! მოსვენება ხომ არ გაკლიათ, თქვენო აღმატებულებავ? _ სანტა
კლაუსი ბემბის უყურებდა და თან იცინოდა.
_ გადი რა, შე შურიანო, შენ ვერ დაიძინე და ახლა ჩემი გშურს. შურიანი ბებერი ხარ. ნეტა რატომ
ევასები ბავშვებს, ვერ ვხვდები. _ თან შუქი აანთო ტელევიზორის ოთახში და ახლა ეს სივრცე კიდევ
უფრო გაცივდა. თითქოს ახლა იგრძნო პიტაჩოკმა, რომ ოთახში ციოდა.
_ რა ხდება, ტო, უნდა გამაციოთ, თუ ვერ გავიგე? ხო არ გაგიჟდით, თქვე ჩემისებო!!! ვინ დააღო
ეს ფანჯრები? _ და ძალაუნებურად ეგრევე სანტასკენ გაიხედა.
_ რა არი, მე რას მიყურებ, ჰა? მე გავაღე, შენ ხომ არ იცოდი, რომ მე გავაღე, მაგრამ პირდაპირ
მე შემომხედე. ეგრე, არ შეიძლება, ადამიანის უფლებების შელახვა.
_ შენ ცხოველის უფლებებს რომ ლახავ, ეგ როგორ არის, ერთი გამაგებინე? თუ ადამიანები
ცხოველებზე მაღლა დგახართ რამით? _ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვა პიტაჩოკმა, იმდენად
მნიშვნელოვანი, რომ ამაზე საუბარი დიდ დროსა და დროზე უფრო დიდ ცოდნას მოითხოვს. თუმცა,
ვინც რელიგიურია, იმისთვის ეს კითხვა დიდად რთული არ არის. სანტა კი ნამდვილად არ იყო რელიგიური; ყოველ შემთხვევაში, იმდენად რელიგიური არა, რომ ამისთვის პასუხი ადვილად გაეცა.
სხვათა შორის, მისი წინაპრები, თავის დროზე, ძალიან რელიგიურები ყოფილან. ისე, ეს გამოთქმა,
ძალიან პოპულარულია _ ‘თავის დროზე~. ნეტავ როდის იყო ის ‘თავის დრო~?!
თემას არ გადავუხვევ და გეტყვით, რომ სანტას ბაბუის ბაბუის მამა ძალიან მორწმუნე ადამიანი
ყოფილა. მას კათოლიკური ეკლესიაც კი აუშენებია ნევერლენდ_იაში, მაგრამ მერე, ის რომ მოკვდა,
კლაუსების ოჯახში, რელიგიის თვალსაზრისით, ყველაფერი უკუღმა წავიდა. საქმე იქამდეც მივიდა,
რომ სანტას ბიძაშვილი – მანტა კლაუსი განარკომანდა კიდეც, მაგრამ მერე სანტამ, რაღაც მაგიური
საშუალებების გამოყენებით, მოახერხა და ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნა. მერე თვითონაც
სცადა, რომ ეკლესიაში ევლო, მაგრამ ვერ მოახერხა. ანდა, როგორ მოახერხებდა, ის ხომ მთელი
დღეები ბავშვებისთვის საჩუქრების გაჩენით იყო დაკავებული, ზაფხულობით კი დასასვენებლად
მიდიოდა. ჰოდა, ვერ მოიცალა ეკლესიისთვის. მისი წინაპრები თავს ვალდებულად თვლიდნენ, რომ
ეკლესიაში ევლოთ. ახლა კი, სანტას საერთოდ არავითარი ვალდებულება არ გააჩნდა. უკვე სხვა დრო
იყო და ბავშვებიც აღარ განირჩეოდნენ ყოფაქცევის მიხედვით.
მოკლედ, სანტამ, დასმულ კითხვაზე, პასუხის გაცემას, დუმილი ამჯობინა.
დაახლოებით სამი საათის შემდეგ, სანტა, ბემბი, პინოქიო და პიტაჩოკი ამ ქალაქის ყველაზე
ძვირადღირებულ ბარში ისხდნენ, ყველაზე ძვირფას კოქტეილებს სვამდნენ და ყველაზე ლამაზი
გოგოები ეხვეოდათ გარშემო. სანტა თავის სტიქიაში იყო. ის, რაც მას ბემბიმ და პინოქიომ
შეაწყვეტინეს მეფე არტურის ქვეყანაში, არც ამ ქვეყნისთვის გამოდგა უცხო ხილი. მეტიც, აქ უფრო
კარგად ერთობოდა, რადგან მის გაშემო ქალაქის ყველაზე ლამაზი გოგოები ირეოდნენ. ყველაზე
ლამაზ გოგოს კი ყველაზე საინტერესო რაღაცების გაკეთება შეუძლია, ისევე, როგორც ბევრ ფულს,
რომელიც ახლა ჩვენს გმირებს თავის ლუქსში ედოთ.
პინოქიო სიგარას აბოლებდა და აქეთ-იქით იყურებოდა, აი, ზუსტად ისე, როგორც კოვბოურ
ფილმებშია ხოლმე. ბემბიც გოგოებს ეთომარებოდა. პიტაჩოკი კი იდგა და ბემბის და მოთომარე
გოგოებს სურათებს უღებდა, თან იცინოდა. ასეთ მხიარულებაში იყვნენ, რომ უეცრად ბემბის, თავზე,
ვიღაც დიდი ადამიანი დაადგა, დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლის და ძალიან ჩასკვნილი.
_ ეგ ჩემი გოგოა, ბრატ! _ მკაცრი ტონით უთხრა. ბემბიმ ახედა, მერე სიგარა ჩააქრო.
_ მერე ვინ გართმევს, ძმაო, შენია და წაიყვანე.
_ ვერც ვერავინ წამართმევს, ბიჭო, ტემ ბოლეე შენ. _ ახლა უკვე აბლატავებული ხმა ქონდა.
_ ნუ მებლატავები, შენი დედა… _ და ბემბიმ მაშინვე ამოაძრო ორივე ბარაბნიანი და ყველა
ტყვია მუცელში ესროლა. სანტა უცბად ვერც კი მიხვდა, რა ხდებოდა, რადგან, პრინციპში, ბემბისგან
ასეთ საქციელს არ ელოდა. პინოქიო რომ პინოქიოა, ისიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ბემბი ასე
უცბად გამოვიდოდა წყობიდან, თუმცა ახლა ყველაფერი უკვე მომხდარი იყო და მიზეზების ძიებას აზრი აღარ ჰქონდა. დაცვა პირდაპირ ბემბისკენ წამოვიდა და რადგანაც მას ტყვიები აღარ ჰქონდა,
ადვილად აიყვანდნენ. მაგრამ პინოქიომ დანები ამოაძრო, ეგრევე ერთად გაისროლა და ორივე
დაცვის წევრი დააგდო. ამასობაში, ბემბიმაც დატენა და მესამე დაცვის ბიჭიც მიაწვინა. ბარიდან
სწრაფად გაცვივდნენ:
_ დავიშალოთ და ცალ-ცალკე მივიდეთ სასტუმროში! _ ხმადაბლა თქვა ბემბიმ და ცალ-ცალკე
წავიდნენ.
პინოქიო თავიდან მაინცდამაინც არ ჩქარობდა, რადგან ეგონა, პოლიცია ვერ დაინახავდა. მაგრამ
უცბად, ზურგს უკან მონათებული სინათლე რომ დაინახა, ეგრევე მოცოცხა. პოლიციელებმა სროლა
ატეხეს. პინოქიომ ნაბიჯს აუჩქარა. მირბოდა და ისინი მანქანით მისდევდნენ. რომელიღაც ბნელ
ჩიხში შეუხვია. იქ მანქანა ვერ გავიდოდა და ამიტომ პოლიციელებიც ფეხით დაედევნენ. მართლა
ძალიან ბევრი ირბინა და ერთი პირობა, გაჩერებაც კი სცადა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. არ უნდოდა,
რომ დაეჭირათ. ბოლოს, რაღაც ღობეს გადაახტა და დიდ ტრასაზე მოხვდა, სადაც ეგრევე,
პოლიციის მანქანები გაიჩითა. პინოქიო ამ ქუჩის გვერდით რომ პატარა ჩიხი იყო, იქ შევარდა და
სახანძრო კიბეზე აძვრა. პოლიციელები უკვე ფარნებით ანათებდნენ აქეთ-იქით. სხვა გზა არ იყო,
აუცილებლად დაინახავდნენ და პინოქიო სახანძროს კიბეებიდან პირდაპირ ფანჯარაში შეხტა.
ოთახში არავინ ჩანდა. პინოქიომ კი დაინახა, როგორ მიანათეს იმ ადგილს პოლიცილებმა ფანარი,
თუმცა ახლა უკვე საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა. უნდა გაერკვია, ვინ ცხოვრობდა ამ სახლში
და თუ ცხოვრობდა ვინმე, სად იყო ახლა იგი. სწორედ ამის დადგენას შეეცადა პინოქიო და ოთახის
სიღრმისკენ თამამად შეაბიჯა. არც ისე ბნელი ადგილი იყო. არა, ბნელი საერთოდ არ ყოფილა.
უბრალოდ, მხოლოდ პატარა ღამის ნათურა ანათებდა ოთახს. მასაც თავზე წითელი ნაჭრისგან
დამზადებული პლაფონი ედო და ეს ოთახს ინტიმურ იერს აძლევდა.
პინოქიო ნელი ნაბიჯით გაემართა მეორე ოთახისაკენ, რომლის კარიც დახურული იყო. ამ კარის
მარჯვნივ კი იდგა ტახტი, რომლის პირდაპირ ტელევიზორის შავი ეკრანი ჩანდა, ტელევიზორზე კი
– პატარა საათი, რომელიც, ალბათ, მაღვიძარას ფუნქციასაც ითავსებდა. თავად ტელევიზორი
სამფეხა სკამზე იდგა, ხოლო მის დაბლა, სამყურა ყვავილი იდო. ფართოდ გაღებული ფანჯრიდან
შემომავალი სიო თეთრ ფარდას აფრიალებდა.
თავად ეს ოთახი, ღარიბულად გამოიყურებოდა. ამაზე, კედელზე გაკრული ზემფირას პლაკატიც
მოწმობდა, რადგან მდიდრულ სახლებში პლაკატებს კედლებზე არ აკრავდნენ. ეტყობოდა, რომ
პატრონი არცთუ ისე დიდ ყურადღებას აქცევდა სისუფთავეს, რადგან ტელევიზორის ეკრანზე
დადებული სქელი მტვრის ფენაზე, თითით იყო დაწერილი: “ბნელა”. მართლაც მტვრიანი იყო
ყველაფერი. პინოქიო კარისკენ წავიდა. სინამდვილეში არც კი დარჩებოდა აქ, უბრალოდ, ახლა სხვა
გზა არ ჰქონდა. პოლიციელები ტერიტორიას, კიდევ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში არ დატოვებდნენ. მოკლედ, კარი ცოტათი შეაღო და მიხვდა, რომ ასეთი პატარა ღრიჭოდან,
შეუძლებელი იყო რაიმეს დანახვა. ამიტომ გადაწყვიტა, კიდევ უფრო დიდზე გაეღო, თუმცა გული
ეთანაღრებოდა; არ უნდოდა, რომ იქ ვიღაც აღმოჩენილიყო, რადგან, შეიძლებოდა, იმ ვიღაცას
ყვირილი აეტეხა და მერე პინოქიო იძულებული გახდებოდა, მოეკლა. მეორე ოთახში ვერსად
დაიმალებოდა, რომ მერე მოგვიანებით წასულიყო სასტუმროში. პატარა ტახტის ქვეშ ვერ ეტეოდა.
არა, ტახტი კი არ იყო პატარა, იატაკიდან დაშორება გახლდათ არასაკმარისი. ჰოდა, სხვა გზა არ
ჰქონდა, უნდა შესულიყო, ახლა უკვე თითქმის დარწმუნებული იმაში, რომ სახლში ვიღაც იყო,
რადგან ოდნავ გაღებული კარიდან შემწვარი კვერცხის სუნი გამოვიდა. შემდეგ, როცა კარგად
მიაყურადა, შიშხინის ხმაც შემოესმა. სახლში ნამდვილად ვიღაც იყო. კარის პატარაზე გაღებას,
ჯობდა, პირდაპირ შეეღო და უცებ აეხსნა ყველაფერი. ახლა მნიშვნელოვანი ის იყო, თუ ვინ
დახვდებოდა მას კარის იქით – მყვირალა ბებერი, თუ ჩამშვები ახალგაზრდა, ან იქნებ საერთოდ…
მოკლედ, შესვლა გადაწყვიტა. სახეზე ხელი ჩამოისვა და კარი სწრაფად შეაღო, იმდენად
სწრაფად, რომ იქვე, კედელთან მდგარ სამზარეულოს მაგიდას გაარტყა. საშინელი ხმა გაისმა
სახლში. პინოქიომ იფიქრა, ახლა ეს ყვირილს დაიწყებსო, ჯიბიდან დანა ამოაძრო და ზურგით მდგარ
სახლის პატრონს, ყელზე მიადო. თუმცა, საოცარი ის იყო, რომ პატრონი სწრაფად მობრუნდა. აქ
დაიწყო ყველაზე საინტერესო. ბემბიმ აღმოაჩინა, რომ მის სხეულში უეცრად სიწყნარემ
დაისადგურა. იგრძნო, რომ სხეული შიგნიდან უთბებოდა; რომ დანა მხურვალე ხელში იმდენად
გაუცივდა, ლამის ხელიდან გააგდო. მხოლოდ ახლა შეიგრძნო თავისი სხეული. გოგო შავგვრემანი
იყო. შავი თმები სახეზე ჩამოშლოდა და სანახევროდ უფარავდა ფოლადისფერ თვალებს,
რომელთაც არამიწიერი გამოხედვა ჰქონდა. ტანზე პუმას შავი სპორტული შარვალი ეცვა, საიდანაც,
ცხადად ჩანდა, მისი სხეულის სინატიფე. სპორტული იყო აგრეთვე, შავი კაპიუშონიანი ზედაც,
რომელიც, წელს ეკვროდა და მკერდის ყველა დეტალს თვალშისაცემს ხდიდა. პუმას თეთრი ნიშანი
კი მის გემოვნებას უსვამდა ხაზს. შავი იყო პუმას ბოტასებიც, რომელსაც შარვალი სანახევროდ
ფარავდა.
გოგომ თმები ხელით უკან გადაიწია და პინოქიოს შიგ თვალებში მიაშტერდა. ის ახლა
მეტისმეტად ახლოს იყო მასთან; როგორც იტყვიან, ინტიმურ ზონაში მოხვდა და პინოქიომ ეს
იგრძნო კიდეც. ადრე ასე ადვილად გრძნობები არ ეწვეოდნენ ხოლმე. ახლა კი, თითქოს ყელში
აწვებოდა ყველაფერი. საოცარი ის იყო, რომ გოგოს შეშინების არაფერი ეტყობოდა. შეშინებულს
პინოქიო უფრო გავდა.
_ ნუ გეშინია, არ მოგკლავ! _ დაამშვიდა პინოქიომ ძალიან აღელვებული ხმით.
_ ვინ ხარ, საიდან შემოხვედი? _ ძალიან მშვიდი იყო. ხმა კი ოდნავ ყელისმიერი ჰქონდა.
_ გეტყვი, ყველაფერს გეტყვი, ოღონდ არ იყვირო, კაი? ხო არ იყვირებ? _ რა ვიცი, შეიძლება ვიყვირო კიდეც, _ გასაოცრად მშვიდი იყო. _ მაგრამ თუ მაგ დანას
ჩაწევ, შეიძლება თავიც შევიკავო. _ პინოქიომ დანა ჩაწია და სწრაფად ჩაიდო ქარქაშში. მერე ერთი
ნაბიჯით უკან დაიხია.
_ პოლიცია მომდევდა. არა, უსამართლო არაფერი ჩამიდენია, აი, ისე, ხო იცი, რომ იციან ხოლმე
გამოკიდება.
_ არ ვიცი, მე არასდროს გამომკიდებიან.
_ ჰოო, კარგი, ვიცი, მოკლედ, შენთან უნდა დავრჩე ცოტა ხანს, ათი წუთი მაინც, სანამ წავლენ…
და მერე წავალ, მე თვითონ წავალ, ოღონდ არ იყვირო რა, კარგი? _ გოგონა ცოტა ხანს დაფიქრდა,
მერე პინოქიოს დააკვირდა.
_ შენ რა, ხის ხარ? _ და ხელი სახესთან მიუტანა.
პინოქიო ოდნავ დაიბნა, მერე შერცხვა და იგრძნო, რომ გახურდა.
_ ჰო, ხის ვარ, _ უპასუხა ხმადაბლა.
მერე გოგო ისევ დააკვირდა და ხმადაბლა უთხრა:
_ რა მაგარია, არასდროს მინახავს ხის კაცები, თანაც ასეთი, _ მერე გაჩუმდა, _ ისე, თუ ხის
ხარ, რატომ გაწითლდი? _ და პინოქიომ თვალები მოჭუტა, ორი დიდი შავი თვალი.
_ რა მომივიდა?
_ გაწითლდი. _ გოგომ ჭიქაში წყალი დაასხა და მოსვა.
_ ალბათ მოგეჩვენა, თორე მე რა გამაწითლებდა. _ ხელი
აიქნია. _ მე რა გამაწითლებდა, გოგო, მე ხომ ხის ვარ.
_ კარგი, როგორც გინდა, მაგრამ გაწითლდი, _ ისევ მოსვა
წყალი, _ ისე, ძალიან სიმპათიური ხარ, მაგრამ პოლიციაში მაინც
უნდა დავრეკო და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ოთახის კარისკენ.
პინოქიომ კარებში დააკავა.
_ გთხოვ, არ დარეკო, გთხოვ, სულ ათი წუთი და წავალ!
_ მაგ ათ წუთში იქნებ რა ხდება. _ ხის კაცუნას ხელით
ეჭირა გოგონა.
_ არა, არაფერი არ მოხდება, დამიჯერე. რაიმე ცუდი რომ
მდომოდა, აქამდეც ჩავიდენდი. არაფერი არ მინდა. უბრალოდ,
დამმალე, სულ ათი წუთი და თვალებში ჩახედა.
_ ისე, ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, _ ისევ კომპლიმენტი უთხრა
გოგონამ. _ აი, ახლაც გაწითლდი. _ პინოქიომ ხელი გაუშვა.
_ ჩქარა, სარკე მაჩვენე, გთხოვ! _ დაიყვირა. _ აბაზანაშია, რა გაყვირებს?! შენ ამბობდი, არ იყვიროო და ახლა თვითონ ყვირი.
_ დროზე, სარკე!! _ და გოგომ სწრაფი ნაბიჯით წაიყვანა აბაზანისკენ, რომ სარკეში ჩაეხედებინა.
მაგრამ სარკეში ვეღარაფერი შეამჩნიეს.
_ ეე, აბა სად არის სიწითლე? _ ხმაში წყენა ეტყობოდა და თან იმედი.
_ ახლა უკვე გაგიარა. აბა, ამდენი ხანი ხომ არ იქნებოდი გაწითლებული?
_ არც ვყოფილვარ და შენ მეკაიფები რაღაცას.
_ არ ყოფილხარ, არა? _ და გოგომ ჩაიცინა, _ აი, ნახე თუ არ ყოფილხარ, _ პირდაპირ ტუჩებში
აკოცა პინოქიოს და ისე გააწითლა, ლამის ცეცხლი წაეკიდა ხის თავზე.
პინოქიო ახლა სარკის წინ იდგა და ამჩნევდა იმ ადამიანურ თვისებებს, რომელიც მის სხეულში
ნელ-ნელა იღვიძებდა. ამჩნევდა, თუ როგორ აინტერესებდა ეს გოგო და იმ უცნაურ განცდასაც
გრძნობდა, რომელიც მისი ცქერისას ეუფლებოდა. გრძნობდა, როგორ მოძრაობდა მის ხის სხეულში
რაღაც; როგორ ფეთქავდა, როგორ მიჰქონდა თბილი სითხე მთელს სხეულში. სითბოს ყველგან
გრძნობდა, მისი გახევებული და გაყინული სხეულის ნებისმიერ კუთხეში და იმასაც ხვდებოდა, რომ
ეს სითბო, ამ გოგოს დანახვისას, უფრო მატულობდა.
_ რა იყო, რა მოგივიდა, რას გამოშტერდი? _ გოგო გაკვირვებული უყურებდა.
_ შენ რა გქვია? _ შეეკითხა პინოქიო
_ მე? _ დაიბნა. _ ჰეიდი მქვია. შენ?
_ მე პინოქიო მქვია, _ და რაღაც უცნაურად გაიღიმა. _ დიდი მადლობა, ჰეიდი, ძალიან დიდი
მადლობა. _ და ისე მაგრად ჩაეხუტა, რომ ჰეიდი კინაღამ გაიგუდა. მერე თვითონაც ჯერ ერთი ხელი
დაადო მხარზე, მერე მეორე და, რაც არ უნდა საოცარი იყოს, ჰეიდი მწარედ აქვითინდა.
დაახლოებით ერთი საათი ტიროდა. ფოლადისფერი თვალებიდან წამოსულმა ცრემლებმა სულ
დაუსველა პინოქიოს ხის მხარი და ახლა იგი ცრემლების სითბოსაც გრძნობდა.
_ დავიღალე, პინოქიო, ძალიან დავიღალე. აღარ მინდა მარტო ცხოვრება, აღარ მინდა შემწვარი
კვერცხისთვის მთელი დღე მუშაობა. არა, ფული არაფერ შუაშია. უბრალოდ, სიცოცხლე მინდა. მინდა,
რომ წავიდე ამ ქალაქიდან. მინდა, რომ გაზზე შემწვარი კვერცხის გარდა, კიდევ სხვა რამეც გავსინჯო.
თუნდაც მოსამსახურედ გავყვებოდი ვინმეს და სახლს დავულაგებდი. თუნდაც, ბავშვის მომვლელად
ვიმუშავებდი, ოღონდ აქედან წამიყვანა. აქ არ მინდა, გესმის???? _ დაიყვირა. _ არ მინდა აქ!
საშინელებაა აქ… _ და უცბად გაჩუმდა. მერე თავი ასწია. პინოქიომ მისი თვალები დაინახა. სულ
სხვა ფერის იყო ახლა, სველი ფოლადისფერი. ხელის გულებით მოიწმინდა. _ თუმცა, შენ რას
გეუბნები. შენ ხომ არც კი გიცნობ. მე ხომ მხოლოდ შენი თვალები მომეწონა.
_ ესე იგი, შეგყვარებივარ. _ გაუღიმა პინოქიომ, მერე სახეზე ხელი მოკიდა და ხმადაბლა უთხრა:
_ წამომყევი და ყველაფერი გექნება. ნახევარი საათი ავტობუსით სიარულის შემდეგ, პინოქიო და ჰეიდი უკვე პინოქიოს და მისი
მეგობრების მდიდრულ ნომერში იყვნენ და პინოქიო ტუჩებში კოცნიდა ჰეიდის. ოთახში სიბნელე
იყო, მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა საწოლს. პინოქიო ლოგინში იწვა, ჰეიდი კი იდგა და სპორტულ
ზედას იხდიდა. ნელა გაეხსნა კაპიუშონიანი შავი პუმა და პინოქიომ ნათლად დაინახა მთვარის
შუქზე, თუ როგორ ანათებდა თეთრი ლიფი, რომელსაც შავად ეწერა პუმა. მერე შარვლის ჯერიც
დადგა და გახდის შემდეგ, თეთრი საცვალი პუმის ნიშნით ამ ადგილასაც აღმოჩნდა. პინოქიო
მთლიანად ხურდა და საშინლად აკანკალებდა, ჰეიდი კი მეტისმეტად სექსუალურად იღიმებოდა.
ხელები უკან წაიღო ლიფის გასახსნელად.
პინოქიო ბევრჯერ ყოფილა ქალთან, მაგრამ არასდროს არ უგრძვნია ისინი. ახლა კი მთლიანად
გრძნობდა ჰეიდის პრიალა სხეულს. ყველაფერი, მეტისმეტად კარგი იყო. და უეცრად, ჰეიდის
ზურგიდან, სინათლემ გამოანათა. ოთახის კარი შემოიმტვრა. პინოქიომ მხოლოდ თავის წამოწევა
მოასწრო და დაინახა ვინჩესტერიანი კაცი, რომელიც კარებში იდგა და რომელმაც ჰეიდის შიგ
ზურგში დააჭედა ტყვია. ჰეიდი კედელს მიენარცხა. პინოქიომ მხოლოდ წამოჯდომა მოასწრო.
იგრძნო, როგორ წააწყვიტეს ხის თავის ნახევარი და უგონოდ დაეცა. ალბათ არც დაეცემოდა, მაგრამ
ვინჩესტერი ძალიან ახლოდან იყო ნასროლი და თან, უკვე ტკივილსაც გრძნობდა. ვინჩესტერიანი,
ოთახში შემოვარდა, მერე, იქიდან, ვიღაცამ, რაღაც დაუძახა და სწრაფად გარეთ გაცვივდნენ.
პინოქიო ძლივს წამოდგა. მხოლოდ ცალი თვალით ხედავდა, ისიც ცუდად. თვალში საფანტის ტყვიას
გრძნობდა და ცალი შავი თვალით დაინახა ჰეიდის სისხლიანი სხეული და გაღიმებული სახე,
რომელიც პინოქიოს უყურებდა. ხის კაცუნა ნელა წამოდგა და საძინებლიდან აივანზე გავიდა.
აივნიდან ქალაქი ძალიან ლამაზი ჩანდა. თუმცა ახლა მისთვის ყველაფერი სულერთი იყო. ძალიან
გაუჭირდა, გრძნობები მოეძალა. ძნელი ყოფილა, როცა იცი, რა არის სითბო. მოაჯირს ხელი მოკიდა,
(ბერტოლუჩის კადრი ფილმიდან “უკანასკნელი ტანგო პარიზში”, სადაც მარია შნაიდერი აივნის
მოაჯირზე კევს აწებებს.) მერე კისერი გისოსებში გაყო და მთელი ძალით, მარჯვნივ გაიწია. ფიცრის
ლეწვის ხმა გაისმა, _ აი, ზუსტად ისეთი, სოფელში რომ შეშას აპობენ ხოლმე.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button