არქივი

რომის იმპერიის მნიშვნელოვანი ბრძოლები ახ.წ III-V სს

roman army 04

ამ პოსტში გთავაზობთ რომის იმპერიის რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლას.

ქალაქ ნაისასთან ბრძოლა

ქალაქ ნაისასთან ბრძოლა – ბრძოლა რომაელებსა და გოთებს შორის ახ.წ 268 წლის სექტემბერში. ბრძოლის მიზეზი გახდა გოთების მასიური შემოჭრა რომის იმპერიის ტერიტორიაზე ახ.წ 267 წლის ბოლოსთვის. გოთებმა ააოხრეს რომის პროვინცია პანონია. რომის იმპერატორმა, კლავდიუს II-მ ( მარკუს ავრელიუს ფლავიუს კლავდიუს გოთიკელი ახ.წ 268-270 ) თავის ერთგულ სარდალთან და მომავალში რომის იმპერატორთან , ავრელიანესთან ერთად ლეგიონები დაძრა გოთებისკენ. ბრძოლა ქალაქ ნაისასთან გაიმართა და რომაელთა გამარჯვებით დასრულდა. გოთების დანაკარგი დაახლოებით 30-დან 50 ათასამდე იყო.

2k9fd

ბრძოლა არგენტორატესთან
8cqeq
ბრძოლა არგენტორატესთან – ბრძოლა რომაელებს, რომელთა მეთაური ფლავიუს კლავდიუს იულიანე იყო და ალემანებს შორის, რომელთაც კნოდომარი სარდლობდა. ბრძოლა ახ.წ 357 წლის აგვისტოში გაიმართა. არგენტორატეს ბრძოლით გადაწყდა რომაულ-გერმანული ომის ბედი, რომელიც ახ.წ 356-360 წლებში მიმდინარეობდა.

რომაელთა არმია 13000 მეომარს შეადგენდა, ხოლო ალემანების 35000-ს. გერმანელი ბარბაროსების ასეთი რაოდენობა მთელი IV საუკუნის განმავლობაში არ შეკრებილა ერთად. ორივე მოწინააღმდეგე მხარე არგენტორატესთან ( დღევანდელი სტრასბურგი ) განლაგდა ერთმანეთის პირისპირ. იულიანე ნიჭიერი და მამაცი სარდალი იყო. მან თავის ჯარში განამტკიცა დისციპლინა და მოახერხა მეომართა პატივისცემის და მხარდაჭერის მოპოვება. ლეგიონერებს ძალიან უყვარდათ თავიანთი მეთაური და მისთვის სიცოცხლესაც კი გაწირავდნენ.

ბრძოლა რომაელებმა დაიწყეს. მათმა ქვეითმა ჯარმა შეტევა წამოიწყო ალემანებზე მთელი ფრონტის გასწვრივ. შემდეგ რომის და ალემანთა კავალერია დაუპირისპირდა ერთმანეთს. ალემანთა კავალერიის ერთმა ნაწილმა მოახერხა ფლანგური შეტევით რომაელთა ერთი საბრძოლო ხაზის გარღვევა. ალემანმა ქვეითებმა წამოიწყეს შეტევა რომაელთა ცენტრის წინააღმდეგ, თუმცა რომაელები ნელ-ნელა დაეუფლნენ უპირატესობას ბრძოლის ყველა უბანზე და მტერს უკან დაახევინეს. ალემანები გაიქცნენ და ბრძოლის ველზე უამრავი დაჭრილ-დახოცილი დატოვეს. მათ დაახლოებით 12000 მეომარი დაკარგეს, 200 ალემანი კი რომაელებმა შეიპყრეს. იულიანეს დანაკარგი არ იყო დიდი. სულ 243 მეომარი და 4 სამხედრო ტრიბუნი დაიხოცა, ხოლო 1000-მდე ჯარისკაცი დაიჭრა. რომაელებს ტყვედ ჩაუვარდათ ალემანთა მეთაური, კნოდომარი. ამ დიდი გამარჯვებით რომაელებმა გაიმარჯვეს ალემანებთან ომში და საკმაოდ დიდი ხნით შეაჩერეს მათი წინსვლა რომის ტერიტორიებზე.

ადრიანოპოლისის ბრძოლა
vqwfq
ადრიანოპოლისის ბრძოლა ( ახ.წ 378 ) – ევროპის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა. აღმოსავლეთ რომის იმპერიასა და გოთებს შორის გოთურ-რომაული ომის პერიოდში ( ძვ.წ 377-382 ). ბრძოლაში რომაელები სასტიკად დამარცხდნენ. რომაელებმა დაახლოებით 15000-30000 მეომარი შეკრიბეს, გოთების რაოდენობაც თითქმის იგივე იყო. მოწინააღმდეები ერთმანეთის პირისპირ, ქალაქ ადრიანოპოლთან დაბანაკდნენ. ბრძოლის დაწყებამდე რომაელები და გოთები ერთმანეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებით იყვნენ გართული, მაგრამ მოხდა გაუგებრობა და მარჯვენა ფლანგზე რომაელთა კავალერიას შეტაკება მოუვიდა გოთებთან, რასაც უკვე მასშტაბური ბრძოლის დაწყება მოჰყვა. რომაელებისთვის ბრძოლა ძალიან ცუდ დროს დაიწყო, რადგან მათ ველზე განლაგება არ ჰქონდათ დასრულებული. რომაელთა მარჯვენა ფლანგის კავალერია, რომელმაც პირველმა შეუტია მტერს, ასევე პირველივემ დაიხია უკან. ცხენოსნების უკანდახევამ ქვეითი ლეგიონების რიგების არევა და დაფრთხობა გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კატასტროფა. ლეგიონერები თავდაპირველად მედგრად გაუძალიანდნენ მტერს, მაგრამ როდესაც გოთთა ბელადებმა, ალათეამ და საპრაკმა კავალერიით შეუტიეს და ალყაში მოაქციეს ლეგიონერები, რომაელები აირივნენ და უკანდახევა დაიწყეს. ბრძოლაში რომაელთა რეზერვი ჩაერთო ბაკურ იბერიელის მეთაურობით თუმცა ამას უკვე აღარ შეეძლო განადგურებული რომის არმიის დახსნა. რომაელთა მეთაური, იმპერატორი ვალენტი დაიღუპა. გოთებმა ფრიდიგერნის ხელმძღვანელობით ბრწყივალე გამარჯვება მოიპოვეს და ფეხი მტკიცედ შედგეს თრაკიასა და მეზიაში.

კატალაუნის ბრძოლა
5n9aj
კატალაუნის ბრძოლა (ახ.წ 451) – ბრძოლა გალიაში (დღევანდელი საფრანგეთი), რომელშიც რომაელებმა და ვესტგუთებმა, ფლავიუს აეციუსისა და თეოდორიხის მეთაურობით შეაჩერეს ჰუნებისა და გერმანული ტომების კოალიცია, რომელსაც ატილა მუნძუკის ძე მიუძღოდა. კატალაუნის ბრძოლა რომის იმპერიის გვიანდელ პერიოდში ყველაზე მასშტაბური გამოდგა, იმდენად მასშტაბური, რომ “ხალხთა ბრძოლა”ეწოდა.
ბრძოლის ზუსტი ადგილი და დრო უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით მიხედვით “ხალხთა ბრძოლა” ახ.წ 451 წლის 20 ივნისს მოხდა. შეტაკების ადგილად ერთადერთი ისტორიკოსი, იორდანი, რომელმაც ეს ბრძოლა აღწერა ასახელებს კატალაუნის ველს (campis Catalaunicis) რომელიც საფრანგეთში, შამპანის პროვინციაში მდებარეობს. ბრძოლა ფრანკების ( რომალეთა მხრიდან ) და გეპიდების ( ჰუნების მხრიდან ) შეტაკებით დაიწყო. მათ ბრძოლაში 15000 კაცი დაიღუპა. მეორე დღეს უკვე ძირითადი ძალების დაპირისპირება შედგა. მეორე დღეს უკვე ძირითადი ძალების დაპირისპირება შედგა. რომაელებისა და ჰუნების ძალებს მაღალი გორა ჰყოფდა. მაღლობზე განლაგება ორივე მხარისთვის წარმატების მომტანი იქნებოდა. ჰუნებს რომაელებმა და ვესტგოთებმა დაასწრეს და აეციუსის ბრძანებით სწრაფად დაიკავეს სიმაღლე. რომის ჯარი ასე განლაგდა: მარცხენა ფლანგი აეციუსმა დაიკავა, მარჯვენა თეოდორიხმა, ცენტრში კი ალანთა მეფე, სანგიბარნი ჩადგა. ჰუნები ასე განლაგდნენ: ატილა ჰუნთა რჩეული რაზმებით ცენტრში ჩადგა, ხოლო ფლანგებზე ოსტგოთები და სხვა გერმანული ტომები განალაგა. ჰუნთა მეფე დიდხანს ყოყმანობდა ბრძოლის დაწყებას. ქურუმები და შამანები დამარცხებას უწინასწარმეტყველებდნენ მას, ამიტომ ატილამ ბრძოლა გვიან დაიწყო ( თუ საქმე ცუდად წავიდოდა ღამის სიბნელეში მოახერხებდა უსაფრთხო უკანდახევას). ბრძოლა ჰუნების შეტევით დაიწყო აეციუსის მარჯვენა ფლანგის წინააღმდეგ. თეოდორიხის ვაჟმა, თორისმუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ჰუნებს და უკუაგდო ისინი. მარჯვენა ფლანგზე წარუმატებლობის შემდეგ ატილამ პირადი ხელმძღვანელობით თავისი ძალები შეუსია მტრის მთელ საბრძოლო ხაზს. გოთიისტორიკოსის, იორდანის მიხედვით დაიწყო საშინელი ხოცვა-ჟლეტვა, რომლის მსგავსი არ ახსოვდა ისტორიას. ბრძოლაში დაეცა ვესტგოთთა მეფე თეოდორიხი, თუმცა მისმა ვაჟმა, თორისმუნდმა საოცარი სიმტკიცე და სიმამაცე გამოიჩინა. მან თავი მოუყარა მთელ თავის ძალებს და ჰუნებს ეკვეთა. რომაელებიც აეციუსის მეთაურობით მამაცურად იბრძოდნენ. ჰუნებმა ნელ-ნელა უკან დაიხიეს და დიდი დანაკარგების საფასურად ბანაკში დაბრუნება მოახერხეს. ატილა დამარცხდა, დროებით ბანაკში გამაგრდა, ხოლო შემდეგ აეციუსს გაეცალა და ჯარის რომის ტერიტორიებიდან გაყვანა დაიწყო.

შესაძლოა იგივე სტატიებს ვიკიპედიაზეც წააწყდეთ, რადგან იმათაც გავუგზავნე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button