საკითხავისასარგებლოუკატეგორიო

ტერორისტული ორგანიზაცია – წითელი არმიის ფრაქცია

e766639553b9
წითელი არმიის ფრაქცია (გერმანულად:Rote Armee Fraktion)– გერმანული მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია, იგივე RAF, რომლის შექმნის შესახებაც 1960–იანი წლების მიწურულს გამოცხადდა. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ულრიკა–მარია მაინჰოფი. მას ტერორისტების დედოფალს უწოდებდნენ და მართლაც, გერმანელები ულრიკა მაინჰოფს თავისი დროის ულამაზეს ქალად მიიჩნევდნენ.
იგი 1934 წელს დაიბადა მდიდარი ბურჟუას ოჯახში. დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, თუმცა თავისი პროფილით მუშაობას ტერორისტულ ორგანიზაცია ”წითელი არმიის ფრაქციის” ხელმძღვანელობა არჩია. მისი ხელმძღვანელობით ამ ორგანიზაციამ დაგეგმა და შეასრულა 555 ტერაქტი, რაც კარლოს ტურას, ბინ ლადენისა და ხატაბის ერთად განხორციელებულ აფეთქებებს ბევრად აღემატება. ორგანიზაციის სხვა ლიდერები იყვნენ გუდრუნ ენსენი, ანდრეას ბაადერი და ჰორსტ მალერი. ორგანიზაციის მთავარი მიზანი გერმანიაში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რომელიც მათი მტკიცებით რუსების გამარჯვების შემდეგაც არ გამქრალა. ორგანიზაციის მთავარი ლოზუნგი იყო: „ვინც შეიარაღდება, ის მოკვდება, იმას ცოცხლად დამარხავენ ციხეებში, გამოსასწორებელ დაწესებულებებში, ბაღებში, სკოლებში და ა.შ.“

e61c66ce9d08
ულრიკა მაინჰოფი

ეს ამბავი დაიწყო 1960-იან წლებში. 1967 წელს გერმანიას ირანის შაჰი უნდა სწვეოდა. მემარცხენე სტუდენტები ამ ვიზიტის წინააღმდეგი იყვნენ, რადგან სმენოდათ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს ირანის ციხეებში. ერთ მანიფესტაციაზე მათ სტუდენტი, ბენი ონეზორგი შეუერთდათ, ჩვეულებრივი სტუდენტი, მემარცხენეც კი არ ეთქმოდა. ის მოკლეს. უბრალოდ, წამების წინააღმდეგ გამოვიდა, და მოკლეს.
ერთი წლის მერე რუდი დუჩკეს ესროლეს. რუდი დუჩკე, რომელიც გერმანიის სტუდენტთა პროფკავშირის ლიდერი იყო, შპრინგერის საგაზეთო კონცერნს ჰყავდა ათვალწუნებული. გერმანელებს მოუწოდებდნენ: “შეაჩერეთ დუჩკე!” დუჩკე ნეონაცისტმა ბახმანმა შეაჩერა – თავში ესროლა. დუჩკე სასწაულად გადარჩა, მაგრამ მთელი დარჩენილი ცხოვრება თავის ტკივილი სტანჯავდა და ეპილეფსიის შეტევები დასჩემდა. მიუხედავად ამისა, შპრინგერის კონცერნს მისი დევნა არ შეუწყვეტია. დუჩკე ლონდონში გადავიდა, სადაც მარტოდმარტო დასახლდა და ეპილეფსიის მორიგი შეტევის დროს აბაზანაში დაიხრჩო.
“ტყვიებმა, რომლებიც დუჩკეს ესროლეს, ბოლო მოუღო ჩვენს ოცნებებს მშვიდობისა და არაძალმომრეობის შესახებ”, – წერდა ულრიკა მაინჰოფი.
დუჩკეს ესროლეს – და ფრანკფურტის სავაჭრო სახლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი უცებ ჩააქრეს, დამნაშავეები დააკავეს – საყვარლები იყვნენ, პაციფისტები, ანდრეას ბაადერი და გუდრუნ ენსლინი. სასამართლო გაიმართა და ადვოკატებმა იმდენი ქნეს, რომ მსჯავრდებულები მალევე გამოუშვეს ციხიდან. ერთ-ერთი ადვოკატი- ჰორსტ მალერი იყო.

1d5a212c6916
ანდრეას ბაადერი

მემარცხენეები აღშფოთდნენ, სასამართლო დარბაზში კი ერთმანეთს შეხვდნენ ზემოთ ხსენებული ადვოკატი ჰორსტ მალერი და მემარცხენე ჟურნალისტი გაზეთ “კონკრეტიდან” – ულრიკა მაინჰოფი. სწორედ ასე დაიწყო “წითელი არმიის ფრაქციის”, RAF-ის ისტორია. ამ ორმა გაუგონარი რამ ჩაიფიქრა და განახორციელა: ბაადერი და ენსლინი ციხიდან გააქციეს. ოთხეული იორდანიის სასწავლო ბანაკებში გაემგზავრა, სადაც მათგან პროფესიონალი ტერორისტები შექმნეს.
1970 წელს ისინი, გაწვრთნილები, მომზადებულები და საბრძოლოდ შემართულები გერმანიაში დაბრუნდნენ. “წითელ არმიას” უკვე 30 წევრი ჰყავდა და ასობით ადამიანი თანაუგრძნობდა.

f9f6d9cd0f22
ანდრეას ბაადერი & გუდრუნ ენსლინი

მრავალ სხვა საკითხთან ერთად, მათ ერთი რამ აინტერესებდათ, მართლაც საინტერესო ამბავი: რატომ მოხდა ისე, რომ მრავალი ნაცისტი ომის შემდეგ არა მარტო სასჯელს გადაურჩა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაც შეძლო. RAF-ელები კვლევას შეუდგნენ და გასაოცარი ფაქტები აღმოაჩინეს:
ომის უკანასკნელი თვეების განმავლობაში ფაშისტური საგანგებო ტრიბუნალების მოსამართლეებმა “პანიკის თესვისთვის” ათასობით ადამიანი ჩამოახრჩეს. არც ერთი დამნაშავე არ დაუსჯიათ. “დანიის ჯალათი”, რომელმაც პირადად გაანადგურა, სულ მცირე, რვა ათასი ადამიანი, სახელგანთქმული იურისტი გახდა და რაღაც დიდ კონცერნში დიდ ფულსაც იღებდა. ესესელი მაღალჩინოსანი, საფრანგეთში ფაშისტური ტერორის ორგანიზატორი, რომელსაც საფრანგეთის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოითხოვა, უმალვე შეიწყალა და გენერლის საპატიო პენსიაც დაუნიშნა.
საგანგებო ბატალიონ “ნახთიგალის” (“ბულბულს” ნიშნავს) მეთაური, რომელმაც უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა ამოჟლიტა, მინისტრი გახლდათ, ჰიტლერის ანტისემიტური პროპაგანდის დოქტრინის ერთ-ერთი ავტორი ფედერალური კანცლერი იყო, ხოლო სამხედრო დამნაშავე და მთლად ოტო სკორცენის დიდი მეგობარი ბუნდესტაგის თავმჯდომარე ბრძანდებოდა.
მემარცხენეებმა 364 ათასი დოსიე შეადგინეს და აღმოაჩინეს, რომ ამ დამნაშავეების, მესამე რაიხის ნაცისტების ბრალის დამტკიცება უადვილესი საქმე იყო, მაგრამ ისინი ციხის ნაცვლად მთავრობის კაბინეტებში ისხდნენ. მემარცხენეები დაინტერესდნენ – რატომ? მემარცხენეები ეცადნენ, მათ ხელთ არსებული მასალა მთავრობისთვის გადაეცათ, მაგრამ მათ ყური არავინ ათხოვა. RAF მიხვდა, რომ გერმანიაში ფაშიზმთან ბრძოლა სხვაგვარად უნდა წარემართა.
და აი, ულრიკა მაინჰოფმა ქალაქის პარტიზანული ომის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. იარაღისთვის, აგიტაციისთვის და არსებობისთვის ფული იყო საჭირო, და RAF ბანკების ძარცვას შეუდგა, თან დიდი წარმატებით: ერთ დღეს ზედიზედ სამი ბანკის გატანა შეძლეს. გერმანიის კრიმინალურ პოლიციაში საგანგებო განყოფილება შეიქმნა, რომელიც მხოლოდ RAF-ს დასდევდა, კარგა ხანს – ამაოდ.
1971 წელს RAF-ელები უშუალოდ ტერორზე გადავიდნენ. ქუჩაში პოლიციელებს ესროდნენ, სახელმწიფო უწყებების შენობები ფეთქდებოდა, ხოლო მას მერე, რაც ულრიკა მაინჰოფმა RAF-ის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აშშ-ს არმია დაასახელა, დასავლეთ გერმანიაში ამერიკული ყაზარმებიც აბრიალდა. მემარცხენეებთან გააფთრებით მებრძოლი საგაზეთო კონცერნის, “შპრინგერის” შენობას ბომბი თავად ულრიკამ დაუდო.
ულრიკე წერდა: “როცა მტერი გვებრძვის, ეს კარგია და არა ცუდი. მე ვთვლი, რომ ჩვენთვის – თითოეულისთვის, პარტიისთვის, არმიისთვის თუ სკოლისთვის – ცუდია, როცა მტერი ჩვენ წინააღმდეგ არ ილაშქრებს, რადგან ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ჩვენ და მტერი ერთად ვართ. როცა გვიტევენ, კარგია, რადგან ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ ჩვენს მტერს მკვეთრად გავემიჯნეთ. თუ მტერი ენერგიულად გვიტევს, ჩვენზე ყველაზე ცუდ რამეს ჰყვება და ყველაფერს გვიწუნებს, ეს ყველაზე კარგია, რადგან იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ჩვენს მტერს არა მარტო გავემიჯნეთ, არამედ ჩვენმა მუშაობამ ბრწყინვალე შედეგიც გამოიღო”.
RAF გერმანიას შიშის ზარს სცემდა. RAF იყო ყველგან, RAF აკეთებდა ყველაფერს, რასაც იქადნებოდა – და 1972 წლის მაისში განაცხადა, რომ ნახევარ შტუტგარტს ააფეთქებს. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფებმა წითელარმიელთა ხელმძღვანელების გადაცემისთვის ჯილდო გამოაცხადა: ათი ათასი გერმანული მარკა. საქმეში 150 ათასი აგენტი ჩაება.
ანდრეას ბაადერს და ჰოლგერ მაინსს პოლიცია ჩაუსაფრდა. ისინი დააკავეს. გუდრუნ ენსლინი შემთხვევით ჩავარდა, როცა ტანსაცმლის მაღაზიიდან გამოდიოდა. ულრიკა მაინჰოფი ერთმა მემარცხენემ დაასმინა, კაცმა, რომლის ბინასაც ქირაობდა.
1975 წლის 21 მაისს სასამართლო დაიწყო. მსჯავრდებულთა სკამზე ისხდნენ მაინჰოფი, ბაადერი, ენსლინი და წითელარმიელთა კიდევ რამდენიმე ხელმძღვანელი. ჰოლგერ მაინსი მანამდე ციხეში მოკვდა – შიმშილობა გამოაცხადა, ყოველ შემთხვევაში, მისი სიკვდილის ოფიციალური ვერსია ეს იყო.
მათ ბრალად ედებოდათ 5 მკვლელობა, 55 თავდასხმა და მრავალი სხვა საშინელება – ცეცხლის გაჩენა, გატაცებები. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ RAF-ის გამო, 39 ადამიანი მოკვდა და 75 აფეთქებების დროს დაშავდა. პროცესს მთელი გერმანია გაფაციცებით ადევნებდა თვალს.
დიდი სასამართლო დაიწყო, წითელი არმიის ფრაქციის ლიდერები საკნებში ისხდნენ – და უცებ ტერორი კვლავ განახლდა. სარბიელზე RAF-ის მეორე თაობა გამოვიდა.
ახალმა წითელარმიელებმა გაიტაცეს დასავლეთ გერმანიის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე, მილიონერი ჰანს-მარტინ შლაიერი, რომელიც ესესელი იყო, ომის დროს ჩეხეთის ძარცვას ედგა სათავეში და ბანაკებში სამხედრო ტყვეების განადგურებას ხელმძღვანელობდა. მის სანაცვლოდ ტერორისტებმა RAF-ის ლიდერების გათავისუფლება მოითხოვეს – ცხადია, ამაოდ. შემდეგ “ლუფტჰანზას” თვითმფრინავი გაიტაცეს, იმავე მოთხოვნით – კვლავ ამაოდ.

6af423714226

ასე დაიწყო მოქმედება RAF–ის ახალმა თაობამ, რომელიც 1997 წლამდე მოქმედებდა. მისი ლიდერები იყვნენ ლუდვიგ მაიერი და ბირგიტ ჰოგერფილდი.
უცებ აღმოჩნდა, რომ RAF-ს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს. უცებ გაირკვა, რომ ფაშისტური მემკვიდრეობა უამრავ ადამიანს ამოსვლოდა ყელში. 1978 წლის ოქტომბერში ბრემენში უფროსკლასელთა 40-ათასიანი დემონსტრაცია სკანდირებდა: “RAF მართალია, თქვენ ფაშისტები ხართ”.
და ამ დროს გაირკვა, რომ განაჩენის მოლოდინში საკნებში მსხდომმა წითელი არმიის ფრაქციის მეთაურებმა თავი მოიკლეს. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოდ:
შტამჰაიმის ციხეში პატიმრები “მკვდარი დერეფნების” სისტემაში ისხდნენ, ანუ თითო დერეფანში – თითო პატიმარი თითო საკანში. ყოველ ორ კვირაში ერთხელ საკნებს ცვლიდნენ. ეს ციხე ბეტონითაა ნაგები, ხაზგასმით წერენ: “განსაკუთრებით მტკიცე ბეტონით”. პატიმრებს კი, ნუ იტყვი, კედლებში სამალავები გაუთხრიათ და შიგ საოცარი ნივთები დაუმალავთ – იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებების მარაგი, რადიომიმღებები. ეს ისე, სხვათა შორის ითქვა. მთავარია, რომ ცაცია ბაადერმა მარჯვენა ხელით საკუთარ კეფაში ისროლა. გუდრუნ ენსლინმა ჭერზე, კაუჭზე ჩამოიხრჩო თავი, ოღონდ იქ როგორ აძვრა და ელექტროგაყვანილობის მავთული საიდან მოიტანა – გაუგებარია. სრულიად ცარიელ საკანში ჩამოიხრჩო თავი ულრიკა მაინჰოფმაც.

58d9a53cdc3a
ბაადერის საფლავი

ახალმა თაობამ განაგრძო ამერიკულ ბაზებზე ნადირობა. მათ ააფეთქეს ამერიკის სამხედრო ბაზა ფრანკფურტში 1981 წელს, 1982 წელს ნატოს სამხედრო ობიექტი რამშტაინში. 1993 წელს ახლადაშენებული ციხე ეიტერშტადტში. თუმცა RAF–ის ახალი თაობისთვის მთავარი იყო არა აფეთქებები, არამედ ნამდვილი მემარცხენე ფრონტის შექმნა მსოფლიოში. 1994 წელს ბირგიტ ჰოგერფილდი დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1993 წელს RAF–მა საომარი მოქმედების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. 5 წლის შემდეგ კი ოფიციალურად გამოაცხადა დაშლის შესახებ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close