ახალი ამბებისაკითხავისამხედრო

C-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი

zdl0z

ეს არის  C-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი რომელიც ახლახან განათავსა რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთში. სრულიადში ინფორმაცია ამ საზენიტო სარაკეტო კომპლექსზე და რისთვის ჭირდება ეს რუსეთს

გასულ კვირას სენსაციასავით გავრცელდა ინფორმაცია – რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები განათავსა, რასაც ოფიციალური თბილისის კატეგორიული პროტესტი მოჰყვაო.

თუმცა, C-300-ის კომპლექსი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუდაუთაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შემოდგომაზე შეიტანა. ინტერნეტში ფოტოსურათიც კი იდო, თუ როგორ ტვირთავდნენ გუდაუთის რკინიგზის სადგურში სარკინიგზო ღია პლატფორმიდან დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების აღმომჩენ რადიოლოკაციურ სადგურს, რომელიც C-300-ის კომპლექსში შედის.

თითქმის ორი წელი ფუნქციონირებდა რუსული ჩ-300 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და ოფიციალურ თბილისს პროტესტი მანამ არ განუცხადებია, სანამ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა ოფიციალურად არ აღიარა ეს ფაქტი.

თუკი ოფიციალურმა თბილისმა მართლაც არ იცოდა, რომ აფხაზეთში რუსული C-300 უკვე 2 წელია ფუნქციონირებს, მაშინ ეს ქართული სპეცსამსახურების უდიდეს ნაკლზე მიუთითებს, თავი რომ დავანებოთ აგენტურულ დაზვერვას. ქართული არმიის შეიარაღებაში ხომ არის “კოლჩუგის” ტიპის რადიოელექტრონული დაზვერვის კომპლექსი (5 წლის წინ უზომოდ გაბერილ ფასად – 15,6 მლნ დოლარად რომ შევიძინეთ), რომელსაც გამოსხივებული რადიოტალღების პელენგირება და ობიექტის იდენტიფიკაცია 600 კმ-ის რადიუსში შეუძლია. ორი წლის განმავლობაში გუდაუთასთან მდგარი რუსული C-300-ის ფაზირებულანტენიანი ლოკატორები იმ სიმძლავრის რადიოტალღებს გამოასხივებდნენ, რომელთა დაუფიქსირებლობა არ შეიძლებოდა.

სხვათა შორის, ამერიკული მხარისთვის ახალი სულაც არ აღმოჩნდა რუსული C-300-ების აფხაზეთში გამოჩენა, მათაც თავიდანვე იცოდნენ ეს ამბავი, მაგრამ, საინტერესოა, რატომ არ აცნობეს ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი მეგობარი საქართველოს ხელისუფლებას? ან თუკი გაუზიარეს, რატომ დუმდა დღემდე ოფიციალური თბილისი და პროტესტს რატომ არ აცხადებდა?

რუსული C-300 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შემოტანა ოკუპირებულ ქართულ მიწებზე (ჯერ აფხაზეთში, მომავალში კი ალბათ ცხინვალის რეგიონშიც) უბრალო ფაქტი როდი გახლავთ და იგი ჩვენთვის ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე გალში ჩაყვანილი რუსული ტანკები, თუ ახალგორთან დაყენებული ჰაუბიცები.
საშუალო სიშორის რადიუსის მოქმედების C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა გათვლილია როგორც თვითმფრინავების, უპილოტო საფრენი აპარატების და შვეულმფრენების აღმოსაჩენად და ჩამოსაგდებად, ისე ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების დასაზიანებლად.

საქართველოს არ გააჩნია ბალისტიკური რაკეტები და თვითმფრინავებიც თითებზე ჩამოსათვლელი ჰყავს, ეტყობა, ამიტომაც, ზოგიერთი რუსი სამხედრო ექსპერტი აცხადებს, C-300-ები ქართულ ცაში საკადრის სამიზნეს ვერ იპოვიანო.

მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ჩ-300-ის საზენიტო რაკეტების მოქმედების რადიუსი (მოდიფიცირების მიხედვით) 75-დან 200 კმ-მდე მერყეობს. თუკი გუდაუთიდან რუსი სამხედროები გალის რაიონში გადმოიყვანენ თავიანთ C-300ПС (სავარაუდოდ, აფხაზეთში სწორედ ეს მოდიფიკაციაა ჩაყვანილი, რომელიც საჰაერო სამიზნეებს 75-90კმ სიშორეზე და 25კმ სიმაღლეზე აზიანებს) ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, მაშინ დაზიანების რადიუსში აღმოჩნდება საჰაერო სივრცე ქუთაისის, ფოთისა და ბათუმის თავზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სენაკსა და ზუგდიდზე; ანუ რუსი მეზენიტეები გააკონტროლებენ თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცეს 100-200 მ სიმაღლიდან.

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში იგივე C-300 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსების შემთხვევაში კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მარნეულის სამხედრო-საჰაერო ბაზა, თბილისის საავიაციო ქარხნის და ვაზიანის აეროდრომები.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ აეროდრომებიდან აფრენილი თვითმფრინავები (სამოქალაქო და მით უმეტეს, სამხედრო) სიმაღლის აღებისთანავე აღმოჩნდებიან რუსული საზენიტო კომპლექსის რადარების თვალთვალის არეალში და მათი საზენიტო რაკეტების დამიზნების სისტემაში იქნებიან ჩაჭერილნი.

საბჭოთა დროიდან საჰაერო ფრენების მარშრუტი აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით, სოფელ ალის (სურამის ზემოთ) თავზე გადიოდა. ოკუპირებულ გალისა და ახალგორის რაიონებში C-300-ების ამოქმედების შემდეგ ქართული შვეულმფრენებისა და მოიერიშე თვითმფრინავების პილოტებს ამ მარშრუტზე უარის თქმა მოუწევთ და უფრო სამხრეთით, დაბალ სიმაღლეებზე უნდა იფრინონ, რომ როგორმე არ მოხვდნენ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რადარების მოქმედების არეალში. ანალოგიური უსაფრთხოების ზომების მიღება აუცილებელი გახდება საქართველოს პრეზიდენტის შვეულმფრენისა და სამგზავრო თვითმფრინავის ეკიპაჟებისთვისაც, რადგან მათ მთავარ მგზავრს ფრენა ძალიან უყვარს.

თბილისიდან ბათუმში ჩასაფრენად სამხრეთის მარშრუტის შერჩევა აბსოლუტური გამოსავალი არ არის, რადგან მეზობელი სომხეთის გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე ათ წელზე მეტია განთავსებულია საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის განკუთვნილი C-300В ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა. მუხლუხებიან შასიზე განთავსებული ეს სისტემა 300 კმ რადიუსში აღმოაჩენს საჰაერო სამიზნეს და მას 75-100 კმ (გააჩნია რაკეტების ტიპს) სიშორიდან აზიანებს. გიუმრიდან უშუალოდ სომხეთ-საქართველოს საზღვრის სიახლოვეს გადმოსროლილ რუსულ C-300В-ს შეეძლება საქართველოს სამხრეთით საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის გაკონტროლება, მათ შორის ახალციხის, ბორჯომისა და ხაშურის თავზეც.

რა გამოდის? თუკი ერთდროულად იმოქმედებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გალსა და ახალგორის რაიონებში შეყვანილი რუსული C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომელთაც სამხრეთიდან, სომხეთის ტერიტორიიდან მიუერთდება გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის C-300D ტიპის კომპლექსიც, მაშინ აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთით და პირიქით, გადაფრენები საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე რუსული საზენიტო რაკეტების სროლის საშიშროების გამო შეიძლება საერთოდ ჩაიკეტოს. ერთადერთ გამოსავლად რჩება შვეულმფრენების ფრენა დაბალ და ზედაბალ სიმაღლეზე ხეობის გასწვრივ და მთაგორიანი რელიეფის გამოყენებით, რომლებიც “აბრმავებენ” რუსულ ლოკატორებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული C-300-ების გამოჩენა მარტო საქართველოსთვის როდია თავსატეხი. მოსკოვი ცდილობს, სამხრეთ კავკასიაში აღადგინოს საბჭოთა დროინდელი საჰაერო სივრცის კონტროლის ერთიანი სისტემა. ეს კი სერიოზული გამოწვევა იქნება NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის, პირველ რიგში კი თურქეთისთვის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი შავი ზღვისპირა სახელმწიფოებისთვის – ბულგარეთისა და რუმინეთისთვის.

C-300-ების ოკუპირებულ ქართულ მიწებზე შემოყვანა ამ პროცესის დასასრული სულაც არ არის. რუსეთი ქმნის სამხრეთის მიმართულების სარდლობას და აპირებს 2014 წლამდე გადააიარაღოს თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით თავისი სამხედრო შენაერთები ჩრდილო კავკასიაში, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, სომხეთში, ასევე შავი ზღვის ფლოტისა და კასპიის ზღვის ფლოტილია. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინ არის…

P.S. 11 წლის წინ, 1999 წლის აგვისტოში ამ სტატიის ავტორს საშუალება მიეცა, დეტალურად დაეთვალიერებინა და ვიდეოზე გადაეღო რუსული ჩ-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რამდენიმე მოდიფიკაცია, თუმცა, როდესაც ვიდეოკამერით საზენიტო სისტემის მართვის პუნქტის შიგნით გადაღება მოვინდომე, ნება არ დამრთეს.

იმ დროისთვის ეს სისტემები ჯერ კიდევ გასაიდუმლოებული იყო. დღეს ისინი აღარ წარმოადგენენ დიდ საიდუმლოებას და ჭკვიანურად გათვლილი ქმედებების შემთხვევაში (რომელიც საჰაერო თავდაცვის ნამდვილმა სპეციალისტებმა უნდა განახორციელონ), შესაძლებელია რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით რუსული C-300В-ების საბრძოლო ეფექტიანობის მნიშვნელოვნად შემცირება.

წყარო :http://www.kvirispalitra.ge/

მსგავსი ამბები

Back to top button