არქივი

ქალი, რომელსაც უარს მკვლელებიც კი ვერ უბედავდნენ

59ac4af9ce06

დედა ტერეზა – ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი, ამ ქალის სახელი დღეს მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ის სამართლიანად ითვლება სიკეთისა და სათნოების სიმბოლოდ.ეს არის დედა ტერეზას სიყვარულის და განვილილი გზის,ძალიან საინტერესო ისტორია.

დედა ტერეზა ალბანელია, თუმცა დაიბადა სკოპიეში (ამჟამად მაკედონიის დედაქალაქი) კათოლიკე ალბანელების ოჯახში. 16 წლისას თავდავიწყებით შეუყვარდა ვლადიმერ კურდევი, რომელიც მასზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. ვლადოსაც უყვარდა აგნესა. ამიტომ, როდესაც სიყვარულში გამოუტყდა და აკოცა, აგნესა უსაზღვროდ ბედნიერი იყო.

– გამომყვები ცოლად? – გულისფანცქალით შეეკითხა ვლადო.

აგნესას არ შეეძლო ლაპარაკი. მხოლოდ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

– რას ნიშნავს ეს? თანახმა ხარ თუ არა?

– თანახმა ვარ, – ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა აგნესამ.

– მინდა იცოდე ერთი რამ, – ვლადომ ღრმად ამოიოხრა, – არ ვიცი, როგორ შეხვდები ამას.

– რაშია საქმე?

– მე მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაციის წევრი ვარ.

– რაო? – აგნესას თვალები გაუფართოვდა, შემდეგ ცრემლები მოეძალა.

მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაცია (ვმრო) ტერორისტული დაჯგუფება გახლდათ, მისი მიზანი მაკედონიის იუგოსლავიიდან გამოყოფა და ბულგარეთთან შეერთება იყო. ვმრო მტრულად ეკიდებოდა ალბანელებს, აწყობდა მათ წინააღმდეგ ტერაქტებს. ამიტომ აგნესასაც ცრემლებით აევსო თვალები. მისი გულის რჩეული განსხვავებული შეხედულებების კაცი გამოდგა.

– დიდი ხანია, რაც ვმრო–ს წევრი ხარ? – თითქმის ჩურჩულით შეეკითხა თავზარდაცემული გოგონა.

– რამდენიმე წელია.

– მოგიკლავს ვინმე?

– დიახ.

– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, – წაიჩურჩულა გოგონამ, – არ გესმის, რომ მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინე? როგორ შეიძლება ადამიანი მოკლა?

– ადამიანი კი არა, ჩემი სამშობლოს მტერი მოვკალი.

– ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ.

– მე იმედი მქონდა, რომ შენც ვმრო–ს წევრი გახდებოდი.

– მე ხომ ალბანელი ვარ, თქვენ კი ალბანელებს ხოცავთ.

– შენ მართლმადიდებლად მოინათლებოდი, მიიღებდი ჩემს გვარს, გახდებოდი ბულგარელი.

– და ჩემი თანამემამულეების ხოცვას დავიწყებდი, არა?

– ვმრო–ში მხოლოდ ბოევიკები როდი არიან. შენთვისაც მოიძებნებოდა საქმე.

– არა, ასეთ ორგანიზაციაში არაფერი მესაქმება.

– მეგონა, გიყვარდი.

– მიყვარხარ და მუდამ მეყვარები, სიცოცხლეზე მეტად მეყვარები, მაგრამ…

– რა მაგრამ…

– მე არ შემიძლია ადამიანს ვესროლო. არ შემიძლია ვიყო მათთან, ვინც ადამიანებს კლავს.

– მტრის მოკვლაც ცოდვად მიგაჩნია?

– რა თქმა უნდა.

– წარმოიდგინე, რომ ვიღაც გარეწარმა მოგიკლა მამა. სისხლს არ აიღებ?

– არა.

– დამცინი?

– მე შენ არასოდეს დაგცინებ.

– როგორ, მშობელი მამის მკვლელს შეუნდობ?

– შევუნდობ. წავალ ეკლესიაში და მისი სულის გადარჩენისთვის ვილოცებ.

ვლადო გაოცებული მიაჩერდა მას.

– შენ ან გიჟი ხარ, ან წმინდანი.

– არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ, ჩვენ განსხვავებული ადამიანები ვართ.

– ეს როგორ გავიგო?

– შენც გინდა ჭეშმარიტებას ემსახურო და მეც. თუმცა ეს სიტყვა სხვადასხვანაირად გვესმის.

– მაშ გამოდის…

– მე ჩემი გზით წავალ, შენ შენით.

– და რა არის შენი გზა?

– ღვთისადმი სამსახური, ეს ჩემი მოწოდებაა.

ვლადო კურდევი 1945 წელს კომუნისტებთან ბრძოლაში დაიღუპა. როდესაც დედა ტერეზამ ეს გაიგო, მისი სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. ამ დროს მას ჰკითხეს:

– ის კაცი მართლმადიდებელი იყო თუ კათოლიკე?

– მართლმადიდებელი.

– მერე მაინც უხდით პანაშვიდს?

– ჩვენ ხომ ერთი ღმერთის შვილები ვართ.

ბულგარეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ვლადო გმირად გამოაცხადეს. დედა ტერეზა საგანგებოდ ჩავიდა ამ ქვეყანაში და მოინახულა ადგილი, სადაც მისი საყვარელი ადამიანი დაიღუპა.

ინდოეთში

აგნესა 18 წლის იყო, როდესაც ირლანდიაში გაემგზავრა და იქაური კათოლიკური ორდენის წევრი გახდა. მალე მონაზვნად აკურთხეს და მისცეს სახელი – ტერეზა.

– ნება მომეცით, ინდოეთში გავემგზავრო.

– რატომ?

– ინდოეთში საშინელი სიღატაკეა. მსურს ღატაკებს დავეხმარო.

დედა ტერეზა კალკუტაში გაემგზავრა. ერთხანს ის კათოლიკურ სკოლაში ასწავლიდა, თუმცა ეს არ აკმაყოფილებდა.

– მსურს, ღატაკებს დავეხმარო, თავს მშვიდად ვერ ვგრძნობ, როდესაც ჩემ გარშემო ამდენი მათხოვარი და გაჭირვებულია.

– რა გინდა?

– მინდა თავისუფალი მონაზონი გავხდე.

– საამისოდ ვატიკანის ნებართვაა საჭირო.

ამ ნებართვის მიღებას საკმაო დრო დასჭირდა. ბოლოს დედა ტერეზამ ნებართვა მიიღო. მას გამოუყვეს შენობა, რომელიც თანამოაზრე მონაზვნებთან ერთად მიალაგა და მოაწყო. შემდგომში ეს სახლი უამრავი ავადმყოფისა და უსახლკაროს სახლად გადაიქცა.

პირველი ბინადარი თავად დედა ტერეზამ მოიყვანა. ეს იყო მათხოვარი ქალი, უკვე მძიმე ავადმყოფი. ის ხიდზე ეგდო და სულს ღაფავდა. მის ჭუჭყიან სხეულს უკვე ვირთხები დასეოდნენ. დედა ტერეზამ ვირთხები მოაშორა, შემდეგ მათხოვარი თავშესაფარში მიიყვანა, დაბანა, მოუარა და უმკურნალა. მათხოვარი მორჩა. ის თვალებს არ უჯერებდა.

– რატომ მომარჩინეთ?

– იმიტომ, რომ ეს ჩემი მოვალეობაა.

– როგორ? თქვენ ჩემი არც ნათესავი ხართ და არც მეგობარი.

– ამას არ აქვს მნიშვნელობა.

– მე ინდუსი ვარ, თქვენ კი – კათოლიკე.

– არც ესაა მნიშვნელოვანი.

– როგორ?

– თქვენ გიჭირდათ. ჩემი, როგორც ქრისტიანის, მოვალეობა იყო დაგხმარებოდით.

– მე არ მაქვს ფული, რათა მკურნალობის საფასური გადავიხადო.

– აქ ყველაფერი უფასოა. ჩვენ ფულის გამო არ ვმუშაობთ.

– მართლა?

– მართლა. ჩვენ ვეხმარებით მათ, ვინც გაჭირვებულია.

მათხოვარი გამოჯანმრთელდა. ის სამუდამოდ დედა ტერეზასთან დარჩა, მიიღო კათოლიკობა და დედა ტერეზას ერთგული დამხმარე გახდა.

თავშესაფარში მოჰყავდათ შიმშილისგან დაოსებული ბავშვები, მძიმე ავადმყოფები, მათ შორის, კეთროვანებიც. დედა ტერეზა ყველას უვლიდა, ყველას მკურნალობდა. მალე მის შესახებ ადგილობრივ გაზეთში დაწერეს. შემდეგ დედა ტერეზასა და მის თანამოაზრეთა მოღვაწეობა ინგლისურმა პრესამ გააშუქა. ქალით ერთი ამერიკელი მილიონერი დაინტერესდა. ის საგანგებოდ ჩავიდა ინდოეთში, რათა საკუთარი თვალით ენახა ყოველივე. მილიონერმა თქვა:

– თქვენ ნამდვილი წმინდანები ხართ. იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, მილიონის ფასადაც არ გავაკეთებდი.

საერთაშორისო აღიარება

მალე დედა ტერეზას შესახებ მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ამ საოცარი ქალით ყველა აღფრთოვანებული იყო. 1973 წელს დედა ტერეზას ტემპლტონის პრემია მიენიჭა. ქალი ამ პრემიის პირველი ლაურეატი იყო.

– ტრადიციულ ბანკეტზე უარს ვამბობ. დაე, ეს ფული გაჭირვებულებს გადაურიცხონ. ასეთები ხომ ძალზე ბევრია, – განაცხადა ქალმა.

დედა ტერეზა დაუღალავად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში. მან მოიარა აზია და აფრიკა, სადაც დაუღალავად ეხმარებოდა ღატაკებს. ქალი უშიშრად მიემგზავრებოდა ცხელ წერტილებში, იქ, სადაც პარტიზანული ომის ცეცხლი გიზგიზებდა. ერთ–ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა:

– არ გეშინიათ?

– ყველაფერი ღვთის ნებაა, – მიუგო დედა ტერეზამ, – შიში სიკვდილს ვერ აგაცდენს. ჩვენ ჩვენი მისია უნდა შევასრულოთ. დანარჩენი ღვთის ნებაა.

1982 წელს დედა ტერეზა ბეირუთში ჩავიდა. მდგომარეობა უმძიმესი იყო. ისრაელელებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს. ბეირუთი განუწყვეტლივ იბომბებოდა. იხტიბარს არც პალესტინელი პარტიზანები იტეხდნენ. სროლები არც დღისით და არც ღამით წყდებოდა.

– მე ჩამოვედი, რათა ქალაქიდან ბავშვები გავიყვანო.

– ვწუხვარ, მაგრამ ეს შეუძლებელია, სროლები არ წყდება.

– ღვთის წყალობით, რაღაცას მოვახერხებთ.

დედა ტერეზამ შეუძლებელი შეძლო. მან დაარწმუნა ისრაელელები და პალესტინელები, რათა დროებით შეეწყვიტათ სროლა:

– ქალაქიდან ბავშვები უნდა გავიყვანო.

– დედა ტერეზას უარს ვერ ვეტყვით.

სროლებიც დროებით შეწყდა. ქალს მოწიწებით ექცეოდნენ თვით პალესტინელი თავზეხელაღებული მკვლელები და ქრისტიანი არაბებისგან შემდგარი მილიციაც, რომელიც არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა. დედა ტერეზამაც შეძლო ქალაქიდან ბავშვების გამოყვანა.

– თქვენ საოცარი ქალი ხართ, – გულწრფელად უთხრა ქალს ლიბანის პრეზიდენტმა.

მალე დედა ტერეზას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. მან მსოფლიოს ეკრანები შემოიარა. შემდეგ ქალი ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა. დედა ტერეზამ ამჯერადაც უარი განაცხადა საზეიმო ბანკეტზე:

– გადაურიცხეთ ეს თანხა ღატაკებს. მსოფლიოში ხომ უამრავი გაჭირვებული ადამიანია.

430ca5f9ec50

დედა ტერეზას ლოცვა

ეს არის დედა ტერეზას ლოცვა,თხოვნა უფლისადმი.

უფალს ვთხოვე წაეღო ჩემი სიამაყე და მან მიპასუხა-არა. მითხრა: სიამაყეს კი არ ართმევენ , მასზე თავად ამბობენ უარს.
ვთხოვე განეკურნა საწოლს მიჯაჭვული ჩემი ასული. მან მიპასუხა- არა. მითხრა: მის სულს არაფერი ემუქრება, სხეული კი მაინც მოკვდება.
უფალს ვთხოვე, ებოძა ჩემთვის მოთმინება. მან მიპასუხა-არა. მითხრა, რომ მოთმინებას განსაცდელის შედეგად ეუფლება ადამიანი, მას კი არ აძლევენ , არამედ იმსახურებენ…
კვლავ ვთხოვე უფალს, ბედნიერება მოეცა ჩემთვის და მან მიპასუხა- არა. თქვა, რომ მხოლოდ ლოცვა-კურთხევას იძლევა. ბედნიერება კი თავად უნდა გამოძერწოს ადამინმა.
მე ვთხოვე უფალს, ტკივილისაგან მაინც დავეცავი. მან მიპასუხა-არა. ტანჯვა ადამიანს ამქვეყნიურ საზრუნავს ავიწყებს და მისკენ უკვალავს გზას.
მე ვთხოვე უფალს, სულიერად სრულქმნილი გავეხადე. მან მიპასუხა-არა. სული თავისით უნდა გაიზარდოს.
მე ვთხოვე უფალს, ესწავლებინა ჩემთვის ისე მყვარებოდა ყველა ადამინი, როგორც მას ვუყვარვარ მე.
ბოლოს და ბოლოს, შენ მიხვდი, რაც უნდა მთხოვო,-მითხრა ღმერთმა.
მაშინ მე ვთხოვე და განსაცდელს შემამთხვია, რათა სული გამოეწრთო ჩემი.
სიბრძნე ვთხოვე და უამრავი პრობლემა დამატეხა თავს, რომელთა გადაჭრასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდა.
ვაჟკაცობა ვთხოვე და საფრთხე მომივლინა, სიყვარული ვთხოვე და უამრავ უბედურს შემახვედრა, რომელთაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ.
კეთილდღეობა ვთხოვე და უფალმა ამის საშუალებებიც მომცა.
ვერაფერი მივიღე იმისგან, რაც მინდოდა, მაგრამ ღმერთმა მიბოძა ყველაფერი ის, რაც უთუოდ მჭირდებოდა.
მან შეისმინა ჩემი ლოცვა.

პ.ს ძალიან,ძალიან კარგი და სულშიჩამწვდომი სიტყვებია,ძალიან მიხარია რომ არსებობენ ასეთი ადამიანები,ვისგანაც შეიძლება მაგალითი ავიღოთ,შეიძლება ზუსტად ასე ვერ ვიცხოვროთ,მაგრამ სურვილი სიკეთის კეთებისა,უკვე დამსახურებაა და ღირსებაა.

წყარო:sana.ge iveria-tv.ge

მსგავსი ამბები

Back to top button