არქივი

ფაქტები გალაკტიონ ტაბიძის შესახებ

a0e90df90ee5

1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.

მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.

დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:„…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი:აფხაზების, გურულისა და იმერლის“.

ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.

1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.

1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს“, „შავი ღრუბელი“ და სხვა.).

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი“.

1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში“.

1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი“ აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით.

1910 წელს-გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად.

1911 წლის ივნისში-გალაკტიონ ტაბიძე მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად გადადის ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების:„კოლხიდის“, „მნათობისა“ და „თანამედროვე აზრის“ რედაქციებში.

პერიოდიკაში დაბეჭდილ მის ლექსებს აღტაცებით ხვდებიან:აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვა.

1912 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „თემის“ ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა „უხილავი“ მესამე პრემია დაიმსახურა.

1914 წელს-დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი.

1916 წელს-გალაკტიონ ტაბიძე დაქორწინდა და თავის მეუღლესთან, ოლღა ოკუჯავასთან ერთად, გაემგზავრა მოსკოვში.

1918 წელს-გალაკტიონმა დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები. ამავე წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.

1919 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ („არტისტული ყვავილები“).

1922 წელს-გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით საქართველოს მწერალთა კავშირი სცემდა ჟურნალ „ლომისს“.

1922-23 წელს-პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანო „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“.

1924 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“, რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. სწაბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა ამ პოემის დაბეჭვდისათვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.

1925 წელს-ჟურნალ „მნათობის“ მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი.

1927 წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთტომეული, ე.წ. „ზარნიშიანი წიგნი“, როგორც მას მოიხსენიებს ვახტანგ ჯავახაძე „უცნობში“.

1927 წელს-გამოდის ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი“, რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები, გალაკტიონისადმი მიძღვნილი. ქ. სოხუმში იმართება პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო საღამო, სადაც მას მიართმევენ ლირას წარწერით:„გალაკტიონს – პოეტების მეფეს“.

1927 წელს-ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონი“, რომლის ფორმალურ წევრად გალაკტიონიც ითვლებოდა.

1928 წელს-ჩატარდა პოეტის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე.

1928 წლიდან-გალაკტიონი იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. „გარდატეხის პერიოდს“ და წერსა პოეტურ ციკლებს:„ეპოქა“, „პაციფიზმი“, „რევოლუციონერულ საქართველოს“ და ა.შ.

1928 წელს-გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.

1929 წელს-მთავრობამ გალაკტიონი სომხეთში ამოგზაურა.

1929 წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო.

1932 წელს-გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა.

1935 წელს-გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დავცის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.

1937 წელს-ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა.

1938 წელს-საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 30-ე წლისთავის იუბილე.

1944 წელს-გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1941-45 წლებში-გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე.

1943 წელს-ზეიმით აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის იუბილე.

1953-57 წლებში-გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას.

1959 წლის 17 მარტს-პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. იგი დასაფლავებულია მთაწმინდაზე.

2000 წლის ივნისში-საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა.

მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული…
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

1915წ.

6eb90e82f798

წყარო: www.klimi.pvt.ge

მსგავსი ამბები

Back to top button