არქივი

მაინც რამხელაა ჩვენი სამყარო?

universe

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ აუხედავს ცაში და არ უკითხავს თავისთვის თუ რამხელაა სამყარო. პასუხი მარტივია: ძალიან დიდი :)

მაგრამ დარწმუნებული ვარ, მსგავსი პასუხის მისაღებად არ კითხულობთ ამ ბლოგს, ამიტომ განვავრცოთ.

ჩვენი სამყარო, დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით, წარმოიქმნა დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ. მანამდე როგორც ფიზიკოსები გვარწმუნებენ, არც დრო არსებობდა და არც სივრცე. კოსმოსში, მანძილი ობიექტებს შორის იზომება სინათლის წლით. 1 სინათლის წელიწადი არის მანძილი, რასაც თქვენ დაფარავთ 1 წელიწადში, თუ სინათლის სიჩქარით იმოძრავებთ. სინათლე კი როგორც მოგეხსენებათ, წამში 299 792 კილომეტრს ფარავს. ეს იგივეა 1 წამში 430-ჯერ ჩახვიდეთ და ჩამოხვიდეთ ბათუმიდან (ვიცი, თქვენს მანქანაზე ოდნავ სწრაფია :) ).

სამყარო შედგება ვარსკვლავებისგან, კოსმოსური მტვრისგან, გალაქტიკებისგან და ეგრედ წოდებული შავი მატერიისგან რომელიც არავინ არ იცის რა არის და არც არავის დაუმტკიცებია მისი არსებობა.

ჩვენგან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი, Proxima Centauri 4.2 სინათლის წლითაა დაშორებული (ოღონდ არ მკითხოთ რომელია ყველაზე შორი), ხოლო ყველაზე ახლო გალაქტიკა 2 მილიონი სინათლის წლით. ჩვენი გალაქტიკა 100 000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და მასში 200 მილიარდიდან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია. სამყაროში ასობით მილიარდი გალაქტიკაა და ESA-ს (European Space Agency) მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდობენ რომ ვარსკვლავების რაოდენობა შეადგენს 10^24, ანუ 10-ს რომ მივაყოლოთ 24 ნული, რაც გამოდის 10 000 000 000 000 000 000 000 000 ვარსკვლავი.

პლანეტების რაოდენობაზე რთულია ვიმსჯელოთ, რადგან ჯერჯერობით არ ვართ ტექნოლოგიურად იმ დონემდე განვითარებული, რომ სხვა ვარსკვლავის ორბიტაზე მყოფი პლანეტები მარტივად აღმოვაჩინოთ, თუმცა უკვე შეგვიძლია მოკლე ორბიტიანი, გაზური გიგანტი პლანეტების დაფიქსირება თუ გაგვიმართლა. მაგრამ ეს ზღვაში წვეთიც არაა რაც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. თუმცა, თუ “დაგვცალდა“, როგორც სხვა დანარჩენი, ესეც დროის საკითხია.

ამ დროისთვის აღმოჩენილია მხოლოდ 464 ეგზო-პლანეტა. ამ მიმართულებით კაი ხანია მუშაობა დაწყებულია და შედეგად 2009 წლის 6 მარტს, ნასამ გაუშვა კოსმოსში კეპლერი, პირველი ტელესკოპი , რომლის ერთადერთი დანიშნულება ეგზო-პლანეტების აღმოჩენაა. კეპლერი ერთდროულად 100 000 ვარსკვლავს დააკვირდება წლების მანძილზე, და მიუხედავად იმისა, რომ ეგზო-პლანეტის დაფიქსირების შანსი 1-ია 100-იდან, ვარაუდობენ რომ აღმოჩენილი პლანეტების რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზრდება უახლოეს წლებში.

აღმოჩენილი ვარსკვლავების რაოდენობას შეგიძლიათ დააკვირდეთ ლაივში მისამართზე: http://planetquest.jpl.nasa.gov/

აქვე მოვიშველიებ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეცნიერის, კარლ საგანის ციტატებს:
absence of evidence is not evidence of absence
Somewhere, something incredible is waiting to be known

წყარო: http://ika-interestblog.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Back to top button