არქივი

სასიკვდილო მკურნალობა (ნაწილი 2)

null
XX საუკუნის 50-იან წლებში ბრიტანეთის უმდიდრეს ექიმად აღიარებულმნა ჯონ ბოდკინ ადამსმა გარდაცვალების შემდეგ 403000 გირვანქა
სტერლინგი დატოვა. 1956 წელს მისი რეპუტაცია ძალზე შეილახა. ბრიტანელთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ადამსი პაციენტს თავის სასარგებლოდ ანდერძის დაწერას აიძულებდა და შემდეგ კლავდა. არავინ იცის, სინამდვილეში რამდენი მსგავსი ამბავი მოხდა…

d31c9dddfa9a
ჯონ ბოდკინი
ექიმ ჯონ ბოდკინის მიმართ აღძრული სასამართლო საუკუნის პროცესად შერაცხეს, რადგან მას 163 ადამიანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი… ჯონ ადამსი 1899 წელს ირლანდიის პოპულარულ და შეძლებულ ,,პლიმუტის ძმების” მოძღვრის ოჯახში დაიბადა. სამედიცინო განათლება მიიღო, მაგრამ სწავლითა და ნიჭით არ გამოირჩეოდა. ,,პლიმუტის ძმების” სექტის წევრმა, ცნობილმა ექიმმა სამუშაოდ კლინიკაში მოაწყო, მაგრამ ჯონ ადამსის მონაცემები მის თანამდებობას არ შეეფერებოდა. ამიტომ, როდესაც 1922 წელს ლა-მანშის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ისტბორნში ოჯახის ექიმის ვაკანსია გამონდა, ჯონ ადამსმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, ისტბორნში დასახლდა და კარიერული აღმასვლა დაიწყო. იმ პერიოდში ისტბორნი პრესტიჟული კურორტი იყო, სადაც ბევრი მდიდარი მოხუცი ცხოვრობდა. ადამსმა კარგად უჭყოდა, როგორ უნდა მოეგო მათი გულები. პაციენტები გულუხვად აჯილდოებდნენ ექიმს, რომელიც მათ ლაყბობას თავაზიანად ისმენდა. ზოგიერთმა მისი სახელი ანდეძშიც კი მოიხსენია. მოხუცები იხოცებოდნენ, ჯონ ადამსის ქონება კი სწრაფად იზრდებოდა. ასე მაგალითად, 1935 წელს ვინმე მატილდა უიტონმა 7385 გირვანქა სტერლინგი დაუტოვა. ქალაქში ექიმი ადამსი ბევრს არ მოსწონდა; მიაჩნდათ, რომ თავხედურად ითხოვდა საჩუქრებს და ნებისმიერ, იაფფასიან ნივთსაც კი ხარბად ეუფლებოდა… 1956 წლისთვის ჯონ ადამსი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ექიმი იყო. იმ პერიოდში მისი სახელი 132 ანდერძში იყო შეტანილი. ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, საქმეში მსახიობი – ლესლი ჰენსონი რომ არ ჩარეულიყო, რომელმაც თავისი მეგობრისა და ადამსის პაციენტის, 50 წლის ჰერტრუდა ჰიულეტის გარდაცვალების ამბავი შეიტყო. ჰენსონმა იცოდა, რომ მისის ჰიულეტის 4 თვის წინ გარდაცვლილი მეუღლეც ადამსის პაციენტი იყო. მას ბევრი რამ სმენოდა ისტბორნელი ექიმის შესახებ, რომელიც გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის ზრდის პროპორციულად მდიდრდებოდა და პოლიციას მიმართა. საქმეში ,,სკოტლანდ იარდი” ჩაერთო. პოლიციამ ადამსის ყველა გარდაცვლილი პაციენტის საქმე შეისწავლა და დაასკვნა, რომ გარდაცვალების 163 ფაქტი საეჭვო ვითარებაში მოხდა. ზოგ შემთხვევაში ექიმს მაროდიორობაში ედებოდა ბრალი, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, საქმე მეტად სერიოზული ჩანდა. მაგალითად, როდესაც 1950 წელს 76 წლის ემი ვარი კვდებოდა, ჯონ ადამსმა ნათესავებს მისი ნახვის ნება არ დართო, გარდაცვალების შემდეგ კი ცხედარს სასწრაფოდ კრემაცია გაუკეთა; თანაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, თვითონ, მემკვიდრეობის გაყოფით დაინტერესებული პირი არ იყო. სინამდვილეში, ადამსმა მისის ვარისგან ფასიანი ქაღალდები მიიღო, რომლებიც მოგვიანებით 1900 გირვანქა სტერლინგად გაყიდა. 1956 წლის 19 დეკემბერს, როდესაც პოლიცია მის დასაპატიმრებლად მივიდა, ადამსმა ჩაილაპარაკა: ,,მკვლელობა მკვლელობა… არა მგონია, რომ მკვლელობა დამიმტკიცოთ, ის ისედაც მოკვდებოდა”. 50-ზე მეტი საეჭვო სიკვდილიდან პროკურატურამ 4 ყველაზე უცნაური ეპიზოდი შეარჩია, ბრალდება კი ორ მათგანზე წაუყენა. ექიმი ადამსი ჰერტრუდა ჰიულეტისა და 1950 წელს გარდაცვლილი 81 წლის მდიდარი ქალის – ედიტ მორელის მკვლელობაში დაადანაშაულეს. ნაწილობრივ პარალიზებული მისის მორელი კრუნჩხვებითა და უძილობით იტანჯებოდა, ადამსი კი მორფინისა და ჰეროინის ინიექციებით მკურნალობდა და დოზას სულ უფრო და უფრო ზრდიდა. პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, ექიმმა, ჩვეულებისამებრ კრემაცია სწრაფად ჩაატარა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად, მემკვიდრეობით არაფერი ერგებოდა, სინამდვილეში კი 1500 გირვანქა სტერლინგად ღირებული ,,როლს-როისი”, ძველებური კარადა, ანტიკვარული სკივრი და სუფრის ვერცხლეული მიიღო. მაროდიორობასაც არ მოერიდა, გარდაცვლილის სახლიდან 60 გირვანქა სტერლინგად ღირებული მაგიდის სანათური მოიპარა და ნათესვებს 1100 ვიზიტის ანგარიში წარუდგინა, თუმცა ავადმყოფთან მხოლოდ 321-ჯერ იყო მისული. ჰერტრუდა ჰიულეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ქალბატონი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, ექიმმა კი ბარბიტურატებით მკურნალობა დაიწყო და მანამდე უმკურნალა, ვიდრე ჰიულეტი კომაში არ ჩავარდა და არ გარდაიცვალა. გაკვეთამ აჩვენა, რომ ორგანიზმში ბარბიტალნატრიუმის შემცველობა სასიკვდილო დოზას ორჯერ აღემატებოდა. ექიმმა მემკვიდრეობით კვლავ ,,როლს-როისი” მიიღო, რომელიც 2900 გირვანქა სტერლინგად გაყიდა. თავდაპირველად ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჯონ ადამსის საქმე წასული იყო; ყველას ეგონა, მკვლელი ექიმი სიცოცხლეს სახრჩობელაზე დაასრულებდა. ერთნი 200 მსხვერპლს ასახელებდნენ, მეორენი 400 მოკლულის შესახებ ლაპარაკობდნენ, მაგრამ მოულოდნელად, ბრალდება სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: სამხილებს შორის მედდების დღიურებიც იყო, სადაც ექთანებსპაციენტებისთვის გაკეთებული ყველა ინიექციის შესახებ მონაცემები შეჰქონდათ. პროცესის დასაწყისში დღიურები მანამდე გაქრა, ვიდრე ბრალდება ჩანაწერების გაცნობას შეძლებდა, შემდეგ კი უკვე დაცვის ხელთ აღმოჩნდა. ადვოკატებმა მედდებს თავგზა აუბნიეს, მათ მოგონებებს ჩანაწერებს ადარებდნენ და დღიურის მეშვეობით უზუსტობას ამხელდნენ. აღმოჩნდა, რომ ექთანების ჩვენებები – სადაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ პრეპარატების დოზა თანდათან იზრდებოდა – სანდო არ იყო. დაცვის მხარე ირწმუნებოდა, რომ ჯონ ადამსის წინააღმდეგ ისტბორნის მოსახლეობის მიერ მიცემული ჩვენებები პრესაში გაჩაღებული ისტერიის შედეგი იყო.ამასთან, ბრალდების უმნიშვნელოვანეს დოკუმენტთა ასლები ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის ხელში აღმოჩნდა, რომელთაც ასოციაციის მნიშვნელოვანი წევრის გასამართლება არ სურდათ, რადგან მათი რეპუტაცია ილახებოდა. ამიტომ, მასალა ადვოკატებს გადასცეს, რამაც დაცვის პოზიცია გააძლიერა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ გენერალურმა პროკურორმა – მენინგემ-ბულერმა არ გარემოებას ყურადღება არ მიაქცია. დაცვამ ედიტ მორელის მკვლელობის საქმის ჩაგდება მოახერხა, გენერალურმა პროკურორმა კ ჰერტრუდა ჰიულეტის ეპიზოდის გამო საქმის აღძვრაზე უარი თქვა, რადგან ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკა ერთ-ერთი ბრალდების გამორიცხვის საშუალებას იძლევა. ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევიან, როდესაც ბრალდებული მძიმე ავადმყოფია, ედიმი – ჯონ ადამსი კი ხარივით ჯანმრთელი იყო, მაგრამ პროკურორმა მის მიმართ უცნაური შემწყნარებლობა გამოიჩინა.. ჯონ ადამსს მკვლელობის ყველა ბრალდება მოეხსნა და მხოლოდ წვრილმან თაღლითობაში დაადანაშაულეს, ლიცენზია ჩამოართვეს და 2400 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. ყველაფეერი ამით დასრულდა. ყოფილი ექიმი ისტბორნში დაბრუნდა, სახლი ნამდვილ ციხესიმაგრედ გადააქცია. ფანჯრები ჩარაზა და ყველა ოთახში ცეცხლჩამქრობს ინახავდა, რადგან ეშინოდა, რომ მოსახლეობა ცეცხლს წაუკიდება და ეს შიში უსაფუძვლო არ იყო. 1961 წელს ადამსს ლიცენზია დაუბრუნეს, მაგრამ მასთან მკურნალობის მსურველი არავინ აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ, ამერიკაში ემიგრირება გადაწყვიტა, თუმცა აშშ-ის მთავრობამ გასაგები მიზეზის გამო ქვეყანაში შესასვლელ ვიზაზე უარი უთხრა. ადამსის კარიერა განადგურდა, სამაგიეროდ კიდევ დიდხანს იცოცხლა, 1983 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა და 403000 გირვანქა სტერლინიგ დატოვა.

Michael Swango
მაიკლ სვანგო

მას შემდეგ სამყარომ კიდევ მრავალი მკვლელი ექიმი იხილა. მაგალითად, ამერიკელმა ექიმმა – მაიკლ სვანგომ 60 პაციენტი მოწამლა…
null
ჰაროლ შიპმანი
1998 წელს ბრიტანელმა ექიმმა – ჰაროლ შიპმანმა კეტლინ გრანდი საიქიოს გაისტუმრა, ანდერძი გააყალბა და მემკვიდრეობით 386000 გირვანქა სტერლინგი მიითვისა, მაგრამ ვერ განსაზღვრა, რომ მემკვიდრეთა შორის ძლიერი იურისტებიც იყვნენ… გამოძიებამ დაადგინა, რომ ექიმმა პრეპარატების სასიკვდილოდოზა მინიმუმ, 15 ადამიანს მისცა და მათ ქონებას დაეპატრონა. ჰაროლდ შიპმანი დიდი ბრიტენეთის ტერიტორიაზე პორველი ექიმი იყო, რომელიც წინასწარ განზრახული მკვლელობის ბრალდებით გასამართლდა. 2000 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიესჯა; სულ მალე კი პატიმარმა საკანში თავი ჩამოიხრჩო. ასე დასრულდა დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი უკანასკნელი მკვლელი ექიმის სიცოცხლე, რომელმაც პაციენტის ქონების მითვისება მოინდომა…

წყარო: ჟურნალი გზა

 

მსგავსი ამბები

Back to top button