არქივი

სამეგრელოს ეტიმოლოგია

44f36fe12072

თენგიზ ვერულავა – “სამეგრელოს ეტიმოლოგია”

cc69b9cbdbf3

c44c03272698

1. ეგროსი
მარი ბროსე წერს: “თავდაპირველად, ეგროსი – ზეპირ გადმოცემით – ძმა ქართლოსისა – დაესახლა მდინარის ოირად, რომელსაც დაერქვა მისი სახელი ეგრისი, ეხლანდელი ენგური. ეგროსისაგან წარმოსდგა სრულიად კანონიერად წარმოებული სახელწოდება მეგრელისა”.

2. ეგური
სამეგრელოს უძველეს სახელწოდებად ძველ ქართულ წყაროებში დადასტურებულია ეგური: “მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა”.

ტოპონიმი ეგური დღეისათვის შემონახულია ჰიდრონიმში ენგური, რომლის ძველი ფორმა იყო ეგური: “სამხრეთით მდინარე რიონი, გურია-ოდიშს შორის, და კუალად ეგურის მდინარის შესართავს დასავლეთი შავი ზღვა”.

“ეგური ტოპონიმია…, ქვეყნის სახელია და ნიშნავს “სამეგრელოს”, “დასავლეთ საქართველოს”. ის მნიშვნელობით იგივეა, რაც ხმოვნის რედუქციით მისგანვე მომდინარე – შუალობით ან უშუალოდ – უფრო გვიანდელი ეგრ-ი (=ეგურ-ი) და ამ უკანასკნელისაგან ნაწარმოები – შედარებით მოგვიანო, თუმცა თავასთავად ძალიან ძველი – ეგრ-ის-ი (=ეგრ+ის-ი)”.

ს. ჯანაშიას აზრით, ამ ქვეყნის (ეგრ-ის-ი) ფუძიდან (“ეგრ”) ნაწარმოებია მ-ეგრ-ელ-ი, ისევე როგორც მეგვიპტელი –ეგვიპტიდან, მაწყვერელი – აწყვერიდან და ა. შ. “იგივე ფუძე, სხვა ახმოვანებით, აწარმოებს ადგილობრივს “მ-არგ-ალ”-ს (თავდაპირველ მ-აგრ-ალ-იდან), აფხაზურ აგრ-უა-ს, ძველ სომხურ ეგერ-აცი-ს”.

კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ. წ. 100-178 წწ.) თავის გეოგრაფიაში ასახელებს “მანრალებს”, რაც ცხადია იგივე “მეგრელების”, ან ადგილობრივი “მარგალის” ფორმაა. იგი წერს: “კოლხეთის ზღვისპირა ნაწილში მოსახლეობენ ლაზები, ზევით მდებარე ადგილებში მანრალები და ეკრიკტიკის ქვეყნის მცხოვრებნი”. ამ ცნობაზე დაყრდნობით, ლაზები ზღვის პირას ბინადრობენ, ხოლო მანრალები და ეკრიკტიკის ქვეყნის მცხოვრებნი – ზღვისგან მოშორებით, “ზევით მდებარე ადგილებში”.

VII ს. “სომხური გეოგრაფია” “მანრალებს” მანრილების სახელწოდებით ასახელებს. VII ს. “სომხური გეოგრაფიის” მოკლე რედაქცია გადმოგვცემს: ”კოლხეთი (კოლქის) არის იგივე ეგრისი (ეგერ)… და შეიცავს ეგრისი ოთხ მცირე ქვეყანას: მანრილი, ეგრევიკა, ლაზივი, ჭანეთი, რომლებიც არიან ხალდები”. აშკარაა, რომ VII ს. “სომხური გეოგრაფიის” ავტორს გამოყენებული აქვს კლავდიოს პტოლემაიოსის “გეოგრაფიული სახელმძღვანელო”. “სომხურ გეოგრაფიაში” მოხსენიებული “მანრილი” პტოლემაიოსის “მანრალებია”, ხოლო “ეგრევიკი” – იგივე “ეკრიკტიკეა”.

ქართველი ისტორიკოსები ანტიკური წყაროების სახელწოდება “მანრალს” უკავშირებენ “ეგრ” ძირს, საიდანაც წარმოსდგება ეთნიკური სახელწოდება “მარგალი” (“მეგრელი”) და ქვეყნის სახელწოდება “ეგრისი”.

დ. მუსხელიშვილი, კლავდიოს პტოლემაიოსისა და სომხური წყაროს (VII ს. სომხური გეოგრაფია) ცნობების ანალიზის საფუძველზე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ “მანრალები”, “მანრილები” იგივე “მაგრალების” ტომია და მათ “დასავლეთ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთ პროვინციის, ივერიის მომიჯნავე არგვეთის” ტერიტორიაზე ათავსებს.

3. ეგერი
ძველ სომხურში სამეგრელოს სახელად დასტურდება ე-გერ-ი.
მარი ბროსე წერს: “ამ მხარეს სომხის ძველი მწერლები უწოდებენ ეგერ, ეგერაცტან და იქ მყოფთ ეგერაცად”.

4. გერი – მგლის ტოტემური სახელი
ე-გურ-ი, ე-გერ-ი დაკავშირებულია მგლის ტოტემურ სახელთან გერ-ი.
ტერმინ ე-გერ-ის ძირი თანხვდება მეგრულ ენაზე სიტყვა მგელს (გერ-ი).

5. მზე
ბასკები თავიანთ ქვეყანას “ეგუს სკალდუნს” უწოდებენ. “ეგუს’ ბასკურად მზეს ნიშნავს, ხოლო “სკალდუნ’ ამომავალი მზის ქვეყნიდან წარგზავნილს. აია კოლხეთი ამომავალ მზის ქვეყნად მიაჩნდათ ძველად.
თუ ბასკურ ენაში არსებულ სიტყვას “ეგუს” მზეს ნიშნავს, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ასევე ყველა სიტყვები, როგორიცაა: ეგვიპტე, ეგეოსი, ეგეიდა, ეგრისი, ყველანი მზესთან არიან დაკავშირებულნი და ერთი ენობრივი ოჯახიდან აქვთ ამოსავალი.

წყარო: burusi.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button